მთავარი პოლიტიკა არის ძალა ჩვენს ერთობაში?

არის ძალა ჩვენს ერთობაში?

აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემები საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის კონტექსტში.
14.09.2020
ნახვა 391

Divide et Impera

მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ჰიბრიდულ ომთან დღესდღეობით დეზინფორმაცია და „მწვანე ჯარისკაცები“ უფრო მეტად ასოცირდება, იგი ვირტუალურად არაა შეზღუდული რომელიმე კატეგორიით, ამიტომ, ძირგამომთხრელი საქმიანობა, შეიძლება, გაცილებით უფრო რთულად გასაფილტრი მიმართულებებიდან განხორციელდეს. საუკუნეებმა, შესაძლოა, ტაქტიკა და ტექნოლოგია შეცვალა და დახვეწა, თუმცა ბმა „დაყავი და იბატონე“ პრინციპთან თვალშისაცემია. დაქსაქსული, ერთიანობამორღვეული სახელმწიფო სუსტი სახელმწიფოა, ასეთი კი, მარტივი საკონტროლებელია.

დღესდღეობით, როდესაც სიტყვის თავისუფლება მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში მეტ-ნაკლებად გარანტირებულია, შეიძლება ჩანდეს, რომ საზოგადობებში არასდროს ყოფილა ამდენი კონფლიქტი შეხედულებების და ღირებულებების გარშემო. რა გასაკვირია, როდესაც ფაქტის სისწორეზე, ხშირად თავად თვითმხილველებიც ვერ თანხმდებიან და ზოგადად სიმართლის ცნების აღქმა დიდწილად ტრანსფორმირდა. აქ, ამ თემას მხოლოდ ზედაპირულად შევეხებით, რადგან ეს არის კონტექსტში, რაც ერთიანობის მიღწევას ართულებს, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი იდეალურ სამიზნეს წარმოადგენს, მათთვის ვინც საზოგადოების უფრო მეტად გათიშვითაა დაინტერესებული, იმ დონემდე, რომ მათ დაივიწყონ ყველაფერი ის, რაც აერთიანებთ და ფოკუსირდნენ მხოლოდ განსხვავებებზე.

მთელი მისი ნაწილების ერთობაზე მეტია

ვინაიდან ერთიანობის მოშლის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ძალისხმევას, მხოლოდ საზოგადოების მეტად კონსოლიდირება შეიძლება ეფექტურად დავუპირისპიროთ, მოდით გავაანალიზოთ არსებული ვითარება საქართველოში ეთნიკური უმცირესობების, ინტეგრაციის კუთხით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა ავიღოთ მაგალითად. ამ ორი ჯგუფის მაგალითი, ბუნებრივია მხოლოდ ნაწილია საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფების ინტეგრირების კუთხით საქართველოში არსებული პრობლემებიდან, თუმცა, ამ მაგალითით დაწყება შემთხვევითი არაა. ეს, თითქოს, უხილავ პრობლემად იქცა, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ ამ ჯგუფების მიღმა ამ პრობლემას სხვა არავინ განიცდის და მეორე მხრივ, დღის წესრიგი სხვა, ერთი შეხედვით, უფრო მწვავე პრობლემებითაა გადატვირთული. ამის მიუხედავად, პრობლემაა, როდესაც ქვეყანა თავისი მოსახლეობის ნაწილთან კავშირს კარგავს, საზოგადოებაში ჯგუფები ერთმანეთისგან დისტანცირდებიან და თითქოს ესეც არ იყოს საკმარისი, გვაკვირდება მეზობელი, რომელსაც ზუსტად ამ შედეგზე უნდა გასვლა.

თუ პრობლემას უფრო ზოგადად შევხედავთ, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთ ინდიკატორად, შესაძლოა, პოლიტიკაში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში მათი ჩართულობის დონე გამოვიყენოთ. თუ, გარკვეული ჯგუფები თავს არ თვლიან სახელმწიფოს ნაწილად ან გარკვეული ობიექტური გარემოებების, მაგალითად, სახელმწიფო ენის არასათანადოდ ცოდნის გამო, ვერ ახერხებენ ამ სფეროებში ჩართვას, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო აშორებს მათ ტიტულოვანი ჯგუფებისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული წარმომადგენლობითობის კონტექსტში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეს პრინციპი ვერ იმუშავებს სათანადოდ, თუ არ იარსებებს სათანადო ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ან არ იქნება, სულ მცირე, ინტერესი ამ პროცესისადმი. შედეგი კი იქნება ის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის თუ საპარლამენტო არჩევნები იქცევა ფორმალობად და არჩეულ პირებს არ ექნებათ ის ფართო მანდატი, რაც ეთნიკური უმცირესობების ხმას შესაბამისი ფორმით მიიტანს აღმასრულებელ შტომდე.

