მთავარი პოლიტიკა „ამიერკავკასიაში შეცვლილი რეალობა“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში

„ამიერკავკასიაში შეცვლილი რეალობა“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის საკითხით მანიპულირებას აძლიერებს.
15.12.2020
ნახვა 482

ოკუპირებული აფხაზეთი - ზეწოლის ბერკეტი?

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და რეგიონში რუსი სამშვიდობო მისიის განთავსების შემდეგ, კრემლმა საქართველოზე საინფორმაციო შეტევა გააძლიერა. გასული ორიოდე კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, რაც პირდაპირ თუ ირიბად, კრემლიდან წამოსულ სიგნალებს წარმოადგენს. როგორც ჩანს, აფხაზეთის თემით მანიპულირება და მოსკოვსა და სოხუმს შორის „თანამშრომლობის გაღრმავების“ ინიციატივები, თბილისზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა მთიან ყარაბაღში დადებულ ზავი „ამიერკავკასიაში შეცვლილ რეალობად“ შეაფასა. რეგიონში მართლაც შეიცვალა რეალობა, თუმცა შეიცვლა - რუსეთის სამხედრო პოზიციების სასარგებლოდ, რამაც მას დამატებითი ამბიციები შესძინა.

ბჟანიას განცხადებების მიღმა, მოსკოვის შორსმიმავალი მიზნები იკითხება, რომლებიც რუსეთის სამხრეთ კავკასიური დომინირების სტრატეგიაში საკვანძო როლს ასრულებენ. ოკუპირებულ აფხაზეთთან ოფიციალური თბილისის „დაახლოებისა“ და ბჟანიას დე ფაქტო მთავრობასთან „ურთიერთობის დათბობის“ შეთავაზება, არა საქართველოს ან თავად ოკუპირებული აფხაზეთის კეთილდღეობას, არამედ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარებას და სხვა რეგიონული აქტორების თამაშიდან გაყვანას ემსახურება. ამასთან, საქართველოს „ანკესზე წამოგება“, გრძელვადიან პერსპექტივაში, ოკუპირებული აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ ერთგვარი აღარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იქცეს.

ბჟანიას ე.წ. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ფოკუსირება „კეთლმეზობლურ ურთიერთობაზე“

4 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთისსაგარეო პოლიტიკის კონცეფციისდამტკიცების თაობაზეაღნიშნულ დოკუმენტში ცალკე თავი აქვს დათმობილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებს. კონცეფციის თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტი რუსეთთან მოკავშირეობრივი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებაა, რაც გულისხმობს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას უსაფრთხოების ამაღლებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას, რუსეთთან ერთად საქართველოსთან საზღვრის დაცვას, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებას და ა.შ.

ასლან ბჟანიასთვის ნომერ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისთან ურთიერთობის დარეგულირებაა, რამდენადაც, დოკუმენტის თანახმად, ისევ არსებობს საფრთხე შეიარაღებული დაპირისპირების განახლებისა. კონცეფციის მიხედვით, აფხაზეთი დაინტერესებულია თანასწორი (ანუ საქართველომ უნდა აღიაროს მისი დამოუკიდებლობა, თანასწორად რომ იქცეს!), კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით, ხოლო ნორმალიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებების არგანახლების განზრახვას დააფიქსირებს;

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება განიხილავს საქართველოსთან ახალი „მრავალდონიანი მოლაპარაკებების ფორმატის“ შექმნას, რომლის ფარგლებშიც, ქართულ მხარესთან ერთად განიხილება ის საკითხები, რომელთა მოგვარება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან დაახლოებისა და დიალოგის ახალი ფორმატის შემუშავების საკითხებზე ბჟანია აქამდეც ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა, ე.წ. კონცეფციაში მათი ასახვა კი, დე ფაქტო პრეზიდენტის რიტორიკის გაგრძელებაა, რაც დიდი ალბათობით, კრემლის უშუალო მითითებით ხორციელდება.

რუსეთ-აფხაზეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის ფორმირება

3 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა და რუსეთთან „თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის“ შექმნა უპირველეს ამოცანად დაასახელა, რადგან იგი საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისთვის კვლავ სამხედრო საფრთხედ აღიქვამს. ბჟანიას თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს, სამხედრო უსაფრთხოების საკითხმა კვლავ წინა პლანზე წამოწია. ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტად კი, დე ფაქტო პრეზიდენტი, რუსეთთან კავშირების გაღრმავებას განიხილავს. ოკუპირებული არმიის გადაიარაღების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისევე როგორც ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრა, მისი თქმით, რუსეთის დახმარებისა და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი იქნება. ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის ფორმირება, თუ არა მიმდინარე ანექსიას?

კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებები აფხაზეთის რკინიგზის კონტექსტში

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 27 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ ინფორმაცია რუსეთმა საკუთარი ინტერპრეტაციით გაავრცელა, რის გამოც, ქართული საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და ბევრი კითხვაც გააჩინა.1

პრეს-რელიზში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „რეგიონალური პრობლემების განხილვის კონტექსტში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერისა და რუსეთის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების ხელმოწერამ, საომარი მოქმედებების შეჩერება შესაძლებელი გახადა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზების პირობები შექმნა. ამ სამმხრივი შეთანხმების რეალიზაცია და კერძოდ - სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, ხსნის ახალ შესაძლებლობებს ამიერკავკასიის ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის - საქართველოსთვის“.

სწორედ ზემოაღნიშნული პუნქტი იწვევს ეჭვს, რომ საუბარი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხს ეხებოდა. ზურაბ აბაშიძე უარყოფს აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე მოლაპარაკებებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რა იგულისხმა რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაში ნახსენებ „განბლოკვაში“.

ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, ისევე როგორც საექპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ „სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვაში“ სწორედ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენი საქართველოს გავლით, სომხეთისა და ირანის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა იგულისხმება. არსებული შეფასებებით, რკინიგზის აღდგენის საკითხში, მთავარი საფრთხე უკავშირდება საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციასთან ფაქტობრივ შეგუებას და რუსეთისთვის სამხედრო-ეკონომიკური ექსპანსიისთვის ხელშეწყობას. აღნიშნულ თემას საზოგადოება საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამს, რომლის გადაწყვეტაც, ფართო განხილვის გარეშე, ძალიან სახიფათო იქნება.

შესაძლოა, ყოველივე ზემოაღნიშნული განცხადებები, საქართველოს მოსახლეობის განწყობის შემოწმებასა და რიგი საკითხებისთვის ნიადაგის მოსინჯვას ემსახურებოდა (განსაკუთრებით გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული პროტესტის შემდეგ, რაც ასე მწარედ ახსოვს მოსკოვს). ამჯერადაც, ქართველების განწყობა კვლავ ნეგატიური აღმოჩნდა, რაც კრემლს ჭარბი ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს, საქართველოს ხელისუფლებას კიყურადღების მოდუნების უფლებას.

ანა ჯაფარიძე

1 კერძოდ, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, „დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ცნობილი ანტირუსული პროვკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. ქართულმა მხარემ გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბარი კატეგორიულად უარყო და რუსულ მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

15.12.2020
ნახვა 482

კომენტარები