მთავარი უსაფრთხოება კავკასუს ონლაინის სახიფათო პრეცედენტი

კავკასუს ონლაინის სახიფათო პრეცედენტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) დანიშნა სპეციალური მმართველი საქართველოში და კავკასიის რეგიონში წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიში.
17.10.2020
ნახვა 652

2020 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) დანიშნა სპეციალური მმართველი საქართველოში და კავკასიის რეგიონში წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიში - კავკასუს ონლაინში.

აზრთა სხვადასხვაობა სპეციალურ მმართველზე

ბიზნესის თავისუფლება მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ეკონომიკის ზრდისთვის. რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს ბიზნესს, მით უფრო მეტი ნდობა აქვს ქვეყანას ინვესტორების თვალში. მეტი ნდობა და თანაბარი თამაშის წესები ნიშნავს, რომ ინვესტორები მზად არიან გრძელვადიანი ინვესტიციები განახორციელონ ქვეყანაში.

უკანასკნელი ათწლეულებია მარტივი ბიუროკრატიისა და მსხვილი ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი საგადასახადო პირობების გამო, საქართველო განიხილებოდა როგორც შედარებით მიმზიდველი ადგილი ინვესტიციისთვის. თუმცა, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის მარეგულირებელი ორგანოს მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს იმიჯს, როგორც ინვესტორებისთვის მეგობრულ ქვეყანას.

2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში GNCC-მ დანიშნა სპეციალური მმართველი ”კავკასუს ონლაინში”. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კომპანიის მესაკუთრეთა შეცვლა, რაც კომუნიკაციების კომისიამ უკანონოდ მიიჩნია და ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება საზიანოა საქართველოს სტრატეგიული მიზნისთვის გახდეს ციფრული აბრეშუმის გზის ნაწილი. GNCC არის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც ევალება ელექტრონული საკომუნიკაციო პროტოკოლებისა და სამაუწყებლო სიხშირეების მართვა.

სპეციალურ მმართველს აქვს არაპროპორციულად დიდი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და შეუძლია ჩაერიოს კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. სპეციალური მმართველის დანიშვნას წინ უსწრებდა კომუნიკაციების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა, სატელეკომუნიკაციო სექტორში მოღვაწე კომპანიების უკმაყოფილება და ეჭვები რუსეთის ინტერესების კვალზე.

კავკასუს ონლაინი

კავკასუს ონლაინი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე სატელეკომუნიკაციო ბიზნესში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. 2008 წლიდან კომპანია ფლობს 1200 კმ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს (FOC), რომლის საშუალებითაც ის ინტერნეტს გადასცემს ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში. 2010 წელს კავკასუს ონლაინმა იყიდა საქართველოს რკინიგზის ტელეკომის ინტერნეტ ინფრასტრუქტურა (600 კმ-იანი ბოჭკოვანი კაბელი და ინფრასტრუქტურა), რომლებიც აკავშირებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე ირანს და ერაყს (იხილეთ სურათი # 1).

სურათი #1

წყარო: კავკასუს ონლაინის საიტი

2019 წლის აგვისტოში კავკასუს ონლაინმა 49% -იანი წილი მიყიდა აზერბაიჯანულ კომპანია NEQSOL Holding- ს. ეს გადაწყვეტილება პრობლემური აღმოჩნდა საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის. GNCC– ის თანახმად, ეს გარიგება შედგა GNCC–ის წინასწარი თანხმობის გარეშე (რასაც მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა) და ხელს უშლის საქართველოს გეგმებს გახდეს ციფრული აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელიც დააკავშირებს აზიას და ევროპას საქართველოს გავლით. მეორეს მხრივ, კავკასუს ონლაინის ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ მთავრობამ იცოდა გარიგების შესახებ, ყველაფერი გამჭვირვალედ დასრულდა და ზუსტად კომპანიის გეგმაშია შეიქმნას ინფრასტრუქტურა ციფრული აბრეშუმის გზისთვის, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შუა აზიის ქვეყნებს დააკავშირებს ევროპასთან (იხილეთ სურათი # 2).

