მთავარი პოლიტიკა წინასაარჩევნო რეიტინგები - ვინ მოხვდება პარლამენტში?

წინასაარჩევნო რეიტინგები - ვინ მოხვდება პარლამენტში?

რატომ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევები მნიშვნელოვანი?
01.10.2020
ნახვა 597

სოციოლოგიური კვლევების შედეგები: „ქართული ოცნება“ VS „გაერთიანებული ოპოზიცია

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ძალების მოსალოდნელი მხარდაჭერის შესახებ საზოგადოებრივი აზრის არაერთი კვლევის შედეგი გახდა ხელმისაწვდომი. სხვადასხვა ორგანიზაციებმა მოსახლეობის გამოკითხვა აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში აწარმოეს და დიდი ალბათობით, უშუალოდ არჩევნებამდე, კვლევის კიდევ ერთი ტალღის შედეგებს გააცნობენ საზოგადოებას, რაც მომდევნო მოწვევის საპარლამენტო შემადგენლობის პროგნოზირებას შედარებით გაამარტივებს და უფრო მყარი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს.

სოციოლოგიური კვლევების ერთი ნაწილი დამოუკიდებელმა კომპანიებმა ჩაატარეს (NDI, IRI), რამდენიმე კი - მსხვილი ტელეკომპანიების დაკვეთით, უცხოურმა კვლევითმა ორგანიზაციებმა (Edison Research („ფორმულა“), Survation („რუსთავი 2“), IPSOS („მთავარი არხი“)) აწარმოეს. ცხადია, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის შედეგები, არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულყოფილად შევაფასოთ ამა თუ იმ პარტიის რეალური შანსები და მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარების მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებლების სიზუსტე. კვლევებში მოცემული ციფრები არჩევნებამდე, შესაძლოა, დრამატულად შეიცვალოს, კონკრეტული გარემოებებისა და მოვლენების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საარჩევნო სისტემაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული, 30 კი - მაჟორიტარული წესით გადანაწილდება, საარჩევნო ბარიერი კი მხოლოდ 1% იქნება, რაც საზოგადოებაში ფართო პოლიტიკური პლურალიზმის მოლოდინს აჩენს. უდავოდ, წინ საინტერესო და დინამიური პოლიტიკური პროცესები გველის.

ყველა ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებში, ნათლად არის გამოკვეთილი „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი უპირატესობა (საშუალოდ 30-40%) „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ (საშუალოდ 15%) შედარებით, ხოლო საარჩევნო ბარიერის (1%) გადალახვის პერსპექტივა კიდევ ათიოდე პარტიას ესახება. ოპოზიციური ძალები კოალიციის შექმნის გზით, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას იმედოვნებენ, მაგრამ ასეთი შანსის არსებობის შემთხვევაშიც კი, ძალიან ბუნდოვანია, როგორ შეძლებენ კოალიციის შექმნას არსებული შიდა დაპირისპირებისა და საჯარო უთანხმოებების ფონზე. საეჭვოა, რომ ე.წ. „ფასადური ერთიანობის“ პირობებში, ოპოზიციამ შეძლოს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას.

ამასთან, საარჩევნო პროგნოზების გაკეთებისას, გასათვალისწინებელია ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა, ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირებული გადაუწყვეტელი ამომრჩეველის დიდი პროცენტული მაჩვენებელი (NDI-ის კვლევაში, ეს მაჩვენებელი არის 59%, დანარჩენ კვლევებში საშუალოდ 25%-ის ფარგლებში) და მრავალრიცხოვანი ემიგრანტების არჩევანი, რომელთა ხმაც საერთოდ არ არის კვლევებში ასახული. შესაბამისად, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებენ ისინი არჩევანს, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული არჩევნების საბოლოო შედეგები.

