მთავარი პოლიტიკა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - ქართული დემოკრატიის მორიგი ტესტი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - ქართული დემოკრატიის მორიგი ტესტი

09.11.2020
ნახვა 202

31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შედეგები სადავოა ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილისთვის, 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგები განსაზღვრავს, დარჩება თუ არა საქართველო დემოკრატიის გზაზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

31 ოქტომბრის დილას, საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ საარჩევნო უბნებზე იმ პოლიტიკური პარტიების ასარჩევად, რომლებსაც თვლიდნენ საკუთარი ხმის გამჟღერებლებად. ქართული ოცნების (GD) მმართველობის 8 წლის ფონზე, რომელსაც ახასიათებდა ეკონომიკური რეგრესია და ჰქონდა „სახელმწიფოს მიტაცების“ ელფერი, სტაჟიანი ოპოზიციური პარტიების (როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა) განწყობა ოპტიმისტური იყო, ისევე როგორც ახლადშექმნილი პარტიების (მაგალითად, ლელო).

საარჩევნო უბნებზე რიგები უკვე 31 ოქტომბრის გამთენიისას იყო. ისევე, როგორც საქართველოში ჩატარებულ ნებისმიერ სხვა არჩევნებზე, ამ არჩევნებზეც აღინიშნა ჩვეული დარღვევები - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებამდე, ეჭვები ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ, გარკვეულ უბნებზე ჩხუბი, განსაკუთრებით იმ უბნებზე, სადაც ოპოზიციას გამარჯვების დიდი ალბათობა ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ახალი ნიუანსი შემატა უჩვეულო გარემოებების სიას - შედეგები დაითვალა უჩვეულოდ ნელა.

უკვე 1 ნოემბერს გამოცხადდა შედეგები. ისე ჩანდა თითქოს ქართულმა ოცნებამ კვლავ გაიმარჯვა. არჩევნების დღეს პროპორციული ხმების 48,17% -ით, GD-ს დასჭირდებოდა 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 17-ზე გამარჯვება, 76 მანდატის ბარიერის გადასალახად (8 ნოემბრის მდგომარეობით, GD-ს მოგებული აქვს 13 მაჟორიტარული ოლქი ). ოპოზიციური პარტიები უკმაყოფილონი იყვნენ ხმების დათვლის პროცესით და მიანიშნებდნენ არჩევნების გაყალბებაზე. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცესკო) და თუ გადავხედავთ 1-8 ნოემბრის პერიოდში გამოვლენილ შეუსაბამობათა მასშტაბს, ძნელი გასაგები არაა რამ გამოიწვია უკმაყოფილება.

დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევები

დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, როგორიცაა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), შედეგეგების გამოცხადებიდან მალევე აღნიშნეს, რომ არჩევნებს მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა:

ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პრობლემები

covid-19- თან დაკავშირებული ზომების არასათანადო გამოყენება

ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მუშაობისათვის ხელის შეშლა

მოსყიდვისა და ხმის გაყალბების ბრალდებები

პარტიის კოორდინატორებისა და აქტივისტების მიერ ამომრჩევლისა დაშინება

ზემოაღნიშნული დარღვევები თითქმის სტანდარტულია ყველა არჩევნებისთვის (გარდა COVID სიებისა), თუმცა ყველაზე პრობლემური იყო უბნების შემაჯამებელი ოქმების შევსების პროცესი.

ადგილობრივი და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების მნიშვნელოვან ნაწილში ბიულეტენების რაოდენობა განსხვავდებოდა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობისგან. იყო შემთხვევები, როდესაც შემაჯამებელი ოქმები არასრული ან არასწორად შევსებული იყო. ცხადია, ეს ხელს შეუშლიდა როგორც შედეგების დათვლას, ისევე დაკვირვების პროცესს.

