მთავარი პოლიტიკა „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანია რუსული ინსტრუქციით

„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანია რუსული ინსტრუქციით

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი, „დოსიე“ და აჭარული ბილბორდების სკანდალი.
02.09.2020
ნახვა 425

ფოტო: @ ირმა ინაშვილი 

ინაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის სკანდალური სტარტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო მარათონში, მისთვის დამახასიათებელი სკანდალური სტილით და არც თუ ისე პატრიოტული სულისკვეთებით ჩაება. ყველასთვის მოულოდნელად, პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული კონტაქტების საშუალებით, ბუნდოვანი მიზნითა და მანევრებით, „ჰუმანიტარული მისია“ განახორციელა, მოგვიანებით კი წინასაარჩევნო ბლბორდებზე, აჭარის პოტენციური ოკუპაცია წარმოგვიდგინა. იმავდროულად, რუსულმა საგამოძიებო პორტალმა „დოსიემ“, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების რუსული წყაროების შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა. „დოსიეს“ ანგარიშების მიხედვით, კრემლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, „პატრიოტთა ალიანსს“ კონკრეტულ ინსტრუქციებს აძლევს.

პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ხან მუქარის ტონით, ხანაც სარკაზმით, ცდილობს უარყოს რუსეთთან კავშირები და ანტიპიარის აგორებაში, ტრადიციულად, წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში კიდევ უფრო გამყარდა შეხედულება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სწორედ კრემლის სცენარით მოქმედებს და არჩევნებზე რუსული „რბილი ძალის“ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

პატრიოტთა ალიანსი“ 8 სექტემბერს, მასშტაბური პრეზენტაციის გამართვას გეგმავს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარტიის სამოქმედო გეგმა, დიდი ალბათობით, შემდეგ თემატიკას დაეყრდნობა:

  • ოკუპირებული ტერიტორიების „შემორიგების“ პოლიტიკდა ნეიტრალიტეტის მოთხოვნა (რუსული სცენარით);
  • მართლმადიდებლურ-რელიგიურ ასპექტებზე განსაკუთრებული აქცენტირება;
  • წინა ხელისუფლების კრიტიკა და ანტიდასავლური პროპაგანდა.

კრახით დასრულებული პილიგრიმული მისია

18 აგვისტოს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. რამდენადაც ცნობილია, ვიზიტის ორგანიზება, პირადი რუსული კავშირების საშუალებით, დავით თარხან-მოურავმა უზრუნველყო. ვიზიტის ოფიციალური მიზანი, ჰუმანიტარული იყო და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის ღვთისმშობლის ხატის გადაცემას ემსახურებოდა. ინაშვილს მასპინძლობა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, ლაშა საკანიამ გაუწია, რომელმაც ვიზიტდან რამდენიმე დღეში, თანამდებობა დატოვა. საკანიას განმარტებით, „მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან“ მას თანადგომა სთხოვეს, ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადაეცათ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ინაშვილის „პილიგრიმული მისია“ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა, რის გამოც, მათ საჩუქარი არ მიიღეს და ხატის უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტით უკამყოფილო დარჩნენ ასევე ადგილობრივი ოპოზიციური ჯგუფებიც. ე.წ. აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის „არუაას“ წევრები, აღნიშნული საკითხის განსახილველად, დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდნენ და იმ პირების დასჯა მოითხოვეს, რომლებიც ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. „არუაას“ წევრების მტკიცებით, აღნიშნული ვიზიტით ადგილობრივი კანონი დაარღვია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს რეგიონში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ.

ინაშვილმა, როგორც ჩანს, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი უშუალოდ მოსკოვთან შეთანხმებით დაგეგმა, რამაც ადგილობრივთა გულისწყრომა გამოიწვია. გასაიდუმლოებული ვიზიტის გამო, მას არც ქართული საზოგადოების მხრიდან დაკლებია კრიტიკა, რასაც პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით!“

აფხაზებისა და ქართველების შერიგების სურვილის ქონა კარგია, მაგრამ ჩნდება დიდი კითხვის ნიშნები, თუ ვისი ინიციატივით გადაწყვიტა „პატრიოტთა ალიანსმა“ აფხაზებთან „ჩატეხილი ხიდის“ აღდგენის მისიის საკუთარ თავზე აღება, თანაც გასაიდუმლოებულ ვითარებაში?!

ინაშვილი რუსულ კავშირების „დოსიე“

24 აგვისტოს, რუსი ბიზნესმენის და ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პორტალმა „დოსიემ“, ორ ნაწილიანი ანგარიში გამოაქვეყნა,1 რომლის თანახმადაც პატრიოტთა ალიანსს" წინასარჩევნოდ, კრემლი აფინანსებს.

