უცხოური ინვესტიციები კი საქართველო და სომხეთის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ადგილობრივი მოხმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საშუალოდ 68%-ს სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) აფინანსებს. სხვა თანაბარ პირობებში, როცა ნაკლებია უცხოური კაპიტალის შემოდინება, მცირდება ადგილობრივი მოხმარება, რაც ეკონომიკის შემცირებას და შესაბამისად, მოსახლების ცხოვრების სტანდარტების გაუარესებას ნიშნავს. მსგავსად, სხვა ნავთობექსპორტიორი ქვეყნებისა, აზერბაიჯანის შემთხვევაში ადგილობრივი მოხმარების დაფინანსების ძირითადი წყარო ამ უკანასკნელიდან მიღებული შემოსავალია და ეკონომიკაში უცხოურ ინვესტიციებს ისეთივე როლი არ გააჩნია, როგორც დანარჩენ კავკასიაში. საქართველოში პუი-ები მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 6.9%-ია, რაც სომხეთის შემთხვევაში საშუალოდ 3.0%-იან ნიშნულზეა. ამდენად, კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს შემთხვევაში უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული როლო გააჩნია, რომელიც გრძელვადიანი, სტაბილური ზრდისთვის არსებითია. ვინაიდან, უცხოურ ინვესტიციების თანხმლები, ცოდნისა და ტექნოლოგიების იმპორტია, რაც ეკონომიკის პროდუქტიულობას აუმჯობესებს. ეს უკანასკნელი კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის.
და ბოლოს
ცხადია, საგარეო ვაჭრობა და ინვესტიციები არ არის ერთადერთი არხი, რითაც სომხეთ-აზერბაიჯანის შეარაღებული კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ სწორედ ეს ორია ძირითადი. შექმნილი მდგომარეობას კი მიმდინარე ეტაპზე არსებითად ნეგატიური შედეგები აქვს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე და გრძელვადიან პერიოდში უარყოფითი გავლენა ექნება ზრდის პერსპექტივაზე. ამგვარ სიტუაციაში კი დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საომარი მოქმედებები რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი დანაკარგი იქნება არამარტო ამ ქვეყნების, არამედ მთლიანად რეგიონის და განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკისთვის.
ეგნატე შამუგია