ამ პრობლემის მოგვარებაზე ამ ეტაპამდე გაწეული ძალისხმევა ხელშესახებს არაფერს აჩვენებს. აშკარაა, რომ აქამდე განხორციელებული პროექტები (ქართული ენის უფასო კურსები, 1+4 პროგრამა და სხვა) არ ხასიათდება საკმარისი ეფექტურობით, თითქოს მათ მიზანი ევროკავშირის რეგულაციების ფორმალური დაკმაყოფილება უფროა, ვიდრე აშკარად გამოკვეთილი პრობლემის ეფექტურად მოგვარება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზოგადოებაში არსებული განცდა, რომ ეს მწვავე პრობლემას არ წარმოადგენს, თითქოს ეს მათი პრობლემაა, ვინც არაა ინტეგრირებული. ამასთან, გამომდინარე იქიდან რომ ასეთი ჯგუფები კომპაქტურად არიან დასახლებულები, ეს კიდევ უფრო ასუსტებს პრობლემის სიმძაფრის შეგრძნებას. შედეგად, საზოგადოებიდან არაა საკმარისი მოთხოვნა და მხოლოდ ცალკეული არასამთავრობოები თუ ახსენებენ ამ თემას. ამას მივყავართ იქამდე, რომ 1+4 პროგრამით საქართველოს უმაღლესი სასწავლების კურსდამთავრებულებს ემიგრაციისკენ უჭირავთ თვალი, ეს როგორც წესი ან რუსეთი ან თურქეთია. ვიღაც იტყვის, იგივე პრობლემა ეთნიკურ ქართველებსაც აქვთ და ზოგადად ქვეყნის რთული ეკონომიკური ფონითაა განპირობებული, თუმცა ეს არ იქნებოდა კარგი შედარება. ეთნიკურ უმცირესობები საქართველოში ვერ ახერხებენ შრომით ბაზარზე თანაბრად კონკურირებას, განსაკუთრებით მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე, რაც მათ ალტერნატივებს საგრძნობლად ამცირებს. სახელმწიფოს ვალია ამ უთანასწორობის შემცირებას იზრუნოს და აქ ენა იმდენად არაა პრობლემა, რამდენადაც ზოგადად საშუალო განათლების დონე.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ორივე ჯგუფის უმრავლესობა რუსულ ენას უკეთ ფლობს, ვიდრე ქართულს, ეს ფაქტი კი ყურადღებას იმსახურებს. იმ ფონზე, რომ ვერ მოხერხდა სრულფასოვანი ქართული მედია წყაროების ჩამოყალიბება რომელიც უმცირესობებს ინფორმაციას რუსულ ენაზე მიაწოდებდა, მათთვის რჩება ერთადერთი ალტერნატივა – რუსული მედია საშუალებები. ეს ის მედიაა, რომ საქართველოს ხსენებისას არ ივიწყებს ნატოს «სამხედრო ავანტიურებს», აშშ-ის ქართულ პროექტს, ტრადიციული ოჯახის ძირგამომთხრელ ევროპის ფასეულობებს და ვირუსის თუ ბიოლოგიური იარაღის გამავრცელებელ ლუგარის ბიო-ლაბორატორიას. ასეთი ინფორმაცია უკეთეს შემთხვევაში დააბნევს ამ ვიწრო ჯგუფებს, უარეს შემთხვევაში კი, გაუღრმავდებათ უნდობლობა ხელისუფლების და საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინც ამ შეხედულებებს არ იზიარებს. ხოლო იმ ნაწილის კი, რომელიც ცდილობს გარკვეულწილად პოლიტიკურ აქტივობას, მხარს დაუჭერს პრო-რუსულ პარტიებს (ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი), რომელთა მთელი კამპანია ანალოგიურ სლოგანებზეა აგებული.

კრემლის ზეწოლის წერტილები

რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა სამთავრობო ფონდების მეშვეობით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რუსული თემის გაერთიანებაში და კრემლთან მიმაგრებაში. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია და ყველა სხვა ქვეყნები დიასპორის რესურსებს აქტიურად იყენებს ლობისთვის, თუ სხვა მიზნებისთვის. თუმცა, აქ დიასპორის ინსტრუმენტალიზაცია დასავლეთთან გლობალური დაპირისპირების კონტექსტში ხდება. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სადაც მნიშვნელოვანი იყო რუსული უმცირესობების რაოდენობრივი წილი მთლიან მოსახლეობაში. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ბევრი მათგანი შენელებული მოქმედების ბომბად იქცა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ლატვიაში და ესტონეთში, სადაც ლიტვასთან შედარებით დიდი იყო რუსული უმცირესობის წილი. წლების განმავლობაში მათ ინტეგრირებულობის პრობლემებს კრემლი ზეწოლისთვის იყენებდა. ამის კულმინაცია 2007 წელს ტალინში მომხდარი სისხლიანი შეტაკება გახდა. დღემდე რუსული უმცირესობის კონცენტრირება ცალკეული ქალაქებში და რეგიონებში დაუცველობის განცდას აღვივებს თვით ამ ნატოს წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ.

