მთავარი საგარეო პოლიტიკა ბელორუსული ზაფხული

ბელორუსული ზაფხული

რატომ უნდა დააკვირდეს საქართველო მინსკში მიმდინარე მოვლენებს?
29.08.2020
ნახვა 496

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც რიგითი “ფორმალური” საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც “ევროპის ბოლო დიქტატორის” მანდატი უნდა გაეხანგრძლივებინა, მინსკის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანის პროტესტში გადაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა 80 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ, მხოლოდ 10.

საპროტესტო ტალღა, რომელიც არჩევნების შედეგის გამოქვეყნებას მოჰყვა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ რაც, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას ერთ-ერთი დემონსტრანტი ემსხვერპლა. ამასთან, გავრცელდა ცნობები იზოლატორებში დაკავებულთა წამებასა და ძალადობის შემთხვევების შესახებ. მომინტინგეებზე ძალადობას მკვეთრი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ და ევროპელმა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლების ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა ბელორუსის, უკვე ყოფილმა ელჩმა სლოვაკეთში და ღიად დაგმო მათ მიმართ ძალადობა. თავად ლუკაშენკომ აქციები დასავლეთიდან დაფინანსებულ კამპანიად შერაცხა და სრული სიმკაცრით დასჯას დაპირდა ამ გეგმის შემოქმედებს და მონაწილეებს, მათ შორის, ჟურნალისტებს და მეშახტეებს. ყოველივეს გათვალისწინებით, აშკარაა, რომ 26 წლიანი მმართველობის განმავლობაში ბელორუსის ლიდერი ასეთი გამოწვევის წინაშე არ დამდგარა.

ბელორუსი ფართო კონტექსტში

ის, რაც ბელორუსის ქეისს განსაკუთრებულს ხდის, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და საგარეო არენაზე მისი უნიკალური პოზიციონირებაა. წლებია მინსკი ლავირების აქტიური პოლიტიკით რუსეთს და დასავლეთს შორის ურთიერთობას აბალანსებდა. სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით ახერხებდა ლუკაშენკოს ხელისუფლება, რომ ორივე მხრიდან სარგებელი მიეღო.

წლების განმავლობაში ბელორუსი რუსეთისგან ბუნებრივ აირს საბაზროზე დაბალ ფასად იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ამ საკითხზე დავას ჰქონდა ადგილი. ამის პარალელურად, მინსკი აღრმავებს ურთიერთობებს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო ბელორუსის ექსპორტის 40% სწორედ რუსეთზე მოდის. ამის მიუხედავად, მინსკი ინარჩუნებს წითელ ხაზებს, რაც კარგად გამოჩნდა ორი ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციაზე უარით. მეორე მხრივ, ბელორუსი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაშია ჩართული და თუმცა უკრაინის მსგავსად ღიად არ აფიქსირებს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, ამ გზით, ინარჩუნებს ბერკეტს რუსეთთან ურთიერთობაში. ნატოს წევრებით გარშემორტყმული ბელორუსი რუსეთისთვის ბუნებრივ ბუფერად რჩება, აქედან გამომდინარე ბელორუსის ახლო ორბიტაში შენარჩუნება კრემლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ აუცილებლობას იაზრებს ლუკაშენკო და მას ვაჭრობის ინსტრუმენტად აქცევს, თუმცა, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. რადიკალური სიტუაციები კი, რადიკალურ ზომებს საჭიროებს.

აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელობა ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში დამატებით ხაზგასმას არ საჭიროებს. რადგან ლუკაშენკო საპროტესტო აქციებს დასავლეთისგან ინსპირირებულად აღიქვამს, ბუნებრივია, ეს გარემოება მას კრემლთან კიდევ უფრო აახლოებს. ამასთან ლუკაშენკო შეშფოთებულია ლიტვაში და პოლონეთში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნებით, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება ადგილზე სიტუაციის ესკალაციის შემაკავებელი იყოს, თუმცა არც საპირისპიროს სრულად გამორიცხვა შეიძლება. არსებულ მდგომარეობას აქვს პოტენციალი გახდეს დესტაბილიზაციის ახალი კერა აღმოსავლეთ ევროპაში, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს, ამიტომ სიფრთხილე საჭიროა, როგორც საჯარო განცხადებებში, ისე კონკრეტულ ნაბიჯებში.

რატომ არის განვითარებები ბელორუსში საყურადღებო საქართველოსთვის?

