მთავარი უსაფრთხოება ჩინეთის „დავალიანება ხაფანგის დიპლომატია” და მისგან მომდინარე საფრთხეები საქართველოსთვის

ჩინეთის „დავალიანება ხაფანგის დიპლომატია” და მისგან მომდინარე საფრთხეები საქართველოსთვის

20.12.2020
ნახვა 2160

„ჩინეთი არის მძინარე გოლიათი და როდესაც ის გაიღვიძებს, მსოფლიო შეირხევა“

ნაპოლეონ ბონაპარტი

აქტიური ჩინეთი

1950 წლის 25 ივნისს, ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა ლიდერმა კიმ ირ სენმა, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოულოდნელად სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ბრძოლის დაწყებიდან მეოთხე დღეს ჩრდილო კორეულმა ჯარებმა სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული დაიკავეს. ბრძოლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ სამხრეთ კორეის ჯარები უკვე დანებების ზღვარზე იყვნენ, რის გამოც „დასავლეთმა“, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კომუნიზმის მთელ კონტინენტზე გავრცელების პრევენციის მიზნით პროცესში ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, გაეროს მიერ ავტორიზებული აშშ-ის ჯარი გენერალ დაგლას მაკარტურის ხელმძღვანელობით კორეაში შევიდა. შემდეგი სამი თვის განმავლობაში განხორციელებული ბრძოლების შემდგომ ჩრდილო კორეის ჯარებმა უკან, 38-ე პარალელისკენ (ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფი ხაზი) დაიხიეს. გენერალ მაკარტურის ჯარებმა ორი კორეის გამყოფი ხაზი გადაკვეთეს და მდინარე იალუმდე ჩააღწიეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საზღვარს წარმოადგენს. ამერიკულმა დაზვერვამ, იმის გამო, რომ ჩინეთში სამოქალაქო ომი ერთი წლის დამთავრებული იყო, ჩინელების პროცესებში ჩარევა გამორიცხა, შედეგად ორი კორეის საბოლოოდ გაერთიანების დიდი შანსი გაჩნდა. აშშ-ის დაზვერვა შეცდა. ჩინეთი მისი 300 000 ჯარისკაცით შემდგარი არმიით ბრძოლაში ჩაება, დაამარცხა გაეროს მხრიდან სანქცირებული ძალები და მათ უკან, 38-პარალელისკენ დახევა აიძულა. ომის წაგებით გაწბილებულმა გენერალმა მაკარტურმა აშშ-ის პრეზიდენტს ატომური იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდა. ჰარი ტრუმანმა კი, მაკარტური თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

კორეის ომი არ არის ერთადერთი შემთხვევა როდესაც მძინარე გოლიათმა გაიღვიძა. კიდევ იყო 1969 წლის შემთხვევა, როდესაც ჩინეთი მსოფლიოში ძალით მეორე სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდა. კერძოდ:

ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის სადავო კუძულის ჟენბაოს მიზეზით წარმოქმნილი სასაზღვრო კონფლიქტის დროს, ჩინეთმა კიდევ ერთხელ გააოცა აშშ და მისი მოკავშირეები. 1969 წლის 2 მარტს, მაო ძედუნის ბრძანებით, ჩინელმა ჯარისკაცებმა, მათ საბჭოთა კოლეგებს სადავო კუნძულთან ჩასაფრება მოუწყვეს და 91 საბჭოთა ჯარისკაცი გაანადგურეს. ჩინელების ქმედებებით განრისხებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩინეთზე ატომური იარაღით თავდასხმის განხილვაც კი დაიწყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ნიქსონის წინააღმდეგობის შედეგად, მათ განზრახვა გადაიფიქრეს.

ზემოთმოყვანილი ორი მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩინეთს მისი ისტორიის განმავლობაში, მსოფლიოში არსებული უძლიერესი სახელმწიფოების შიში არასდროს არ ჰქონია, ის არასდროს არ ერიდებოდა მათთან სამხედრო დაპირისპირებასაც კი. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 1978 წელს, როდესაც ჩინეთის ხელისუფლების სათავეში დენ სიაოპინი მოვიდა.

ჩუმი მოლოდინი - გოლიათის გაღვიძება

დამალე შენი სიძლიერე, დაელოდე შენ დროს“, უძველესი ჩინური ანდაზა, რომლის ციტირებაც თანამედროვე ჩინეთის არქიტექტორად წოდებულმა დენ სიაოპინმა მოახდინა, მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენდა. გოლიათმა ღრმად დაიძინა. ჩინეთი გახდა უხილავი. გაერო-ს უშიშროების საბჭოში ის იშვიათად იყენებდა ვეტოს უფლებას, მეტიც მაქსიმალურად იკავებდა თავს დაებლოკა გადაწყვეტილებები რომლებიც აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული. მაგალითისთვის, აშშ-ს ჰუმანიტარული ინტერვენცია ერაყში, იუგოსლავიაში, ავღანეთში და ა.შ. სწორედ ამ ქმედებების ლოგიკური დასასრული იყო ფაქტი, როდესაც ათწლეულების განმავლობაში „დასავლეთს“ ჩინეთის შეუფერხებელი ეკონომიკური ზრდა შეუმჩნეველი დარჩა. მას შემდეგ რაც ჩინეთი ეკონომიკურად გაძლიერდა, მოიშუშა „ჩაგვრის საუკუნის“ შედეგად მიყენებული იარები, გოლიათმაც გაიღვიძა, ბევრად ძლიერმა და უკვე მსოფლიოს არხევს, ოღონდ სხვა მეთოდებით. გოლიათმა, გარდა იმისა, რომ შექმნა უდიდესი პრობლემები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში და ა.შ, ყველა „დასავლური“ ინიციატივის ანალოგიც შექმნა, უფრო კონკრეტულად:

