მთავარი უსაფრთხოება კორონა ვირუსის საიდუმლო გენი ნაპოვნია - რუსი მეცნიერების საოცარი აღმოჩენა!

კორონა ვირუსის საიდუმლო გენი ნაპოვნია - რუსი მეცნიერების საოცარი აღმოჩენა!

ანუ როგორ გამოვზარდოთ ამომრჩეველი?!
11.07.2020
ნახვა 2041

როგორც ერთ-ერთ რეკლამაშია: მივიპყართ თქვენი ყურადღება?...

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის სათაური ყალბია და პირდაპირი კავშირი არ აქვს მის შინაარსთან, თუმცა ეხმიანება მის ძირითად სათქმელს.

მსგავსი სათაურის მქონე სტატიის წაკითხვის სურვილი შეიძლება რამდენიმე მოტივით აიხსნას. ადამიანების გარკვეულ ნაწილს სჯერა სხვადასხვა კონსპირაციების, სენსაციური აღმოჩენების, გლობალური შეთქმულებების და შესაბამისად აქვთ მუდმივი სწრაფვა გაიგონ რაღაც დაფარული, მათთვის გაუგებარი ან რთული საკითხები ახსნან საიდუმლო ფაქტებით და მოსაზრებებით, ან უბრალოდ სჯერათ რომ ისინი განსაკუთრებულები არიან, შეუძლიათ პროცესების „რელური“ არსის გაგება და ამგვარად ცდილობენ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებასა და რეალიზაციას. ასევე, არის ადამიანთა ნაწილი, რომელიც გულწრფელად შეშფოთებულია პანდემიით და ყველა მსგავს ინფორმაციას, მიუხედავად მისი წარმომავლობისა და სანდოობისა, იმ იმედით ეცნობა, რომ რაღაც სამეცნიერო გარღევა შესაძლოა მართლაც ხდება, რასაც სიტუაციას რადიკალურად შეცვლა შეუძლია. სხვებს, მსგავსი სათაურის მქონე სტატიის წაკითხვისას, შესაძლოა პროფესიული ან უბრალოდ სპორტული ინტერესი ქონდეთ, რომ გაიგონ რა მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება, ვინ ან რატომ ავრცელებს მას, როგორი გამოხმაურება აქვს და ა.შ. დეზინფორმაციის სამიზნე ძირითადად სწორედ პირველი და მეორე კატეგორიის ადამიანები არიან, რომლებსაც ერთის მხრივ აქვთ წინასწარი მზაობა მსგავსი ინფორმაციის მისაღებად ან უბრალოდ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის პირობებში, ვეღარ ახერხებენ სწორი ინფორმაციის მიღებას და მუდმივი გაურკვევლობის პირობებში, დროთა განმავლობაში ამ დეზინფორმაციის მსხვერპლნი ხდებიან.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევას აუდიტორიასთან წვდომა წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში გავრცელებული და გამოაშკარავებული დეზინფორმაციის სამიზნე აუდიტორია და მომხმარებელი ან საერთოდ სცდება ერთმანეთს ან ძალიან მცირე გადაკვეთა აქვს, რაც თავისთავად ამცირებს დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ძალისხმევის ეფექტურობას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, გავრცელებული ყალბი ამბის მკითხველი/მომხმარებელი ხშირად სხვაა და ამ ყალბი ამბის მამხილებელი პროდუქტის მკითხველი/მომხმარებელი სხვა.

და მაინც რა კავშირშია ეს ყოველივე კორონა ვირუსთან, მტრულ სახელმწიფოებთან, დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებთან?