საარჩევნო აქტივობა

ზემოაღნიშნული კვლევების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (საშუალოდ 80% პროცენტი). ეს კი ნიშნავს, რომ მოქალაქეების ინტერესი მოახლოებული არჩევნების მიმართ არის ძალიან მაღალი. ისინი ერთის მხრივ, მოტივირებულნი არიან მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებებით, რაც თავად საარჩევნო სისტემის შეცვლას უნდა მოჰყვეს. მეორეს მხრივ, არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებით, ამომრჩეველს სურს, ერთგვარი შეფასება დაუწეროს განვლილი პერიოდის მანძილზე, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის საქმიანობას.

ამომრჩეველთა მოტივაციასა და პოლიტიკურ ქცევაზე, საინტერესო მიგნებები აქვს „საარჩევნო სისტემების შედარებითი კვლევების საერთაშორისო გაერთიანებას“ (CSES), რომელიც 1996 წლიდან შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო სისტემებს, ამომრჩეველთა ქცევის მოდელებს, საარჩევნო გარემოს, მოდერნიზაციის გავლენას საარჩევნო პროცესებზე და ა.შ. CSES-ის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მკვლევარები ასკვნიან, რომ არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკური მონაწილეობის მოტივირებას ახდენს (ჯ. კარპი და კ. მილაცო, 2016), რაც საქართველოს შემთხვევაში, ცხადად სახეზეა. იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხულა უმრავლესობას არჩევნებზე წასვლა გადაწყვეტილი აქვს, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ დასმულ კითხვებზე, ისინი უმთავრეს აქცენტს სწორედ ეკონომიკურ პრობლემებზე აკეთებენ. რესპონდენტები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისგან ეკონომიკური საკითხების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან. NDI-ის კვლევაში, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას მიიღებს მხედველობაში, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის.

პოლიტიკური ქცევის მკვლევარების თანახმად, ამომრჩეველთა ინტერესს პოლიტიკური კონკურენციაც ასტიმულირებს და შესაბამისად, ზრდის ამომრჩეველთა აქტივობას. როდესაც არჩევნები არ არის კონკურენტული, ინტერესი და ჩართულობა მოსახლეობის მხრიდან არის დაბალი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, ისეთი აქტიური და მრავალპარტიული კონკურენცია, როგორიც მიმდინარე წელს არის, უპრეცედენტოა.

რატომ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევები მნიშვნელოვანი?

ბოლო ოცწლეულის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური კულტურის მოდერნიზაცია და ეტაპობრივი განვითარება მიმდინარეობს, მზარდია მოსახლეობის პოლიტიკური ჩართულობა და შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა საარჩევნო კონტექსტში, უფრო მეტ დატვირთვას იძენს. თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო მეტი მოქალაქე ინტერესდება პოლიტიკური საკითხებით, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნის სათავეში მყოფი და გადაწყვეტილების მიმღები პირების საქმიანობა, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უშუალო გავლენას ახდენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ორიენტირებს იძლევა, რომლის ჭკვიანურად გამოყენება შეუძლია როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას. როგორც წესი, ეს არ არის მხოლოდ პერსონალური ან პარტიული რეიტინგები, კვლევებში ასევე ასახულია ის ძირითადი პრობლემატიკა, რაც საზოგადოებაში არსებობს და რომლის გადაჭრასაც მოქალაქეები პოლიტიკაში ჩართულ აქტორებს უკვეთავენ (მაგალითად, ეკონომიკური საკითხები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). მოცემულ პრობლემებზე ორიენტირება და მათ გადაჭრაზე მუშაობა, ბუნებრივია, უფრო მეტ მხარდამჭერს შესძენს მმართველ გუნდს საარჩევნოდ, ისევე როგორც ოპოზიციას შეუძლია წარმატებით გამოიყენოს ის ჩავარდნები, რაზეც მოქალაქეები ხელისუფლებას მიუთითებენ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასურველი იქნება, თუ ცალკეული პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში, მეტ ყურადღებას დაუთმობენ სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რომელთა ციფრები, შესაძლოა, ზუსტი არ იყოს, მაგრამ ცდომილების პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ძირითად ტენდენციებს და საჭირო მინიშნებებს ყოველთვის იძლევა.

ანა ჯაფარიძე

01.10.2020
ნახვა 597

კომენტარები