მთავარი უსაფრთხოება თურქული პარტია ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ითხოვს

თურქული პარტია ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ითხოვს

კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკაზე აქტიურ მუშაობას აგრძელებს
15.07.2020
ნახვა 1480

მშვიდობისა და მეგობრობისგეგმა

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ტემპები თითქოს შესუსტდა, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი პრაქტიკულად სრულად განსაზღვრავს საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნის დღის წესრიგს. საინტერესოა, რომ რუსეთმა, მიუხედავად ფედერაციის შიგნით არსებული არც თუ ისე მარტივი ეპიდემიოლოგიური თუ სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა, მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის გასააქტიურებლად ამ რთულ პერიოდშიც მოიცალა.

24 ივნისს, თურქულმა პარტიამ „Vatan“ („სამშობლო“) ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა. პარტიის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შავი ზღვა-ხმელთაშუა ზღვის მშვიდობისა და მეგობრობის“ გეგმა ფართოდ განიხილეს, რომელიც არამხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის, არამედ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარების, ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის წინადადებებს მოიცავს.

მშვიდობისა და მეგობრობის“ გეგმაში, ცალკე პუნქტებად არის გამოყოფილი აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ბაზების ლიკვიდირება რიგ რეგიონებში, რადგან ავტორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ბაზების არსებობა, მშვიდობას და განვითარებას ემუქრება შავი ზღვის, კასპიის, ხმელთაშუა, ეგეოსის, არაბეთის ზღვების რეგიონებში. ზოგადად, პარტია „ვატანი“ მკვეთრად ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით გამოირჩევა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ თურქეთისა და აშშ/ნატოს ურთიერთობა მხოლოდ „ქაღალდზე პარტნიორობაა“.

გამოქვეყნებულ გეგმაში, განსაკუთრებული აქცენტი ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაზე კეთდება. როგორც პარტია „ვატანის“ ლიდერი, დოგუ პერინჩეკი აცხადებს, თუ თურქეთის ხელისუფლება რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, მაშინ ყირიმი მის განუყოფელ ნაწილად უნდა აღიაროს. პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს ხელმძღვანელმა, სემიჰ კორაიმ კი აღნიშნა, რომ მშვიდობისა და მეგობრობის“ გეგმა თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქული პარტია ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ლობირებს. „ვატანი“ 2019 წლიდან ცდილობს, გარკვეული ნიადაგი მოამზადოს ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საქმეში, რა მიზნითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე თურქეთში.

აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს, არც აფხაზეთის და არც ყირიმის შემთხვევაში და საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.

პარტიავატანის“ შესახებ

თურქეთის მემარცხენე-ნაციონალისტური პარტია 1992 წელს დაარსდა, როგორცმუშათა პარტია“. სახელწოდება „ვატანი“ („სამშობლო“) მას 2015 წელს ეწოდა და სწორედ ამ დროიდან გააქტიურდა. პარტიის თავმჯდომარეა დოგუ პერინჩეკი.

პარტიაში გაერთიანებულნი არიან სოციალისტები, რევოლუციონერები და თურქი ნაციონალისტები. პარტია რუსეთსა და ჩინეთთან თურქეთის თანამშრომლობას უჭერს მხარს და მკვეთრად ანტიამერიკული პოზიციით გამოირჩევა.

პარტია მაღალი რეიტინგით არ სარგებლობს: 2018 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, „ვატანს“ მოსახლეობის 0.23%-მა დაუჭირა მხარი. პარტიას არ ჰყავს წარმომადგენლები თურქეთის პარლამენტში.

პარტიის მუშაობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით

2019 წლის დეკემბერში, „ვატანისწარმომადგენლები პირველად იმყოფებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში, მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიწვევით. ვიზიტის მიზანი იყო, აფხაზეთის აღიარების საკითხზე მუშაობის ინტენსიფიკაცია. პერინჩეკმა მაშინ განაცხადა, რომ თურქეთში 500 ათასი აფხაზი ცხოვრობს, რომელთაც აფხაზეთთან პირდაპირი კავშირის დამყარება და ინვესტიციების განხორციელება სურთ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ურთიერთქმედება ხელს შეუწყობს თურქეთის რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის აღიარების დაჩქარებას. ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის საკითხსაც.

