მთავარი პოლიტიკა გაკვეთილები საპარლამენტო არჩევნებიდან

გაკვეთილები საპარლამენტო არჩევნებიდან

10.11.2020
ნახვა 307

ფოტო: cesko.ge

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილე პარტიათა სპექტრი და რიცხვი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ამასთან ერთად ბევრი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო არჩევნებზე პირველად გამოდიოდა რაც ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა შედეგების მიმართ. 2020 წლის არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგა ორპოლუსიანი დიქოტომიის გარღვევაში მდგომარეობდა, შესაბამისად ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც მესამე ძალა, „ქართული ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას შორის“.

საპარლამენტო არჩევნებს წინ ხანგრძლივი პოლიტიკური ბატალიები უძღოდა საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით. ფაქტი იყო რომ მსოფლიოში აპრობირებულმა მაჟორიტარულმა სისტემამ საქართველოში არ გაამართლა, ის ერთის მხრივ ადგილობრივი „ფეოდალების“ ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს, მეორეს მხრივაც ის ამარტივებდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში ოპოზიციაც და ხელისუფლებაც 120/30 სისტემაზე შეთანხმდნენ. მოგვიანებით ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებასაც მიაღწია. შეიქმნა შთაბეჭდილება რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი აქტიურად ემზადებოდა ცვლილებებისთვის, და ამისთვის იმ პოლიტიკურ ძალებთანაც დროებით ალიანსაც არ ერიდებოდა რომლებთანაც წინა წლებში სერიოზული ანტაგონიზმი ჰქონდათ.

კიდევ ერთი ინტრიგა რომელსაც ქართული საპარლამენტო არჩევნები ტოვებდა იყო მესამე ძალის ვინაობა და მისი წონა პოლიტიკურ ბაზარზე. წინა არჩევნებზე მესამე ძალის სტატუსი ევროპულმა საქართველომ მოიპოვა, არც თუ მცირედი მაჩვენებლით, თუმცა ზაფხულის ბოლოს არსებული სხვადასხვა გამოკითხვებით ცხადი ხდებოდა რომ ევროპულ საქართველოს გაუჭირდებოდა მესამე პოზიციის შენარჩუნება, მას „კუდზე ასხდნენ“ პოლიტიკური გაერთიანებები „ლელო-საქართველოსთვის“ & „სტრატეგია აღმაშენებელი“. კონტინენტური ევროპის ისტორიაში არც თუ იშვიათად იყო შემთხვევა როდესაც მესამე ძალებს გადამწყვეტი როლი ჰქონდათ კოალიციური მთავრობების ფორმირების საქმეში და ამის ნათელი მაგალითი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა, სადაც გერმანელი თავისუფალი დემოკრატები ბევრი წელი იყვნენ ხელისუფლებაში ხან ქრისტიან-დემოკრატებთან, ხანაც სოციალ-დემოკრატებთან. მიუხედავად დეკლარირებულად უარყოფისა, ვფიქრობ, მესამე ადგილისთვის მებრძოლი პოლიტიკური პარტიების მთავარი მონაპოვარი სწორედ ზემოთხსენებული პოზიცია შესაძლოა გამხდარიყო.

საარჩევნო მარათონი გლობალური პანდემიის ფონზე

წინა წლებისგან განსხვავებით საქართველოში საარჩევნო მარათონი ნამდვილად გვიან დაიწყო. გლობალური პანდემიისგან გამოწვეულმა შოკმა და კომენდანტის საათმა გაზაფხული, როდესაც აქტიური მზადება უნდა ყოფილიყო არჩევნებისთვის, ფაქტობრივად კოვიდ-19 შიშის ქვეშ გაატარა, მეტიც პარტიათა უმრავლესობამ ძალიან გვიან, ზაფხულის ბოლოს დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები, რაც გარკვეულწილად დაგვიანებულიც იყო, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან მათი რესურსი სახელისუფლებლო ძალასთან შედარებით ყოველთვის მცირეა.

საარჩევნო სისტემის ცვლილებამ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილში გააჩინა მოლოდინი რომ მმართველი პარტია ვეღარ შეძლებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას, მეტიც ზოგიერთი იმედოვნებდა რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მთავრობასაც კი ვერ დააკომპლექტებდა. კვირეების განმავლობაში სხვადასხვა ტელეარხაები ავრცელებდნენ საარჩევნო რეიტინგებს. მიუხედავად წინასწარი გამოკითხვების განსხვავებულობისა მათ ერთი დიდი საერთო ჰქონდათ და ეს იყო გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი რიცხვი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა არჩევნების ბედი.

ტრადიციულად საარჩევნო მარათონი ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას მოსყიდვასა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაუელებდა, ხოლო ხელისუფლება თავის მხრივ დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებდა მის ოპონენტებს. 31 ოქტომბერს საღამოს რვა საათზე ოთხმა ტელევიზიამ საარჩევნო ეგზიტპოლები გამოაქვეყნა, გამოკითხვებს შორის სხვაობა მეტ-ნაკლებად თანხვედრაში იყო ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკასთან

საარჩევნო ეგზიტპოლები

წყარო: რადიო თავისუფლება

ტელევიზიების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდგომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი დაბნეულობამ მოიცვა თუ რა ხდებოდა რეალურად.

