მთავარი საგარეო პოლიტიკა ნეიტრალიტეტი - პანაცეა საქართველოს უსაფრთხოების კრიზისისთვის?

ნეიტრალიტეტი - პანაცეა საქართველოს უსაფრთხოების კრიზისისთვის?

13.10.2020
ნახვა 763

ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ დღის წესრიგში

წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში პოლიტიკური აქტიურობით ხასიათდება და, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არაა. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 პანდემიამ დინამიზმი, გარკვეულწილად, გააფერმკრთალა, პროცესს სანახაობრიობა ამ ფაქტმა ვერ მოაკლო. ამ პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები განსხვავებულ შეფასებას აძლევენ არსებულ ვითარებას, გამომდინარე იქიდან, თუ სპექტრის რომელ ნაწილში პოზიციონირებენ და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების ორიგინალურ, უფრო ხშირად კი, არაორიგინალურ გამოსავალს გვთავაზობენ. მხარეების მიერ ერთმანეთისთვის დამიზნებული ისრები, სამწუხაროდ, ხშირად, თავად ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ხდება მტკივნეული. როგორც ბისმარკი ამბობდა, საგარეო პოლიტიკა შიდა პოლიტიკის გაგრძელებაა და საქართველოს მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ შიდა პრობლემა, ადრე თუ გვიან, გარე პრობლემად იქცევა ან პირიქით.

მარგინალიზირებული ოპოზიციური ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ ურთიერთდაკავშირებული შიდა და გარე პრობლემებისთვის რეცეპტის მოძებნაში. ამ მხრივ, ყურადღება მიიქცია, პარტია «პატრიოტთა ალიანსის» გეგმამ, რომელიც გამოსავალს საქართველოს ნეიტრალიტეტში ხედავს. ვფიქრობ, ეს შეთავაზება საგულისხმოა და გაანალიზებას მოითხოვს. იქნებ, გამოსავალი ჩვენს თვალწინ იყო მთელი ეს პერიოდი, ჩვენ კი, მის მიღმა ვიყურებოდით?

რა გვაქვს სასწორზე?

პარტიის წარმომადგენლების მიერ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტი მიანიშნებს, რომ იგულისხმება ნეიტრალიტეტის ისეთი ფორმა, როდესაც სახელმწიფო არ არის რომელიმე სამხედრო ბლოკის წევრი და იღებს პერმანენტულ ვალდებულებას, რომ არ ჩაერთვება ომში. ძალის გამოყენება, ამ შემთხვევაში, მხოლოდ თავდაცვის დროსაა გამართლებული.

ერთი შეხედვით, ინიციატივა ცუდად არ ჟღერს და კარგად ჯდება ქართველებისთვის საყვარელ ფრაზასთან «არც მწვადი დავწვათ, არც შამფური». მართლაც, როდესაც რთული არჩევანის წინაშე ვდგებით, ყველაზე სანატრელი ხომ ის ალტერნატივაა, რომ არჩევანის გაკეთება საერთოდ არ გვიწევდეს. რატომ უნდა ავირჩიოთ ერთი მოკავშირე მეორის გადამტერების ხარჯზე? იქნებ რუსეთთან და დასავლეთთან ლავირების პოლიტიკაა გამოსავალი. ამასთან, პარტია მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგზეც საუბრობს და ეს შესაძლებლობა სულ არსებობდა და რატომღაც არავის გამოიყენა.

ნება მომეცით, ილუზია გაგიფანტოთ. სამწუხაროდ, ყველაფერი გენიალური, ყოველთვის მარტივი არაა.

მითი რეალობის წინააღმდეგ

ქართულ საზოგადოებაში, დამახასიათებელია ტენდენცია, რომ სხვა, მიმზიდველი ქვეყნის ერთი რომელიმე დამახასიათებელი თავისებურება ავტომატურად ამ ქვეყნის წარმატების მთავარ მიზეზად აქციონ. ასე, მაგალითად, სკანდინავიური ქვეყნების კეთილდღეობა მაღალ გადასახადებს მიეწერება, ხოლო, რაც ჩვენ შემთხვევაში უფრო შესაფერისია - შვეიცარია არის ის, რაც არის, იმიტომ რომ ნეიტრალურია და თავს «არ იტკიებს» სამხედრო ალიანსებით. დეტალებში არ შევალ, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან საქართველოს და შვეიცარიის ქეისები, უბრალოდ იმას აღვნიშნავ, რომ ნეიტრალიტეტის მიუხედავად შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ტერიტორიული თავდაცვის სისტემა აქვს და თუ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ეს პირველ რიგში ამ უკანასკნელის გამოა.

