მთავარი ეკონომიკა საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

ექსპორტის პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს.
27.08.2020
ნახვა 446

საქართველომ 2017 წელს ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. რა შედეგები მოიტანა შეთანხმებამ თითქმის 3 წლის შემდეგ?

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება - ექსპორტის გაზრდის ინსტრუმენტი

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ბაზარი, რომელიც გთავაზობთ 1.4 მილიარდ მომხმარებელს, აქვს უზარმაზარი მსყიდველი ძალა, დაინტერესებულია ახალი პროდუქტების გამოცდით, სადაც ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ მომხმარებლები, რომლებსაც სურთ თქვენი პროდუქტი შეიძინონ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე ბაზარი არის უკიდურესად პროტექციონისტული, აქვს მაღალი საბაჟო ტარიფები იმპორტირებულ საქონელზე და მომსახურებაზე, ძნელია ამ ბაზარზე შეღწევა და ყველა პროდუქტზე, რასაც შესთავაზებთ, გყავთ მილიონობით თქვენნაირი კონკურენტი (ან ოდნავ უკეთესი). პარადოქსული ბაზარია და სწორად მიხვდებით, რომ ეს ბაზარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, ან უბრალოდ ჩინეთი.

ჩინეთის ბაზარზე შეღწევა საკმაოდ რთულია. არა მხოლოდ სავაჭრო ბარიერების, მძიმე კონკურენციის ან რთული ბიუროკრატიის, არამედ ენობრივი ბარიერების გამოც. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამ ზომის ქვეყანა ამჯობინებს საკუთარ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკებას, რაც ზოგჯერ პრობლემურია. საბედნიეროდ, არსებობს უნივერსალური ენა, რომელიც ყველას ესმის - ფული.

კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გზა არის სავაჭრო ბარიერების თავიდან აცილება - ჩვენს შემთხვევაში, იმპორტის გადასახადების აცილება. ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ უპირატესობას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა (FTA). საქართველოს FTA 2017 წლიდან აქვს ჩინეთთან, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრს. საქართველოსა და ჩინეთს შორის FTA- ს შედეგად, საქართველოში წარმოებული საქონლის თითქმის 94%-ს შეუძლია შევიდეს ჩინეთის ბაზარზე იმპორტის გადასახადის გარეშე. მაშინ როდესაც შეთანხმების ძალაში შესვლიდან თითქმის 2 წელი გავიდა, საინტერესოა არის თუ არა დადებითი ცვლილებები ქართველი მწარმოებლებისთვის.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების უპირატესობები და შედეგები

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა სარგებელი მოუტანა FTA-მ ქართველ მწარმოებლებს. როგორც პირველ ცხრილშია ნაჩვენები, საქართველოს ყველაზე ცნობადი პროდუქტები თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გარეშე ჩინეთში იბეგრება, ხოლო ქართული წარმოშობის პროდუქტები საერთოდ არ იბეგრება. მაღალ კონკურენტულ ბაზარზე, როგორიცაა ჩინეთი, სადაც ერთპროცენტიან სხვაობასაც კი შეუძლია გადაწყვიტოს საექსპორტო მოლაპარაკებების ბედი, საშუალოდ 16%-იანი ფასის უპირატესობა მნიშვნელოვანი ბერკეტია.

ცხრილი #1

საქონელი

იმპორტის გადასახადი

გადასახადი საქართველოსთვის

ღვინო

14%

0%

ბრენდი

10%

0%

მინერალური წყალი

20%

0%

ხილი

10-25%

0%

თხილი

10-25%

0%

ლიმონათი

20%

0%

 

2014 წლიდან 2017 წლამდე, ჩინეთში ქართული ექსპორტი სტაბილურად იზრდებოდა. 2018 წელს ზრდა არ ყოფილა და ისე ჩანდა, თითქოს საქართველომ მიაღწია თავის საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმუმს. როგორც მეორე ცხრილიდან ჩანს, მნიშვნელოვანი ზრდა (საშუალოდ 11%) ემთხვევა FTA-ის ძალაში შესვლას. ბევრ ფაქტორს შეეძლო გარკვეული როლი ეთამაშა ამ პოზიტიურ ზრდაში, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ FTA იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. COVID-19-მაც კი არ შეუშალა ხელი მეტ ექსპორტს ჩინეთში, რადგან მხოლოდ 2020 წლის 2 კვარტალში უფრო მეტი ქართული პროდუქტი გავიდა ჩინეთში, ვიდრე მთლიანად 2019 წლის განმავლობაში.

პრობლემები და პერსპექტივები

ჩვენ ახლო მომავალში გავიგებთ თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენებენ ქართული კომპანიები FTA- ს სარგებელს. ოპტიმიზმის აშკარა ნიშნები არსებობს, თუმცა FTA რთული შეთანხმებაა. მცირე ტექნიკურმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური გართულებები. FTA-ის ძალაში შესვლიდან მეორე წლის თავზე, არსებობს ერთი პრობლემა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მომავალ ექსპორტს.

ქვეყნებს შორის ნებისმიერი ვაჭრობა მოითხოვს საქონლისა და მომსახურების ორმხრივ და უნივერსალურ კლასიფიკაციას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასაქონლო კოდებს (HS კოდებს). მსგავსი კლასიფიკაციის საფუძველზე საქონელი იბეგრება და პირიქით თავისუფლდება გადასახადისგან. ამჟამად საქართველო იყენებს HS კოდების 2012 წლის გამოცემას, ხოლო ჩინეთი იყენებს 2017 წლისას. ამ შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს FTA– ს უპირატესობების დაკარგვა.

ამ პრობლემის კარგი მაგალითია ნექტარებისა და წვენის შემცველი სასმელების ექსპორტი. წვენის შემცველი სასმელების ქართული HS კოდი შეესაბამება ჩინეთში ლიმონათების HS კოდს. ამავდროულად, წვენის შემცველი სასმელების ჩინური HS კოდი საქართველოში არ არსებობს და არ შეიძლება მიეთითოს ქართული საბაჟოს მიერ. საბოლოო ჯამში, შეფერხებულია განბაჟების პროცედურები, რაც იწვევს დამატებით თავის ტკივილს როგორც ქართული, ისე ჩინური კომპანიებისთვის. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს HS კოდების 2017 წლის გამოცემის მიღებაზე, მაგრამ ეს პროცესი შრომატევადი და დროში გაწელილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ დრო გვიჩვენებს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის გაღრმავდება თუ არა, ვინაიდან ჯერჯერობით, ქართულ პროდუქტს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე.

გიორგი ლომთაძე

27.08.2020
ნახვა 446

კომენტარები