მთავარი საგარეო პოლიტიკა ჩინეთის მზარდი ინტერესები საქართველოში, საფრთხე თუ შესაძლებლობა?

ჩინეთის მზარდი ინტერესები საქართველოში, საფრთხე თუ შესაძლებლობა?

05.12.2020
ნახვა 728

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რაც დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1995 წლისათვის, 1990 წლის დონესთან შედარებით , პოსტსაბჭოურ ქვეყნებში წარმოება 78%-ით შემცირდა, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა „დიდი დეპრესიის“ დროს აშშ-ში წარმოების დაცემის დონეს, შესაბამისად საბჭოთა კავშირის თითოეულ ქვეყანას ყველა სახის (პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური) დახმარება ესაჭიროებოდათ. ევროკავშირი, აშშ-სთან ერთად იყო ერთ-ერთი პირველი ვინც მოცემულ ქვეყნებს დახმარება აღმოუჩინა. მაგალითად: 1991 წლიდან ევროკავშირის მიერ, საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: ა) ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა (TACIS). 1991 წ ბ) ევროკავშირის წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში. 1995 წ გ) შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 1996-1999 წ დ) პრეფერენცია (შეღავათის) ზოგადი სისტემა „GSP” (General System of preferences). 1999 წ ე) GSP+. 2005 წ ვ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ზ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტები. 2004 წ თ) სამოქმედო გეგმა. 2006 წ ი) შავი ზღვის სინერგია. 2007 წ კ) ევროკავშირის მონიტორინგის მისია. 2008 წ და ი) აღმოსავლეთ პარტნიორობა. აღნიშნული ქრონოლოგიის ნახვის შემდეგ, იბადება შეკითხვა თუ როგორ იყო წარმოდგენილი და რა სახის ინტერესები ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საქართველოში? პასუხია რომ ძალიან მოკრძალებულად. საქართველომ ჩინეთის ყურადღება მხოლოდ 2013 წლის შემდეგ მიიპყრო, როდესაც სი ძინპინმა (ჩინეთის პრეზიდენტი) ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფლაგმანის, „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივა გააჟღერა. საქართველო, ინიციატივის ფარგლებში არსებული ერთ-ერთი კორიდორის, „ჩინეთი-ცენტრალური აზია-დასავლეთ აზიის“ ერთ-ერთი მონაწილე გახდა, ორ ქვეყანას შორის გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები რამაც საბოლოოდ 2017 წლის მაისში საქართველოსა და ჩინეთს შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებაში ჰპოვა ასახვა. ამ შეთანხმების ერთ-ერთ შედეგად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ 2020 წლის ცხრა თვის მონაცემების შედეგად, ისტორიაში პირველად ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა. ერთი შეხედვით ეს ფაქტი პოზიტიურია, რადგან ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა და რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ეკონომიკური პრობლემა აქვს, ჰქონდეს წვდომა 1,4 მილიარდიან ჩინურ ბაზართან ეს ძალიან კარგია. მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე მსჯელობისას შესაფასებელია სხვადასხვა გარემოებები, კერძოდ ის თუ რისთვის, რა მიზნით იყენებს ჩინეთის ხელისუფლება მის ხელში არსებულ ეკონომიკურ ბერკეტებს?

მარტივად რომ ვთქვათ, დღესდღეისობით ჩინეთს არ აქვს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა მსოფლიოში როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, შესაბამისად ამ მიმართულებით აშშ-თან კონკურენციის გაწევა მას არ შეუძლია. ამიტომ ჩინეთმა მისი გლობალური მიზნების განხორციელებისათვის ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება დაიწყო. აღნიშნული გამოიხატება შემდეგში:

ინვესტირებით ჩინეთი ცდილობს იყიდოს პოლიტიკური გავლენები კონკრეტულ ქვეყნებში

მაგალითისთვის, 2016 წლის ივლისში, ევროკავშირმა მისი გარკვეული წევრების წინააღმდეგობის გამო, ვერ გამოუცხადა მხარდაჭერა ფილიპინებს, რომელმაც მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოში (PCA), ჩინეთს, მის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განხორციელებული ქმედებების გამო დავა მოუგო, ჩინეთი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. ასევე, საბერძნეთმა ევროკავშირის განცხადება ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით დაბლოკა და მას „არაკონსტრუქციული კრიტიკა“ უწოდა. უნგრეთმა კი, ევროკავშირის ერთ-ერთმა ძლიერმა ქვეყანამ 2018 წლის აპრილში უარი განაცხადა ხელი მოეწერა მოხსენებისთვის, სადაც ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივა არის გაკრიტიკებული. ამ და სხვა მაგალითების დანახვის შემდეგ, ალბათ წარმოუდგენელი იქნება, ისეთმა სახელმწიფომ როგორიც საქართველოა რაიმე სახის წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთს, თუ მან საქართველოზე გარკვეული საკითხებზე ზეწოლა გადაწყვიტა. ზეწოლა კი გამორიცხული არ არის რადგან საქართველოს პრო-დასავლური საგარეო ორიენტაცია დადასტურებული ფაქტია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სურვილი, ანუ დაახლოება და სრულფასოვანი წევრობა იმ ინსტიტუტებისა, რომელთანაც ჩინეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს და მუდმივად ცდილობს შექმნას მისი ჩინური ალტერნატივები, მაგალითისთვის დასავლური NATO-ს საპირწონედ მან უკვე შექმნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (Shanghai Cooperation Organisation). რაც შეეხება ქართულ რეალობას, საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, ქვეყანას ერთმნიშვნელოვნად ხდის ინვესტორებისთვის მიმზიდველად მაგრამ არის ერთი უმნიშვნელოვანესი რისკი, რაც არის რუსული ოკუპაცია. ქვეყანაში სადაც დედაქალაქიდან 80 კილომეტრში რუსი ოკუპანტების ჯარი დგას, არის საფრთხე იმისა, რომ არ მოხდეს მეგა ინვესტიციების შემოდინება. სწორედ ეს არ ადარდებს ჩინეთს არსად მსოფლიოში, მისი გავლენების გაფართოების მიზნით ის ინვესტირებს ყველგან სადაც სხვა არავინ აბანდებს ფულს და სწორედ ეს ხდის მის ინვესტიციას საფრთხეს. ამ ფაქტის ნათელი მაგალითია ის რომ 2016 წელს, ჩინური სახელმწიფო კომპანია PowerChina, საქრთველოში ანაკლიის მრავალმილიარდიანი ღირებულების ღრმაწყლოვანი პორტის აშენების განხორციელების მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა და რასაც 2019 წელს მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ საქართველოს, რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენისგან თავის გადარჩენის მიზნით პორტი აუცილებლად უნდა აეშენებინა. ალბათ ამ განცხადებიდან ნათელია აშშ-ის პოზიცია ანაკლიაში ჩინეთის ჩართულობასთან დაკავშირებით.