პანდემია და ინფოდემია

კორონა ვირუსთან დაკავშირებით უამრავ განსხვავებულ ინფორმაციას შეხვდებით როგორც ქართულ ისე უცხოურ მედია საშუალებებში. ინფორმაციის მოცულობა და ინტენსივობა იმდენად დიდია, რომ მისი მოპოვება, გადამუშავება და ანალიზი არათუ ინდივიდებს, არამედ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსების მქონე ორგანიზაციებსა და ტექნოლოგიურ გიგანტესაც კი უჭირთ. ვირუსთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ თითქმის სრულად მოიცვა საინფორმაციო სივრცე და ყოველდიურად მილიარდობით ადამიანი ეცნობა COVID-19-ზე გავრცელებულ ნამდვილ თუ ყალბ ინფრმაციას. პანდემიის პირობებში, დეზინფორმაციის გავრცელებამ იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის პრგანიზაციამ ის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აღიარა. პანდემიის პარალელურად დამკვირდდა ტერმინი „ინფოდემია“, რაც მიანიშნებს ინფორმაციის ვირუსულად გავრცელებასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. WHO-ში, ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში, შეიქმნა სპეციალური დანაყოფები და ვებ-პორტალები, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობას მიაწოდონ ზუსტი და სწორი ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებით.

ბევრი ინდივიდი, ორგანიზაცია და სახელმწიფო ცდილობს საინფორმაციო გარემოში მიმდინარე ამ პროცესების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კორონა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიცვა პანიკამ და შიშმა, რადგან მათ არ იცოდნენ თუ რას წარმოადგენდა მათი სიცოცხლისთვის პოტენციური საფრთხის შემცველი ეს ახალი ვირუსი და რა მოლოდინები უნდა ჰქონოდათ მის მიმართ. კრიზისი ერთნაირად შეეხო ეკონომიკურად ძლიერ და შედარებით ღარიბ ქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში და შესაბამისად, დაუცველობის განცდა ყველგან ერთნაირად გავრცელდა. ასეთ კრიზისულ პერიოდში, როდესაც არავის აქვს ზუსტი ინფორმაცია, ადამიანები გაცილებით მოწყვლადები ხდებიან დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ და ამ მდგომარეობას კარგად იყენებენ სხვადასხვა აქტორებიც. კორონა ვირუსის და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო ქაოსის მავნე მიზნებისთვის გამოყენება შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად. პირველი, ეს არიან აქტორები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური სარგებლის მიღებას სენსაციური ან სკანდალური ინფორმაციებისა და ყალბი ამბების გავრცელებით (ე.წ clickbait საიტები, რომლებიც მომხმარებლების მანიპულაციურად ზრდის ხარჯზე იღებენ შემოსავლებს). და მეორე, სახელმწიფო ან კერძო აქტორები, რომლებიც დეზინფორმაციის, პროპაგადის ან ყალბი ამების გავრცელებით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური ამოცანების შესრულებას (მაგალითად რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ).

პირველი კატეგორიის აქტორები, ძირითადად ორიენტირებული არიან ფინანსურ სარგებელზე. ისინი სხვადასხვა მყვირალა სათაურებისა და ყალბი ინფორმაციების გავრცელებით ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვას მათ ვებგვერდებზე, რის საშუალებითაც იღებენს ფინანსურ შემოსავლებს. მაგალითისთის იხილეთ.

მეორე კატეგორიის აქტორები ძირითად არიან სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ დეზინფორმაცია/პროპაგანდას. განსაკუთრებით აქტიურია რუსეთი, რომელმაც მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართო დეზინფორმაციის გავრცელებაში და სხვა ქვეყნებთან ერთად, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საქარართველოცაა. ღიად პრო-რუსული მედია საშუალებები (ნიუსფრონტი, საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი, სპუტნიკ საქართველო), ასევე Facebook გვერდები და ჯგუფები (სტალინი, Stop 5G Georgia!!!, ანტი-პარადოქსი, ალტ-ინფო) და ე.წ ინფლუენსერები (კობა კუპრაშვილი, ლალი მოროშკინა, სხვადასხვა სასულიერ პირები) ავრცელებენ უარავ დეზინფორმაციას კორონა ვირუსთან დაკავშრებით. დეზინფორმაციის ეს ტალღა კარგად შეერწყა მანამდე არსებულ ანტიდასავლურ კამპანიას და ახალა უკვე პანდემიის კონტექსტში ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას (დასავლეთი არ გვეხმარება, ევროკავშირი იშლება, ვირუსი ამერიკელებმა შექმნეს და ა.შ) გაზრდილი აუდიტორიის პირობებში.

რა არის რუსული დეზინფორმაციის მიზანი და რამდენად შედეგიანია ის საქართველოში?

