მთავარი საგარეო პოლიტიკა საქართველოს სტრატეგიული დუმილი

საქართველოს სტრატეგიული დუმილი

ერთადერთი კავკასიური სახელმწიფო, რომელსაც თავისი ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია გახლავთ საქართველო.
20.07.2020
ნახვა 907

ფოტო: მთავარი

 

გასულ კვირას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა შეტაკებებმა, კავკასიის რეგიონი კიდევ ერთხელ დააყენა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხის წინაშე. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალური თბილისი საჯარო განცხადების გაკეთებას, დუმილს ამჯობინებს.

საერთაშორისო გამოხმაურება

სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგ ესკალაციას უკვალოდ არ ჩაუვლია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თურქეთმა, აზერბაიჯანის ერთგულმა მოკავშირე და მოძმე ქვეყანამ, მტკიცედ და კატეგორიულად დაუჭირა მას მხარი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ თურქეთი დაეთანხმება აზერბაიჯანის ნებისმიერ ნაბიჯს სომხეთთან მიმართებაში, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს შეპირდა რეგიონსა და მსოფლიოში დიპლომატიური, პოლიტიკური და სოციალური კავშირების სრულ მობილიზებას.

რუსეთი, რომელიც სომხეთის მოკავშირეა და ამავდროულად აზერბაიჯანის მეგობარი, უფრო მოზომილი პოზიციით გამოვიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე მხარეს მოუწოდა თავშეკავებისკენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ. პრეზიდენტმა პუტინმა სომხურ-აზერბაიჯანული საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა და გამოხატა შუამავლობის მზაობა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხმდარი ესკალაცია და ორივე მხარეს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის კონგრესის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, კერძოდ დაზვერვის კომიტეტის და ენერგეტიკის კომიტეტის თავჯდომარეებმა, ასევე მასაჩუსეთსის სენატორმა ცალსახად სომხეთს დაუჭირეს მხარი და აზერბაიჯანი აგრესიაში დაადანაშაულეს. აგრეთვე, კონგრესმენებმა მთიანი ყარაბაღი მისი სომხური სახელწოდებით - არცახი - მოიხსენიეს.

პოზიცია გამოხატეს ასევე პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებმა. უკრაინამ და მოლდოვამ გარდა მშვიდობის მოწოდებისა, ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობის და მისი საერთაშორისოდ აღაირებული საზღვრების პატივისცემას. მოგეხსენაბათ, ორივე ქვეყანას თავად აქვს სეპარატისტული რეგიონების პრობლემა. აზერბაიჯანმა ეს განცხადება მის მხარდაჭერად აღიქვა და მადლობაც გადაუხადა. სუამის სამდივნომ (საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას რეგიონალური ორგანზიაცია) სოლიდარობა გამოუცხადა აზერბაიჯანელ ხალხს.

რატომ სდუმს საქართველო?

ერთადერთი კავკასიური სახელმწიფო, რომელსაც თავისი ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გახლავთ საქართველო. ამ დროისთვის ერთადერთი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც იმედი გამოთქვა რომ „საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება“.

საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური ტვიტერი 13 ივლისს მონტენეგროს ულოცავს სახელმწიფოებრიობის დღეს და მას შედეგ არანაირი განცხადება ტვიტერზე არ დადებულა.

ამ დუმილს ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: სტრატეგიული გათვლები ან/და ინერტულობა. პასიურობას უნდა გამოვრიცხოთ, რადგან მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, საქართველო აგრძელებს ორივე ქვეყანასთან აქტიურ კომუნიკაციას. საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს 13 და 17 ივლისს თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ორივე შემთხვევაში მინისტრმა ერთნაირი გზავნილი გააჟღერა. მან მწუხარება გამოხატა ვითარებიის ესკალაციით და მსხვერპლით; ხაზი გაუსვა რომ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია; და იმედი გამოთქვა რომ საერთაშორისო მექანიზმები შეძლებენ სიტუაციის მშვიდობიან კალაპოტში დაბრუნებას.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოდ რომ დუმილი საქართველოს სტრატეგიული არჩევანია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანმიართულად არ აკეთებს განცხადებას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან ყველაზე აწონ-დაწონილ განცხადებასაც კი შეიძლება ერთი ან ორივე მხარის მიერ არასწორი ინტერპეტაცია მიეცეს. ისეთ პირობებში როდესაც საქართელო ორივე ქვეყანას ემეზობლება, ხოლო საქართველოს ტერიოტრიაზე ცხვორობენ როგორც ეთნიკურად სომხები, ასევე აზერბაიჯანელები, საქართველოს ორმაგი სიფრთხილე მართებს.

მიუხედავად ზემოთთქმულისა, ჩემი პირადი აზრით არაფერი არ უდგას წინ სულ მცირე სამპუნქტიანი საჯარო განცხადების გაკეთებას, სადაც საქართველო მხარეებს დაუყონებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს; გამოთქვამს სურვილს რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ; და დაადასტურებს ორივე ქვეყნის საერთაშორისოდ აღაირებული საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

გიორგი ხატიაშვილი

20.07.2020
ნახვა 907

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი

რა ხდება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე?
1 წელი