მთავარი უსაფრთხოება რატომ არ არსებობს რუსული რბილი ძალა?

რატომ არ არსებობს რუსული რბილი ძალა?

08.12.2020
ნახვა 693

როცა საუბრობენ რუსულ მართლმადიდებლობაზე, გასართობ ტელეშოუებზე, პოპ მუსიკაზე, ლიტერატურაზე და ყველაფერ სხვაზე, რაც ტანკებს და რაკეტებს არ უკავშირდება, ქართველი ჟურნალისტები, თუ ანალიტიკოსები სადღაც აუცილებლად იხმარენ ტერმინს „რბილი ძალა.“

ცოტა ხნის წინ, გამოცემაში რომელსაც ახლა კითხულობთ, ქშიშტოფ ლუკიანოვიჩმა გამოაქვეყნა სტატია რუსულ „ბასრ ძალაზე“ საქართველოში, სადაც სწორად აღნიშნავს, რომ ხისტი და რბილი ძალის შესახებ ჯოზეფ ნაის ადრეული მიდგომა, საქართველო-რუსეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას კარგად ვერ ხსნის;

ამ ტექსტით მსურს უფრო გავაღრმავო ეს მოსაზრება და ვთქვა, რომ რუსული „რბილი ძალაზე“ აქცენტის გაკეთება შეცდომაში შემყვანია და ხშირ შემთხვევაშ ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს.

რა ძალები ვიცით

  • როცა ქვეყანა იყენებს რბილ ძალას, ის ადრესატს ანდომებს იმას, რაც თავად უნდა.
  • როცა ქვეყანა იყენებს ხისტ ძალას, ის ადრესატს აიძულებს იმის გაკეთებას, რაც თავად უნდა.
  • როცა ქვეყანა იყენებს ჭკვიან ძალას, ის ჩამოთვლილი ორის კომბინიერებას ახდენს;

რბილი ძალა არ გულისხმობს დაძალებას, სხვათაშორის, შეიძლება ითქვას, რომ მტრული არც არის. მაგ. აშშ, ევროკავშირი და განვითარებული დასავლური ქვეყნები რბილი ძალის ინდექსში, როგორც წესი, მოწინავე ადგილს იკავებენ. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს სხვების შეცდენის და დამონების დიდი სურვილი გააჩნიათ;

ხისტი ძალა ყოველთვის ძალადობრივია. შესაძლებელია მტერი იარაღით არ დაგვადგეს, მაგრამ გამოიყენოს ძალა, რათა გვაიძულოს გავაკეთოთ ის, რასაც სხვა შემთხვევაში არ გავაკეთებდით. ძალის ამ ფორმით გამოყენება შეიძლება გამოიხატებოდეს დაშინებაში, შანტაჟში და ყველაფერ იმაში, რაც ქვეყანას ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის;

ჭკვიანი ძალა ამ მორის კომბინაციაა. თუმცა, ეს კომბინაცია რასაკვირველია არ უნდა იქნას გაგებული როგორც სტაფილოსა და ჯოხის პოლიტიკა. აქ საუბარი ორის სტრატეგიულ შერწყმაზეა. მაგ. როდესაც გეგმავ სამხედრო ოპერაციას და ამავდროულად მუშაობ სამიზნე ქვეყნის საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობის მოპოვებაზე და მის დარწმუნებაზე, რომ ეს ოპერაცია არა მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ იმ მავნე რეჟიმის წინააღმდეგ ხორციელდება, რომელიც საკუთარი ხალხის პირველი მტერია. ასეთი სტრატეგიის გამოყენების მცდელობა, თუმცა უშედეგო, ამერიკის მთავრობას ერაყში ჰქონდა (და სხვაგანაც). ალბათ საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ამერიკის ინტერესი, ერაყის ოკუპაცია არ ყოფილა და მიზანი იმ დროის სტრატეგიული ამოცანების შესრულება იყო, რაც ჰუსეინის გადაგდებასა და ახალი რეჟიმის დამყარებაში გამოიხატა;

რომელი ძალა აქვს რუსეთს?

რუსეთის ძალა არის ტანკებში, რაკეტებში და ბომბდამშენებში, მაგრამ მსოფლიოში, გარდა შორეული, ქვეყნებისა, რომლებიც კომუნიზმს, პუტინიზმს და ა.შ. მავნებლობებს რომანტიზებენ, არავისთვის არის მიმზიდველი;

მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოს რომ მოეწონო უნდა გქონდეს ფული, თავისუფლება, ხალხი შიმშილით არ გეხოცებოდეს, ოპონენტებს ნოვიჩოკით არ წამლავდე, სპორტსმენებს დოპინგით არ ამუშავებდე და ა.შ. მოკლედ, რუსეთში სნეულებათა მთელი ბუკეტია წარმოდგენილი, თუმცა, მათი ჩამოთვლა ალბათ უფრო ლექსიკოლოგიური სამუშაოს ნაწილია და ამ მინი-სტატიას ვერ დავუთმობთ.

