მთავარი პოლიტიკა მღელვარება ცხინვალში და ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად

მღელვარება ცხინვალში და ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ბიბილოვს შეცდომები შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
12.09.2020
ნახვა 455

ფოტო: cominf.org

სამართლიანობის რევოლუციადშეფასებული საპროტესტო მოძრაობა ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა უკვე 2 კვირაა, რეგიონში შექმნილ რთულ კრიმინოგენურ ვითარებას აპროტესტებს და უშედეგოდ ითხოვს, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასევე ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას. ადგილობრივთა მღელვარება მ/წ 28 აგვისტოს დაიწყო, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორში, ფიზიკური დაზიანებების მიღების შედეგად, 30 წლის ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა. გარდაცვლილი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე 8 პირი უკვე დააკავეს. მოსახლეობა, ე.წ. ოპოზიციურ ძალებთან ერთად, მიუკერძოებელ გამოძიებასა და დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მომხდარის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა .. პრემიერ-მინისტრი, ერიკ ფუხაევი და მთავრობა დაეთხოვა. თანამდებობა დატოვა ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ნანიევმაც.

სამაგიეროდ, დღემდე გადადგომას არ აპირებს გენ-პროკურორი, ურუზმაგ ჯაგაევი და ოპოზიციის წარმომადგენლებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ემუქრება. მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს იგი პოსტს, თუ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, ალან გაგლოევი (პარტია „ნიხასი“), დავიდ სანაკოევი და რამდენიმე სხვა ე.წ პარლამენტარი, მანდატს დატოვებენ და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. რამდენ ხანს გაგრძელდება ჯაგაევის წინააღმდეგობა, ალბათ ბიბილოვის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად.

მოსახლეობისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილ ინალ ჯაბიევთან ერთად დაკავებულ ნიკოლაი ცხოვრებოვს, რომელმაც ძალოვანების მხიდან ასევე ფიზიკური ძალადობის შედეგად ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო, სიარული აღარ შეუძლია. 5 სექტემბერს, ანატოლი ბიბილოვი ცხოვრებოვის დედას შეხვდა და დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულს რუსეთში სამკურნალოდ გაგზავნიან.

ბიბილოვის შერყეული პოზიციები და ვიზიტი კრემლში

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი, თავიდანვე დიდი სიფრთხლით მოეკიდა რეგიონისთვის ფართომასშტაბიანი (2000-მდე მონაწილე ცხინვალის რეგიონისთვის საკმაოდ დიდი ციფრია!) აქციების გამართვას. მან ჯაბიევის საქმეში მონაწილე პირთა დასჯისა და „პირად კონტროლზე“ აყვანის პირობა დადო, მოგვიანებით კი, მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით, ე.წ. დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. თუმცა, აღნიშნულ დაპირებებს ადგილობრივთა მოთხოვნები და საპროტესტო ტალღა არ შეუსუსტებია.

დე ფაქტო ლიდერის შემდეგი ნაბიჯი იყო „მთავრობის მხარდამჭერთა“ კონტრ-აქციის გამართვა, სადაც ბიბილოვი თავად გამოვიდა სიტყვით და შეეცადა, დანაშაულის ისრები ოპოზიციისკენ გადაეტანა. როგორც მან განაცხადა, „ზოგიერთი ძალა ამ ტრაგედიიდან პოლიტიკას ქმნის“, ხოლო რამდენიმე პარლამენტარი, რომელიც ქუჩაში დგას და მის გადადგომას ითხოვს, თავად წარმოადგენენ კრიმინალებს და მათი სახელები მრავალ საქმეში ფიგურირებენ.

ცხადია, ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და თავს იმართლებს, რომ იგი „ხალხმა აიჩია“. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, უმეტესად იძულების გზით შეკრებილ მხარდამჭერთა აქცია იმის დემონსტრირებას ემსახურებოდა, რომ იგი „ხალხის რჩეულია“ და მოსკოვს ბიბილოვის „სახალხო მხარდაჭერა“ დაენახა.

მოსკოვმა ბიბილოვს არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა, რადგან ამ ეტაპზე, რეგიონში „პოლიტიკური ცვლილებები“ კრემლის ინტერესებში არ შედის. აქციების დაწყებიდან 1 კვირაში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა ცხინვალში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა ბიბილოვთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. მოგვიანებით, ნურგალიევმა განაცხადა, რომ ცხინვალში შექმნილი სიტუაცია „ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება“ და არ გამორიცხა, საზღვრის გახსნის შემდეგ, იგი პირადად ეწვიოს ცხინვალს. 7 სექტემბერს, ბიბილოვი, რამდენიმე „მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად“, მოსკოვში დაიბარეს. ბიბილოვს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დიმიტრი კოზაკი შეხვდა, რომელიც ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ოფიციალური ვერსიით, შეხვედრაზე მათ სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, თუმცა, ცხადია, მათი საუბარი უპირველესად, ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ვინ წარმოადგენს ოპოზიციურ ფლანგს?

