მთავარი უსაფრთხოება დისკუსია საქართველოში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ახალი ველოსიპედი თუ სხვათა გამოცდილების გაზიარება?

დისკუსია საქართველოში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ახალი ველოსიპედი თუ სხვათა გამოცდილების გაზიარება?

20.11.2020
ნახვა 1164

კავკასიაში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შემდგომ, ქართულ საექსპერტო საზოგადოებაში წამოიწია დისკუსიამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ. ერთი წლის წინ ცოტა ადამიანი თუ წარმოიდგენდა რომ ყარაბაღის დიდ ნაწილში აზერბაიჯანი საკუთარ იურისდიქციას ასე წარმატებულად აღადგენდა სამხედრო გზით, ასვეე რთული საპროგნოზებელი იყო რუსული სამშვიდობოების იქ განლაგება. ფაქტია, კავკასიაში ძალის პრიმატი ჯერ კიდევ დომინანტია, ბოლო 30 წლის მანძილზე სამხედრო გზებით იცვლებოდა სახელმწიფოთა საზღვრები ან ქვეყნის შიგნით ხელისუფლებებიც კი.

ყარაბაღის კონფლიქტმა აჩვენა ანკარასა და ბაქოს შორის უპრეცენდენტო სამხედრო თანამშრომლობა, ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ ქალაქ შუშაში აზერბაიჯანული დროშის ფრიალია თურქული უპილოტო საფრენი აპარატ „ბაირახტარის“ დამსახურებაა. ანკარასა და ბაქოს შორის მჭიდრო პარტნიორობა სიახლე არავისთვის იყო, თუმცა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს ერევანი ღიად ადანაშაულებდა თურქებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისდა გამო. არსებობს დაუდასტურებული ინფორმაციაც რომ თურქული გენშტაბის წარმომადგენლები უშუალოდ ჩართული იყვნენ ოპერაციების დაგემვაშიც. ამ ყველაფრის ფონზე, რუსული მხარის ჩართულობა სომხების მხარეს ლოგიკურ თუმცა მაინც მოულოდნელ ფაქტორად გამოჩნდა. ის რომ რუსეთი კონვენციურ ომში აზერბაიჯანთან არ ჩაებმბებოდა ეს ნათელი იყო, თუმცა მოსკოვს ნამდვილად არ უჭირს მისთვის სასურველ ოპერაციებში არაპირდაპირ ჩართვა, როგორც მის საზღვრებს გარეთ ასევე მოშორებით. 2020 წელს რუსული დროშა სტეფანაკერტშიც ღიად გამოჩნდა, რთული სათქმელია რამდენ ხანს დარჩებიან იქ რუსი ჯარისკაცები მაგრამ რუსი სამხედროების უსწრაფესი მობილიზაცია და ყარაბაღში შესვლა რომ მოულოდნელი არ ყოფილა კრემლისთვის, ეს ფაქტია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების ნაწილი ბუნებრივმა ნიჰილიზმმა მოიცვა. ძალის ფაქტორიდან გამომდინარე, რეგიონში ისტორიულ აუცილებლობად ჩამოყალიბდა ძლიერი მოკავშირის ყოლა. მიუხედავად ჩვენი სწრაფვისა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ფაქტია რომ საქართველოს ამ ეტაპზე მაპიც კი არ აქვს. „ნატო“ მულტიპოლარული სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, სადაც გავლენის რამდენიმე ცენტრი არსებობს, ისიც ცხადია რომ ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე ორგანიზაციის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო პირდაპირ შეეწინაღმდეგა მაპის მოცემას, რამაც ერთგვარად მწვანე შუქიც აუნთო რუსეთის სამხედრო აგრესიას რამდენიმე თვის შემდგომ. 2020 წელს ჩვენი ამერიკელი პარტნიორები კვლავაც მხარს უჭერენ საქართველოს „ნატოში“ ინტეგრაცია, თუმცა ფაქტია რომ რაიმე ტიპის სერიოზული წინსვლა რომელიც სტატუს-კვოს შეცვლიდა ამჟამად არ არის სახეზე.

