საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც რეგიონში მდებარე სამი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტისა ჩინეთის ჩართულობა 2013 წლამდე რეგიონში ნაკლებად შეიმჩნეოდა. მას შემდეგ რაც სი ძინპინმა (ჩინეთის პრეზიდენტი) ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფლაგმანის, „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივა გააჟღერა, ჩინეთის აქტიურობა რეგიონშიც გაიზარდა. სამხრეთ კავკასიაში მდებარე ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე აზერბაიჯანისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და დღესდღეისობით, 90-ან წლებთან შედარებით აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 800-ჯერ არის გაზრდილი. ჩინური „აზიის ინვესტირებისა და ინფრასტრუქტურის ბანკიც“ აზერბაიჯანში უკვე მძლავრად არის წარმოდგენილი. მაგალითისთვის AIIB-მ, 2016 წელს აზერბაიჯანს „ტრანს-ანატოლიური მილსადენის“ მშენებლობისთვის 600 მილიონ დოლარიანი სესხიც კი გამოუყო. იგივე მდგომარეობაა საქართველოშიც. 2020 წლის ცხრა თვის მონაცემების შედეგად, ისტორიაში პირველად ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა. ქვყანა იღებს დაფინანსებას იგივე „აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტირების ბანკისგან“, მაგალითისთვის 2017 წელს, AIIB-მ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ქვეყანას 114 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა და რაც მთავარია, საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ჩინეთის „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის ერთ-ერთი კორიდორის „ჩინეთი-შუა აზია-დასავლეთ აზია“ ფარგლებში ექცევა. რაც შეეხება სომხეთს, აზერბაიჯანს 1989 წლიდან და თურქეთს 1993 წლიდან სომხეთთან ყოველგვარი სატრანსპორტო კავშირი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც სომხეთი ჩინეთის „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივით ვერ სარგებლობს, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა, ჩინურ-სომხური ურთიერთობაც მზარდია და დღეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი.
ჩინეთის რეგიონში ჩართულობაზე საუბრისას თუ დავსვავთ კითხვას თუ რომელი ქვეყნის მიმართ აქვს ყველაზე მეტი ინტერესი ჩინეთს, სომხეთი გამომდინარე აზერბაიჯანთან და თურქეთთან მისი ურთიერთობისა მაშინვე უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება საქართველოს, არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საქართველო ჩინეთისთვის რეგიონში პრიორიტეტულია შემდეგი მიზეზის გამო: საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა რომელსაც ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“ აქვს გაფორმებული, რაც ჩინეთის მიერ, საქართველოში პროდუქციის წარმოებისა და შესაბამისად მისი ევროკავშირში ექსპორტირების შანსებს ზრდის. თუმცა, ამ მოვლენაზე საუბრისას უნდა დაისვას შეკითხვა თუ რამდენად წარმოადგენს ეს ფაქტი ჩინეთისთვის სტრატეგიულ ინტერესს. პასუხისათვის აუცილებელია გავაანალიზოთ ის უმნიშვნელოვანესი ინტერესები და მოთხოვნილებები რაც კომუნისტურ ქვეყანას დღეს აქვს, კერძოდ:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური სასწაული, რესპუბლიკაში ინდუსტრიული განვითარების უსწრაფესმა ტემპმა გამოიწვია. რომლის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს წყაროს ენერგო რესურსები, კერძოდ კი ნავთობი წარმოადგენს. ვინაიდან და რადგანაც ქვეყანას საკმარისი ნავთობის რესურსი არ გააჩნია, ის უმთავრესად მის იმპორტზე არის დამოკიდებული. ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის პროგნოზით, 2040 წლისთვის ჩინეთს მისი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის, ნავთობის 80%-ის სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტი მოუწევს. იმპორტს კი ის, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ძირითადად სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ნავთობით მდიდარი ქვეყნებიდან ანხორციელებს. ნავთობით დატვირთულმა ჩინეთისთვის განკუთვნილმა გემებმა უნდა გაიარონ სპარსეთის ყურე, ინდოეთის ოკეანე და იმისათვის რომ მოხვდნენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და შესაბამისად მიაღწიონ ჩინეთამდე, აუცილებლად მოუწევთ „მალაკის სრუტის“ გავლა. სხვა სატრანსპორტო ალტერნატივა გამომდინარე მათი გეოგრაფიულად მოუხერხებლობისა ჩინეთს არ გააჩნია. აღნიშნული ფაქტი ჩინეთს „მალაკის სრუტეზე“ თითქმის მთლიანად დამოკიდებულს ხდის. იბადება შეკითხვა თუ რატომ არის ეს ჩინეთისთვის პრობლემა? „მალაკის სრუტის“ გავლის შემთხვევაში, ნებისმიერმა გემმა უნდა გაიაროს სინგაპური, რომელიც რეგიონში აშშ-ის უმთავრეს მოკავშირეს წარმოადგენს და რომელიც მუდმივად იღებს აშშ-ს საზღვაო ფლოტთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას. იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი „თუკიდიდეს მახეში“ გაებმება, სრუტის ჩაკეტვის საფრთხე რეალური გახდება, რაც ქვეყანას მისი არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ენერგო რესურსების გარეშე დატოვებს.