მთავარი პოლიტიკა ოპოზიციის ნაწილი ქართული ოცნებისგან შველას ელოდება

ოპოზიციის ნაწილი ქართული ოცნებისგან შველას ელოდება

შესაძლებელია თუ არა ერთპარტიული პარლამენტი იყოს ლეგიტიმური?
27.11.2020
ნახვა 547

შესაძლებელია თუ არა ერთპარტიული პარლამენტი იყოს ლეგიტიმური?

„ეს ქვეყანა ღმერთის მიერ დაპირებული პირობის შესრულების შედეგად არსებობს. სასაცილო იქნებოდა, თუ მას სთხოვდნენ ანგარიშს ლეგიტიმურობის შესახებ.“

გოლდა მეირი

ლეგიტიმურობა და კანონიერება ერთმანეთთან კავშირშია, თუმცა ერთმანეთს არ განაპირობებს. მაგალითად, აშშ-ში შავკანიანთა დისკრიმინაციის სისტემა კანონიერი იყო, მაგრამ ლეგიტიმური ვერ იქნებოდა, ვინაიდან, საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს არ ითვალისწინებდა.

ასევე, ადამიანთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება რეჟიმისადმი და ლეგიტიმურობის ნორმატიული საზომი, შესაძლებელია ერთი და იგივე არ იყოს. მაგალითად, როგორც ჯოზეფ ვაილერი წერს, თანამედროვე ლიბერალურ-პლურალისტური თვალსაზრისით, გერმანის ნაც-სოციალისტური მთავრობა, ლეგიტიმური მართვის მაგალითად ვერ ჩაითვლება, თუმცა, სანამ 1945 წელს მარცხს განიცდიდა, გერმანელთა დიდი ნაწილისთვის ადოლფ ჰიტლერი „ღრმად ლეგიტიმური“ მმართველი იყო. საპირისპიროდ, ვაიმარის რესპუბლიკა, თანამედროვე ტესტს მარტივად გაივლიდა, მაგრამ მოქალაქეთა უმეტესობისთვის, არაეფექტური, უუნარო რეჟიმი, „გერმანიის ღალატთან“ ასოცირდებოდა.

თანამედროვე ტესტი ლეგიტიმურობის შესახებ სამი ძირითადი კითხვისგან შედგება:

  • პირველი, რამდენად მონაწილეობს საზოგადოება პოლიტიკურ პროცესში, ან თუ არ მონაწილეობს, რამდენად აღიარებს მას, როგორც ძალაუფლების მოპოვების და შენარჩუნების კანონიერ მექანიზმს;
  • მეორე, რა ფორმებით ახორციელებს ხელისუფალი თავის მანდატს; უზრუნველყოფს, თუ არა კანონის სწორ აღსრულებას და არის თუ არა მოქალაქეთა უფლებები სრულად დაცული;
  • მესამე, რამდენად ეფექტურ შედეგებს ქმნის პოლიტიკური სისტემა, არის თუ არა დაკმაყოფილებული ის სურვილები, რომელიც მოქალაქეებმა თავისი არჩევანის გაკეთების, საჯარო გამოსვლების და ა.შ შედეგად დააფიქსირეს;

დემოკრატიებში პირველი ორი კითხვა, საბაზისო, ანუ დღის წესრიგის დამდგენია. შესაძლებელია მესამე, ეფექტურობის ნაწილში, სისტემა ჩავარდეს, თუმცა, პირველი ორი თუ მუშაობს, არჩევნების გზით პოტენციურად უკეთესი ხელისუფლების არჩევას ვერაფერი შეაფერხებს.

ამ ტიპოლოგიით ვერ განვსაზღვრავთ ლეგიტიმურობისთვის, მრავალპარტიული უნდა იყოს პარლამენტი, ორპარტიული, თუ ერთპარტიული. როდესაც პლურალიზმზე საუბრობენ, როგორც წესი პოლიტიკური ბაზრის „სიმდიდრის“ აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს. ადამსა და ევას სამოთხეში სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ ეშმაკმა მათ ალტერნატივისკენ გზა დაანახა. არჩევანი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს, თუმცა, ითვლება, რომ მოქალაქეთათვის მისი ქონა აუცილებელია. გაბატონებული მოსაზრებით, საზოგადოებებს სწორედ მრავალფეროვნების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობები ავითარებს, ხოლო პლურალისტური პოლიტიკური სისტემები უკეთეს შედეგს იძლევიან. მაგალითად, შესაძლებელია ადამიანი კმაყოფილი იყოს შავ-თეთრი ტელევიზორით, სანამ ფერადის არსებობის შესახებ არ შეატყობინებს ვინმე; ზოგს ალბათ მიწოდებული ერთი ვაშლიც დააკმაყოფილებს, სანამ სხვა ორს არ შესთავაზებს და ა.შ. ამის მიუხედავად, ისტორიაში არაერთ რეჟიმს ვიცნობთ, სადაც „უპასუხისმგებლო პლურალიზმი“ ანადგურებდა საზოგადოებებს, ასევე ვიცით ავტორიტარული რეჟიმები, რომლებმაც ადამიანების ცხოვრების დონე საგრძნობლად აამაღლეს. გავიხსენოთ, ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პარლამენტი და ლი კუან იუს ავტორიტარული მმართველობა სინგაპურში, ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც სინგაპურის ნაცვლად, იმ დროის საქართველოში ისურვებდა ცხოვრებას.