ეს საკითხი რამდენიმე კომპონენტად შეიძლება დავყოთ. პირველ რიგში, ეს რუსეთის დასავლეთთან გლობალური დაპირისპირების ლოკალური ფორმაა. თუ ამჟამად რუსეთს არ აქვს აბსოლუტური კონტროლი ბელორუსზე, ყოველ შემთხვევაში, იმდენი, რამდენიც მას სურს და რაც ბელორუსის ცალკეულ «ურჩობებში» გამოიხატება საპროტესტო აქციების შედეგებმა ეს, შესაძლოა, შეცვალოს. ამ ეტაპზე, დასავლეთი მაინც ინარჩუნებს ბელორუსზე ზემოქმედების ბერკეტებს, რომელიც კონკრეტული სარგებელის სანაცვლოდ ბელორუსის სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობაში გამოიხატება. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ბელორუსი, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, სავარაუდოდ აღარ იარსებებს. ერთ-ერთი სცენარი რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება იქნება, რაც, თავის მხრივ, რუსეთის უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკაში გარდაისახება და ბუნებრივია საქართველოსთვის ეს საფრთხის შემცველია. ეს იქნება რუსეთის პოზიციების გამყარება სამეზობლოში და მესიჯი დასავლეთისთვის, რომ კრემლი გავლენის სფეროს არ თმობს. მოსალოდნელია, რომ ასეთ სცენარში კრემლი კიდევ უფრო გაააქტიურებს ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტებს, რის შედეგსაც ყველა იგრძნობს. ამასთან, ბელორუსზე ბერკეტის დაკარგვის შედეგად დასავლეთს გამოეცლება ახალი პოტენციური პლაცდარმი დემოკრატიის პროლიფერაციისთვის.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, უარყოფილი გვერდითი მოვლენა, რაც ბელორუსში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას შეიძლება მოყვეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხეა. ლუკაშენკომ ღიად განაცხადა, რომ განიხილავდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რასაც რუსეთი მისგან დაჟინებით მოითხოვდა და თუ მას დავუჯერებთ, მისი გადარწმუნება მხოლოდ ხავიერ სოლანამ მოახერხა სანქციების დაწესებით დაშინებით გზით. ამჟამად მოქმედებს აშშ-ის კონგრესის ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი, რომელიც ზღუდავს აშშ-ის მიერ იმ ქვეყნების ფინანსურ დახმარებას, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფაქტორი საკმარისი აღმოჩნდეს აღიარების რისკის არიდებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გავლენა ბელორუსში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბელორუსის სრულად მოქცევა რუსეთის გავლენის სფეროში უარყოფითად აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტზე. იგი ამჟამადაც არ ხასიათდება კონსენსუსის მაღალი დონის და მასში მონაწილე ქვეყნებს განსხვავებული მზადყოფნის დონე აქვს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ამასთან, ორი მათგანი, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ღია საომარ დაპირისპირებაშია და ორივე სახელმწიფოში დიდია რუსეთის გავლენა. როგორც ევროკავშირთან დაახლოების ინსტრუმენტი, საქართველოს ინტერესებშია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ეფექტური ფუნქციონირება. რუსეთის გავლენის ზრდა მის წევრ ქვეყნებში ასუსტებს კოლექტიურ ნებას, რომ მოხდეს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ინტეგრაცია ევროკავშირთან.

ტესტი დასავლეთისთვის

სპეკულაციები იმაზე, მოხდება, თუ არა რევოლუცია და ბელორუსიის დემოკრატიზაცია, ამ ეტაპზე, ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი იქნება გამოცდა დასავლეთის უნარისთვის ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, თუნდაც ეს რადიკალური, რევოლუციური გზით მოხდეს. პოსტ-საბჭოთა სივრცე დემოკრატიზაციის უნარით, ახლოს აღმოსავლეთს ბევრად უსწრებს, თუმცა აქაც დასავლეთის თანმიმდევრული როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბელორუსია იქნება ლაკმუსის ქაღალდი, იმის გამოსავლენად, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ პროდასავლურ ძალებს მთლიანად რეგიონში.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა ბელორუსს პროტესტის ჩახშობაში, აჩვენებს რომ მომიტინგეები პირდაპირ კრემლის გავლენას და ინტერესებს უპირისპირდებიან. ეს სიგნალია ოპოზიციის ლიდერებისთვისაც, რომელთა სიცოცხლეც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ კრემლი ამ ზომას გამართლებულად ჩათვლის. თუ კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა, რაც ამ ეტაპზე სათუოა და ლუკაშენკოს მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნებას მოახერხებს, მოსალოდნელია, რომ დაიწყება ოპოზიციის ლიდერების მასობრივი დევნა, რაც მათ სხვა ქვეყნებში თავშესაფრის ძიებას აიძულებს და ეს ტიხონოვსკაიას შემთხვევაში უკვე დავინახეთ.

ბელორუსის ამჟამინდელ ხელისუფლებას ვერ ექნება იმის იმედი, რომ იგი გააგრძელებს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს და ამაზე დასავლეთს, რაიმე ფორმით, რეაქცია არ ექნება. ამჟამად, ეს მხოლოდ დიპლომატიურ ზეწოლაში გამოიხატება, თუმცა სიტუაცია უარესდება. ათასობით დაკავებულ დემონსტრანტთან ერთად, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას უკვე 4 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, ევროკავშირი რეაგირების გარეშე არ დატოვებს ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დარღვევას. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს ლუკაშენკოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

კრემლის მცდელობებზე, რომ დესტაბილიზაციის ახალი კერები გააჩინოს აღმოსავლეთ ევროპაში, წარსულში არ იყო ადეკვატური რეაქცია ევროპის დედაქალაქებიდან. საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ქეისები ამის დემონსტრირებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსი თვისობრივად განსხვავებული ქეისია დანარჩენებისგან, არ უნდა მოხდეს წარსული შეცდომების გამეორება და დროა დასავლეთმა რიტორიკა რეალობად აქციოს. მტკიცე და პრინციპული პოზიცია იქნება იმის წინაპირობა, რომ ბელორუსის ხელისუფლება კომპრომისზე წამოვიდეს და ოპოზიციასთან დიალოგით ოპტიმალური შეთანხმების მიღწევა მოხდეს.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

29.08.2020
ნახვა 496

კომენტარები