მთავარი უსაფრთხოება ისტორიის პოლიტიკა როგორც ჰიბრიდული ომის ავანგარდი

ისტორიის პოლიტიკა როგორც ჰიბრიდული ომის ავანგარდი

26.11.2020
ნახვა 793

როგორც მარტინ ლუთერ კინგმა თქვა, «ჩვენ არ ვქმნით ისტორიას, ისტორია გვქმნის ჩვენ», თუმცა, ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, ნება მომეცით ამ ფრაზის შემდეგი ფორმულირება შემოგთავაზოთ: «ის ვინც ქმნის ისტორიას, ის გვქმნის ჩვენ».

წარსულით მანიპულირებაში ახალი არაფერია. რაც უფრო ღრმად მივდივართ ისტორიაში, ერთი შეხედვით ობიექტურ მოვლენებთან მიმართებაშიც კი, უფრო და უფრო მეტად აცდენილ ვერსიებს ვაწყდებით. ეს გასაგებიცაა, რადგან ისტორიულ მოვლენათა დოკუმენტირების ხარისხი, ისევე, როგორც მოცულობა უახლოეს წარსულთან ახლოსაც ვერ მოვა. ამის მიუხედავად, სწორედ ამ უკანასკნელთან მიმართებაში შეინიშნება ყველაზე მეტი აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, იქ სადაც ბევრი მხოლოდ პრობლემას ხედავს, ზოგიერთმა შეიძლება შესაძლებლობა დაინახოს.

ისტორია როგორც ახალი ოპიუმი მასებითვის

ისტორიული მაგალითებით გაჯერებული გამოცდილებით უნდა იყოს ნაკარნახევი რუსეთის ხელისუფლების სტრატეგიაც, ვინაიდან კრემლმა დიდი ხანია გაიაზრა ის უპირატესობა, რაც წარსულის ინტეპრეტირებას თან სდევს. ეს მშვენიერი გზაა მასების მობილიზებისთვის, განსაკუთრებით, საერთო ფასეულობების და იდეალების გარშემო.

იმის ფონზე, რომ რუსული ჰიბრიდული ომის პროექცია ძირითადად საგარეო ასპარეზზეა და ყველაზე ხშირად სწორედ ეს აქცევს რუსეთს აქცევს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ რუსული ჰიბრიდული ტაქტიკების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი თავად რუსული საზოგადოებაა. თუ მიზეზების ძიებას დავიწყებთ, შეიძლება არაორთოდოქსულ დასკვნებამდეც მივიდეთ, თუმცა იმის ახსნის მცდელობა, თუ რატომაა შეპყრობილი რუსეთი ისტორიული ნარატივის ასეთი თავგამოდებით დაცვით, ისევ თვითდაცვის მექანიზმამდე მიგვიყვანს. ეს დაშვება გულისხმობს, რომ რეალურად რუსეთს ერთ მთლიანად კრავს, არა იმდენად ხისტი სახელისუფლებო ვერტიკალი, არამედ საერთო ისტორიული ნარატივა იმაზე, თუ ვინ არიან რუსები და რა ფუნქცია აკისრიათ დღევანდელ მსოფლიოში. ეს ნაწილობრივ ყველა სახელმწიფოზე შეიძლება გავრცელდეს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ეს მომენტი გამძაფრებულია.

იდეოლოგიური ხაზის სიმტკიცის და თანმიმდევრულობის დაცვის აუცილებლობა რუსეთის ფედერაციისთვის წარსული გამოცდილებითაც გამყარებულია. ამისთვის საკმარისია, იმის გახსენება, თუ რამდენად მალე გამოეცალა კონტროლი ხელიდან მიხაილ გორბაჩოვს, როცა ფუნდამენტური კომუნისტური იდეოლოგიის ტრანსფორმირება განიზრახა. ამან გახადა შესაძლებელი ინდივიდუალური სოციალისტური სახელმწიფოების სიმართლის საბჭოთა კავშირის სიმართლისგან დისტანცირება და მათ ეროვნული თვითიდენტიფიკაცია მნიშვნელოვანწილად კონტრ-საბჭოური იდეოლოგიის მეშვეობით მოახერხეს. კრემლის წინააღმდეგ გალაშქრება ხომ მასების მობილიზების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა.