ისტორიულად ნეიტრალიტეტი არასდროს ყოფილა უსაფრთხოების არც მიზეზი და არც უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. თუ ნეიტრალური ქვეყნები ამჟამად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ისინი უბრალოდ სხვა უფრო ძლიერი ქვეყნების რადარში არ მოხვედრილან... ჯერ. იმ პირობებშიც კი, თუ სხვა, ძლევამოსილი სახელმწიფო გახდება სხვა, პატარა და სუსტი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის გარანტორი, აგრესორს ეს ნაკლებად შეაკავებს. ბელგიის მაგალითი მსოფლიო ომების პერიოდში ამ სამწუხარო ჭეშმარიტებას ნათლად წარმოაჩენს.

დღესდღეობით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ტრადიციულად ნეიტრალურმა ქვეყნებიც კი, ისეთი, როგორიც შვედეთი და ფინეთია, ნატოში წევრობაზე ალაპარაკდა. მოლდოვის გაცხადებული ნეიტრალიტეტს კი როგორც აღმოჩნდა იმ ფურცელზე ნაკლები ფასი აქვს, რაზეც გაფორმდა. ილუზიებში მცხოვრებთ, კოშმარებით გამოღვიძება ელით.

თუმცა, თუ პრობლემის სათავეებს მოვძებნით, დავდივართ სტატუსის საკითხზე, რომელიც საერთაშორისო სამართლითაა განსაზღვრული, რომელიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოტენციური B აგრესორი თანხმება რომელიმე A სახელმწიფოს სტატუს, არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის მოქალაქეებს მშვიდი ძილის გარანტიები ექნებათ. შიდასახელმწიფოებრივი სამართლისგან განსხვავებით, საერთაშორისო დონეზე არ არსებობს აღსრულების ეფექტური მექანიზმები, შესაბამისად, სამწუხაროდ კანონის დამორჩილება სახელმწიფოს ნებაზე ხდება დამოკიდებული და საერთაშორისო ზრდილობის ნორმებს ემსგავსება.

ვის შეიძლება აწყობდეს საქართველოს ნეიტრალიტეტის თემით დაინტერესება? ბუნებრივია ეს პირველ რიგში ჩრდილოელი მეზობელია, რომლისთვისაც საქართველოს ნატოში შესაძლო გაერთიანება, მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუღებელია. ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში საქართველოს საბოლოოდ დასაჭურისებას ნიშნავს. ის პოტენციური უსაფრთხოების ქოლგა და ბერკეტი, რასაც საქართველო ნატოში ინტეგრაციის შედეგად მიიღებს, ჩანაცვლდება უსაფრთხოების პირობით, სახელმწიფოსგან, რომელსაც პირობების დაცვის უმწიკვლო ისტორია ყველაზე ნაკლებად აქვს.

არჩევანის გაკეთების თავისუფლება ფუფუნებაა, რაც პატარა სახელმწიფოებს იშვიათად გააჩნიათ. საქართველოს მსგავსი ქვეყნები ძირითადად თვითგადარჩენის აუცილებლობებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ამიტომაც, არჩევანი, როგორც წესი, ცუდსა და უარესს შორისაა და ნებისმიერი არჩევანი, მათ შორის არჩევანის გაკეთებისგან თავის არიდება, უარყოფით გვერდით მოვლენებთანაა დაკავშირებული. საქართველოს გეოპოლიტიკის ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტი მოწყვლად სტატუს-კვოზე ნებაყოფლობითი თანხმობა იქნებოდა. ბელორუსის მაგალითიც აჩვენებს, რომ ნეიტრალური პოზიციონირება და ორივე მხარეს თამაში, გარკვეულ მომენტში, ყოველთვის ეჯახება ბარიერს. გასაგებია, მოსახლეობის მოლოდინი, რომ მოხდეს განვითარების კუთხით არსებული ჩამორჩენილობის არა ნაბიჯებით, არამედ ნახტომებით კომპენსირება, უსაფრთხოების ქოლგა კი, ამის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა, თუ პოლიტიკური სპეკულაციების მსხვერპლად ვიქცევით, მაშინ ეს გარდაუვლად იქნება ნახტომი უკან.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

13.10.2020
ნახვა 763

კომენტარები