მთავარი უსაფრთხოება დაHAHAვებული კორონავირუსი

დაHAHAვებული კორონავირუსი

რატომ არ სჯერა მოსახლეობას კორონავირუსის სტატისტიკის?
30.09.2020
ნახვა 584

პანდემიის დაწყებიდან მეექვსე თვეს, საქართველოს მოსახლეობას აღარც მმართველი ძალის სჯერა, აღარცსამი მუშკეტერის“, და, შესაბამისად, აღარც ოფიციალური სტატისტიკის. სოციალურ მედიაში, კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ ამბებზე, „HAHA რეაქცია ჭარბობს, სკეპტიკური დამოკიდებულებაა კომენტარების სექციაშიც. ვითარების სერიოზულობასა და სირთულეში მოსახლეობის დიდ ნაწილს ვეღარც ქართველივანდერ ვუმენის“, მარინა ეზუგბაიას ყოველდღიური ჩართვებისას გამკაცრებული ტონი და სახე არწმუნებს. გაძლიერებული სკეპტიციზმის პარალელურად, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი, 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოკორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წარმატებული მოდელი

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, რასაც მალევე მოჰყვა საბავშვო ბაღებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა. აიკრძალა შეკრებები, ქალაქში გადაადგილება, დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ჩაიკეტა საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ქვეყანაში შემოსული პირებისთვის, დაწესდა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი. 21 მარტს, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, სააღდგომო დღესასწაულებზე კი ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესდა შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზეც. 31 მარტისთვის, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, სრულ კარანტინში ცხოვრობდა, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 110 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან მოიხსნა, დაიწყო ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენა მთელი რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებით. 15 ივნისიდან გაიხსნა შიდა ტურიზმიც, ხოლო კორონავირუსის დაბალი გავრცელების გამო, პირველი ივლისიდან, ევროკავშირმა საჰაერო საზღვრები გაუხსნა საქართველოს მოქალაქეებს.

კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის გამო, დადებითი შეფასებები მიიღო საქართველოს მთავრობამ პარტნიორებისგან. წარმატებული საქმიანობისთვის, ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ კი ცალკე სტატია მიუძღვნა საქართველოსსამ მუშკეტერსდაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს პაატა იმნაძეს და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს.

მთავრობის მხირდან გადადგმულ ნაბიჯებს, დადებითად აფასებდა საქართველოს მოსახლეობაც, რაც აისახა კიდეც მმართველი გუნდის გაზრდილ რეიტინგში. თუკი იანვარში მოსახლეობის 20% უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ივლისში ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 39% - მდე ავიდა. შესაბამისად, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს არჩევნებამდე დაინფიცირებულთა დაბალი მაჩვენებლისა და კარგი კრიზისმენეჯერის იმიჯის შენარჩუნებას. როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითები აჩვენებს, ქართულმა ოცნებამ ნამდვილად გამოიყენა კორონავირუსი საკუთარი კერძო ინტერესებისთვის და ამაში დიდი წვლილი ქართველ ეპიდემიოლოგებსაც მიუძღვით.

პოლიტიზირებული კორონა

სტაბილური ეპიდმდგომარეობის არსებობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში პირველ ოქტომბრამდე დატოვა. Factcheck.ge-ის მონაცემებით, ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველოს ფრენების რაოდენობით, სომხეთის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. შედეგად, წელს, ტურისტული სეზონი ქვეყანაში, ფაქტობრივად, ჩავარდა. ინფორმაციისთვის, ტურიზმის ინდუსტრიამ მხოლოდ გასულ წელს 3,2 მილიარდი დოლარი მოუტანა ქართულ ეკონომიკას. რატომ დატოვა საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად, 72 ათასამდე, არაოფიციალურად კი ამ სექტორში ათი ათასობით თვითდასაქმებული ადამიანი მნიშვნელოვანი შემოსავლების გარეშე?

