მთავარი უსაფრთხოება რომელია ჩინეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში?

რომელია ჩინეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში?

07.01.2021
ნახვა 707

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც რეგიონში მდებარე სამი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტისა ჩინეთის ჩართულობა 2013 წლამდე რეგიონში ნაკლებად შეიმჩნეოდა. მას შემდეგ რაც სი ძინპინმა (ჩინეთის პრეზიდენტი) ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფლაგმანის, „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივა გააჟღერა, ჩინეთის აქტიურობა რეგიონშიც გაიზარდა. სამხრეთ კავკასიაში მდებარე ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე აზერბაიჯანისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და დღესდღეისობით, 90-ან წლებთან შედარებით აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 800-ჯერ არის გაზრდილი. ჩინური „აზიის ინვესტირებისა და ინფრასტრუქტურის ბანკიც“ აზერბაიჯანში უკვე მძლავრად არის წარმოდგენილი. მაგალითისთვის AIIB-მ, 2016 წელს აზერბაიჯანს „ტრანს-ანატოლიური მილსადენის“ მშენებლობისთვის 600 მილიონ დოლარიანი სესხიც კი გამოუყო. იგივე მდგომარეობაა საქართველოშიც. 2020 წლის ცხრა თვის მონაცემების შედეგად, ისტორიაში პირველად ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა. ქვყანა იღებს დაფინანსებას იგივე „აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტირების ბანკისგან“, მაგალითისთვის 2017 წელს, AIIB-მ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ქვეყანას 114 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა და რაც მთავარია, საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ჩინეთის „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის ერთ-ერთი კორიდორის „ჩინეთი-შუა აზია-დასავლეთ აზია“ ფარგლებში ექცევა. რაც შეეხება სომხეთს, აზერბაიჯანს 1989 წლიდან და თურქეთს 1993 წლიდან სომხეთთან ყოველგვარი სატრანსპორტო კავშირი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც სომხეთი ჩინეთის „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივით ვერ სარგებლობს, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა, ჩინურ-სომხური ურთიერთობაც მზარდია და დღეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი.

ჩინეთის რეგიონში ჩართულობაზე საუბრისას თუ დავსვავთ კითხვას თუ რომელი ქვეყნის მიმართ აქვს ყველაზე მეტი ინტერესი ჩინეთს, სომხეთი გამომდინარე აზერბაიჯანთან და თურქეთთან მისი ურთიერთობისა მაშინვე უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება საქართველოს, არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საქართველო ჩინეთისთვის რეგიონში პრიორიტეტულია შემდეგი მიზეზის გამო: საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა რომელსაც ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“ აქვს გაფორმებული, რაც ჩინეთის მიერ, საქართველოში პროდუქციის წარმოებისა და შესაბამისად მისი ევროკავშირში ექსპორტირების შანსებს ზრდის. თუმცა, ამ მოვლენაზე საუბრისას უნდა დაისვას შეკითხვა თუ რამდენად წარმოადგენს ეს ფაქტი ჩინეთისთვის სტრატეგიულ ინტერესს. პასუხისათვის აუცილებელია გავაანალიზოთ ის უმნიშვნელოვანესი ინტერესები და მოთხოვნილებები რაც კომუნისტურ ქვეყანას დღეს აქვს, კერძოდ:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური სასწაული, რესპუბლიკაში ინდუსტრიული განვითარების უსწრაფესმა ტემპმა გამოიწვია. რომლის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს წყაროს ენერგო რესურსები, კერძოდ კი ნავთობი წარმოადგენს. ვინაიდან და რადგანაც ქვეყანას საკმარისი ნავთობის რესურსი არ გააჩნია, ის უმთავრესად მის იმპორტზე არის დამოკიდებული. ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის პროგნოზით, 2040 წლისთვის ჩინეთს მისი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის, ნავთობის 80%-ის სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტი მოუწევს. იმპორტს კი ის, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ძირითადად სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ნავთობით მდიდარი ქვეყნებიდან ანხორციელებს. ნავთობით დატვირთულმა ჩინეთისთვის განკუთვნილმა გემებმა უნდა გაიარონ სპარსეთის ყურე, ინდოეთის ოკეანე და იმისათვის რომ მოხვდნენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და შესაბამისად მიაღწიონ ჩინეთამდე, აუცილებლად მოუწევთ „მალაკის სრუტის“ გავლა. სხვა სატრანსპორტო ალტერნატივა გამომდინარე მათი გეოგრაფიულად მოუხერხებლობისა ჩინეთს არ გააჩნია. აღნიშნული ფაქტი ჩინეთს „მალაკის სრუტეზე“ თითქმის მთლიანად დამოკიდებულს ხდის. იბადება შეკითხვა თუ რატომ არის ეს ჩინეთისთვის პრობლემა? „მალაკის სრუტის“ გავლის შემთხვევაში, ნებისმიერმა გემმა უნდა გაიაროს სინგაპური, რომელიც რეგიონში აშშ-ის უმთავრეს მოკავშირეს წარმოადგენს და რომელიც მუდმივად იღებს აშშ-ს საზღვაო ფლოტთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას. იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი „თუკიდიდეს მახეში“ გაებმება, სრუტის ჩაკეტვის საფრთხე რეალური გახდება, რაც ქვეყანას მისი არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ენერგო რესურსების გარეშე დატოვებს.