ცხინვალში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სათავეში ოპოზიციური პარტიანიხასის" თავმჯდომარე, ალან გაგლოევი უდგას. გაგლოევამდე ნიხასისთავმჯდომარედავით სანაკოევი იყო, რომელიც პარტიის პარლამენტში შესვლის შემდეგ, მალევე გადააყენეს და მის ნაცვლად, გაგლოევი დანიშნეს. დავით სანაკოევი (ამჟამად პარლამენტარის სტატუსით) მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული და ბიბილოვს მწვავედ უპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით, გაგლოევი, სანაკოევზე მეტად მისაღები ფიგურაა რუსეთისთვის და გამორიცხული არ არის, შემდეგ არჩევნებზე სწორედ მან ჩაანაცვლოს ბიბილოვი. ადგილობრივთა შეფასებით, პარტიას საზოგადოების მხარდაჭერაც აქვს. შესაბამისად, „ნიხასის“ ლიდერი აქტიურად ცდილობს, თავი მოაწონოს კრემლს, რათა მისი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შანსები, სამომავლოდ, კიდევ უფრო გაიზარდოს.

აქციების ფონზე, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ეუარდ კოკოითიც გამოჩნდა ოპოზიციურ ველზე. მან დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ნანობს საკუთარ საქციელს, როდესაც ის ბიბილოვს მხარდაჭერას უცხადებდა. მისი შეფასებით, მოქმედმა დე ფაქტო ლიდერმა ომი გამოუცხადა საკუთარ ერს, ამიტომ ბიბილოვს გადადგომა მოსთხოვა. ინფორმაციისთვის, კოკოითი არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რუსეთში ცხოვრობდა და ამჟამად იგი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტობისთვის“, აუცილებელი მოთხოვნაა, ბოლო 10 წლის მანძილზე რეგიონში ცხოვრება, რის გამოც, კოკოითს ერთხელ უკვე ეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

ადგილობრივთა აზრით, ედუარდ კოკოითს აქვს გარკვეული პოტენციალი, რომ ოპოზიციას შეუერთდეს და დე ფაქტო მთავრობაში დაბრუნდეს. ასევე, არ გამოირიცხება ალან გაგლოევისა და ედუარდ კოკოითის გაერთიანება, ახალი დე ფაქტო ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების მიზნით.

რა იქნება ხვალ?

ოკუპირებულ ცხინვალში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში შექმნა წარმოდგენა, რომ დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმა, იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის უკან შესაძლოა, დე ფაქტო პრეზიდენტი და ძალოვნები იდგნენ. ეს ყველაფერი კი, დიდი ალბათობით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ოპოზიციის დისკრედიტაციის სურვილს უკავშირდება. ოპოზიციასთან ბრძოლის უჩვეულო მეთოდი ბიბილოვმა 2019 წლის ე.წ.აპარლამენტო არჩევნებამდეც გამოიყენა: მან გაუგონარი მიზეზებით, ყველა არასასურველი არასაპარლამენტო პარტია დახურა და არცერთ ახალ პარტიას არ მისცა რეგისტრაციის უფლება

ფაქტია, რომ ბიბილოვმა და მასთან დაკავშირებულმა ჩინოვნიკებმა, საზოგადოების თვალში ლეგიტიმაცია დაკარგეს და გარე ძალების დახმარების გარეშე, დე ფაქტო ლიდერს პოსტის ხანგრძლივად შენარჩუნება გაუჭირდება. საპროტესტო მუხტის სიმწვავიდან გამომდინარე, რუსეთი შეეცდება რეგიონში სიტუაცია აკონტროლოს, ხოლო თუ ბიბილოვი ვითარების მშვიდობიან მართვას ვერ შეძლებს, კრემლს მის ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, არ გაუჭირდება.

ცხინვალში მიმდინარე პროცესებზე, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას გავლენის ბერკეტები არ აქვს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დასახმარებლად მიმართოს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წერილობით მიმართა გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რომ თავიდან იქნას აცილებული ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯაბიევის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტი, მხოლოდ ბიძგი იყო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომ ბიბილოვის მთავრობის მიმართ უკმაყოფილება გამოეხატათ. მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითმენს არამხოლოდ ე.წ. მთავრობისა და ძალოვანების თავგასულობას, არამედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ყოველდღიური პრობლემები კი, პანდემიის პირობებში, რუსეთთან მიმოსვლის ჩაკეტვის ფონზე, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ექსპერტმა, ოკუპირებულ ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს, მისი სიმწვავიდან გამომდინარე, „სამართლიანობის რევოლუციაც“ კი უწოდა. მართალია, „რევოლუცია“ გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ კარგად გამოხატავს იმ უსამართლო მდგომარეობას, რაშიც ადგილობრივებს უწევთ ცხოვრება. ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ახლოვადიან პერსპექტივაში, ვადამდელი ე.წ. არჩევნების დანიშვნამდე მივიდეს საქმე, მაგრამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, კრემლი ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს, დიდი ალბათობით, გადაანაცვლებს.

ანა ჯაფარიძე

12.09.2020
ნახვა 455

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

რა სურს სოხუმს? - ოკუპირებული აფხაზეთი თბილისს დიალოგს სთავაზობს

რა იმალება შემოთავაზებული დიალოგის მიღმა?
7 თვე