მთავარი ეკონომიკა როგორ გავზარდოთ ექსპორტი

როგორ გავზარდოთ ექსპორტი

იმ პრობლემების გამო რასაც COVID-19 იწვევს ადგილობრივ ბაზრებზე, ექსპორტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
16.09.2020
ნახვა 446

ქართული ექსპორტის პოტენციალი

COVID-19 დიდ ზიანს აყენებს მსხვილ და მცირე კომპანიებს, ბიზნესებსა და საწარმოებს. საგანგებო მდგომარეობამ, შიშმა საზოგადოებაში, დახურულმა მაღაზიებმა, ბარებმა და კაფეებმა, უარყოფითად იმოქმედა ქართულ ბიზნესზე. როდესაც ადგილობრივი ბაზარი შეფერხებულია, ქართული ბიზნესი საზღვრებს მიღმა უნდა იყურებოდეს.

ექსპორტი ყოველთვის განიხილებოდა როგორც პრიორიტეტი და წარმატების საწინდარი ქართულ ბაზარზე, მაგრამ, შინ ბიზნესის კეთების სიმარტივემ და კომფორტმა, შესაძლოა კომპანიები ექსპორტის მიმართულებით ნაკლებად აქტიურები გახადა. ყოველივე ეს გასაგებია - ენობრივი ბარიერები, მუშაობის განსხვავებული მიდგომები და ეთიკა, კონკურენცია, მაღალი სატვირთო ხარჯები. თუმცა, ამჟამად ქართულ კომპანიებს გადარჩენისთვის ექსპორტის მიღმა გზა არ აქვთ. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართული პროდუქტი კარგად არის ცნობილი. თუმცა, შეიძლება ზუსტად ეს იყოს მიზეზი, რის გამოც კომპანიებმა მეტი ფინანსური რესურსი და დრო უნდა დახარჯონ ექსპორტის პოტენციალის გაზრდაზე.

რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა და რას სთავაზობს საქართველოს მთავრობა მათ?

ნებისმიერმა კარგად დამკვიდრებულმა კომპანიამ იცის, რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში სტაბილური პარტნიორის პოვნა. ყველა ბაზარს აქვს საკუთარი წესები, სამუშაო ეთიკა, სავაჭრო ბარიერები. ექსპორტისას ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაბიჯია პირველადი კონტაქტი. ეს შრომატევადი სამუშაოა და რაც უფრო მეტი წარუმატებლობა აქვს კომპანიას ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი უნდა სცადოს.

სანამ ეგრედწოდებულ „ცივ ზარებს“ განვახორციელებთ ან სტანდარტულ მეილს დავუგზავნით Google-ში მოძებნილ კომპანიებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს რას ვაკეთებთ. საჭიროა მკაპიო ექსპორტის სტრატეგია, საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპების უკეთესად გაგება, საერთაშორისო გადაზიდვის დეტალების დაზუსტება. ამ თვალსაზრისით, სასარგებლო ინსტრუმენტია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ მომზადებული ექსპორტის ონლაინ კურსი. კურსი იძლევა საბაზისო ინფორმაციას ბაზრის კვლევის, ექსპორტის სტრატეგიის, Incoterms-ის, ხელშეკრულებების დადების, ლოგისტიკის და რაც მთავარია, უცხოეთში პარტნიორების შენარჩუნების გზების შესახებ. ყოველივე ეს 10 მარტივი მოდულის საშუალებით ხდება.

მას შემდეგ რაც კომპანიას ექნება სტრატეგია, ეცოდინება პროცედურები და ეყოლება თანამშრომლები ექსპორტზე სამუშაოდ, გასათვალისწინებელია ამ კომპანიის საქონლის/მომსახურების უპირატესობები. აქ საუბარია უნივერსალურ უპირატესობაზე და არა პროდუქტის სპეციფიურ მახასიათებლებზე. თუ კომპანიამ შეისწავლა სამიზნე ბაზარი, იცის რომელ მესამე ქვეყნებთან ექნება კონკურენცია, აშკარა უპირატესობაა დაბალი იმპორტის გადასახადი. მართალია, რომ სხვა ქვეყნების სამართლებრივ-ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს მონაცემთა ბაზები, რომლებიც ამ ინფორმაციას უფასოდ, ლოგიკურად და მარტივად გვაწვდიან.

მსგავსი მონაცემთა ბაზებიდან ერთ-ერთია Market Access Map, რომელიც ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე რეგულარულად ექვემდებარება განახლებას. ამ საიტის საშუალებით, კომპანიებს შეუძლიათ ადვილად განსაზღვრონ ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ბეგრავენ მათ საქონელს. ასევე, შეგიძლიათ გაფილტროთ არამარტო ქვეყნების მიხედვით, არამედ პროდუქტების მითითებით (HS კოდები). სასურველი ქვეყნების უფრო მარტივი იდენტიფიცირებისთვის, მონაცემთა ბაზის დამატებითი ფუნქციაა ტარიფების ნახვა რუკაზე (იხ. სურათი #1).

