მთავარი პოლიტიკა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური - მრავალჯერ ნანახი „სცენარი“

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური - მრავალჯერ ნანახი „სცენარი“

ამომრჩეველთა აპათიამ და ქართული ოცნების „დამაჯერებელმა“ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი შორსაა რეალობისგან.
23.11.2020
ნახვა 406

21 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ამომრჩეველთა აპათიამ და ქართული ოცნების „დამაჯერებელმა“ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი შორსაა რეალობისგან.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მას შემდეგ რაც 1 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა მიუთითეს არჩევნების არალეგიტიმურობაზე.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა პრობლემური შემაჯამებელი ოქმების სურათები, ისევე როგორც საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევების ვიდეოკადრები. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინ დარღვევების მტკიცებულებების მასშტაბურობიდან გამომდინარე ოპოზიციამ ერთობლივად გადაწყვიტა პარლამენტში არ შესულიყო.

საუბნო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და შედეგად, ოპოზიცია და ასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა. 8 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერები და მომიტინგეები შეიკრიბნენ პარლამენტის წინ და წააყენეს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის ვადამდელი არჩევნები. იმავე ღამეს, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა და მომიტინგეებმა გადაინაცვლეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) და მოითხოვეს თამარ ჟვანიას, ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომა.

რადგან ნოემბრის ცივი ღამე და COVID-19-ის რისკები არ იყო საკმარისი საპროტესტო მუხტის დასაგდებად, პოლიციამ მიმართა ცნობილ მეთოდს, წყლის ჭავლს. ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტებზე, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა საპროტესტო მუხტი და დააკნინა არჩევნების ლეგიტიმურობა საზოგადოების თვალში. ჭავლის გამოყენების შედეგად, რამდენიმე ჟურნალისტი და დემონსტრანტი დაშავდა.

ქართული ოცნება უკმაყოფილო იყო იმით, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდოდა პარლამენტში. იმის მიუხედავად, რომ ქართულ ოცნებას ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდა უმრავლესობა, ერთპარტიული პარლამენტი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო იქნებოდა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაიმართა. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები იყო განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ცესკოს თავმჯდომარეს თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ დიალოგს არც ერთი მხრიდან არ მოჰყოლია კომპრომისი, შესაბამისად მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური პასიური და არასანახაობრივი უნდა ყოფილიყო.

საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ზოგადი მიდგომა საპარლამენტო არჩევნების მიმართ საკმაოდ დიპლომატიური იყო, როგორც მოსალოდნელი იყო. ეუთო/ODIHR–ის თავდაპირველი შეფასება იყო ის, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამასთან, ეუთოს/ODIHR–ის განცხადებაში ასევე აღინიშნა ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში დიდია უნდობლობა არჩევნების შედეგების მიმართ და ეჭვქვეშაა არჩევნების ლეგიტიმურობა.

18 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ არ შეხვედრია ოპოზიციის ლიდერებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა პრესასთან ბრიფინგის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრება ემთხვევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციებს: ყველა დავა უნდა გადაწყდეს სამართლებრივი და ინსტიტუციური საშუალებებით.

ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ თავიანთი ტაქტიკის (ბოიკოტირების) დათმობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების მიუხედავად. მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ასობით საჩივარი შეიტანეს საუბნო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების გაუქმების/გადახედვის მოთხოვნით და უმეტესობა უარყოფილი იქნა ყოველგვარი განხილვის გარეშე. ოპოზიციას ასევე არ აქვს ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მისაღებია მათთვის, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით არჩევნების დელეგიტიმიზაციის სტრატეგიის გაგრძელებაა.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური

21 ნოემბერს გაიმართა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებს უნდა აერჩიათ 17 მაჟორიტარული დეპუტატი. საარჩევნო პროცესი და მისი შედეგები გასაკვირი არ ყოფილა, თუმცა არჩევნების დღეს ატმოსფერო იყო აპათიური და მმართველი პარტიისთვის შედეგები არასახარბიელო.

ცესკოს ვებ-გვერდის თანახმად, ქართულმა ოცნებამ მოიგო 17 მაჟორიტარულ ოლქში, ხმების 90%-ზე მეტით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ვერ შეძლო ამ ოლქების მოგება პირველი ტურში. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. შედეგები ნამდვილად მოგვაგონებს საბჭოთა არჩევნებს, სადაც ერთი კანდიდატი იმარჯვებდა აბსოლუტური უმრავლესობით. ზოგადი აპათია კარგად გამოჩნდა ამომრჩეველთა აქტივობით, რომელიც არჩევნების დღის ბოლოს 26% იყო. გასაკვირი იყო, რომ ოპოზიციის ბოიკოტის და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც დააფიქსირეს დარღვევები უბნებზე, მათ შორის - საიდუმლოების პრინციპის დარღვევა, ამომრჩეველზე ზეწოლა და დამკვირვებლების საქმიანობის შეფერხება.

ეს შედეგები საბოლოოა და, სავარაუდოდ, ასე დარჩება ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად. ამასთანავე, ოპოზიციის ბოიკოტი კვლავ ლეგიტიმური იარაღია, სამომავლოდ ხელშესახები შედეგის მომტანიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართული ოცნება ერთპარტიულ მმართველობას შეეგუება, ვინაიდან ეს ძალიან ცუდი განაცხადია იმ ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის იყოს დემოკრატიის შუქურა კავკასიის რეგიონში. 2020 წლის არჩევნებმა აშკარად აჩვენა, რომ საქართველო წინ არ წასულა - ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, საარჩევნო სისტემის ინსტიტუციური ხარვეზები და არჩევნების გაყალბების ტექნიკური გზები კვლავ ფართოდ გამოიყენება ქვეყანაში. ეკონომიკური რეცესიისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან რთული ზამთარი გველის წინ.

გიორგი ლომთაძე

23.11.2020
ნახვა 406

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