2020 წლის 26 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში .. აფხაზეთის სრულუფლებიან წარმომადგენლობასა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებს ამჯერად „ვატანის“ ლიდერმა უმასპინძლა და შეხვედრაზე ღიად განაცხადა, რომვატანიაფხაზეთის აღიარების ლობირებას განაგრძობს. „ვატანის“ შუამავლობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლებმა ქ. ბურსას ულუდაგის უნივერსიტეტში (Bursa Uludağ University) შეხვედრებიც გამართეს, სადაც სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

პერინჩეკი გეგმავს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას თურქეთში, რაც მისი აზრით, ხელს შეუწყობს აღიარების საკითხის წინსვლას.

ვინ დგასვატანის“ სამშვიდობო გეგმის უკან?

მშვიდობისა და მეგობრობის“ გეგმის გავრცელების შემდეგ, პერინჩეკმა განმარტა, რომ გეგმის შემუშავების პროცესში, თითოეული ქვეყნის მიმართულებით, ოფიციალურ წარმომადგენლებთან კონსულტაციები მიმდინარეობდა. მათ შორის, რაც ყველაზე საინტერესოა, კონსულტაციების დროს, რუსულ მხარეს ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და კრემლის მთავარი იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი წარმოადგენდა. პერინჩეკის თქმით, გეგმის დეტალების გასაცნობად, დუგინი ანკარაშიც იმყოფებოდა და გეგმის არსებულ ფორმულირებაზე თანხმობა განაცხადა.

ცნობისათვის, რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე უნდა დაბრუნდეს დარუსული სამყაროსნაწილად იქცეს. „ევრაზიული ზესახელმწიფოს“ შექმნის იდეით შეპყრობილი პოლიტოლოგი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარება სურს, მაშინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, „ევრაზიულ კავშირშიუნდა შევიდეს.

გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროებში გამოითქვა ვარაუდი, რომ თურქული პარტიის უკან შესაძლოა, „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო“ (ყოფ. მთავარი სადაზვერვო სამმართველო „ГРУ“) იდგეს. უკრაინულ მედიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ „ვატანი“, შესაძლოა, „ГРУ“-ს პროექტი იყოს, ისევე როგორც უკრაინული ანალოგიური სახელწოდების პარტიასამშობლო“ (Родина). როგორც წესი, მსგავსი პარტიების დანიშნულება, კრემლის ინტერესების შესაბამისად, კონკრეტულ პერიოდში გააქტიურებაა. მაგალითად, უკრაინული „სამშობლოპოლიტიკურ პარტიად 2008 წელს დარეგისტრირდა და მხოლოდ 2014 წელს გააქტიურდა, როდესაც უკრაინაში რუსეთმა აგრესიული ქმედებების განხორციელება დაიწყო.

მსგავსი სატელიტი პარტია თურქეთში, კრემლმა არაერთი მიმართულებით შეიძლება გამოიყენოს: მაგალითად, პრორუსული ინტერესების გატარება ქვეყნის შიგნით და აშშ/ნატოს დისკრედიტაცია, თურქეთის მმართველის ძალის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოება, ან თუნდაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის „გამართლება“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ლობირება.

მართალია, პარტია „ვატანის“ რეიტინგი დღეისათვის იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას არ შესწევს ძალა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებზე ან ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, თუმცა პარტია საზოგადოებრივი განწყობების შექმნასა და ზოგადი შეხედულებების გრძელვადიან ფორმირებაზე მუშაობს. „ვატანის“ ამჟამინდელი აქტივობა, თურქულ საზოგადოებაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მყარი ნიადაგის შექმნისკენ არის მიმართული, რაც საქართველოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

ანა ჯაფარიძე

15.07.2020
ნახვა 1480

კომენტარები