მთავარი უსაფრთხოება დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი

დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი

რა ხდება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე?
15.07.2020
ნახვა 1154

უკვე მეოთხე დღეა რაც აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის პროვინციის საზღვარზე ორ ქვეყანას შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად დაღუპულია მინიმუმ 16 ადამიანი, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრები, ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია თუ როგორ ნადგურდება სომხეთის სამხედრო ტექნიკა და კრიტიკული ობიექტები. თავის მხრივ, სომხეთის მხარემაც გამოაქვეყნა აზერბაიჯანის საკუთრებაში მყოფი უპილოტო საფრენი აპარატის, ისრაელის მიერ წარმოებული Hermes-900-ის ჩამოგდების ვიდეო. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, თუმცა ფართომასშტაბიანი ომი ამ ეტაპზე, გამორიცხულია. კორონავირუსის პანდემიამ უკვე საკმარისი ზიანი მიაყენა სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკებს, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ორივე ქვეყანას გაუჭირდება ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისთვის საკმარისი რესურსების მობილიზება. ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას გამორიცხავს რუსეთის ფაქტორიც. დიდი ხანია, სამხრეთ კავკასიაში ჩვენი თავი ჩვენადვე ვერ გვეყუდნის, შესაბამისად, ყველაფერი ისე და მაშინ დალაგდება, როგორც ჩრდილოელი მეზობელი გადაწყვეტს. კრემლის ინტერესებში კი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, იმ მოცემულობის, რომელშიც თამაშის წესებს რუსეთი ადგენს.

როგორ და რატომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები?

საქართველოს მეზობელ ერებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 1905 წელს დაიწყო, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში. დღევანდელი კონფლიქტი 1988 წელს განახლდა, როდესაც ყარაბაღის სომხებმა მოისურვეს, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყოაზერბაიჯანის მხარე მიიჩნევს, რომ ქვეყნის 20%, მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, რომელზეც დღეს, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მდებარეობს, სომხეთის მიერ არის ოკუპირებული, რასაც ოფიციალური ერევანი კატეგორიულად უარყოფს. საბოლოოდ, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა და მას შემდეგ ეუთოს მინსკის ჯგუფის ორგანიზებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მრავალი რაუნდიც გაიმართა.

თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება პერიოდულად ირღვევა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. განსაკუთრებით მძიმე 2016 წლის აპრილის შეტაკებები იყო, რომელსაც 200-მდე სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროსა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ინციდენტი ისტორიაში ოთხდღიანი ომის სახელით შევიდა.

წინა შეტაკებებისგან განსხვავებით, ამჯერად, დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე არ არსებობს ინფორმაციის დამოუკიდებელი წყარო, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა თუ ვინ გაისროლა იარაღი პირველად. ბოლო სამხედრო შეტაკებების დაწყებაზე, სომხეთი და აზერბაიჯანი, ტრადიციულად, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ. სომხური მხარე მიზეზად აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის დარღვევასა და სომხურ დასახლებებზე საარტილერიო იერიშს ასახელებს, ხოლო ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანმა, უბრალოდ, უპასუხა სომხური ჯარების მხრიდან ახალი პოზიციების ხელში ჩაგდების მცდელობას.

როდესაც საქმე მთიან ყარაბახს ეხება, როგორც წესი, ცეცხლის დარღვევის პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება, რადგან, ლოგიკურია, რომ სომხეთს არანაირი მოტივი არ აქვს ახალი კონფლიქტის დასაწყებად, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, ვითარება მის საწინააღმდეგოდ შეცვალოს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის ზონიდან მოშორებით დაიწყო, შემოთავაზებული მსჯელობა არარელევანტურია.

კონფლიქტის დაწყების მიზეზი, შესაძლოა, საკუთარი მოსახლეობის ყურადღების შიდა პრობლემებიდან გარეზე გადატანაც გამხდარიყო. ამის მოტივი კი აქვს როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ისე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსის პანდემიის წინაღმდეგ წარმოებული წარუმატებელი პოლიტიკების გამო. აზერბაიჯანის შემთხვევაში, ნავთობის ფასის ვარდნამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ როგორი მოწყვლადია აზერბაიჯანის ეკონომიკა გარე ფაქტორებისადმი. გარდა ამისა, მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვებიც რომლის მიზანი პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების განეირტრალებაც იყო. კრიტიკის ობიექტია სომხეთის მთავრობაც, სადაც რეგიონში ყველაზე მძიმე ეპიდსიტუაციაა. დღეს მონაცემებით, სომხეთში გამოვლენილია კოვიდინფექციის 32 ათასზე მეტი შემთხვევა. განტევების ვაცის პოვნა კი სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში საკმაოდ მარტივია. სამხრეთ კავკასიელებმა კარგად ვიცით, რომ თუ არ მუშაობს კონკრეტული პოლიტიკა, აუცილებლად იმუშავებს ნაციონალიზმი. მართლაც, საერთო მტრის ხატი კვლავ აქტუალურია აზერბაიჯანში, სადაც გუშინ, რამდენიმე ქალაქში აზერბაიჯანული ჯარის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, მოწოდებით: დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი“.

