მთავარი პოლიტიკა რა სურს სოხუმს? - ოკუპირებული აფხაზეთი თბილისს დიალოგს სთავაზობს

რა სურს სოხუმს? - ოკუპირებული აფხაზეთი თბილისს დიალოგს სთავაზობს

რა იმალება შემოთავაზებული დიალოგის მიღმა?
27.08.2020
ნახვა 1260

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მესიჯ-ბოქსი

ოკუპირებულმა აფხაზეთმა, ახალი დე ფაქტო პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში, ქართულ მხარესთან დიალოგის სურვილი არაერთხელ გამოხატა. ბოლო პერიოდში, ე.წ. პრეზიდენტი, „მთავრობის მეთაურიდა უშიშროების საბჭოს მდივანი“, ერთმანეთის მიყოლებით აჟღერებენ თბილისთან „კეთილმეზობლური“ ურთიერთობის დამყარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის წინადადებებს, რასაც თავის მხრივ, არაერთგვაროვანი რეაქციები ახლავს აფხაზ მოსახლეობაში. ასლან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლების პერიოდში, შედარებით მეტი აქცენტი კეთდება გალის რაიონში მაცხოვრებელ ქართველებზე და მათთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებაზე.1

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ძირითადი მესიჯ-ბოქსი საქართველოს კონტექსტში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თბილისთან დიალოგის აუცილებლობა, მათ შორის, ახალი ფორმატების საშუალებით;
  • ეკონომიკური ინტერაქციის საჭიროება, თუნდაც კერძო კომპანიების დონეზე;
  • ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

 

ასლან ბჟანია - „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას საჯარო გამოსვლებში, ზემოაღნიშნული საკითხები ხშირად ჟღერს. „პრეზიდენტის“ სავარძლის მორგებამდეც, მან არაერთხელ გამოხატა ურთიერთობის „დათბობის“ სურვილი, თუმცა მთავარ აქცენტს ყოველთვის თბილისის მხრიდან „ახალი რეალობის აღქმასა“ და „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე“ აკეთებდა. ამჯერად, მის რიტორიკაში „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხი, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოთხოვნამ ჩაანაცვლა.

ჯერ კიდევ იანვარში, სანამ ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური მღელვარება მინელდებოდა, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ბჟანიამ საქართველოსთან ნებისმიერი ფორმატის დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“. მოგვიანებით, ბჟანიამ მოლაპარაკებებისთვის საჭირო „ორმხრივი მოედნის“ საჭიროებაზე კვლავ ისაუბრა, რაც ჰუმანიტარულ/სამედიცინო თუ ეკონომიკური კავშირების აქტივიზაციის საჭიროებით ახსნა. მისი განცხადებით, თანამშრომლობა, თუნდაც კერძო კომპანიებს შორის, უნდა გაფართოვდეს. ბჟანიას აღელვებს, რომ „ოფიციალური ურთიერთობის არქონის გამო“, მილიარდობით რუბლის ღირებულების საქონელი საქართველოს დანარჩენ ნაწილთან კონტრაბანდის სახით მოძრაობს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტს ზიანს აყენებს.

3 ივლისს, რუსულ გამოცემა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში, ბჟანიამ საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი საქართველოს ხელისუფლებისგან არ ითხოვს „აფხაზეთის სახელმწიფოს“ აღიარებას, მაგრამ თვლის, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებზე დიალოგის წინაპირობას შექმნის.

საგულისხმოა, რომ ბჟანია, საკუთარ ინტერვიუებში, ყოველთვის ცდილობს ხაზი გაუსვას, თითქოს ოკუპირებული აფხაზეთი და მისი მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობებით, მაგრამ „პრობლემა მათში არ არის“ და საქართველოს ხელისუფლებას „არაკონსტრუქციული“ პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ბჟანია გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ შერბილებული პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს. 24 ივნისს, მან გალის რაიონის მოსახლეობას, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კონსტანტინ ფილია წარუდგინა და იქ მცხოვრებთ დაჰპირდა, რომ გალის რაიონი „უყურადღებოდ არ დაჩება“.

სერგეი შამბა - „სადაც კონფლიქტია, იქ ლაპარაკიც საჭიროა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი“, ამჟამად კი „უშიშროების საბჭოს მდივანი“, სერგეი შამბა, საკუთარ განცხადებებში ყოველთვის ხაზს უსვამს თბილისთან დიალოგის აუცილებლობას. შამბა თვლის, რომ „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის“ შესახებ კომპრომისი ქართული მხარის მიერ არ იქნება, თუმცა სხვა საკითხების გადაჭრა, დიალოგის გზით მას შესაძლებლად მიაჩნია. 19 აგვისტოს, სერგეი შამბამ „რადიო სპუტნიკთან“ ინტერვიუში, თბილისთან მოსალაპარაკებელ შესაძლო საკითხთა შორის, საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობაზე შეთანხმება, აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტისა და სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლების თემები დაასახელა. „სადაც კონფლიქტია, იქ ლაპარაკიც საჭიროა“, - განაცხადა შამბამ და აღნიშნა, რომ ეს მისი ურყევი პოზიციაა.