თუ დღევანდელ რუსეთს დავაკვირდებით, იგი ცდილობს პანდორას ყუთი დახუროს და მისეული სიმართლე იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რას წარმოვადგენთ ახლა, თავს მოახვიოს, პირველ რიგში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს. განსაკუთრებულად მტკივნეულად რუსეთის სწორედ საბჭოთა ისტორიას განიცდის. ამას ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გააქტიურებამ, რომლებმაც ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თაობაზე ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ამ არაოფიციალური კამპანიის შედეგად რუსეთი ფაქტიურად ნაციზმის მასშტაბის ბოროტებად გამოიყვანეს. შეიძლება მასშტაბი ნაწილობრივ გადაჭარბებულია, თუმცა ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განვითარებულ ტრაგედიებთან ამ პაქტს უშუალო კავშირი ჰქონდა, უდაოა. ეს ფუნდამენტურ პრობლემას ქმნის კრემლისთვის. საამაყო საბჭოთა ისტორიას, რომლის დაკაგვასაც პუტინი უდიდეს «გეოპოლიტიკურ ტრაგედიას» უწოდებს, მნიშვნელოვნადაა შებღალული. ამასთან, საბჭოთა კავშირის პერიოდი რჩება რუსეთისთვის ძლიერების ზენიტად და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობაში მხოლოდ მისი აჩრდილიღა დარჩა, შიდა, ისევე როგორც საგარეო ასპარეზზე ისევე პოზიციონირებს, თითქოს არაფერი არ შეცვლილა.

იმისათვის რომ საკუთარი ნარატივის სიმტკიცე შეინარჩუნოს, რუსეთის ფედერაცია აქტიურად ეყრდნობა ერთი მხრივ მედია პროპაგანდას და მეორე მხრივ ე.წ. სახელმძღვანელოების პოლიტიკას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისტორიის სწავლების ფორმას. რეალობაში ეს გამოიხატება საბჭოთა მემკვიდრეობის ცალმხრივად, წარმატების ისტორიად წარმოჩენაზე. აქცენტი კეთდება მდგომარეობაზე და არა იმ ფასზე, რაც მილიონობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის ან უფლებების შეწირვით გადაიხადა. წინა პლანზე ასევე გადმოდის ლიდერების, განსაკუთრებით სტალინის, კულტი და ხდება მათი სხვადასხვა მეთოდით გაპატიოსნება. სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ საუბარი კი, ფაქტიურად, საერთოდ აღარ ხდება. ამის მიუხედავად, რთულია აშკარად უარყოფითი მომენტების იგნორირებაც, ამიტომაც ამ პერიოდების ახსნა დასავლეთის აგრესიული პოლიტიკით და რუსეთი თავდაცვითი მდგომარეობით აიხსნება, როცა «ერის ბედი წყდება, ინდივიდების ბედ-იღბალი უკანა პლანზე გადადის». მსგავსი წარმატებით ხდება აღნიშნული დოგმების მისადაგება თანამედროვე კრემლთანაც. სულ უფრო მეტი პარალელი ჩანს ვლადიმერ პუტინის და საბჭოთა ლიდერების მართვის და პოლიტიკის წარმოების ფორმებთან.

ნარატივის შეცვლა პირველ რიგში გარკვეულ რეაქციაზეა გათვლილი. ეს შეიძლება სხვა მიზნებს შორის, იყოს გარკვეული პოლიტიკის, მართვის ფორმის ან სტრატეგიის მიზანშეწონილობის იდეის ჩანერგვა, გარე ძალებისადმი ნდობის შესუსტება, კეთილსინდისიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ან მკვეთრი ანტაგონიზმის გამოწვევა. ტრადიციული პროპაგანდისგან განსხვავებით, ისტორიით მანიპულირების მცდელობებს ხშირად არ ჰყავს ზუსტი სამიზნე, სამაგიეროდ ჰყავს კონკრეტული მსხვერპლი. ეს რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში რუსული საზოგადოება იქნება. ზემოთ აღნიშნული მაგალითი საბჭოურ-ნაცისტურ ფაქტზე კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხარს. ჩვენ დიდწილად სელექციურ დამოკიდებულებას ვამჟღავნებთ ისტორიის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოლექტიური ისტორიის ყველა ნაწილი ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი არაა. სწორედ ამიტომაა, რომ ზემოხსენებული პაქტის მიმართ ძირითადი ბრძოლა მთავარ აგრესორთან შეთქმულ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრესთან და მთავარ მსხვერპლს, პოლონეთს შორისაა. ამ უკანასკნელში, ასეთივე მნიშვნელობით ეკიდებიან ჰოლოკოსტის ისტორიის დოკუმენტირებას და მეხსიერების პოლიტიკის განმტკიცებას. ამ მიზანს ემსახურება უამრავი მუზეუმი პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში, რომელიც ამ ტრაგიკულ მოვლენას ეძღვნება. ამის საპირწონედ რუსეთში პომპეზურად აღნიშნავენ ე.წ. სამამულო ომში გამარჯვების წლისთავებს და ცდილობენ გაიზიარონ მათში მონაწილე ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან, თუმცა კრემლის მეგობარი ავტორიტარები თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. ამის მიუხედავად, საერთო ისტორიაზე აპელირებით, კრემლი ბერკეტს ინარჩუნებს და პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად იყენებს.

