მთავარი უსაფრთხოება კავკასიური საჭადრაკო დაფა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე

კავკასიური საჭადრაკო დაფა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე

მთიან ყარაბაღში ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
15.10.2020
ნახვა 1020

ორი კვირაა რაც მთიან ყარაბაღში ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. საბრძოლო მოქმედებები უკვე გასცდა კონფლიქტურ რეგიონს და აქტიურად მოიცვა ყარაბაღის მიღმა მდებარე რაიონები. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები აქტიურად იყენებენ როგორც უპილოტო დამრტყმელ დრონებს, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და ტაქტიკურ რაკეტებს. ფაქტია რომ 90იანების შემდგომ ბაქოს, ერევანსა და სტეფანაკერტს მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი არ ჰქონიათ. წინა წლების შეტაკებების დროს ბაქოს დიდი წარმატებები არ ჰქონია, მთიანი რელიეფისა და სხვა ფაქტორების გამო, თუმცა წლევანდელი კონფლიქტმა აშკარად აჩვენა აზერბაიჯანული ჯარის ტექნიკური უპირატესობები, რაც უპირველესად გამოხატულია კამიკაძე და დამრტყმელი დრონების მოქმედებით. სავარაუდოა რომ სწორედ დიდი დანაკარგების გამო ბომბავს სომხური მხარე განჯასა და სხვა მიმდებარე რაიონებს სმერჩითა და „Tochka U”- თი . მიუხედავად მოსკოვში გამართული სამმხრივი შეხვედრისა მხარეები მაინც არ წყვეტენ საბრძოლო მოქმედებებსა და ურთიერთბრალდებებზე არიან გადასულნი.

ვინ ვინ არის ყარაბაღის კონფლიქტში?

განსხვავებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, რომლებსაც რამდენიმე სუვერენული ქვეყანა აღიარებს რესპუბლიკა არცახი ერევნის მხრიდანაც კი არ არის აღიარებული, როგორც სუვერენული სახელმწიფო. გაერო მას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს ხოლო იქ მყოფ სომხურ ნაწილებს კი უკანონოდ. მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო სამართალი აზერბაიჯანის მხარესაა, რომელსაც აქვს კანონიერი უფლება აღადგინოს იურისდიქცია კუთვნილ ტერიტორიაზე, საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით კი დასავლურ საზოგადოებაში არავის სჯერა რომ ცეცხლი პირველებმა სომხებმა გახსნეს. ვის თუ არა სომხურ მხარეს არ აწყობდა არანაირი ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შუა პანდემიისა და კრიზისის ფონზე, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ პაშინიანის რევოლუციური გარემოცვა არ ჯდება მოსკოვის კავკასიურ გეგმებში, ხოლო მისი წარუმატებლობა მათივე ინტერესშია რითითაც შეიძლება მოსკოვის სიჩუმის ახნსა.

რუსულის გაკვეთილები

ნათქვამია ისტორიიდან იმას ვსწავლობთ, რომ ვერც ვერაფერს ვსწავლობთო. ეს გამოთქმა პირდაპირ ესადაგება მოსკოვის კავკასიურ სტრატეგიას. შეიცვალა ტექნოლოგიები და მეთოდები, თუმცა დიდად არ შეცვლილა კრემლის მიდგომები და სტრატეგია. ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად ასუსტებდა მის კავკასიურ მოკავშირეებს, ხოლო შემდგომ „მხსნელად“ ევლინებოდა მათ. გეორგიევსკის ტრაქტატის შემდგომ, ქართლ-კახეთის სამეფო გამუდმებით სთხოვდა რუსეთს საკუთარი ვალდებულების შესრულებას, თუმცა 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში ერთ რუს ჯარისკაცსაც კი არ მიუღია მონაწილეობა, რამდენიმე წლის შემდგომ დასუსტებულმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა. მიუხედავათ იმისა რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება ყარაბაღზე არ ვრცელდება, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყოს სერიოზული ფაქტორი და ძირითადი შემაკავებელი აზერბაიჯანული რევანშისა, თუმცა ამჟამად კრემლი შორიდან აკვირდება პროცესებს. ანალიტიკოსების აზრით პუტინი სჯის პაშინიანის რევოლუციურ მთავრობას მთელი რიგი ურჩობებისთვის, რაც საკმაოდ რეალისტური შეფასებაა.