დასავლეთის“ ინიციატივები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივები

ნატო/ევროკავშირი

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია

მსოფლიო ბანკი/საერთაშორისო სავალუტო ფონდი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი

მსოფლიო ბანკი/საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ახალი განვითარების ბანკი (BRICS Bank)

ევროპის ეკონომიკური ზონა/ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობა

რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობა (RCEP)

 

ჩინური მახე

რა განსხვავებაა „დასავლურ“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივებს შორის? მაგალითისთვის „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ და „მსოფლიო ბანკი“ შეიქმნა 1944 წლის ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების შედეგად, სადაც აღნიშნული ორი ინსტიტუტის მიზნები განისაზღვრა: 1) სტაბილური მსოფლიო სავალუტო სისტემისა და თავისუფალი ვაჭრობის მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა და 2) ომისგან დანგრეული ევროპის ეკონომიკის აღორძინება. რაც შეეხება ჩინეთის ინიციატივებს, მაგალითისთვის „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი“ შეიქმნა 2016 წელს, რომლის მიზანს, აზიასა და მის ფარგლებს გარეთ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ბანკს მიზანი ერთმნიშვნელოვნად კეთილშობილი აქვს, მაგრამ სხვა საკითხია რა ხდება სინამდვილეში. ფაქტი კი არის ის რომ დასავლურისგან განსხვავებით, ჩინურმა ორგანიზაციებმა, არსებობის მოკლე პერიოდში უკვე რამდენიმე ქვეყნის გაკოტრება გამოიწვიეს. კერძოდ: დღესდღეისობით AIIB-სა და სხვა ჩინური ბანკების მიერ, უპრეცენდენტოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების მომსახურებას ვერ ახერხებენ შემდეგი აფრიკული ქვეყნები: ანგოლა, კომოროსის კუნძულები, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლესოთო, მადაგასკარი, მალავი, მოზამბიკა, ტანზანია,ზამბია და ა.შ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის „დავალიანება ხაფანგის დიპლომატიის“ მსხვერპლის კლასიკური მაგალითია შრი-ლანკა. სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე ქვეყანა. შრი-ლანკა მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, არაბეთის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ბენგალის ყურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სპარსეთის ყურედან, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში მიმავალმა ნავთობით დატვრთულმა ნებისმიერმა საშუალებამ შრი-ლანკა უნდა გაიაროს. სწორედ ამ ქვეყანამ, ჩინური ვალით ააშენა „ჰამბანტოტას“ პორტი. დაფინანსების პირველი ფაზის დროს შრი-ლანკამ მიიღო 307 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება, 6,3% საპროცენტო განაკვეთით. შედარებისთვის, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან“ საქართველოს სესხი მიღებული აქვს 0,920%-ში, განსხვავება თვალშისაცემია. შრი-ლანკაში, ჩინეთის განხორციელებული ამ ქმედების შედეგად ქვეყანა ვალს ვერ მოემსახურა და პორტის 70% და 99 წლით მართვის უფლება ჩინეთს დაუთმო. ჩინეთმა კარგად გაიაზრა გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალფრედ ტეიერ მეჰენის სიტყვები, „ვინც აკონტროლებს ინდოეთის ოკეანეს, ის იბატონებს მთლიან აზიაში“, დაისახა მიზანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე პორტი ხელში ჩაიგდო.

სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ შრი-ლანკის მთავრობამ, ჩინეთთან პორტის მართვაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სრული ტექსტი არ გამოაქვეყნა, რაც მისი სამხედრო მიზნებით მომავალში გამოყენებას არ გამორიცხავს.

როდესაც მკითხველი ჩინეთის მოვალეებში ნახავს მაგალითად ტანზანიას, გაჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა თუ რატომ აბანდებს აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში ფულს ჩინეთი. პასუხი მარტივია, გარდა იმისა, რომ ჩინეთი მისი ეკონომიკური აქტივობით ცდილობს გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელოს, ის ინვესტირებით მსოფლიოში პოლიტიკურ გავლენებს ყიდულობს. სწორედ ტანზანიამ და რამდენიმე ათეულმა აფრიკულმა ქვეყანამ, ჩინეთის ინიცირებულ და დამტკიცებულ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონს, რომელსაც ჰონგ-კონგის მოსახლეობის უდიდესი პროტესტი და „დასავლეთის“ შეშფოთება მოჰყვა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ალბათ მხარდაჭერის მიზეზის გამოცნობა მარტივია.

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა AIIB-სგან გარკვეულ დაფინანსებებს იღებს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იმ პროცენტში, რა პროცენტითაც დასავლური ინსტიტუტებისგან. მაგრამ ეს ფაქტი ქვეყანაში „დავალიანება ხაფანგის დიპლომატიის“ განხორციელების საფრთხეს არ გამორიცხავს. რადგან COVID 19-ის გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოს დაფინანსება ესაჭიროება. ამ კონტექსტში, გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენა ჩინეთმა 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და როგორ მოიკიდა ფეხი ევროპაში. ამიტომ, ქვეყნის ვალის მომსახურების ფინანსური ტვირთის კიდევ უფრო დამძიმებისა და არასასურველი პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ჩინეთისგან მომავალი ნებისმიერი სახის სესხს, საქართველოს მთავრობა აუცილებლად ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს.

ჯემალ გრძელიშვილი

1.წყარო: http://www.ft.lk/columns/It-s-official--Sri-Lanka-becomes-battlefield-for-world-powers--Cold-War/4-707787

20.12.2020
ნახვა 2160

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