მაშინ როდესაც ორი მხარე არჩევნების შედეგებზე ვერ, ან ნაწილობრივ თანხმდება, როგორც წესი სანდო მესამე მხარის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყველა საერთაშორისო პარტნიორმა აღიარა, ისინი უნისონში მიიჩნევენ რომ ერთპარტიულობა ცუდია, თუმცა, ამ ერთ პარტიულობაზე პასუხისმგებლობას არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას აკისრებენ, რაც პროცესების პარლამენტიდან გაგრძელების შესახებ, არაერთ თხოვნასა და რეკომენდაციაში გამოიხატა.

ფულს სუნი არ აქვს

„ფული ბედნიერებას ვერ გიყიდის, მაგრამ ნამდვილად მოგცემს შესაძლებლობას თვითონ ირჩიო რომელი უბედურებაც გინდა“

გრუჩო მარქსი

პოლიტიკურ პროცესში წარმატებული მონაწილეობა პოლიტიკური პარტიებისთვის, თუ ცალკეული პირებისთვის მატერიალურ რესურსებზე წვდომის მოპოვებასაც გულისხმობს. კარგ ქვეყნებში ამ წვდომას ორი ფორმა აქვს პირველი საბიუჯეტო სახსრების კანონიერ განკარგვაში გამოიხატება, ხოლო მეორე შესრულებული სამუშაოსთვის, ან პარტიული საქმიანობისთვის დადგენილი გასამრჯელოს მიღებაა. რასაკვირველია მეორეს წილი პირველთან მიმართებაში მინიმალურია. ერთიც და მეორეც, ტიპურ შემთხვევებში მიბმულია იმ მანდატზე, რომელსაც ხალხი პოლიტიკურ სუბიექტს აძლევს. მიღებული ხმები, დადგენილი მანდატები და დაფინანსება ერთი პაკეტის განუყოფელი ნაწილია და დამოუკიდებლად არ არსებობენ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, სადაც კონკრეტულ ვაკანსიაზე, განსაზღვრული ვადით, კონკურის შედეგად შეარჩიეთ კანდიდატი, გაუფორმეთ კონტრაქტი და განუსაზღვრეთ კვალიფიკაციის შესაბამისი ხელფასი. გავიდა ერთი, დღე, ორი დღე, ათი დღე, დაქირავებული პირი სამსახურში არ ცხადდება, თუმცა შესაბამის სამსახურს აწვდის ანგარიშის ნომერს, რომელზეც თვის ბოლოს ხელფასი უნდა ჩაერიცხოს. რას გააკეთებდით როგორც დამქირავებელი?

ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, შესაბამისად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, მათთვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობას არ ეთანხმება (ბევრად მეტი გვეკუთნის ვიდრე გვაქვს). ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტში შესვლა ლეგიტიმურობის შესახებ არსებული კატეგორიული მორალური იმპერატივის დარღვევა და უკანონობის კანონიზება იქნება, შესაბამისად, პოლიტიკური ბრძოლის ქუჩაში გაგრძელებას აპირებენ. რაც არ უნდა უგუნურებად მივიჩნიოთ, ამ პოზიციის დაცვა თავისუფალ ქვეყანაში მათი უფლებაა, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერი სხვას, თავისივე დადგენილ თამაშის წესებსაც ორმაგი სტანდარტით მიჰყვებიან. როგორც ცნობილი გახდა, „ქუჩის პარტიათა“ ნაწილმა, ცესკოს მათი კუთვნილი დაფინანსების მოთხოვნით უკვე მიმართა. საქმე ის არის, რომ ეს დაფინანსება იმ „გაყალბებული მანდატების“ საპირწონეა, რაც ოფიციალურად გამოქვეყნდა. გამოდის რომ მანდატები არალეგიტიმურია, ხოლო ფული ლეგიტიმური. კატეგორიული მორალი, უტილიტარიზმმა ჩაანაცვლა, თურმე შესაძლებელი ყოფილა ცუდი ფულით კარგი საქმეების კეთება.