საბოლოო ჯამში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემდეგი მონაცემი გამოაქვეყნა:

  • ქართული ოცნება- 48,23%
  • ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია- 27,18%
  • ევროპული საქართველო- 3,79%
  • ლელო საქართველოსთვის-3.16%
  • გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი-3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი: 3.14%
  • გირჩი-2,89%
  • ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები- 1,32%

დანარჩევნმა პარტიებმა ვერ გადალახეს ერთ პროცენტიანი ბარიერი, შესაბამისად ვერ მიიღეს მანდატი არსებულ პარლამენტში.

რითი იყო გამორჩეული 2020 არჩევნები?

არჩევნების შემდგომი უკმაყოფილება ახალი არც მსოფლიო და არც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არ არის, მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას. 2013 წლის შემდგომ ჩატარებულ არჩევნებს შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა რაც კიდევ უფრო ბევრ კითხვას აჩენს საქართველოს მოქალაქეებში. არჩევნებამდე მანიპულაციები უცხო ნამდვილად არ არის მოსახლეობისთვის, მაგრამ ფაქტია რომ ბოლო რვა წლის მანძილზე ამდენი ხარვეზიანი ოქმი, რომელშიც მარტივი არითმეტიკული ბალანსი არ ჯდებოდა, ფაქტია არადროს ყოფილა. ეჭვს აძლიერებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ არა 48% არამედ 45% მიიღო. შესაძლოა ერთი შეხედვით 3% ბევრი არ იყოს საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლისთვის, თუმცა განვითარებულ დემოკრატიებში ეს საგანგაშო მაჩვენებელია რაც არჩევნების შესახებ კითხვებს ლეგიტიმურობას სძენს.

ორპოლუსიანი დიქოტომია ძლიერია

ქართულ საზოგადოებას წლებია ესმის რომ ქვეყანას მესამე ძალა სჭირდება, რომ ორპოლუსიანობა გასარღვევია და ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა. თუ ეს დაშვება რეალური იყო, ამ არჩევნებზე იყო შესაძლებლობა მესამე ძალების გაძლიერების, თუმცა ცესკოს შედეგებმაც და ეგზიტპოლებმაც აჩვენა რომ 1%-იანი არჩევნების პირობებში მცირე პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთს ხმები წაართვეს და ასეულობით ხმა დაიქსაქსა მათ შორის. შესაბამისად მცირე პარტიების მოლოდინი არათუ არ გამართლდ არამედ მათ ცალეკულ შემთხვევაში ფრაქციის ჩამოყალიბებაც კი არ შეუძლიათ. ამ დროის მონაცემებით უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, პატრიოტთა ალიანსის ჩათვლით (რომელიც ხშირად განიხილებოდა მმართველი ძალის მოკავშირედ) უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე და არ აპირებს პარლამენტში შესვლას. არსებული ხარვეზების სრულად აღმოფხვრის და ყველა საეჭვო უბნის თავიდან გადათვლის შემთხვევაშიც, ვერ ვიტყვით იმას რომ მესამე პარტიებს რადიკალურად განსხვავებული მონაცემები დაუჯდებათ. ფაქტია რომ, ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია ორპოლუსიანი დიქოტომია. ფაქტია რომ, ამომრჩევევლების სიმპატიები ჯერ კიდევ ძლიერად არ არის მიმართული იმ ძალებისკენ რომლებსაც მესამე პოლუსის შექმნის პრეტენზია აქვთ.

ქაოსი კიბეა?!

როგორც ჯორჯ მარტინის ცნობილ საგაში პიტერ ბეილიში ამბობს „ქაოსი არ არის უფსკრული, ქაოსი კიბეა, ზოგი ადის ზოგიც კი ვერა“. არსებობს მოსაზრება რომ მასობრივი საპროტესტო ტალღის პირობებში მცირე პარტიები ჩაიკარგებიან ორპარტიულ დაპირისპირებაში და მათ მხოლოდ ორი არჩევანი დაურჩებათ: მიტმასნება ან გამიჯვნა. რეალურად კი შესაძლოა პროცესები სხვაგვარადაც წარიმართოს. 1-ლი ნოემბრიდან საოლქო კომისიების შენობები საპროტესტო ტალღამ მოიცვა, სადაც გაცილებით უფრო აქტიურად ჩანან მცირე პარტიების ლიდერები და აქტივი ვიდრე ის 34 დეპუტატი რომელიც „ენმ“ ქოლგის ქვეშ პარლამენტში მოხვდა. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ რა შედეგით დასრულდება ქუჩაში გადატანილი პროცესები, თუმცა რეიტინგით პატარა პარტიებისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაცაა მათი წევრები კიდევ უფრო ჩართონ პოლიტიკურ პროცესებში და გაზარდონ მათი ცნობადობა.

გლობალური პანდემიის ფონსა და კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, შიდა პოლიტიკური ქაოსი ჩვეულებრივზე უფრო საშიშია, თუმცა იმედი დავიტოვოთ რომ პროცესები მშვიდობიან ფორმატს არ გასცდება.

შალვა ჩიხლაძე

10.11.2020
ნახვა 307

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