დოსიემ“ გამოაქვეყნა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური ხარჯთაღრიცხვა, წინასაარჩევნო მეთოდოლოგია, რომელიც კვლევის ავტორთა თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის, საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერლის, ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან მოიპოვეს. გავრცელებულ დოკუმენტების ასლებში ჩანს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად 8.4 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტი გაგზავნა. „დოსიეს“ მიხედვით, პარტიას კონსულტაციას უწევს კომპანია POLITSECRETS და პოლიტექნოლოგი სერგეი მიხეევი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილში საუბარია პარტიის ლიდერის აფხაზეთში ვიზიტის გეგმასა და იმ თეზისებზე, რაც უნდა გაეჟღერებინათ ინაშვილისა და გიორგი ლომიას, მათ შორის, სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და ნეიტრალიტეტზე, როგორც ომის თავიდან აცილების გზაზე. ამასთან, როგორც „დოსიე“ წერს, „პატრიოტთა ალიანსსა“ და მათ რუს კურატორებს შორის ხშირია უკმაყოფილება, არასათანადოდ შესრულებული დავალებების გამო.

გავრცელებულ ანგარიშს ინაშვილმა „აბსურდული“უწოდა და სარკაზმული ვიდეომიმართვით „კრამერ-სააკაშვილ-ბოკერია-კუროპტევ-ლევშიც-ხოშტარიას ბუკეტი“2 დეზინფორმაციაში დაადანაშაულა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი, გამოქვეყნებული დოკუმენტების საფუძველზე, გამოძიების დაწყება და „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვეს. მართალია, ინაშვილი დოკუმენტების ავთენტურობას უარყოფს, მაგრამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიის დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

აჭარის ოკუპაცია პარტიის საარჩევნო ბილბორდებზე

აგვისტოს ბოლოს, აჭარაში გამოჩნდა „პატრიოტთა ალიანსის“ წინასარჩევნო ბანერები, რომლებზეც აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად და გაკეთებული აქვს წარწერა „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო!“ ირმა ინაშვილი განმარტავს, რომ ადგილი აქვს შიდა ან გარე პროვოკაციას, რადგან წინასაარჩევნო პლაკატის დიზაინი განსხვავებულია იმისგან, რაც პარტიას სურდა დაებეჭდა. მისი ვერსიით, არასწორად დაბეჭდილი ბანერი გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის დავალებით, მის პარტიაში მყოფმა, მოსყიდულმა პირებმა გააკრეს. ამავდროულად, ინაშვილს მიაჩნია, რომ აჭარის ოკუპაციის საფრთხეზე მითითება „ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ“ მიმართული ქმედებაა. თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაცპატრიოტთა ალიანსი“ თურქეთის მხრიდან აჭარაში მიზანმიმართულ ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე საუბრობს.

ბანერის საკითხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრის, ასევე საზოგადოების მხრიდან. „შმატრიოტები“ - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის ლიდერი, ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერს.

ფოტო: @ ნინო რიჟამაძე

„მოდით, ერთად ვიცინოთ!

პარტიის პრორუსულობის ამბავი ახალი არ არის, არც რუსული დაფინანსების შესაძლებლობა გაკვირვებია დღეს ვინმეს, გასაკვირი ის არის, რომ ამომრჩეველთა 5%-ისთვის, ეს მისაღებიც კი არის (ვისი წყალობითაც, „პატრიოტთა ალიანსი“ 2016 წელს პარლამენტში მოხვდა). თუმცა, საინტერესოა ის მიდგომა, რასაც კრემლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იყენებს და როგორ გეგმავს ამ ყველაფრის შენიღბვას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ხელით. „მოდით, ერთად ვიცინოთ!” - მოუწოდებს პარტიის ლიდერი პოტენციურ ამომრჩეველს, გამოაშკარავებული რუსული კავშირების გასაქარწყლებლად. თუმცა, როცა საქმე არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხება, ამომრჩეველს უფრო მეტი სერიოზულობა, ნაკლები სიცილი და კარგად დაფიქრება მართებს.

ანა ჯაფარიძე

1 https://dossier.center/georgia/?fbclid=IwAR0fTKPgWdq_I_MA6xgwNXGkjSPK41Y02AeHbjCIwH-iee9gHvH0LNd9uk0

2 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი; ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი ეგორ კუროპტევი; აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცი „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ მკვლევარი, ნიკოლაი ლევშიცი.

02.09.2020
ნახვა 425

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

რა სურს სოხუმს? - ოკუპირებული აფხაზეთი თბილისს დიალოგს სთავაზობს

რა იმალება შემოთავაზებული დიალოგის მიღმა?
5 თვე