რა თქმა უნდა დეზინფორმაცია არ არის ცალკე მდგომი პროცესი ან პროდუქტი, ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად და ის სხვა საშუალებებთან ერთად უნდა განვიხილოთ ჰიბრიდული ომის ჭრილში. რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ემსახურება რუსეთის პოლიტიკურ ამოცანებს. სტრატეგიულ დონეზე ეს ამოცანები ყველასთვის ცნობილია - რუსეთს სურს გლობალურ ასპარეზზე დიდი მოთამაშის რანგში დაბრუნება და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის სამეზობლო, რომელიც მას საკუთარ სასიცოცხლო ინტერესების ზონად მიაჩნია, უნდა მოაქციოს მისი გავლენის სფეროში. შესაბამისად რუსეთის ინტერესებშია საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შეფერხება, რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების გაძლიერება, რუსეთისადმი ნაკლებად მტრულად ან ლოალურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერება, ოკუპაციის და კონფლიექტების ზეწოლისთვის გამოყენება და ა.შ ანუ ყველაფერი ის, რაც მისი პოლიტიკურ მიზნების მიღწევას მოემსახურება.

თუმცა, მუდმივად ისმის კითხვა, თუ რამდენად ეფექტურია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში და როგორ შეიძლება მისი შედეგებისა და ეფექტიანობის გაზომვა? ამ კითხვაზე საპასუხოდ ხშირად იშველიებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს (ძირითადად NDI-ს და IRI-ს დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს), სადაც ზომავენ როგორც დასავლური ინსტიტუტების და ორგანიზაციების, ისე პრო-რუსული პარტიებისა და ჯგუფების მხარდაჭერას საქართველოში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხშირად მიიჩნევენ, რომ რუსული დეზინფორმაციის გავლენა საქართველოში საკმაოდ დაბალია, თუმცა ეს მიდგომა საკამათოა და ბევრ მეთოდოლოგიურ სისუსტეს შეიცავს.

რუსეთის გავლენების პირდაპირი გაზომვა ევროკავშირისა და NATO-ს მხარდაჭერის მიხედვით რეალურ სურათს არ იძლევა. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ტაქტიკები დიდი ხანია დაიხვეწა და ცივი ომის დროინდელ დასავლეთი vs საბჭოთა კავშირი/რუსეთი გასცდა. რუსეთის პროპაგანდისტული პოლიტიკა შეიძლება შევაფასოთ 3 ფაზიანი მოდელით, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და პანდემიის პირობებშიც იდენტურად აგრძელებდა მუშაობას. ეს სამი ფაზა ისტორიულად შემდეგნაირად ვითარდება: თავდაპირველად რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი უპირატესობა (სოციალიზმი vs კაპიტალიზმი), თუ ეს არ გამოსდის, ცდილობს მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას (ლიბერალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, რელიგიის და სხვა კონსერვატორული ჯგუფების გამოყენება) და შედმეგ, უკვე, ნიჰილიზმის დანერგვასა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევას (დეზინფორმაციული კამპანიები, არჩევნებში ჩარევა, რადიკალური და ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა, ძალადობის და საზოგადოების პოლარიზაციის ხელშეწყობა). თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ეს ფაზები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს ან ერთმანეთს მოსდევს, ეს უბრალოდ ისტორიული განვითარებაა და დღეს ყველა მათგანი ერთმანეთის პარალელურად მუშაობს. გადმოვიტანოთ ეს მოდელი კორონა ვირუსზე. რუსეთი თავდაპირველად ცდილობდა თავისი უპირატესობის წარმოჩენას, თუ რამდენად ეფექტურად და კარგად ებრძოდა ის პანდემიას აშშ-სა და სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით და „ეხმარებოდა“ კიდევაც მათ ვირუსთან ბრძოლაში. შემდეგ, როცა ეს ნარატივი მოსუსტდა რუსეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო გადავიდნენ დასავლეთის აქტიურ დისკრედიტაციაზე. ვირუსის შექმნაში ადანაშაულებდნენ აშშ-ს, ცდილობდნენ ევროკავშირის მარგინალიზაციას (თითქოს ევროკავშირი არ ეხმარება იტალიას, ერთიანობის იდეა კვდება და ევროკავშირი იშლება, ყველაფერი დასავლეთში LGBTQ მოძრაობების ბრალია და ა.შ). შემდეგ, როცა ეს კამპანიაც არარელევანტური გახდა, რადგან პირველი შოკის მერე დასავლეთმა შეძლო რესურსების მობილიზაცია და ვირუსთან ეფექტურად გამკლავებისთის ძალისხმევის გაერთიანება (განსაკუთრებით ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა), რუსეთმა აამოქმედა მესამე ფაზა, რაც შეთქმულების თეორიებისა და ყალბი ინფორმაციების გავრცელებით ინსტიტუტბისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ უნდობლობის დანერგვას ისახავს მიზნად, რაც საბოლოო ჯამში არჩევნებში უნდა გადაითარგმნოს. ამის მაგალითია ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიების აგორება, ყალბი სამკურნალო საშუალებების შესახებ ნფორმაციის გავრცელება, სახელმწიფო ინსტიტუტების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დისკრედიტაცია და ა.შ