კონფლიქტის დაწყების კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისევ რუსეთი ყოფილიყო. ბოლო პერდიოში, სომხეთში განვითარებული მოვლენების გამო, გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთი, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, აღარ დაეხმარებოდა სომხეთს. შესაბამისად, არა ყარაბაღის, არამედ, უშუალოდ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარს შორის დაწყებულ კონფლიქტს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მიზანი, რუსეთის პოზიციის „გადამოწმება“ ჰქონოდა მიზნად.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) მე-4 მუხლის თანახმად, წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებზე თავდასხმად ფასდება. სომხეთი არის CSTO-ს წევრი ქვეყანა, შესაბამისად, 12 ივლისს კონფლიქტის დაწყების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა CSTO-ს გენერალურ მდივანს, სტანისლავ ზასს მე-4 მუხლის ამოქმედების შესახებ მიმართა. ჩაინიშნა ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა, რომელიც, მოგვიანებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. CSTO-ს მინიმუმ უნდა დაეგმო აზერბაიჯანის მხრიდან ორგანიზაციის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, თუმცა მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა. ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი დღემდე თანაბრად მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სომხეთის მიმართ სკეპტიციზმი 2018 წელს, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში ის პირები მოვიდნენ, რომლებიც ელიტურ კურუფციასა და არსებულ, პრო-რუსულ რეჟიმს აპროტესტებდნენ. იყო თუ არა რუსეთის პოზიციის გამოცდა ახალი კონფლიქტის მიზეზი, არ ვიცით, თუმცა, ამ შემთხვევიდან ორივე მხარეს მნიშნელოვანი დასკვნების გამოტანა შეუძლია. CSTO და მისი მეოთხე პუნქტი კოლექტიური თავდაცვის შესახებ თაროზე შემოდებული შეთანხმებაა, რომელიც პრაქტიკაში, არ/ვერ მუშაობს.

საერთაშორისო გამოხმაურება

ერთ-ერთი პირველი, ვინც მიმდინარე პოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, თურქეთი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეშვეობით, ოფიციალურმა ანკარამ დაგმო სომხეთის მიერ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებზე განხორციელებულ თავდასხმა და მხარდაჭერა გამოუცხადა მეგობარ აზერბაიჯანს.

რუსეთის საგარეო უწყებამ ჯერ კიდევ 13 ივლისს გაავრცელა განცხადება, სადაც მხარეებს თავშეკავებისკენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა. ამავე დღეს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ კონფლიქტს. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ძალადობა და მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებებისკენ მოუწოდა. უშუალოდ სომხეთის მხარდამჭერი განცხადებები გავრცელდა კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში. აქტიურია სომხური დიასპორა სოციალურ მედიაში, მათ შორის Twitter-ზე. როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტის სამხედრო ნაწილი უცნობია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, სომხეთი იგებს საინფორმაციო ომს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

წარმატებით მოირგო სირაქლემას პოზა საქართველოს მთავრობამ. ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია. რთული მისახვედრი არაა, რომ იქ სადაც რუსეთი და თურქეთია ჩართული, საქართველოს მედიატორის როლს არავინ შეასრულებინებს, თუმცა ზომიერი განცხადებების გავრცელებას არაფერი უდგას წინ.

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, სამხრეთ კავკასიაში გაყინულ კონფლიქტებს ვალღვობთ და ყველაზე კონფლიქტური და პრობლემური რეგიონის ტიტულს ვიმყარებთ. ვვარაუდობ, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, ბრძოლა ორ ქვეყანას შორის მალე დასრულდება, აი, ომზე კი რა გითხრათ...

Zhanna Sirbiladze

15.07.2020
ნახვა 1154

კომენტარები