ამ ბრალდებების გადამოწმება მარტივია, რადგან ყველა ოქმი ადვილად ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე. საქართველოში 3,847 საარჩევნო უბანია და 930 უბანზე (24%) შემაჯამებელ ოქმებს ჰქონდა დისბალანსი - ამომრჩეველთა სიებზე ხელმოწერების რაოდენობა საარჩევნო ყუთში მიღებულ ბიულეტენებზე ნაკლები იყო, ან გარკვეულ შემთხვევებში პირიქით. ზოგ შემთხვევაში ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმები ან არასწორად იყო შევსებული ან განსხვავდებოდა უბნებზე ხელმოწერილი ოქმებისგან.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა გააკეთა განცხადება, სადაც მიუთითებდნენ 2020 წლის არჩევნების დაბალი დემოკრატიის ხარისხზე. ოპოზიცია გეგმავს საპროტესტო გამოსვლებს და ითხოვს თითოეული უბნის შედეგების გადათვლას სადაც საეჭვო ან პრობლემური ოქმი დაფიქსირდა. ზოგიერთი პარტია დამატებით ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ოქმებში შეუსაბამობის მასშტაბის გამო.

გაითვალისწინა თუ არა ცესკომ საჩივრები და გადაითვალა თუ არა შედეგები? არც ისე, რამდენადაც ეს სასურველი და საჭირო იყო. გადათვლის პროცესი მიმდინარეობს და შედეგები ყოველდღიურად იცვლება. გადათვლამ უკვე ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქზე მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი გახადა (მე -11 მაჟორიტარული ოლქი). თუმცა, ცესკო რეაგირებს იმ შემთხვევებზე, რომლებსაც ეთმობა სატელევიზიო ეთერი ან განხილვის საკითხია სოციალურ მედიაში. ის შემთხვევები, რომლებიც საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილია, ხელუხლებლად რჩება. ამის კარგი მაგალითია ISFED და მისი მოთხოვნა გადაისინჯოს 162 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ცესკო მხოლოდ 10 კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას დათანხმდა.

რა ვითარებაა დღეს და ვინ არიან ამ არჩევნებში „გამარჯვებულები“ და „დამარცხებულები“?

ამჟამად, ოპოზიციის საუკეთესო სტრატეგია ყველა პრობლემური ოქმის სათითაოდ გადათვლა. დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, ნავარაუდევია რომ ქართულმა ოცნებამ შეიძლება დაკარგოს პროპორციული ხმების დაახლოებით 4-5%, რაც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში პრობლემებს შეუქმნის მმართველ პარტიას. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არარეალურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები განსხვავებული იქნება ახლანდელი არჩევნებისგან და არსებული მდგომარეობა შეიძლება განმეორდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შედეგები წინასწარია, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, ვინ იყვნენ ამ არჩევნებში „გამარჯვებულები“ და „დამარცხებულები“. მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ხმების უმრავლესობის მოპოვება. 8 ნოემბრის მონაცემებით, ქართულ ოცნებას პროპორციული ხმების 48.23% აქვს, მაშინ როდესაც 2016 წელს GD- ს ჰქონდა 48.68%, 2012 წელს 54.97%. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ვარაუდი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ, GD-ს შედეგები მიუთითებს პარტიის პოპულარობის სტაგნაციაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს სტაბილურ 27%-ს, ამჟამად მას აქვს 27,18% (2016 წელს - 27,11% 2012 წელს (მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ ისევ ხელისუფლებაშია) - 40,34%).

ევროპულ საქართველოს ამჟამად აქვს 3,79%, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ ხმათა 10,4% მიიღო. იგივე ეხება საქართველოს პატრიოტთა ალიანსს - 3.14% 2020 წელს, 5.01% 2016 წელს. 2020 წლის ცალსახა „გამარჯვებულია“ გირჩი, პარტია, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში მოიზიდა მეტი ამომრჩეველი და მიიღო ხმების 2,89%, მინიმალური ფინანსური რესურსებით.

ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ გადათვლის პროცესის დასრულებას, რომ საბოლოო სურათი ვნახოთ არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე. საზოგადოების მხრიდან ცესკოზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა ყველა პრობლემური ოქმი გადაიხედოს. ნამდვილად დასანანი იქნება თუ ცესკოს გადათვლის პროცესი ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება შეფასებული როგორც არასამართლიანი. ეს იქნება მანიშნებელი, რომ საქართველო ისევ იგივე ნახევრად დემოკრატიულ წრეზე ტრიალებს, რაც ჩვეულებრივ იწვევს საპროტესტო აქციებს, ბოიკოტებს და ძალიან დაღლილ, უკმაყოფილო და აპათიური საზოგადოებას.

 

გიორგი ლომთაძე

09.11.2020
ნახვა 202

კომენტარები