მთავარი საგარეო პოლიტიკა „ექვსეულის პლატფორმა“ - რეგიონული თანამშრომლობა თუ კონფრონტაცია?

„ექვსეულის პლატფორმა“ - რეგიონული თანამშრომლობა თუ კონფრონტაცია?

რეგიონულ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობის პერსპექტივები.
07.01.2021
ნახვა 837

თურქეთის მზარდი როლი რეგიონში მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ

თურქეთის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონულ მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორის როლი, მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ განსაკუთრებით მზარდია. თურქეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო, რამაც ბაქოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალება მისცა. ამავდროულად, თავად თურქულმა მხარემაც სოლიდური სამხედრო-პოლიტიკური სარგებელი ნახა: განიმტკიცა რა პოზიციები რეგიონში და კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო მისიის ყოფნა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობით ერთგვარად დააბალანსა.

მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების ეიფორიას, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა მოჰყვა „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის თაობაზე, რაც რეგიონის ექვს სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის „განვითარებას“ გულისხმობს. 10 დეკემბერს, ბაქოში გამართულ გამარჯვების აღლუმზე, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, „ექვსეულის პლატფორმაზე“ იმსჯელა, რომელიც შესაძლოა, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით შედგეს. კონკრეტული დეტალების გარეშე, ერდოღანმა განმარტა, რომ ეს არის ინიციატივა, რომელიც სარგებელის ნახვის შესაძლებლობას ყველას მისცემს, განსაკუთრებით სომხეთს, რომელიც თუ პლატფორმას შეუერთდება, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყება. ერდოღანმა ისიც აღნიშნა, რომ „ექვსეულის პლატფორმაში“ მონაწილეობაზე რუსეთის პოზიცია დადებითია. როგორც იკვეთება, ირანი და სომხეთი უარისკენ იხრებიან, საქართველომ კი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია უკვე დააფიქსირა, რასაც არაერთი სრულიად ლოგიკური და საფუძვლიანი მიზეზი აქვს.

რა პერსპექტივას უსახავს „ექვსეულის პლატფორმა“ საქართველოს?

თურქეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული თანამშრომლობის ფორმატი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის ურთიერთქმედებას მოიაზრებს ის, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ნაკლებად რეალურია რომ განხორციელდეს. ზემოაღნიშნულ ქვეყნებს შორის, ისტორიული, ტერიტორიული, ეთნიკური თუ სხვა სახის პრეტენზიები/საფრთხეები კვლავ აქტუალურია, რაც თანამშრომლობისთვის სერიოზულ ბარიერებს ქმნის. შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტს „ექვსეულის პლატფორმის“ გაჟღერებით, უბრალოდ რეგიონში თურქეთის როლის წამოწევა კიდევ ერთხელ სურდა.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის ფორმატში რუსეთის ჩართულობა, საქართველოს მონაწილეობის პერსპექტივას უკვე გამორიცხავს, იმ უპირველესი მიზეზის გამო, რომ ოკუპანტ ძალასთან ერთად, ერთ რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობა, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია. ქვემოთ ჩამოთვლილი 5 ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ჩართვა „ექვსეულის პლატფორმაში“ არაპერსპექტიული და უფრო მეტად საფრთხის შემცველი იქნება, ვიდრე რაიმე სარგებელის მომტანი:

  1. ერდოღანმა „ექვსეულის“ თანამშრომლობის ინიციატივა აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის მიძღვნილი აღლუმის დროს გააკეთა, თუმცა იმ დროს არ გაუთვალისწინებია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთს აქვს ოკუპირებული და ანექსიის პროცესი მუდმივად გრძელდება. შესაბამისად, სანამ არ გადაიჭრება ოკუპაციის პრობლემა, მანამდე იარსებებს ბარიერი რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობის კუთხით;
  2. საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის დამატებით დაბრკოლებას ქმნის;
  3. ექვსეულის პლატფორმა“ მასში დასავლეთის მონაწილეობას გამორიცხავს და რეგიონში გავლენის გაძლიერებისთვის მებრძოლი რუსეთისა და თურქეთის, ასევე ირანის, პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულის გამო, შესაძლოა, საქართველოს დასავლეთისგან მნიშვნელოვნად დისტანცირება მოუწიოს და ქვეყნის პროდასავლურ კურსს ჩრდილი მიადგეს;
  4. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიუღებელი იქნება თბილისსა და თეირანს შორის ეკონომიკური თუ სხვა სახის თანამშრომლობის გაღრმავება, დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ფონზე;
  5. რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საფარქვეშ, შესაძლოა, გაძლიერედეს ზეწოლა საქართველოზე, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მოთხოვნით, რაც დამატებითი საფრთხის შემცველი იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

საინტერესოა, რომ ერდოღანის „ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივას დროში დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინადადება „კავკასიური პლატფორმის“ შექმნის შესახებ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, ეს გამოსვლა ვერ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი აქამდეც არაერთხელ გამოსულა. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ განცხადებაში „კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის“ შესაძლო მონაწილეებად, კავკასიის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, „გარე აქტორებიც“ დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა საერთაშორისო აქტორების ჩართულობასაც მოიაზრებს, ექსპერტებმა ის სახიფათოდ შეაფასეს, რადგან სარისკოდ მიიჩნიეს ყველა იმ ტიპის გაერთიანება, სადაც რუსეთს ერთ-ერთი წამყვანი როლი შეიძლება ჰქონდეს. დამოუკიდებელი ექსპერტები იმაზეც მიუთითებენ, რომ საქართველო-რუსეთის ნებისმიერ რეგიონალურ პლატფორმაში თანამშრომლობა, ოკუპაციაზე თვალის დახუჭვის ტოლფასი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს თურქეთის დამოკიდებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. მიუხედავად დეკლარირებული მხარდაჭერისა, რომ თურქეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, პერიოდულად თავს იჩენს უსიამოვნო ფაქტები, რაც ოკუპირებულ აფხაზეთთან თურქეთის ეკონომიკურ ინტერაქციას უკავშირდება. ასე მაგალითად, 21 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ე.წ. აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების (APRA "World") მომსახურება დაიწყო. საუბარია „Is Bank“-სა და „Ziraat Bank“-ზე, რომლებსაც ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ. ქართულმა მხარემ აღნიშნული ინციდენტის მოკვლევა უკვე დაიწყო და იმედი ვიქონიოთ, რომ თურქეთის ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება.

ანა ჯაფარიძე

07.01.2021
ნახვა 837

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

„ამიერკავკასიაში შეცვლილი რეალობა“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის საკითხით მანიპულირებას აძლიერებს.
7 თვე