შევთანხმდეთ, არ შეიძლება რბილი ძალა გამოიყენო, თუ ის არ გაქვს. როდესაც საქართველოში რუსულ რბილ ძალაზე ლაპარაკობენ, ირიბად აღიარებენ, რომ შესაძლებელია ეს გაყინული, უზარმაზარი მონსტრი მიმზიდველი იყოს. რუსულ რბილ ძალაზე საუბარი შეეძლო ერეკლე მეორეს, გეორგიევსკის ტრაქტატამდე, ვინაიდან საქართველოს მუსლიმ დამპყრობლებთან ცუდი წარსული აკავშირებდა, რუსეთთან არაფერი, შესაბამისად ერთმორწმუნეობამ გადაწყვეტილების მიღებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოადინა, ძალადობრივად ჩაახშო რამდენიმე აჯანყება და მოკლედ რომ ვთქვათ, იძულების აქტიურ, ხისტ მეთოდებზე გადავიდა, ამდენად, იმ დროიდან მოყოლებული, რუსეთის რბილ ძალაზე საუბარი, უკვე თეორიული უმეცრებაა. არ შეიძლება შეიარაღებულ კაცს თოფი ჰქონდეს მოშვერილი და ვორონცოვის გადმოგდებული ტკბილეული, რბილი ძალის გამოვლინებად ჩავთვალოთ.

აქ ალბათ უკვე გადავდივართ „ჭკვიანი ძალის“ სფეროში, სადაც ამ ორის კომბინირება ხდება. ჯოზეფ ნაის სურვილი რომ ყოფილიყო ცალ-ცალკე სიტუაციისამებრ ეხმარა რბილი და ხისტი ძალა, „ჭკვიანი ძალის არსებობის“ შესახებ რამდენიმე ტექსტს სულ არ დაწერდა.

სხვაგან, სამეცნიერო სტატიაში ვამბობდი, რომ რუსული ტანკების ქართულ ტერიტორიაზე დგომა, კრემლის რბილი ძალის შესაძლებლობას იმთავითვე გამორიცხავდა და ნაცვლად „ჭკვიანი ძალის“ ხმარება უკეთესი იქნებოდა. აქაც ჩნდება ოპონენტების არგუმენტები, ისინი ამბობენ რომ რუსეთი გარკვეულ შემთხვევებში რბილ ტაქტიკას იყენებს და მისი ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე დგომა არაფერს ნიშნავს, ვინაიდან სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს (თითქოს ბორდერიზაცია არ ითვლება). ეს მოსაზრებაც სუსტია ვეცდები ავხსნა რატომ.

ალბათ სკოლიდან გახსოვთ ლეგენდა ჰამელინელი მესალამურის შესახებ. მეცამეტე საუკუნეში პატარა ქალაქ ჰამელინს ვირთხები შეესივნენ. ქალაქის მაცხოვრებლებს მღრღნელებისგან გათავისუფლება ერთმა მესალამურემ შესთავაზა, ხოლო სანაცვლოდ მერისგან ფულადი გასამრჯელოს გადახდის დაპირება მიიღო. მესალამურემ თავისი მუსიკის გამოყენებით, ვირთხები მდინარეში შეიტყუა და დაახრჩო. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მერმა დაპირებული თანხა არ გადაიხადა, გაბრაზებულმა მუსიკოსმა კი შური იძია და როდესაც უფროსები ეკლესიაში იყვნენ, კვლავ დაუკრა სალამური, ოღონდ ამჯერად, მის ჰანგებს ჰამელინელი ბავშვები გაჰყვნენ. ზოგი ამბობს რომ მესალამურემ ბავშვები ვირთხების მსგავსად წყალში დაახრჩო, ზოგი ამტკიცებს რომ ერთ-ერთ მთაზე დაასახლა.

მესალამურეს შეეძლო დაეკრა სასიამოვნო მუსიკა და ამით ხალხის მოწონება, სიყვარული, მეგობრობა და ერთგულება დაემსახურებინა. ეს მას რბილ ძალას აძლევდა. თუმცა, მან თავისი უნარები ორივე შემთხვევაში სამიზნის დასაღუპად გამოიყენა, ეს უკვე „ბასრი ძალაა“.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩვენი ერთგულების მოსაპოვებლად ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ღირებულებით მიმხიდველობას იყენებენ, რუსეთი კი, როცა ეს ყველაფერი არ გააჩნია, მიმზიდველობის იმიტაციას, როგორც პოტიომკინი სოფელს ისე ქმნის. დასავლეთისგან განსხვავებით, კრემლის მიზანი, არა ჩვენი ერთგულების და სიყვარულის მოპოვება, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს საბოლოოდ განადგურებაა. როგორც მესალამურე მიერეკებოდა, ბავშვებს მდინარისკენ, ისე მიგვერეკება რუსეთი უფსკრულისკენ, შეესაბამება ეს რბილ ძალას? მგონი არა. სწორედ ამიტომ აღვნიშნე დასაწყისში, რომ ცნების, „რუსეთის რბილი ძალა“ გამოყენებით, ჩვენ მტერს ვეხმარებით.

დასკვნის სახით უნდა აღვნიშნო, რომ დღეს რუსულ რბილ ძალაზე უშინაარსო აპელირებით, სამწუხაროდ სცოდავენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც წესით კარგად უნდა იცოდნენ რამხელა მნიშვნელობა აქვს ცნებების სწორ კონტექტში ხმარებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენმა მტერმა საინფორმაციო ველზე რამდენიმე წელია ახალი ფრონტი გაგვიხსნა.

ლაშა მარკოზაშვილი

08.12.2020
ნახვა 693

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