ნატო სამხედროსთან ერთად პოლიტიკური ალიანსიცაა, რომელიც თურქეთის სახით საქართველოს უშუალოდ უმეზობლდება, შესაბამისად ქართული პოლიტიკური ელიტის ეს არჩევანი სავსებით ლოგიკურია, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, უცნაურიცაა ქართული აკადემიური სპექტრის ეს განცხადება 2020 წელს. სახელდობრ, ცოტა ბუნდოვანი ელფერიც აქვს იმას რომ ამდენ ხანს არც ამჟამინდელ და არც წინა ხელისუფლებას ღიად/აქტიურად არ დაუწყია ამ იდეაზე მუშაობა, თუნდაც თეორიულ დონეზე მაინც.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივ ომს რამდენიმე მიზიდულობის წერტილი ჰქონდა. ერთი ევროპაში, ერთიც კიდევ აღმოსავლეთ აზიაში. ევროპისა და დასავლეთის სამომავლო პოლიტიკური უსაფრთხოებისათვის თორმეტმა სახელმწიფომ ნატო ჩამოაყალიბა, რომელიც შექმნის დღიდან ფართოვდება. ნატოს ჩამოყალიბების პროცესში მთავარი საფრთხე მოსკოვიდან მოდიოდა, ამავდროულად მრავალმხრივი ალიანსის ჩამოყალიბება 12-ივე სახელმწიფოს ინტერესში იყო, ამასთან ერთად ნაკლებად არსებობდა ანტაგონიზმი დამფუძნებელ წევრებს შორის.

რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იყო აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ევროპული მოდელის შექმნა იმთავითვე გამოირიცხა. ომის შემდგომ წესრიგში ამერიკის მთავარი მოკავშირე რეგიონში, ჩინეთის ნაციონალისტური პარტია პატარა კუნძულ თაივანზე დევნილად იქცა. შუაზე გაყოფილი კორეა კი კომუნისტური ჩინეთის, საბჭოთა კავშირისა და შტატების გავლენის ქვეშ იყო. კაპიტულაცია გამოცხადებული იაპონია კი მისი ყოფილი მტრის მოკავშირე ხდებოდა. შესაბამისად, საერთო საფრთხე აღმოსავლეთ აზიაში არაერთგვაროვანი იყო განსხვავებით ევროპისგან და უსაფრთხოების ევროპული მოდელი იქ ვერ დაინერგებოდა.

წყარო:News.com

აზია-წყნარი ოკეანის ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულებები მთავარი დასაყრდენი გახდა თაივანის, კორეისა და იაპონიის შემთხვევაში, რადგან თანამშრომლობა არ მოიცავდა მხოლოდ თავდაცვით ხაზს, ის მიმართული იყო ეკონომიკური და სოციალური სტაბილიზაციისკენაც. დღესდღეობით ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოებები განვითარების მაღალი დონით და სტაბილური უსაფრთხოების გარემოთი ხასიათდებიან. უდაოა რომ ამ ყველაფერში ამერიკულ დახმარებებს თავისი წვლილი აქვთ შეტანილი.

საქართველოსთან მიმართებით ამ გამოცდილებაზე პირველ რიგში აკადემიური დისკუსია ნამდვილად ღირს. ყარაბაღის ომმა აჩვენა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და ახლო მოკავშირის მყოლე აზერბაიჯანის საგრძნობი უპირატესობა. ამასთან ერთად რუსული საცეცები სტეფანაკერტსაც შეეხო და მათი ჩართულობა კავკასიაში კიდევ უფრო გაიზარდა. 2008 წელს საქართველოს აქტიური ინტეგრაცია ნატოში აგვისტომს ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა, პირველ რიგში გასაანალიზებელია ის საფრთხეები რაც კრემლიდან ამერიკულ-ქართული ორმხრივი თავდაცვითი ალიანსის გაჟღერებას შეიძლება მოჰყვეს. ამასთან ერთად აუცილებელია მოისინჯოს ფონი უშუალოდ ამეირიკულ პარტნიორებთან რამდენად უშვებენ ისინი მსგავსი მოდელის შექმნას.

შალვა ჩიხლაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს.

20.11.2020
ნახვა 1164

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

17-18 ნოემბერს საქართვეულოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო...
9 დღე