ქვეყნის დაბოქლომებამ შემოსავლები შეუმცირა ან უმუშევრად დატოვა სხვა თვითდასაქმებულებიც, ძიძები, რეპეტიტორები, ხელოსნები, მუშები, მოვაჭრეები და .. ამ ადამიანთა რიცხვი კი 840 ათასამდეა. საბოლოოდ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64%-ს კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამოწვევებს, ხელისუფლებამ სხვადასხვა დახმარების პროგრამით უპასუხა, თუმცა, მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. პირველ რიგში ეს ეხება იპოთეკური სესხების დაფინანსების პროგრამას. მაშინ, როდესაც დახმარების მიღმა დარჩა ემიგრაციიდან დაბრუნებული მოსახლეობა და თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საშუალო და მაღალშემოსავლიან მოსახლეობას სახლების ყიდვაში დახმარებოდა.

კითხვის ნიშნებს იწვევს კარანტინის მომსახურებაზე სასტუმროებთან გაფორმებულ გაუმჭვირვალე კონტრაქტებიც. რა დამსახურების გამო შეარჩია სახელმწიფომ სასტუმროები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში? რატომ იხარჯება ათი ათასობით დოლარი უსაფრთხო ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებზე ან კორონავირუსით ინფიცირებულ, მაგრამ უსიმპტომო პაციენტების კარანტინში ყოფნაზე? ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, უსიმპტომო პაციენტს მეათე დღეს შეუძლია თვითიზოლაციის შეწყვეტა, რადგან აღარ არიან ვირუსის გამავრცელებლები. საქართველოში თვითიზოლაციის უფლება წართმეულია, კარანტინიდან კი მხოლოდ მას შემდეგ უშვებენ პაციენტებს, რაც PCR ტესტი ორჯერ აჩვენებს უარყოფით შედეგს. არის შემთხვევები, როდესაც უსიმპტომო პაციენტები კვირებით რჩებიან სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში. რატომ არ ცვლის ეპიდემიოლოგთა გუნდი რეკომენდაციას, რომელიც გააუქმებდა სასტუმროების დაქირავების საჭიროებას და დაზოგავდა მნიშვნელოვან თანხას?

პანდემიის დაწყების დღიდან, ზემოთხსენებული „სამი მუშკეტერი“ და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, ორკესტრირებულად აანონსებდნენ „მომავალ მძიმე ორ კვირას“. გავრცელებული მესიჯები, ნამდვილად დაეხმარა ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვების დაწესებასა და შემდგომში წარმატებული კრიზის მენეჯერის იმიჯის ჩამოყალიბებაში. ეპიდგუნდის მიმართ იმედგაცრუების პიკი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე მათი გამოჩენა იყო. ხელისუფლებასთან აფილირებამ და ერთ ხმაში საუბარმა, უდაოდ გააქრო ნდობა ეპიდგუნდისადმი და დღეს, როდესაც მდგომარეობა რეალურად მძიმეა (ცნობისთვის, სექტემბერში უფრო მეტი დაინფიცირებულია, ვიდრე წინა ექვს თვეში ერთად), მოსახლეობა აღარც რეკომენდაციებს იცავს (რაც, ცალსახად ცუდია) და აღარც „სამი მუშკეტერისა“ და „ვანდერ ვუმენის“ გამკაცრებული ტონის სჯერა.

მთავრობისა და ეპიდგუნდის მიმართ ნდობის გაქრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სელექციური „დაბოქლომება“ და არათანმიმდევრულობაც იყო. 17 შემთხვევის გამო, რომელთა უმრავლესობა თბილისიდან იყო ჩატანილი, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, ხოლო აჭარაში, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა უფრო მეტი ინფიცირებულია ვიდრე დანარჩენ საქართველოში, მინიმალური შეზღუდვები დაწესდა.

მართველი გუნდის წარმატებული მენეჯერობის ისტორია აქ მთავრდება, უფრო გაღარიბებული საქართველოს რეალური ბრძოლა კორონავირუსთან კი ახლა იწყება, სამწუხაროდ, ნდობადაკარგულ ეპიდგუნდთან ერთად.

ჟანა სირბილაძე

30.09.2020
ნახვა 584

კომენტარები