წყარო: http://www.marsecreview.com/tag/strait-of-malacca/

რას გულისხმობს „თუკიდიდეს მახე“?

ბერძენმა ისტორიკოსმა თუკიდიდემ, მის ნაშრომში „პელოპონესის ომის ისტორია“ ქრისტეს შობამდე 431-404 წლებში ათენსა და სპარტას შორის მომხდარი ომი აღწერა. ტექსტის ინგლისურ თარგმანში ვკითხულობთ: “It was the rise of Athens and the fear that this instilled in Sparta that made war inevitable”. აღნიშნულით თუ ვიმსჯელებთ, თუკიდიდემ ათენსა და სპარტას შორის ომის დაწყების უმთავრეს მიზეზად ათენური ძალის ზრდა და ამ ძალის ზრდის შედეგად სპარტაში წარმოშობილი შიში დაასახელა. დღევანდელ რეალობაში რომ გადმოვიტანოთ და აშშ-სა და ჩინეთის ახლანდელი ურთიერთობა შევისწავლოთ, რბილად რომ ვთქვათ დაპირისპირება სუპერსახელმწიფო (Great Power) აშშ-სა და აღმავალ სახელმწიფო (Rising Power) ჩინეთს შორის სახეზეა. სწორედ „პელოპონესის ომის ისტორიის“ სიღრმისეულად შესწავლის შედეგად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა, გრეჰემ ელისონის ხელმძღვანელობით დანერგეს ცნება „თუკიდიდეს მახე“. ანუ მათ შეისწავლეს მსოფლიო ისტორიაში სუპერსახელმწიფოებისა და აღმავალი ქვეყნების დაპირისპირების 16 შემთხვევა, მათი დაპირისპირების მიზეზები და მისი შედეგები, რომლის მეშვეობითაც უაღრესად საინტერესო წიგნით „ომისთვის განწირულები“ მისცეს მკითხველს საშუალება გამოეტანა დასკვნები თუ რამდენად შესაძლებელია აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყოს. სუპერ სახელმწიფოებსა და აღმავალი სახელმწიფოების დაპირისპირების 16 შემთხვევიდან, 12 (75%) ომით დასრულდა, შესაბამისად 12 შემთხვევაში „თუკიდიდეს მახეში“ გაბმას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-სა და ჩინეთს შორის, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე ომი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლებელი. ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს 2004 წლის განცხადებას თუ გავიხსენებთ, სადაც მან თქვა, რომ ჩინეთს უნდა მშვიდობა, მაგრამ ემზადება ომისთვისაც და გავაანალიზებთ სახალხო რესპუბლიკის ქმედებებს, ჩინეთი მოვლენების უკიდურესი სცენარის განვითარებისთვის მრავალი მიმართულებით ემზადება. შესაბამისად, „მალაკის სრუტისადმი“ მისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო ჩინეთს ნდობა არ გააჩნია, აღნიშნული გეოგრაფიული მდებარეობის გვერდის ავლის მიზნით ის აკეთებს ყველაფერს, კერძოდ: მან ააშენა მიანმარი-ჩინეთის მილსადენი, გვადარი (პაკისტანი) - ჩინეთის მილსადენი რითაც მოიპოვა პირდაპირი წვდომა არაბეთის ზღვასთან და რაც მთავარია ააშენა ყაზახეთთან დამაკავშირებელი მილსადენი, შესაბამისად მიიღო წვდომა ნავთობით მდიდარ კასპიის რეგიონთან, მათ შორის აზერბაიჯანთანაც. 2019 წელს აზერბაიჯანისგან ჩინეთმა 714.13 მილიონი დოლარის ნედლი ნავთობი შეიძინა და ცენტრალური აზიის მეშვეობით გადაზიდა ჩინეთში, რითაც მცირედით მაგრამ მაინც შეძლო „მალაკის სრუტისთვის“ თავი აერიდებინა. აღნიშნული მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩინეთისთვის ენერგო რესურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი, მოვლენების მძიმედ განვითარების შემთხვევაში. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩინეთის უპირველეს ინტერესის სუბიექტს არა ბუნებრივი რესურსების არმქონე საქართველო და სომხეთი, არამედ აზერბაიჯანი წარმოადგენს.

ჯემალ გრძელიშვილი

07.01.2021
ნახვა 707

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