ერდოღანის იმპერიალიზმი მოქმედებაში

არავისთვისაა სიახლე თურქულ-აზერბაიჯანული პარტნიორობა , თუმცა მხარდაჭერის ის ხარისხი რაც თურქეთმა 2020 წლის ომისას აჩვენა მართლაც უპრეცენდენტოა. სომხური მხარე იუწყებოდა თურქული F-16 ების აზერბაიჯანულ მხარეზე ბრძოლის შესახებ, რაც ბაქომ უარყო თუმცა შემდგომ ცნობილი გახდა რომ ორმხრივი წვრთნების შემდგომ ორი თურქული f-16 მართლაც ბაზირებდა აზერბაიჯანში. საერთაშორისო მედია ასევე წერს თურქეთის მხარეს მებრძოლი სირიელი დაქირავებულების კონფლიქტის ზონაში ყოფნის შესახებ. ერთი შეხედვით არასარწმუნოა სირიელების კონფლიქტში მონაწილეობა, თუმცა თუ ერდოღანის იმპერიულ დღის წესრიგს გავითვალისწინებთ სირიასა და ლიბიაში, არც ისე წარმოუდგენლად შეიძლება მოგვეჩვენოს უცხოური დაქირავებულების ბრძოლა აზერბაიჯანელების მხარეს.

პანდემია და ტრამვირებული ბაქოს რევანში

მსგავსად საქართველოსა აზერბაიჯანულ საზოგადოებასაც მძიმედ ტრამვად აქვს ყარაბაღის დაკარგვა და მძიმე წაგებული ომი. გლობალური პანდემიისა და რუსული იგნორის ფონზე, ილჰამ ალიევს მშვენიერი შესაძლებლობა აქვს დაიკავოს მთელი რიგი ტერიტორიები, მით უფრო რომ სომხების დანაკარგები დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით დრონების დაუსჯელი თავდასხმების ფონზე. რამ შეიძლება შეაჩეროს ბაქო?

ამ ეტაპისთვის ალიევის შეჩერება რამდენიმე ფაქტორს შეუძლია, პირველი მძიმე სამხედრო დანაკარგებია, ხოლო მეორე კრემლის გაზრდილი წნეხია. მესამე და ყველაზე სასურველი შემთხვევა სტეფანაკერტის აღებაა, რაც ამ ეტაპისთვის არ ჩანს მარტივ ამოცანად. სამწუხაროდ, ევროპული და ამერიკული საზოგადოებისთვის კავკასია შორეულ პერიფერიად რჩება, სადაც ბერლინისა და პარიზის შეშფოთება მხოლოდ ზედაპირული განცხადებით გამოიხატება. ფაქტია, ჯერ-ჯერობით არც მოსკოვი უჩვენებს წითელ ბარათს ალიევის ხელისუფლებას და ელოდება საბოლოოდ დასუსტებულ სომხეთს რათა კრიტიკულ მომენტში მხსნელად გამოჩნდეს, როგორც ისტორიულად ახასიათებს ხოლმე.

საქართველო ერთადერთი რეგიონალური აქტორია, რომელსაც არანაირად არ აწყობს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. პრობლემას პირველ რიგში ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია წარმოადგენს, რომლის გამოყენება/არ გამოყენების გამო ერევანი განაწყენებულია, ამასთან ერთად სამხრეთ საქართველოში მრავლად ცხოვრობს ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რაც კონფლიქტის სხვადასხვა ფორმით გადმოღვრის შესაძლებლობეს აჩენს. სამწუხაროდ თბილისს ამ ეტაპზე ის ძალა და ავტორიტეტი არ გააჩნია, რომელიც კონფლიქტის დასარეგულირებლად ეყოფოდა.

შალვა ჩიხლაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

15.10.2020
ნახვა 1020

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ყარაბაღის კონფლიქტი და ეკონომიკის სამმაგი შოკი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული მორგი შეიარაღებული...
1 წელი