მთავარი უსაფრთხოება სპორტი რომელშიც პუტინი იმარჯვებს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში

სპორტი რომელშიც პუტინი იმარჯვებს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში

„სპორტი არის ომი, სროლის გარეშე“ - ჯორჯ ორუელი
09.07.2020
ნახვა 1281

აღარ გვეყვარები თორნიკე!

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცეესკაში გააგრძელებს. ინტერვიუში შენგელიამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს საკუთარი პატრიოტიზმის ვინმესთვის მტკიცებას და სჯერა რომ ქართველ გულშემატკივარს ძველებურად ეყვარება.

ინფორმაციაზე ხალხის დამოკიდებულება ორად გაიყო. ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაკრების კაპიტნისგან, ოკუპანტის არმიის კლუბში გადასვლა, პუტინისთვის გუნდრუკის კმევა და მორალურად მიუღებელი საქციელია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

თორნიკე შენგელიას და სხვებსაც, რომელთაც სპორტი სტერილური, პოლიტიკისგან დაცლილი საქმიანობა ჰგონიათ, უპრიანი იქნება შევახსენოთ, რომ ნაკრებში თამაშით, ადამიანი, მითუმეტეს კაპიტანი, ქვეყნის ღირსებას იცავს. დროშისა და ჰიმნის ქვეშ დგომა, გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, ვიდრე მას როგორც ინდივიდს ექნებოდა.

სპორტის აპოლიტიკურობის შესახებ ზღაპრების მოყოლა, როცა ოკუპანტი კარს მოგვდგომია სამარცხვინო საქციელია და ასეც უნდა იქნას გაგებული საზოგადოების მიერ. შენგელიას კალათბურთელობა ქართველისთვის იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, რუსული არმიის კლუბში მოთამაშე კი, საქართველოს დროშას ვერ დაიცავს.

დღეს საქართველო-რუსეთს შორის ფრონტის ხაზი მარტო ტანკებს შორის არ გადის. კრემლი ცდილობს მორალურად გაგვტეხოს, ცდილობს გვათქმევინოს, „მერე რა თუ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ცეესკაში ითამაშებს,“ „მერე რა რომ ქართული ცეკვის ანსამბლები პუტინის წინ ცეკვავენ“ და ა.შ. რუსეთი ცდილობს სიტუაცია „ნორმალურად“ მოგვაჩვენოს, თითქოს ოკუპაცია ნორმალურია, თითქოს ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება.

აპოლიტიკური სპორტი

ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობის მიღება მხოლოდ ბერძნებს შეეძლოთ. როდესაც მაკედონიის მეფე, ალექსანდრე პირველმა თამაშებში ჩართვა მოისურვა, იგი იძულებული გახდა, საკუთარ წარმომავლობაში ბერძნული ფესვები ეპოვნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მაკედონია ბერძნული სამყაროს ნაწილად იქნა აღიარებული. ამ აღიარებას, ალექსანდრე დიდმა მოგვიანებით პოლიტიკური წონა შესძინა,- ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იგი იპყრობდა, იმპერიის სახელით სპორტულ შეჯიბრებებს მართავდა და ამ გზით, დაპყრობილებს საერთო სივრცის ნაწილად აქცევდა.

მას შემდეგ რაც ადოლფ ჰიტლერი გერმანიის ხელისუფლებაში მოვიდა, სპორტული კლუბები მხოლოდ „არიელი“ ათლეტებისთვის დარჩა ღია. ნაცისტური გერმანიის მიერ ორგანიზებული, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშები, არიული რასის უზენაესობის ილუსტრაცია უნდა გამხდარიყო. შეჯიბრის დაწყებამდე, ებრაელი სპორტსმენების დისკრიმინაციის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ბოიკოტის იდეაც განიხილებოდა. აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, აივრი ბრანდიჯმა (Avery Brundage) დებატს წერტილი დაუსვა, როდესაც თქვა, რომ ოლიმპიური თამაშები ეკუთვნის ათლეტებს და არა პოლიტიკოსებს. ბერლინში ყველაზე მეტი მედალი, გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა, პოლიტიკამ სპორტს აჯობა, ჰიტლერმა ჩანაფიქრი შეასრულა.

საბჭოთა კავშირში ე.წ „მარქსისტული სპორტი“ კოლექტიური მორჩილებისა და პარტიის მსახურების, ერთ-ერთი ფორმა იყო. ნაცისტური გერმანიის მსგავსად, აქაც კომუნისტური პარტიის მიზანთა შორის, ფიზიკურად და სულიერად გამორჩეული „საბჭოთა ადამიანის“ შექმნის იდეა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. თუმცა, თუ საერთაშორისო არენაზე „დასავლეთის დამარცხება“ იყო უმთავრესი მიზანი, შიდა ასპარეზზე, სპორტული დაპირისპირებები, ეროვნული იდენტობების გამომკვეთი უფრო ხშირად იყო, ვიდრე გამაერთიანებელი. უფროსი თაობისგან ალბათ ყველას მოგვისმენია, რომ „თბილისის დინამოს“ რუსულ გუნდებთან დაპირისპირებებს სულ სხვა, „ეროვნული დაძაბულობა“ ახლდა თან; წაგვიკითხავს და გაგვიგონია, რომ მსაჯები ყოველთვის ცდილობდნენ რუსული გუნდების მხარეს ყოფილიყვნენ და ა.შ. როდესაც თბილისურმა გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიგო, კოტე მახარაძემ რუსულ ენაზე წარმოსთქვა სიტყვები: "წარმომიდგენია, რა ხდება ამჟამად საქართველოს დედაქალაქში - თბილისში. ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა.“ როგორც მახარაძის მეგობრები იხსენებენ, ამ ფრაზის გამო გამოჩენილი კომენტატორი პარტიის მსახურებს გვარიანად დაუტუქსავთ.

სპორტი იარაღად დარჩა პუტინის რუსეთშიც. მეგა-ღონისძიებები როგორებიც იყო სოჭის ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რუსეთის ძალადობრივი და ანტი-დემოკრატიული ხელისუფლების „გაადამიანურებას“ ემსახურებოდა. სოჭის ოლიმპიადიდან მცირე დროში, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში საოკუპაციო მოქმედებები დაიწყო. ვაშინგტონ პოსტმა მოქმედება „ოლიმპიურ დივერსიად“ შეაფასა, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკის ლიტერატურაში, კრემლის კამპანია ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო ნიმუშად მიიჩნევა.

1969 წელს, ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირი დამარცხა და ამით მათ ოკუპაციისთვის იძიეს შური. ზოგმა ჰოკეისტმა, ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო სიმბოლოზე არსებულ წითელ ვარსკვლავზე შავი ლენტი გადაიკრა, მთლიანად გუნდმა, მოწინააღმდეგისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. მწვრთნელმა, პინტერმა კონფერენციაზე ფორმალურად მოიხადა ბოდიში, თუმცა, დასძინა რომ როგორც წესი, წაგებულები ულოცავენ მოგებულებს გამარჯვებას.

1990 წელს, ზაგრების დინამოსა და ბელგრადის ცრვენა ზვეზდას შეხვედრის მიმდინარეობის დროს, დინამოს კაპიტანი, ზვონიმირ ბობანი სერბ პოლიციელს დაესხა თავს. ფეხბურთელის თქმით, იგი დაზარალებულ ფანს იცავდა. ამ დარტყმას ხშირად აფასებენ, როგორც „დარტყმას რომელმაც ომი დაიწყო.“ კონფლიქტს ხორვატიასა და სერბეთს შორის 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ლაშა მაჭარაშვილი

09.07.2020
ნახვა 1281

კომენტარები