მთავარი საგარეო პოლიტიკა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

17-18 ნოემბერს საქართვეულოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია.
18.11.2020
ნახვა 333

ფოტო: 1tv.ge

17-18 ნოემბერს საქართვეულოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია. ინფორმაცია მისი ვიზიტის შესახებ, ერთი კვირით ადრე, 10 ნოემბერს გახდა ცნობილი. საყურადღებოა, რომ აღნიშნული თარიღი ფაქტობრივად დაემთხვა 9 ნოემბერს, დღეს, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

ხელშეკრულების შედეგები

9 ნოემბერს ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, იგივე სამმხრივ საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომი.

შეთანხმება რამდენიმე პუნქტს მოიცავდა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კავკასიის რეგიონში ძალთა ახალი ბალანსის განმაპირობებელი პუნქტებია.

ერთ-ერთი ასეთი პუნქტი მოიაზრებდა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტიგენტის სულ მცირე 5 წლის ვადით ისეთ ტერიტორიებზე განთავსებას, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზი და ლაჩინის დერეფანი.

ამავდროულად, რუსეთთან ერთად თურქული მხარეც ჩაერთვება მშვიდობის შენარჩუნების პროცესში: შეიქმნება სამშვიდობო ცენტრი, რომელშიც რუსი და თურქი სამშვიდობო და სამოქალაქო პირები გაერთიანდებიან. იმავე შეთანხმების მე-9 პუნქტი კი ითვალისწინებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო დერეფნით დანარჩენ აზერბაიჯანთან დაკავშირებას, რასაც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალები გააკონტროლებენ. ამავდროულად, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა დაუკავშირდება თურქეთს და უწყვეტი სატრანსპორტო კავშირი დამყარდება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის, თუნდაც სამშვიდობო, სამხედროების დამატებით განთავსება და თურქეთის პოზიციების გაძლიერება, რეგიონში ძალთა ბალანსს ცვლის. „პარტნიორული ვაკუუმი“ მხოლოდ საქართველოში რჩება და სავარაუდოა, რომ მაიკ პომპეის ვიზიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ემსახურება.

პომპეოს ვიზიტის მოლოდინები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგებზე გარკვეული იმედები მყარდებოდა. საქართველოში ვიზიტის დროს ის სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკანიანს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა იმისა, რომ პომპეომ ყურადღებას საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხებზე გაამახვილა და საპარლამენტო არჩევნებს შეეხო, მთავარ საკითხად პარტნიოტობის გაძლიერება დარჩა. ეს უკანასკნელი იმ „პარტნიორული ვაკუუმის“ შევსებას, გულისხმობს, რომელიც ბოლო დღეებში კავკასიის რეგიონში დამყარდა.

პარტნიორული ვაკუუმის“ შევსება მრავალი გზით არის შესაძლებელი, მაგალითად დახმარების გაზრდით. თუმცა, ბოლო პერიოდში ექსპერტები აქტიურად განიხილავდნენ საქართველოში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის განთავსების საჭიროებასა და მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ, რეგიონში სწორედ იმ ძალთა ბალანსს აღადგენდა, რომლის დარღვევაც დასავლეთს მეტნაკლებად აშინებს. აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი ამავდროულად საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მყიფე რეგიონულ მშვიდობაში. მაიკ პომპეოსთან შეხვედრების დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული მხარის მიერ იმ პოზიციის ჩვენება, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა როგორც რეგიონში ერთ-ერთი სანდო მოკავშირე აშშ-ისთვის. აღნიშნულით კი შესაძლებელი იქნებოდა მეტი მხარდაჭერის მიღება.

მაიკ პომპეო თავისი ვიზიტისას უმეტესად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის უფრო მეტ მხარდაჭერას უსვამდა ხაზს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის სტაბილურ პოლიტიკურ პროცესს ახსენებდა. პომპეომ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, ზოგადად ისაუბრა ჩატარებული არჩევნების შესახებ და კვლავ მეტ დემოკრატიულ რეფორმას დაუჭირა მხარი. ზემოთ ხსენებული კომენტარები გულისხმობდა ერთს - პოლიტიკურ მხარეებს შორის საპარლამენტო დონეზე დისკუსიები მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური სტაბილურობა. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია ინსტიტუციურ დონეზე აგრძელებდეს მოლაპარაკებებს და არა იმ ფორმატით რა ფორმატითაც ახლა გრძელდება. აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა კვლავაც ძლიერი და საფუძვლიანია, თუმცა, მსჯელობა იმაზე, რომ აშშ თუნდაც მცირე სამხედრო სახით წარმოდგენილ იქნას საქართველოში არც მსჯელობის საგანი იყო და არც პერსპექტივის, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება სწორედ სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. ყველაზე მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა და ამ პროცესში აშშ-ის განუხრელი მხარდაჭერა.

ზურა გამთენაძე

18.11.2020
ნახვა 333

კომენტარები