საქართველოში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სამივე ეს ფაზა აქტიურად მიმდინარეობდა და ახაც მიმდინარეობს. ყველაზე ეფექტური და სახიფათო მესამე ფაზაა. მაგალიტად, ვაქცინაციის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც უკვე მრავალი მხარდამჭერი ყავს სოციალურ ქსელებში. ასევე კარგად იმუშავა კამპანიამ პირბადეების წინააღმდეგ. აქტიურად მიდის ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მათი ხელმძღვანელების დისკრედიტაცია. სოციალურ ქსელებში გაჩნდა მრავალი ახალი ინფლუენსერი, რომელიც მოსახლეობას არწმუნებს კორონა ვირუსის არ არსებობაში, ან მას უბრალო გრიპის ვირუსთან აიგივებენ, მოუწოდებენ მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არცელებენ კონსპირაციებს ადამიანების ვაქცინაციასა და ჩიპირებაზე. მსგავს ვიდეო მიმართვებს ხშირად ათეულობით ათასი ადამიანი ნახულობს და ათასობით გაზიარება აქვს. ქმნიან უამრავ ჯგუფებსა და გვერდებს სადაც ხდება ამ მასალების გაზიარება და აუდიტორიის მობილიზაცია.

მთლიანობაში, ამ ორკესტრირებულ კამპანიას ყავს თავისი აუდიტორია და მიმართულია მოსახლეობის კონრეტული ჯგუფებისადმი.

COVID-19-ის რისკ ჯგუფები ძირითადად ასაკოვანი და ქრონიკული ან მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები არიან. ამას გარდა, უამრავი კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებ რომ ასაკოვანი ხალხი გაცილებით მოწყვლადია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ. მაგალითად ევროპარლამენტის კვლევის მიხედვით 65 წელს გადაცილებული ადამიანები 7-ჯერ უფრო ხშირად ავრცელებენ ე.წ ფეიკ ნიუსებს ვიდრე სხვები. ამის მრავალი მიზეზი აქვს დაწყებული ტექიკური შესაძლებლობებით, გაგრძელებული წარსული გამოცდილებითა და კონგნიტური უნარებით. შესაბამისად, კორონა ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეში არიან, ამავდროულად ისედაც ყველაზე მოწყვლადი არიან დეზინფორმაციის მიმართ და ადვილი საპროგნოზოა რომ ამ ორი ფაქტორის გაერთიანებით ასაკოვანი ადამიანები დეზინფორმაციის მთავარი მომხმარებლები იქნებიან. შესაბამისად რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ასაკოვანი ადამიანები არიან, რომლებსაც შეზღუდული წვდომა აქვთ ინფორმაციაზე და კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა აქვთ ინფორმაციის გადამოწმების საშუალებებზე. 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოში 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა 800 ათასს შეადგენს, ხოლო 18 წლამდე მოსახელობის რაოდენობა დაახლოებით 900 ათასს. გამოდის რომ ამომრჩეველთა 25%-ზე მეტს 60 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ. აქვე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებზე მონაწილეობის მაჩვენებელი ასაკოვან ადამიანებში გაცილებით მაღალია ვიდრე ახალგაზრდებში (არა მარტო საქართველოში), გამოდის რომ ეს ადამიანები მნშვნელოვან როლს თამაშობენ არჩევნების შედეგების განსაზღვრაში.

