მთავარი პოლიტიკა სააკაშვილი ბრუნდება - კიდევ ერთხელ

სააკაშვილი ბრუნდება - კიდევ ერთხელ

27.08.2020
ნახვა 539

პატრიარქის შემოდგომა

მიმდინარე წილის 27 აგვისტოს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში, მორიგი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა.

ვიდეოში განსხვავებული მიშაა: დავარცხნილი, მოწესრიგებული, ღია ფერის მკერდამდე შეხსნილ პერანგში, დროდადრო საქართველოს რუკის ფორმის გულსაკიდი უჩანს.

მიმართვის ტონი მშვიდია, მახვილები კარგად გათვლილი, ტემპი დამაჯერებელი, - დენადი.

პეიზაჟში, პაბლო ნერუდას ფერები და ჰემინგუეის მზის ჩასვლა, ნოსტალგიისა და სიშორის შერწყმა, წარსულისა და აწმყოს გზაგასაყარი, საქართველოს დროშით ფიქსირდება.

სააკაშვილი დროშის წინ დგას, საუბრობს უკრაინაზე როგორც სახლზე და საქართველოზე, როგორცმთავარ სახლზე“. ამბობს რომ უკრაინაში ცხოვრების 7 წელიწადში ბევრ რამეზე დაფიქრდა, ბევრი რამეც გადააფასა. საუბრობს შეცდომებზე, რომელიც დაუშვა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს შეცდომები ხალხის კეთილდღეობისთვის გულწრფელი შრომის გვერდითი ეფექტი იყო. პირველად, მთელი ამ დროის განმავლობაში - წარსულის გამო ბოდიშსაც იხდის.

ბოლოს ამბობს მთავარს: „მე ვბრუნდები“!

ძალაუფლება

აბრაამ ლინკოლნი თვლიდა, რომ ადამიანის ბუნების გასაგებად, ყველაზე მოკლე გზა მისთვის ძალაუფლების მიცემაა. ლინკოლნის სიტყვები არაერთი კვლევით დასტურდება. როგორც მეცნიერთა ნაწილი ამბობს, ძალაუფლების მქონე ადამიანები ხშირად ეთიშებიან საზოგადოებას და მოვლენების პერსპექტივაში ხედვის უნარი უქვეითდებათ. ლიდერები კარგავენ ემპათიას, ჰგონიათ, რომ მათი საკუთარი აზრი არის გარემო კონტექსტის შემოქმედიც და გზამკვლევიც.

ძალაუფლების დაკარგვა დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, დიქტატორებს, ხშირად ურჩევნიათ მოკვდნენ, ვიდრე ხელისუფლება სხვას დაუთმონ.

მიხეილ სააკაშვილი კვაზი-დიქტატორი იყო. დასავლეთს რომ უფლება მიეცა, ალბათ სრულმასშტაბიან ავტორიტარულ რეჟიმს დაამყარებდა. როგორც კი წავიდა ხელისუფლებიდან, ძალაუფლების ახალი წყაროს ძიებაში, უკრაინას მიაშურა. თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტობის შემდეგ, ოდესის გუბერნატორობა, ისეთი დაქვეითება იყო, როგორიც სტაჟიანი ნარკომანისთვის დოზის განახევრება; მეტი მოინდომა და პრეზიდენტმა პოროშენკომ ქვეყნიდან გაისტუმრა.

სააკაშვილისთვის ცხადია: უკრაინა არ არის ქვეყანა, სადაც ის „ძველ დიდებას“ დაიბრუნებს.

ნოსტალგია

დაბრუნება ბერძნულად ჟღერს როგორც νόστος (nóstos), ტკივილი არის λγος (álgos), ხოლო ორივე ერთად ნოსტალგია გამოდის. სააკაშვილს ძალაუფლების ნოსტალგია აქვს. მიხვდა, თუ მიახვედრეს, რომ კიევიდან რევოლუციის აგრესიული მოწოდებები კონტრპროდუქტიულია. რამდენიმე კვირის წინანდელი მისივე მიმართვების ტონი და ბოლო მიმართვის შედარება საკმარისია და ვნახავთ, რომ ცვლილება ბოლო შვიდი წლის ფიქრის შედეგი კი არ არის, არამედ, „ახალი მიშას ჩასახვის“ მარტივი, თან საოცრად გულუბრყვილო მცდელობაა.

თავად ვიდეო, როგორც ჩანს, სენტიმენტალური უკრაინული, ან რუსული პოპ-მუსიკის პროდიუსერებს დაუკვეთა, სცენარისტები, ალბათ ქართველები არიან. „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორებს რომ თავი დავანებოთ, „მთავარ არხზე“ მეზღაპრეების მთელი გუნდი ჰყავს.

****

მიმართვის კომიკურობა, „ქართულ ოცნებას“ არ გამოეპარა, მმართველმა გუნდმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სააკაშვილის ვიდეო დამცინავი კომენტარით: “miha hamodiii” - გააზიარა.

ლაშა მაჭარაშვილი

27.08.2020
ნახვა 539

კომენტარები