საქართველოს შემთხვევაში რუსული უმცირესობა არ წარმოადგენს ფაქტორს, რადგან რაოდენობრივად 0.7%-ს არ აღემატება, თუმცა სხვა ეთნიკური ჯგუფები, ანალოგიური მიზნებით შეიძლება გამოიყენონ, რათა საზოგადოებაში შიდა კონფლიქტი გაღვივდეს, რაც უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება ასევე გადაიზარდოს მეზობლებს შორის დაპირისპირებაშიც. ამის გამოძახილია, პრო-რუსული პარტიების განცხადებები, თითქოს აზერბაიჯანი მიწებს გვართმევს, აჭარას თურქეთი გვართმევს და ა.შ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგადად საზოგადოებებისთვის, და არა აუცილებლად საქართველოსთვის, მცდარად გარკვეული გარემოებების მოცემულობებად მიღების ტენდენციაა დამახასიათებელი. თითქოს მათი მოქმედებისგან დამოუკიდებლად გარკვეული ღვთაებრივი წყობა, თუ ხასიათის თავისებურება, ცვლილებას არ დაექვემდებარება და დარჩება, ასე, მარადისობამდე. ამ პრობლემებს ხშირად ართულებს ვიწრო და ზედმეტად სწორხაზოვანი ხედვა, მოუქნელი შეხედულებათა სისტემათა და ჯამში რეალობასთან აცდენილი სურათი. ეს პრობლემა კი, საზოგადოებიდან ხელისუფლების შტოებში გადაედინება და გამოდის არასათანადო ანალიზზე დაფუძნებული არასათანადო სტრატეგია, რაც გასაგებია სადაც მიგვიყვანს. დეზინფორმაციის ეპოქაში, სწორედ ასეთ შედეგზე აქვთ გათვლა “Fake News”-ების შემოქმედებს. ხშირად, მათი ნაწილის ზედაპირულობა და აშკარა მიზანი თავს დაცულად გვაგრძნობინებს და გულუბრყვილოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა როგორც ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, ყველას მათგანს თავისი აუდიტორია აქვს. ნაწილი მათ დაუჯერებს და უფრო მეტიც, თავად შეეცდება სხვების გადარწმუნებას, ანუ თავად გახდება დეზინფორმაციის აგენტი.

ცვლილებები ქვემოდან ზევით

პოლიტიკის სტრატეგია იდეალურ შემთხვევაში რეალობის ობიექტურ ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს. იდეალი კი, არა დანიშნულების ადგილი, არამედ მიმართულებაა. თუ აღმასრულებელ დონეზე ხდება აშკარა პრობლემის იგნორირება ან არასათანადო პრიორიტეტიზაცია, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების ვალია მათ ეს დაკვეთა გაუგზავნოს. იმ ფონზე, როდესაც საუკუნოვანი ტოლერანტობით ვამაყობთ, შეუფერებელია, რომ ეთნიკური ჯგუფები ინტეგრაციის პრობლემებს განიცდიდნენ და თვითრეალიზაციის გზებს სხვა ქვეყნებში ეძიებდნენ. თუ ამ ეტაპზე მათი მხრიდან მხოლოდ ჩუმი პროტესტია, რუსეთის ჰიბრიდის სრულად გააქტიურების შემდეგ, ამან შესაძლოა სხვა, უფრო მეტად გამოხატული, ფორმა მიიღოს. ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პროაქტიულობა უალტერნატივოა, თუმცა პირველი ეტაპი პრობლემის არსებობის გაცნობიერება, რაც ამ ეტაპზე არ იგრძნობა. სანამ იქნება აღქმა, რომ გამოქვეყნებული ანგარიშებით ორგანიზაციები ჭეშმარიტ პრობლემას კი არა, გრანტის გამართლებას ცდილობენ, საკითხი მოუგვარებელი დარჩება.

საჭიროა ისეთი პროგრამების რაოდენობის და დაფინანსების გაზრდა, რომლებიც ზუსტად იქნება ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული. ამასთან, აშკარაა, რომ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დეფიციტი უნდა ეტაპობრივად აღმოიფხვრას. ეკონომიკური კუთხით, სამეწარმეო პროექტებში პირველ ეტაპზე გამართლებული იქნება კვოტირების სისტემის შემოღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. რუსული გავლენის შემცირებისთვის, საჭიროა მედია კონტროლის გაძლიერება რუსულ დეზინფორმაციის არხებზე და მათი ქართული ალტერნატივების რეალურად და არა მხოლოდ ფორმალურად ჩამოყალიბება. ეს ყოველივე ის საწყისი ნაბიჯებია, რომელიც სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს და ეტაპობრივად ამ ჯგუფები საზოგადოებაში მეტად ინტეგრაციის მასტიმულირებელი გახდება.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

14.09.2020
ნახვა 391

კომენტარები