უშიშროების საბჭოს მდივანი“ აუცილებლად მიიჩნევს ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების ლეგალიზებასა და „საზღვარზე“ საბაჟო კონტროლის დაწესებას. მართალია, შამაბა არარეალურად მიიჩნევს თბილისთან რაიმე სავაჭრო შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლებლად აფასებს „საზღვარზე“ საჭირო გადასახადების დაწესებით, ტვირთების გაკონტროლებას და შემოსავლის მიღებას.

8 აგვისტოს, შამბამ „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვან გამოცემა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუდმივ მტრობაში ცხოვრება შეუძლებელია, დიალოგს კი ალტერნატივა აქ აქვს. დიალოგის დაწყების შესაძლებლობად, იგი არაფორმალურ გარემოში, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მოლაპარაკებებს განიხილავს. ამასთან, მან პარალელი გაავლო „შლაინინგის ფორმატთან“, როდესაც საზოგადო მოღვაწეები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ზოგჯერ, აღნიშნულ არაფორმალურ შეხვედრებში სახელმწიფო მოხელეებიც მონაწილეობდნენ.

შამბას განცხადებით, უნდა შეწყდეს გალში ქართველების შევიწროება და ადგილობრივებს აფხაზური პასპორტები დაურიგდეთ. „ისინი უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, რათა მათ მხარი დაუჭირონ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ისე რომ ისინი მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და მათ იგრძნონ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები არიან და არა – დევნილები ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა შამბამ.

ალექსანდრე ანქვაბი„უსამართლოა, გალის მაცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი, ანალოგიურად, მშვიდობიანი მეზობლობისადა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოწოდებებით გამოდის. ანქვაბი, ისევე როგორც დე ფაქტო მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუხედავად თბილისთან დიალოგის საჭიროებისა, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხს რავისთან განიხილავს“.

13 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესთან“ საუბარში, ანქვაბმა განაცხადა, რომ გალში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც აფხაზეთის წინააღმდეგ არ უბრძოლია, აფხაზეთის მოქალაქეებად მიიჩნევს და უსამართლობა უწოდა მათთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევას. აღნიშნული განცხადების გამო, აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“-მ, ანქვაბს „საქართველოს ინტერესების ლობირებაშიც“ კი „დასდო ბრალი“.

რას უნდა ელოდოს თბილისი?

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წევრების ზემოაღნიშნული ძირითადი გზავნილების მიღმა, სინამდვილეში მარტივად მისახვედრი მიზანი იკვეთება - ოკუპირებული აფხაზეთის „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის“ ლეგიტიმაციის გამყარების სურვილი. აფხაზური მხარის პოზიცია, თითქოს უფრო კეთილგანწყობილნი არიან ქართველების მიმართ და დიალოგი სურთ - არ ნიშნავს, რომ აფხაზურ სეპარატიზმთან მიმართებაში, მათი მიდგომა რაიმე სახით შეიცვალა. ეს ყველაფერი დიდი რუსული სცენარის ნაწილია, რომელიც გულისხმობს, თბილისისა და სოხუმის ერთი-ერთზე, თანაბარი პარტნიორების - ორი სახელმწიფოს რანგში, დიალოგის მაგიდასთან დარჩენას და მოლაპარაკებების წარმოებას მესამე მხარის გარეშე. ამ მიზანსვე ემსახურება დიალოგის ახალი ფორმატების შეთავაზება, რათა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის ფაქტორი როგორმე გამოირიცხოს.

რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს, ის ჟენევის დისკუსიების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთი კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს და სურს, რომ საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხივნალის რეგიონთან. მსგავსი პოზიცია კი, ბუნებრივია, ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ეკონომიკური კავშირების გააქტიურების ინიციატივის ტირაჟირებას, დიდი ალბათობით, აფხაზეთში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმაც უბიძგა, რაც ბიუჯეტში რუსული დონაციების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ბიუჯეტის 70%-მდე რუსულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რომლის მიღებაც, პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გართულდა.

26 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთ„დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებიდან“ 12 წელი იზეიმ - საერთაშორისო აღიარებაში 2008 წლის შემდეგ, რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუის, ნაურუსა და სირიის მხრიდან ე.წ. აღიარება იგულისხმება. და მაინც, რეალური სურათი აფხაზეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს - დამოუკიდებლობის როგორი დიდი ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს მას, რუსეთის მარწუხებს თავს მარტივად ვეღარ დააღწევს.

ანა ჯაფარიძე

1. ცნობისათვის, 2014 წელს, გალის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უმრავლესობას ე.წ. „მოქალაქეობა“ ჩამოერთვათ და 2017 წელს, მხოლოდ „ბინადრობის ნებართვა“ მიენიჭათ.

27.08.2020
ნახვა 1260

კომენტარები