მთავარი საგარეო პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია და კავკასია

ტრამპის ადმინისტრაცია და კავკასია

11.11.2020
ნახვა 345

ფოტო: Jon Anders Wiken

2021 წლის 20 იანვრიდან დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი აღარ იქნება. მას ჯოზეფ ბაიდენი ჩაანაცვლებს. საგარეო პოლიტიკაშიც ახალი პრიორიტეტებისა და ქმედებების ხანა დადგება. თუმცა მანამდე საინტერესოა მიმოვიხილოთ, დონალდ ტრამპის განვლილი 4 წლიანი სამხრეთ კავკასიური პოლიტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მცირედი სახეცვლილებებით ძირითადში მიყვებოდა წინა ადმინისტრაციების ხაზს, იქნება ეს საგარეო დახმარება თუ დემოკრატიის მხარდაჭერა.

ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა

ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერი ამერიკული ადმინისტრაციის საგრეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, არის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. 2017 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში სომხეთი და ზერბაიჯანი არც ერთხელ არაა ნახსენები, ხოლო საქართველო ერთხელ - უკრაინასთან ერთად რუსული აგრესიის კონტექსტში. სწორედ რუსული საფრთხის შეჩერებას ისახავდა ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგია, ერთერთ მთავარ მიზნად ევროპაში. ამას გარდა კონკრეტულად სამხრეთ კავსასიასთან დაკავშირებით აღინიშინებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანზე ირანის გავლენის შემცირების სურვილი.

სამი რესპუბლიკა

ტრამპის პერიოდში გაგრძელდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, როგორც რიტორიკულ - სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები - ასევე პრაქტიკულ დონეზე. საქართველოსთან მიმართებაში ორ მნიშვნელოვან ნაბიჯს გამოვყოფ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეხებოდა. 2017 წლიდან ამერიკის კონგრესი უკრძალავს აშშ-ს დახმარების მიღებას იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - დამოუკიდებლობას აღიარებენ. ეს შესწორება ყოველწლიურად ახლდება. ასევე 2017 წლის ნოემბერში პენტაგონმა თანხმობა განაცხადა საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვაზე. 2019 წლის მდგომარეობით საქართველომ 410 ჯაველინი და 72 რაკეტის გამშვები სისტემა შეიძინა.

თუ საქართველოსთან მიმართებაში გარდა სამხედრო-მატერიალური დახმარებისა, ასევე მიმდინარეობდა დემოკრატიული მმართველობისა და რეფორმების აუცილებლობის ხაზგასმა, ამ დისკურსმა ცვლილება განიცადა მეზობელ რესპუბლიკაში. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე ყურადღების ნაკლები გამახვილება დადებითად აისახა ამერიკულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში, პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს რომ აშშ-აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორობა ემყარება საერთო ინტერესებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების და ენერგეტიკულ საკითხებზე. ნიშანდობლივია რომ 2019 წელს, მიუხედავად იმისა რომ აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ აღიარა სომეხთა გენოციდი, ტრამპის ადმინისტრაციამ თავი შეიკავა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისგან .

ყარაბაღის კონფლიქტი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაცია დასაწყისში პასიურობით გამოირჩეოდა, რითაც ჯოზეფ ბაიდენის კრიტიკა დაიმსახურა. 13 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა იმაში, რომ ამერიკის ხელისუფლებამ კონფლიქტის გადაჭრა მოსკოვს მიანდო და თავად მხოლოდ დამკვირვებლის როლს თამაშობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეეცადა მხარეებს შორის მედიაციას და შედეგად 25 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტა გამოცცხადდა, რომელიც უკვე მეორე დღეს დაირღვა. საბოლოოდ საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბერს სომხეთის უკანდახევით და რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებით დასრულდა.

გიორგი ხატიაშვილი

11.11.2020
ნახვა 345

კომენტარები