რუსული დეზინფორმაციის კიდევ ერთი სამიზნე ჯგუფია ეთნიკური უმცირესობები, რომლებსაც ასევე შეზღუდული წვდომა აქვთ ინფორმაციაზე ენობრივი ბარიერის გამო და ეს კარგად გამოჩნდა საქართველოში კორონა ვირუსის მაგალითზე. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან და ყველაზე მეტად წინააღმდეგობას სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სწორედ ამ რეგიონებში უწევდნენ (რაც ასევე ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია ამ რეგიონების მიმართ).

რუსული დეზინფორმაცია ასევე პოპუარულია სხვადასხვა ექსტრემისტულ, რადიკალურ და ძალადობრივ ჯგუფებში, რომლებიც თავს ეროვნულ ან კონსერვატორულ ჯგუფებად მოიაზრებენ. ამ ჯგუფების დიდი ნაწილი, გამიზნულად და გააზრებულად ავრცელებს დეზინფორმაციას ფინანსური ან სხვა სახის სარგებლის მიღებს მოტივით. ასევე, საარჩევნო მოდელის ცვლილების და 1%-იანი ბარიერის შემოღების პირობებში, ასეთ ჯგფებს პარლამენტში მოხვედრის ამბიციებიც გაუჩნდათ და წარმატების შემთხვევაში უკვე საპარლამენტო ტრიბუნებიდან იმუშავებენ საკუთარ აუდიტორიაზე. მსგავს ჯგუფებს განეკუთვნება ეკლესიის წარმომადგენელთა და სასულიერო პირების ნაწილიც, რომლებიც შეგნებულად ავრცელებნ ყალბ ინფორმაციებს. ამის კარგი მაგალითია მართმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც აბსურდულ და ყალბ ვიდეოებს ავრცელებდა პანდემიის დროს. ასევე მამა გიორგი რაზმაძე, რომელიც ანტი-დასავლური და პრო-რუსული ნარატივებისა და ყალბი ამბების გავრცელებით გამოირჩევა და ა.შ

და ბოლოს, რუსული დეზინფორმაციის მთავარი სამიზნეა ადამიანები, როლებსაც აქვთ დაბალი ნდობა და რწმენა პოლიტიკური სისტემის და ინსტიტუტების მიმართ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური და სტრუქტურული პრობლემების, ვერ-რეალიზებულობის თუ გარემო პირობების გამო, საზგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისგან დისტანცირდნენ და შეფარული აგრესიით ცდილობენ თვითგამოხატვასა და თავის დამკვიდრებას. ასეთი ადამიანები საკუთარი, ხშირად ობიექტური აგრესიის გამოსახატად მუდმივად ეძებენ ადგილს და საშუალებას და დეზინფორმაცია და პროპაგანდა მათ სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს. მათი აგრესიის და ბრაზის გადამისამართება რეალური პრობლემებიდან ხდება არარეალური პრობლემებისა და შიშებისკენ. ვებრძოლოთ ვაქცინაციას და LGBTQ მოძრაობებს სიღარიბის და ოკუპაციის ნაცვლად, რადგან მათთთან ბრძოლა გაცილებით მარტივია. თუ ადამიანებს დავაჯერებთ, რომ ვიღაცას მათი ჩიპირება უნდა, მათ უკვე აქვთ საერთო იდენტობა მტრის მიმართ და იციან აგრესია საითკენ მიმართონ. თუ ადამიანებს დავაჯერებთ, რომ მთავრობა და ჯანდაცვის მოხელეები დასავლეთის მარიონეტები არიან და მათ მიზნებს ემსახურებიან, მაშინ ისინიც მტრები გახდებიან. და როდესაც, ამ და სხვა მრავალი შიშების და განცდების ექსპლუატაციის შედეგად ადამიანს ეკარგება ნდობა სისტემის და მისი შემადგენელი ელემენტების მიმართ, შემდეგ, ის უფრო ადვილად შეგიძლია „გამოზარდო“ სასურველ ამომრჩევლად. სწორედ მსგავსი ამომრჩევლების „გამოზრდა“ და არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდულ არსენალში უმთავრეს იარაღს (არა მარტო საქართველოს მიმართ), რომლის ერთ-ერთი ინსტრუმენტიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა.