როგორ ვებრძოლოთ ისტორიით მანიპულირებას?

თითქოს აშკარაა, რომ ისტორიის ცალმხრივად წარმოჩენის ან მისი უხეშად გაყალბების მცდელობას სიმართლე და ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა, სხვა შემთხვევაში კონტპროპაგანდისტული კამპანიაც უფრო წარმატებული იქნებოდა. ზომიერ შედეგს ეს სტრატეგია ბუნებრივია მოიტანს, თუმცა უფრო მეტზე ამ ეტაპზე ამბიცია ვერ გვექნება. საქმე იმაში არაა, რომ ფაქტები არ არსებობს, რომელთა მეშვეობითაც ისტორიის ფურცლებს შებღალვისგან დაიცავს, არამედ პრობლემა თავად თანამედროვე ინფორმაციულ ერაშია. საკუთრივ ინფორმაციის რაოდენობა, რაც ყოველწამიერად ვრცელდება ავსებს ადამიანების გონებას იმ დონეზე, რომ აქვეითებს მის უნარს ან საერთოდ უკარგავს სურვილს იკვლიოს და გაიგოს რა არის სიმართლე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი. ყალბი ინფორმაციის გავლენის ქვეშ მოქცეული მასები მხოლოდ ნაწილი შეიცვლის შეხედულებას მისი გაბათილების შემდეგ. გამოდის რომ გამყალბებელი მიზანს ნაწილობრივ ყოველთვის აღწევს, პირველი დარტყმის მოგერიება ამ პირობებში შეუძლებელია.

ზემოხსენებულმა შეიძლება ნაწილობრივ გამოააშკარაოს, თუ რატომ ახასიათებს ისტორიით მანიპულირებას წარმატების ასეთი მაღალი ხარისხი. თუმცა მიზეზი შესაძლოა საკუთრივ ადამიანის ბუნებაშიც ვეძიოთ. ჩვენ თითქოს ევოლუციურად მომართულები ვართ, რომ ცნობიერად დავიცვათ ფიზიკური სამყაროს ის ნაწილი, რაც ჩვენ გვეკუთვნის, მათ შორის ჩვენი ოჯახი. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ თავდაცვას, ეს ქვეცნობიერზეა მინდობილი, თითქოს, თვითდაცვის მექანიზმები თავისით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. თითქოს, ეს უკანასკნელი არეალი გადარჩენა-არგადარჩენის საკითხიდან ჩამოშორებულია, ამიტომ ინდივიდების მხრიდან დიდწილად იგნორირებულია. ამასთან, გაცილებით უფრო წარმატებით მუშაობს ლოგიკაზე დაფუძნებული სისტემები, ხოლო, როდესაც საქმე ისტორიას და მეხსიერებას შეეხება, ეს უფრო რთულდება. აქ ლოგიკაზე მეტად, წინა პლანზე ტრადიციები და იდენტობის საკითხები გადმოდის და პირდაპირ უკავშირდება ისეთ გრძნობებს როგორიცაა სიყვარული, სიძულვილი და სხვა. განწყობები კი რთული საკონტროლებელია მათთვის ვისაც ეს განწყობა უყალიბდება, თუმცა არც ისე რთულია სხვის განწყობაზე ზემოქმედება.

სანამ იარსებებენ გარე თუ შიდა აქტორები, რომლებიც ამ სისუსტეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ, მოწყვლადი მდგომარეობა შენარჩუნდება, თუმცა, როგორც ბევრ სხვა საფრთხესთან მიმართებაში, პრობლემის იდენტიფიცირებაც კი, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია პოტენციური ზიანის შემცირებისთვის.

გ. ა.

26.11.2020
ნახვა 793

კომენტარები