მთავარი უსაფრთხოება რუსული “ბასრი ძალა” საქართველოში

რუსული “ბასრი ძალა” საქართველოში

15.11.2020
ნახვა 285

ინტრუმენტალური ევოლუცია თუ რევოლუცია?

სახელმწიფოსთვის საგარეო ასპარეზზე საკუთარი მიზნები მიღწევის ფორმებს შორს ჯოზეფ ნაისეური დიქოტომია რბილ და ხისტ ძალა შორის უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. როგორც თავად ნაი განმარტავს, სამხედრო, უხეში ძალისგან განსხვავებით, რბილი ძალა ხშირად უფრო ეფექტურია, გამომდინარე იქიდან რომ საშუალებას იძლევა ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის, ღირებულებების და ცხოვრების სტილის ექსპორტით, მიმზიდველი იმიჯის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. დღესდღეობით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დისკურსში ხშირად გვესმის ფრაზა «რუსული რბილი ძალა». ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ, განსხვავებით «რუსული ხისტი ძალისგან», რომელსაც საქართველო, სამწუხაროდ, კარგად იცნობს, საზოგადოებაში არაა ჩამოყალიბებული აზრი, თუ ზუსტად რას გულისხმობს «რბილი ძალა». ამასობაში, ეს ფორმებიც უკვე ევოლუციას განიცდის და აღარაა რელევანტური თანამედროვე სიტუაციაში გასარკვევად. დღესდღეობით, ტაქტიკები, რომელსაც იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და სხვები, სცდება რბილ და ხისტ ძალას შორის ცივი ომის დროინდელ დაყოფას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველ პლანზე გადმოდის რუსული «ბასრი ძალა».

რუსეთის ფედერაციამ, თითქოს წლების წინ გადაწყვიტა, რომ აღარ ეცდება, საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის ფორმის მიმზიდველობის ზრდაზე მუშაობას და ნაცვლად ამისა, მთელი ძალისხმევა მიმართა, დემოკრატიების ნაკლებად მიმზიდველად წარმოჩენაზე. რბილი ძალისგან განსხვავებით, რომელიც პირველ რიგში, სამიზნე საზოგადოებაში, კონკრეტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციას, ამ უკანასკნელის ღირსებებზე ხაზგასმით ცდილობს, «ბასრი ძალა» უფრო მეტად აქცენტს აკეთებს სხვა დომინანტი ძალების იმიჯისთვის და პოზიციისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. ასე, მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ იმაზე, რამდენად კარგი, თეთრი და უცოდველია რუსეთი, დისკურში აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად ცუდია აშშ და ზოგადად დასავლეთი, შედეგად კი, რუსეთი ავტომატურად ნაკლებ ან საერთოდაც აუცილებელ ბოროტებად წარმოჩინდება. ხომ ამბობენ, ზოგჯერ, რათა მონსტრებს შეებრძოლო, თავად უნდა გახდე ერთ-ერთი მათგანი.

აქ უკვე კარგად ჩანს რამდენად ღრმა, ფსიქოლოგიურ გავლენასთან გვაქვს საქმე საქართველოში. ეს მოიცავს მანიპულაციებს საზოგადოების ცნობიერებით, ურთიერთსაპირისპირო ნარატივების კასკადის შექმნით, რაც სიმართლის ძიებას ართულებს ან სრულად შეუძლებელს ხსნის. რუსეთი სარგებლობს სტრატეგიით «თუ არ შეგიძლია მათი დარწმუნება, დააბნიე ისინი». დაე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი ღირებულებები და როცა იგი აღარაფერშია დარწმუნებული, უსაფრთხოების დონეც უკიდურეს ნიშნულზე - თვითგადარჩენაზე გადადის, სადაც აზროვნებაზე მეტად, უკვე ინსტინქტი გადმოდის წინა პლანზე.

ასევე, აქცენტირება ხდება პოლიტიკური პირობითობის ელემენტი. ევროპასთან დაახლოების კვალდაკვალ, საქართველოსთვის მკაცრდება პირობები, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, არჩევნების უფრო მაღალი სტანდარტები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი, ბიუჯეტის მეტი გამჭვირვალობა და ა.შ. ეკონომიკის მხრივ, საექსპორტო პროდუქციის უფრო მაღალი სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილებაც, წარმოების დანახარჯებს ცალსახად ზრდის, სხვადასხვა ფიტო-სანიტარული ნორმები, რომლებსაც ქართული მწარმოებელი მიუჩვეველია. ამ დროს, რუსეთი პოზიციონირებს, როგორც პირობებისგან დაცლილი სახელმწიფო, ის იღებს საქართველოს ისეთი, როგორიც არის, თუ ეს უკანასკნელი ღიად არ უჭერს მხარს «რადიკალური ჯგუფების, მკვეთრად რუსოფობიულ სენტიმენტებს».

