მთავარი საგარეო პოლიტიკა დასჯა თუ გაფრთხილება?

დასჯა თუ გაფრთხილება?

კონგრესის ყვითელი ბარათი საქართველოს მთავრობას
13.07.2020
ნახვა 906

2020 წლის 9 ივლისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ. კანონპროექტის 7046-ე მუხლი საქართველოს ეხება.

რა წერია კანონპროექტში?

კანონპროექტის თანახმად საქართველოს საგარეო დახმარების სახით გამოეყოფა 132 მილიონი დოლარი. ამ თანხიდან, 88 მილიონი მოდის საქართველოს მთავრობის პირდაპირ დაფინანსებაზე. საქართველო ვერ მიიღებს ამ 88 მილიონის 15%-ს თუ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაუდასტურებს კომიტეტს, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციის დასამარცხებლად, და კერძო სექტორში არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

კომიტეტი მიესალმა 29 ივნისს პროპორციული საარჩევნო სისტემის გასაძლიერებლად მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აგრეთვე, კომიტეტი სპეციალურ ხუთ კრიტერიუმს უწესებს სახელმწიფო მდივანს, საქართველოში ვითარების შესაფასებლად. კომიტეტისადმი საქართველოზე ანგარიშის მომზადებისას, სახელმწიფო მდივანმა უნდა მიუთითოს აჩვენებეს თუ არა საქართველო პროგრესს შემდეგი მიმართულებებით: საარჩევნო რეფორმა, სასამართლო დამოუკიდებლობა, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დაცვა, და ოლიგარქების გავლენის შემცირება.

დასჯა თუ გაფრთხილება?

ასიგნებების კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია მიიჩნევს რომ საქართველოს მმართველ რეჟიმს სანქციები უწესდება, ხოლო საქართველოს მთავრობის პოზიციაა რომ ეს არის დათქმა, რომელიც ზედმეტია, რადგან ყველა იმ მიმართულებით რაც კანონპროექტში ჩამოთვლილია, საქართველოს უკვე აქვს წინსვლა.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს სანქციას. დახმარების ნაწილის 15 პროცენტის ვერ მიღების შესაძლებლობა არ ჯდება არც სანქციების პოლიტიკურ და არც სამართლებრივ განსაზღვრებაში. ეს უფრო არის გაფრთხილება, ერთგვარი ყვითელი ბარათი კონგრესის მხრიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წესიერად გაიაროს წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს.

ამერიკის მხრიდან სანქციის, როგორც სადამსჯელო ქმედების გამოყენებას სხვა პროცედურული და ტექნიკური ასპექტები გააჩნია. პირველ რიგში, აშშ სანქციებს არ აწესებს იმ დაფინანსების კანონით რომელსაც ასიგნებების კომიტეტმა უყარა კენჭი. თუ კი გადავხედავთ სანქციათა მთავარი აღმსრულებლის, ამერიკის ხაზინის, ვებგვერდზე განთავსებულ სანქციათა სიას, ისინი დაწესებულია ან პრეზიდენტის ბრძანებულებით, ან კონგრესის მიერ სპეციალურად დამრღვევი ქვეყნისთვის მიღებული კანონით. მაგალითისთვის, კუბის სანქციების სამართლებრივ ბაზას წარმოადგენს პრეზიდენტის ბრძანებულება, თავად სამთავრობო უწყებების მიერ მიღებული 20-მდე რეგულაცია და ამერიკის ხუთი კანონი, მათ შორის ორი სპეციალურად კუბისთვის შემუშავებული: Cuban Democracy Act (1992) და Cuban Liberty and Democratic Solidarity (1996). უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთზე დაწესებულ სანქციებს ზურგს უმაგრებს პრეზიდენტის 6 ბრძანებულება, და 6 კანონი მათ შორის ორი სპეციალურად უკაირნის კრიზისთვის დამტკიცებული: Ukraine Freedom Support Act (2014) და Support for the Sovereignty, Integrity, Democracy, and Economic Stability of Ukraine Act (2014).

ამას გარდა საგარეო დახმარების ნაწილის დაკავება არ წარმოადგენს ამერიკული სანქციების ინსტურმენტს. აშშ-ს სანქციები მოიცავს ქვეყნებისთვის, გარკვეული პიროვნებებისთვის ან კომპანიებისთის სავაჭრო და ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვას, ანგარიშების გაყინვას, და ამერიკის ვიზების არ მიცემას. მაგალითად, ნიკარაგუისთვის 2018 წელს დაწესებული სანქციებით, აშშ-ს კონგრესი ავალდებულებს ამერიკის მთავრობას წინ აღუდგეს მსოფლიო ბანკში ნიკარაგუისთვის დახმარების მიცემას, ასევე ნიკარაგუის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს ეყინებათ ქონება და ანგარიშები ამერიკაში, ეკრძალებათ აშშ-ში შემოსვლა და ამერიკის ვიზის აღება.

შემდგომი ნაბიჯები

ამერიკის კონგრესში, საკანონმდებლო მუშაობის ლომის წილი მოდის კომიტეტებზე. იშვიათია რომ კომიტეტზე მიღებულმა კანონპროექტმა, სახეცვლილება განიცადოს თავად პლენარულ სხდომაზე. შესაბამისად როგორც დემოკრატების უმრავლესობამ შეიმუშავა ეს კანონი, ასევე დემოკრატები ხმათა უმრავლესობით ოფციალურად მიიღებენ ამ კანონს, ძალიან მცირე ანდა საერთოდ არ არსებული რესპუბლიკური მხარდაჭერით. სენტაში საქმე პირიქითაა, იქ უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. ამიტომ ის კანონპროექტი, რომელსაც შეიმუშავებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რესპუბლიკურ პრიორიტეტებს გამოხატავს. თუ ეს დათქმა ვერ მოხვდა სენატის ვერსიაში, მაშინ იმ ეტაპზე როდესაც მიმდინარეობს პალატებს შორის კანონის საერთო ვარიანტზე შეჯერება, არის შანსი რომ წარმომადგენელთა პალატის რედაქციამ ცვლილება განიცადოს.

გიორგი ხატიაშვილი

13.07.2020
ნახვა 906

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

Uncle Sam is watching you, Georgia

2003 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა,...
1 წელი