ოპოზიციის გულშემატკივართა ის ნაწილი, რომელიც ქუჩის აქციებს მიესალმება ამბობს, რომ პოლიტიკა პარლამენტს გარეთაც გრძელდება, ხოლო ფული პარტიებს კანონიერი ბრძოლის გაგრძელებისთვის სჭირდებათ, რაც ხალხის დაკვეთაა. ეს არგუმენტი არადამაჯერებელია, ოპოზიციის მრავალათასიანი ამომრჩევლიდან, რამდენი იდგა ქუჩის აქციებზე? ალბათ 2-3%. აღნიშნული მოწმობს რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს შორისაც კი, ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც არ დაიღალა მიტინგებით, რომ არ ვახსენოთ ის ხალხი, რომელიც საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში.

სტრატეგია გაზაფხული

”მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რევოლუციური ქმედება, რომლის ჩადენაც შეიძლება, არის ... სიმართლის თქმა.”

ჰოვარდ ზინი

პოლიტიკის მეცნიერება განვლილ გზაზე დამოკიდებულების ცნებას (path dependency) კარგად იცნობს. რიგ შემთხვევებში, პოლიტიკურ პარტიები თავისი გადაწყვეტილებების მონები ხდებიან, ვინაიდან მათ პარტნიორების, თუ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები, მკაფიო საზღვრებს უწესებს. ასევე ზოგჯერ ხდება, რომ პოლიტიკოსებს საკუთარი მცდარი სტრატეგიის აგებისთვის დიდი რესურსი აქვთ დახარჯული და უკან ვეღარ იხევენ.

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა სრულიად ოპოზიცია. პატარა პარტიებს, ვინაიდან სხვადასხვა ფორმატებში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარკვეული შეთანხმებები აკავშირებდათ, არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მოსაზრებების გათვალისწინება მოუწიათ და ეს მალევე ინანეს. აღსანიშნავია, რომ დისტანციური ბელადის სურვილები, ხშირ შემთხვევაში, თავად ნაციონალური მოძრაობის წევრთა უკმაყოფილებასაც იწვევს, თუმცა, ვინაიდან „მიშას ამომრჩეველი“ ამ პარტიის დაახლოებით 20%-ს შეადგენს, კიევიდან წამოსული მესიჯების დაბლოკვის სიმამაცე ამ დრომდე არავის ეყო. უკვე აქციების ფორმატში, ყველაზე ხალხმრავალი „ენმ“ წამყვანი ძალა ბუნებრივად გახდა, ხოლო მისი პარტიულ მოთხოვნათა ქოლგა, მეტნალკები წარმატებით, ყველა წვრილმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეითვისა. ახლა, როცა არის მცდელობები რომ დისკურსის დონეზე მაინც „გაემიჯნონ მიშას,“ ვეღარაფერს უშვებიან ნაადრევად მოთხოვნილ „ბოიკოტს.“ პარტიათა ნაწილი ხვდება, რომ „სტრატეგია გაზაფხული“ დიდი ალბათობით, ახალ არჩევნებს ვერ მოიტანს, პარლამენტში შესვლა კი, როგორც ეშმაკისთვის სულის მიყიდვა თავადვე მონათლეს.

მმართველ პარტიაში კარგად ხვდებიან, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი, მღვრიე პოლიტიკურ წყალში „ქართული ოცნების“ მიერ გადაგდებულ ბადეს სულმოუთქმელად ელოდება. სავარაუდოდ სულ მალე გაჩნდება შეთავაზებები, რომლებიც ოპოზიციურ ერთიანობასთან ერთად, ნაციონალურ მოძრაობასაც დაშლის. მაღალი ალბათობით, ევროპული საქართველოს რიგები მსხვილი პოლიტიკოსებით შეივსება, სააკაშვილის მხარდამჭერთა ნაწილი სარფში დაელოდება ლიდერს, ნაწილი კი გაზაფხულის მერცხლებთან ერთად, რევოლუციის მოსვლის იმედით გადააგორებს ზამთარს.

ლაშა მაჭარაშვილი

27.11.2020
ნახვა 547

კომენტარები