მოიპოვოს კონტროლი ქვეყნებში არსებულ მთავარ ეკონომიკურ სექტორებზე

მაგალითად პორტუგალიაში ჩინეთმა ფული ჩადო ელექტროსისტემებში, ნავთობპროდუქტების ბიზნესში, ტრანსპორტში, საფინანსო სექტორში, მედიის ბიზნესსა და დაზღვევის სფეროში. მათი უმნიშვნელოვანეს სექტორში მეგა ინვესტიციების შედეგად მოპოვებული გავლენების გამო კი, პორტუგალიის მოსახლეობის 73% დღეს უკვე ფიქრობს, რომ მათი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს უნგრეთის შემთხვევა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც „ერთი გზა ერთი სარტყელის“ პროექტის მოსარგებლეა განაცხადა, რომ „თუ ევროკავშირი უნგრეთს არ დაეხმარება, უნგრეთი ჩინეთისკენ გადაიხრება“. რაც შეეხება საქართველოს, ჩინეთი უკვე არის საბანკო და სამშენებლო ბიზნესში და რაც მთავარია არის ელექტრო სისტემების სფეროში HUAWEI-თ მძლავრად წარმოდგენილი რაც ჩინეთისადმი საქართველოს მოწყვლადობას კიდევ უფრო ზრდის. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა იქნას ნახსენები საქართველოში აშშ-ის საელჩოს 2020 წლის 14 სექტემბრის განცხადება, სადაც საელჩომ საზოგადოებას აცნობა, რომ საქართველოში არსებულ იმ კომპანიებთან რომლებიც HUAWEI-სთან თანამშრომლობენ ის თანამშრომლობას წყვეტს. ეს მიუთითებს ფაქტზე რომ სანდოობის დონე ამ კომპანისთან მიმართებაში დემოკრატიულ სამყაროში რბილად რომ ვთქვათ დაბალია. ეს საქართველოსთვის აუცილებლად სიგნალი უნდა იყოს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ დღესდღეისობით მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია რომ ჩინეთს სურს გახდეს გლობალური მმართველი ქვეყანა. ამ ფაქტს უფრო ამძაფრებს შემდეგი მოვლენა, კერძოდ ის რომ ჩინეთი არ არის ევროკავშირისა და აშშ-ს მსგავსი საერთაშორისო პოლიციელი, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას ცდილობს. ამის კონკრეტული, ნათელი ქართული მაგალითი კი წინ გვაქვს. თუ შევადარებთ საქართველოს მიერ ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების“ DCFTA ხელმოწერისა და ჩინეთთან „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ FTA გაფორმების პროცესებს დავინახავთ, რომ DCFTA-ს გაფორმებისთვის საქართველოს ჰქონდა ვალდებულება გაეტარებინა უმნიშვნელოვანესი რეფორმები იმ მიმართულებებით რომლის გაუმჯობესებამაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ჰპოვა ასახვა, კერძოდ კი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობათა უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის, საბაზრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დასავლური ინტეგრაციისკენ. რაც შეეხება ჩინეთთან გაფორმებულ FTA-ს, მსგავს არაფერს ადგილი არ ჰქონია.

რა უნდა ქნას საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების პირობებში? პასუხი მარტივია, ქვეყანაში არსებულმა თითოეულმა სექტორმა, რომელიც ქვეყნის უსფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად უნდა შექმნას ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგია. რომელიც არ უნდა დარჩეს ფურცელზე ჩამოთვლილ საუკეთესო სურვილებად, ის უნდა დაეგზავნოს თითოეული პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს, იქცეს ბრძანებად რომელიც ყველა საჯარო მოხელისთვის ჩინეთთან და ჩინურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას იქცევა ქცევის სავალდებულო მოდელად.

ჯემალ გრძელიშვილი

05.12.2020
ნახვა 728

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