სურათი #1

წყარო: https://www.macmap.org/

კიდევ ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ონლაინ პლატფორმებზე დარეგისტრირება, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ერთ-ერთი ასეთი საიტია Trade with Georgia, სადაც ძირითადი ქართული საექსპორტო სექტორები ხელმისაწვდომია უცხოური კომპანიებისთვის - საკვები და სასმელები, მძიმე მრეწველობა, ქსოვილები, მომსახურება, ქიმიკატები და ფარმაცევტიკა.

რასაკვირველია, არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც პოტენციურ პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრა, მათთვის სარგებელის და უპირატესობების პირადად ახსნა.

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო გამოფენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პოპულარულ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, როგორიცაა CIIE (ჩინეთი), GULFOOD (დუბაი), SIAL (ადგილმდებარეობა იცვლება) ძვირი ჯდება. პატარა პერსონალური ჯიხური, 5 კვ.მ, შეიძლება ღირდეს 20,000 აშშ დოლარამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრანსპორტისა და ცხოვრების ხარჯებზე. „აწარმოე საქართველოში“, ქართული ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტო, ეხმარება კომპანიებს მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მიღებაში. თუ კომპანია აკმაყოფილებს მათ მიერ შემუშვებულ კრიტერიუმებს, სააგენტო სრულად აფინანსებს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობის ხარჯებს. მსგავსი ღონისძიებები ამართლებს, რადგან თავად სააგენტოს აქვს წარმატების ისტორიები. ქართული კომპანიების კიდევ ერთი მოკავშირე შეიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები ან უცხოური სამთავრობო სააგენტოები, მაგალითად USAID, რომელიც თანადაფინანსებით უზრუნველყოფს ცხოვრების ხარჯებს გამოფენებზე ყოფნის დროს. COVID-19-ის გამო გამოფენები დროებით შეფერხებულია ან შეჩერებული, მაგრამ მსგავსი შესაძლებლობები უნდა გვახსოვდეს, მას შემდეგ რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მსოფლიოში დასტაბილურდება.

რისი გაკეთება შეიძლება დამატებით?

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანიებისთვის მრავალი დახმარების მექანიზმი არსებობს, საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად რამდენიმე დამატებითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. წარმოვიდგინოთ, რომ „აწარმოე საქართველოში“-ს და სხვა დონორების დახმარებით, მცირე ზომის კომპანია ხვდება საერთაშორისო გამოფენაზე, მოიპოვებს 40-ზე მეტ კონტაქტს სხვადასხვა ქვეყნიდან. შემდგომ მოლაპარაკებებს შეიძლება დასჭირდეს თვეების განმავლობაში სატელეფონო ზარები, ელექტრონული ფოსტით მიმოწერა, ფასებით ვაჭრობა და გარკვეულ მომენტში, საჭიროა ნიმუშების მიწოდება. DHL-ის (ან ნებისმიერი სხვა გადამზიდი კომპანიის) მეშვეობით მხოლოდ ერთი კილოგრამის ნიმუშების გაგზავნა შეიძლება 100 აშშ დოლარამდე დაჯდეს. თუ დაამატებთ იმ ფაქტს, რომ კომპანიას შესაძლოა 40-50 ნიმუშის გაგზავნა მოუწიოს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს შეიძლება ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს ფარგლებში შეიძლება ინტეგრირდეს სპეციალური ფონდი, რომელსაც შეეძლება დააფინანსოს კომპანიები, რომლებსაც სათანადო ფინანსური რესურსები ნიმუშების გასაგზავნად არ აქვთ.

კიდევ ერთი დამატებითი ზომაა მესამე ქვეყნების სავაჭრო პლატფორმებზე ფოკუსირება. საქართველოში შექმნილი პლატფორმები, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ ქართულ საიტებზე დამოკიდებულება, როგორიცაა „Trade with Georgia“, არაა საკმარისი. დიდ ბაზრებს აქვთ საკუთარი სავაჭრო პლატფორმები. ერთ-ერთი კარგი მაგალითია https://www.1688.com. ეს საიტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩინური სავაჭრო პლატფორმაა და Alibaba-სგან განსხვავებით, იგი შექმნილია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებისთვის. ეს პლატფორმა მრავალ შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ მოითხოვს კომპანიების დარეგისტრირებას ჩინეთში, ძვირია და აქვს ხანგრძლივი რეგისტრაციის პროცესი. საქართველოს მთავრობის დახმარებით შეიძლება შეიქმნას ანგარიში, სადაც ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეეძლება პროდუქციის ჩვენება, ფასების მითითება და პოტენციური პარტნიორებისთვის საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება. ეს პლატფორმები ძალიან სასარგებლოა კომპანიებისთვის და კერძო-საჯარო პარტნიორობა მსგავს პროექტებზე შეიძლება იყოს მომგებიანი და ეფექტიანი.

გიორგი ლომთაძე

16.09.2020
ნახვა 446

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

ექსპორტის პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს.
4 თვე