სურათი #2

წყარო:CG/LA Infrastructure-ის ვებსაიტი

GNCC–ის სპეციალური მმართველი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალურ მმართველს აქვს ფართო უფლებამოსილებები, მათ შორის:

  • კავკასუს ონლაინის დირექტორის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლება;
  • სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და კომპანიის თანამშრომლების დანიშვნის უფლება;
  • კავკასუს ონლაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება, მათი შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნით, თუ ამ მოქმედებამ ზიანი მიაყენა მომხმარებელთა ლეგიტიმურ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს ან კონკურენციის ბაზრის გარემოს;
  • მოგების განაწილების, დივიდენდების და პრემიების დარიცხვის შეჩერების ან შეზღუდვის უფლება;
  • კომპანიაში სახელფასო პოლიტიკის შეცვლის უფლება.

GNCC-ის მიერ დანიშნული ერთი ადამიანისთვის ამგვარი უფლებების მინიჭება საკმაოდ პრობლემურია, რადგან ეს ნებისმიერი ჯანსაღი ეკონომიკის ძირითად წინაპირობას უთხრის საფუძველს - ნებისმიერი ბიზნესის უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და იმოქმედოს მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. საკითხის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დააარსეთ კომპანია და მიზნად ისახავთ გარკვეული პროდუქტების გაყიდვას. თქვენ გააკეთეთ ინვესტიცია საკუთარი ჯიბიდან და გსურთ წარმატებული ბიზნესის წამოწყება. შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს დანიშნოს პირი, რომელიც გადაწყვეტს ვინ ყიდის პროდუქტს, როგორ უნდა გაყიდოს ეს პროდუქტი, რა ფასად, ვინ მიიღებს ხელფასს და რამდენს. შესაბამისად, თქვენ აიღებთ ყველა ფინანსურ რისკს, მაგრამ არ გექნებათ შესაძლებლობა თავისუფლად მართოთ თქვენი ახლად დაარსებული კომპანია, თქვენი ნებასურვილის მიხედვით. ამჟამად კავკასუს ონლაინი ზუსტად მსგავსი ვითარებაშია და კომპანიის ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვაა.

რა საფრთხეს შეიცავს ეს გადაწყვეტილება?

GNCC-ის ვარაუდით, NEQSOL ციფრული აბრეშუმის გზის ცენტრს შექმნის ბაქოში და არა თბილისში. ესაა მსგავსი ხისტი გადაწყვეტილების ყველაზე აშკარა მიზეზი. თუმცა, ბიზნესი არ მუშაობს ეროვნული სენტიმენტების შესაბამისად, ის მუშაობს წარმატებისა და ხარჯთეფექტიანობის პრინციპის მიხედვით. თუ საქართველოდან ინვესტიციების გადინების შიში არსებობს, NEQSOL– სთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შეთავაზება იქნებოდა გამოსავალი. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ გარეშე ძალებმა იქონიეს გავლენა არსებულ ვითარებაზე. ახალი ციფრული აბრეშუმის გზის ერთადერთი წაგებული მხარეა რუსეთი, რომელსაც არ სურს დაკარგოს არც მოგება ციფრული ინფრასტრუქტურიდან, არც გავლენა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე. ციფრული ინფრასტრუქტურა ინვესტიციის ისეთი სახეობაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიღებს შედეგს, ამიტომ რუსეთის სტრატეგიული ინტერესი ამ საკითხში უსაფუძვლო არ არის.

შეიძლება კომუნიკაციის პრობლემები იყო GNCC-სა და კავკასუს ონლაინს შორის, მაგრამ ასეთი მასშტაბის კომპანიის ბედის გადაწყვეტა მხოლოდ მარტივი გაუგებრობის გამო არ მოხდებოდა. ერთი რამ, რაც მთელ ამბავს უსიამოვნო ელფერს აძლევს, არის ის, რომ GNCC-მ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება ძალიან სწრაფად, საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული კენჭისყრის პროცედურით მოიპოვა. ინვესტორის უფლებებზე მთავრობის მიერ ორგანიზებული შეტევა საგანგაშო იყო ბიზნესისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საქართველოს უცხოელი პარტნიორებისთვის. ერთადერთი არჩევანი, რაც კავკასუს ონლაინს აქვს, არის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი ბიზნეს გარემოთი, პოტენციური ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ შემცირდება და ეს პრეცედენტი ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო წლების განმავლობაში.

გიორგი ლომთაძე

17.10.2020
ნახვა 652

კომენტარები