აღნიშნული ტაქტიკა, უფრო დახვეწილია და შესაბამისად მისი მიკვლევისთვის მეტი დაკვირვებაა საჭირო. მართლაც, რთულია მოახდინო ისეთი აქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც ღიად არ აკრიტიკებენ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნების პოზიციებს ასუსტებენ. ხშირად, ისინი შეიძლება პოზიციონირებენ, როგორც ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც სხვა გარე აქტორის წინააღმდეგ სამიზნე ქვეყნის ინტერესებს იცავენ. აქედან გამომდინარე, რუსული «ბასრი ძალის» აგენტებად შეიძლება ისეთი ჯგუფებიც იქცნენ, რომლებიც ღიად პრორუსული პოზიციის არ ხასიათდებიან, უფრო მეტიც, მათი კრიტიკის ნაწილი, სიმბოლურად, შესაძლოა თავად კრემლის მიმართაც გაჟღერდეს, თუმცა კონტექსტი, ისევ ნაკლები ბოროტება იქნება.

თუ, ამ კუთხით გავაანალიზებთ, თითქოს მარტივი ხდება იმის ახსნა, თუ ვინ შეიძლება იყოს საქართველოში იგივე ანტი-თურქული განწყობების გაღვივების უკან. ისმის გაფრთხილებები, რომ «თურქეთი აჭარას გვართმევს», ხოლო აზერბაიჯანი «დავით-გარეჯს», ევროპა საერთოდ «ქართველობას გვართმევს». მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი ამ სლოგანებზე არ იმოქმედებს, სამწუხაროდ რჩება ნაწილიც, რომელთათვისაც თავად ეს მოწოდება უკვე საკმარისია, რომ შეხედულება ჩამოუყალიბდეს.

თუ ვინმე პირდაპირ თითს გაიშვერს, ასეთ ჯგუფებს ყოველთვის აქვთ შესაფერისი ალიბი. ისინი ან სამიზნე ქვეყნის პატრიოტები არიან, ან, თუ ღიად რუსული გავლენის აგენტები არიან და წარმოადგენენ ოფიციალურ ორგანოს, იტყვიან რომ რუსეთის ლობირებაში ცუდი არაფერი და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რასაც დასავლეთი ასევე აქტიურად იყენებს. მაგალითად მოიშველიებენ, ცივი ომის პერიოდში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ Voice of America-ს ან რადიო Free Europe-ს და სხვებს.

თავდასხმა როგორც საუკეთესო თავდაცვა?

მაშინ, როდესაც ოპონენტი ბრძოლას ასეთ პირობებში აგრძელებს მისი წარმატების მიზეზი დიდწილად ისიცაა, რომ სამიზნე სახელმწიფო ხშირად სისტემურადაა შეზღუდული, რომ იგივე თამაშის წესებით ითამაშოს და ეფექტურად უპასუხოს შეფარულ თავდასხმას.

ამიტომაცაა მიზანშეწონილი უფრო მეტად აგრესიული კონტ-კამპანიის წარმოება, რათა ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ. ამ მხრივ, ყველაზე ეფექტური შესაძლოა სტრატეგიული კომუნიკაცია აღმოჩნდეს. იმ პირობებში როდესაც არ არსებობს ფართო კონსენსუსი იმაზე, თუ ვინ ვართ და ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები, რას ეფუძნება მათი ღირებულებითი სისტემა, თუ ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას განმარტავს, მაშინ სხვები ამას ჩვენს ნაცვლად გააკეთებენ. ასევე, ჩვენ უნდა ვიყოთ პირველი ვინც სხვაზე ხმამაღლა ისაუბრებს რუსულ, თუ რომელიმე სხვა აქტორის ჰიბრიდულ კვალზე, რომლის აღმოჩენა ხშირად რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა.

რესურსების ამ მიმართულებით წარმართვა, მოხდება მაშინ, როდესაც ჩამოყალიბდება უფრო ფართო კონსენსუსი ამ გამოწვევიდან მომდინარე საფრთხეზე. რუსული «ბასრი» ძალა სამიზნედ ისახავს საზოგადოების უფრო მეტად პოლარიზებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა აზრთა თანხვედრა სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებებზეც კი არ არსებობს. თუმცა სახელმწიფო დონეზე ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ შეზღუდულ შედეგს გამოიღებს, თუ თითოეულმა მოქალაქემ არ აიღო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ კრიტიკულად გააანალიზოს გარემოს მის ირგვლივ. ამან შეიძლება ბრძოლაში გამარჯვებისთვის საკმარისი საფუძველი არ შექმნას, თუმცა შანსების გაზრდის წინაპირობა უდაოდ გახდება.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

15.11.2020
ნახვა 285

კომენტარები