ხელისუფლების რეაქცია

და მართლაც, ამ ყველაფრის ფონზე, ქართული ოცნების მთავრობამ წინასაარჩევნოდ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ‘დეზინფორმაციას’... მაგრამ, რატომღაც გადაწყვიტა რომ მთელი ძალისხმევა არა რუსულის დეზინფორმაციის წინააღდეგ მიმართოს, არამედ კრიტიკულ და ოპოზიციურ მედიას ებრძოლოს. ხელისუფლება იმდენად შეპყრობილია წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით და ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვით, რომ ხშირად სასარგებლო იდიოტების როლში გვევლინებიან. ხელისუფება, ერთის მხრივ აღიარებს რუსული დეინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეს, მაგრამ აცხადებს რომ რუსეთზე არანაკლებ სახიფათო ქვეყის შიგნით არსებული ოპოზიციაა. თან ამომრჩევლებს მუდმივად ესაუბრება იმაზე რომ ამ ოპოზიციას დასავლეთში ყავს დიდი ლობი, რომლებიც ხელისუფლებას დაუმსახურებლად აკრიტიკებენ. ანუ ხელისუფლება ამომრჩევლებს თან უმტკიცებს, რომ ოპოზიცია ქვეყნის მთავარი მტერია და თან უმეორებს რომ დასავლეთი უმაგრებს მათ ზურგს. მთავრობამ საჯარო მმართვეობის რეფორმის ფარგლებში შექმნა სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები ყველლა მნიშვნელოვან სამინისტროში, რომელთა საქმიანობა ასევე მოიცავს დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას. მაგრამ, მაგალიტად თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის დეპარტამენტი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყოს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ძირიტადად დაკავებულია მინისტრ ღარიბაშვილითან დაკავშირებული კრიტიკული სიუჟეტებისა და ბრალდებების დევნით ოპოზიციურ მედიაში. რამდენიმე იშვიათი შემხთხვევის გარდა, მტავრობის ყველა სტრატკომის უწყება სწორედ ამ პრინციპით მუშაობს.

რუსული მოქმედების ტაქტიკა მარტივია. ყველა პრორუსული მედია საშუალება რომელიც საქართველოში ოპერირებს, დეზინფორმაციის გავრცელებისას, იქვე ყოველთვის ცდილობს ოპოზიციის კრიტიკასაც. ამგვარად, ხელისუფლება ხელს არ უშლის მათ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში, რადგან თვლის რომ ოპოზიციის ლანძღვა და კრიტიკა მათ ინტერესებში შედის და არჩევნებში დაეხმარება. მაგალითად, როდესაც მთავარმა არხმა გააკეთა სიუჟეტი მარნეულის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებისთვის მთავრობის მხრიდან ფულის შეთავაზებაზე, მათთვის გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მუხლით. მაგრამ, როდესაც რომელიმე პრორუსული მედია წერს რომ ლუგარის ლაბორატორია საშიშ პათოგენებს ტესტავს ქართველებზე, ან კორონა ვირუსი საერთოდ არ არსებობს და შეზღუდვებს არ დავემორჩილოთ, ამაზე კომენტარსაც კი არ აკეთებს, რადგან, იქვე, იგივე გამოცემა ლუგარის ლაბორატორიის სტატიაში სააკაშვილს აკრიტიკებს და ეს უკვე ხელისუფლებისთვის ‘კარგია’. ამ მიდგომით ხელისუფლება საშიშ პრეცენდენტს ქმნის, რადგან შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ამან საარჩევნო ბენეფტები მოიტანოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების პოლარიაზაციასა და დასავლეთის დისკრედიტაციას, რაც ძნელი გამოსაცნობიი არ უნდა იყოს ვის მიზნებსაც (მო)ემსახურება.

დავით ნაროუშვილი

11.07.2020
ნახვა 2041

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