Uncle Sam is watching you, Georgia

2003 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, საქართველოს დახმარება შეუმციროს.
08.07.2020
ნახვა 572

რას გვედავება აშშ-ის კონგრესი?

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერირებისა და დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცდა საბიუჯეტო კანონპროექტი, სადაც რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს სპეციალური ქვეთავი ეთმობა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა ან ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ან პრობლემატურია, ძირითადად, ადმიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიმართულებით. ადვილი სავარაუდოა, რომ საქართველო, სამწუხაროდ, მეორე მიზეზით მოხვდა დოკუმენტში. 

კანონპროექტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს დახმარების სახით მიეწოდება არანაკლებ 132 025 000 ამერიკული დოლარისა, თუმცა დახმარების 15 პროცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ წარუდგენს კომიტეტს ანგარიშს რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს შემდეგი მიმართულებით: 

1) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
2) მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლა;
3) კერძო სექტორის საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კანონის უზენაესობის დაცვა და ქვეყანაში უცხოური ბიზნესის შევიწროების გამორიცხვა, მათთვის საქართველოში ჩადებული ინვესტიციებისგან კომერციული და ფინანსური მოგების მიღების კუთხით.

დოკუმენტში საუბარია გამონაკლისებზეც, რომ დახმარების შეჩერება არ გავრცელდება ისეთ პროგრამებზე, რომელიც ხელს უწყობს კანონის უზენაესობისა და, ზოგადად, დემოკრატიის გაღრმავებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას, გენდერული ძალადობის აღმოფხვრა/ შემცირებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანს შეუძლია უარი თქვას საქართველოსთვის ფინანსური შეზღუდვების დაწესებაზე, თუკი იგი დაუმტკიცებს ასიგნინების კომიტეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის.
დამოუკიდებლობის ისტორიაში, აშშ-მა საქართველოსთვის დახმარების შემცირებაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხელ 2003 წლის სექტემბერში მიიღო, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. ისევე როგორც დღეს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინაც, ამერიკული მხარე საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პროცესებისგან გადახვევაში და პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა. 

ამერიკელი ხალხის დახმარება საქართველოს 

კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიშის (CRS)-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 1992 წლიდან დღემდე, 28 წლის განმავლობაში საქართველომ $4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. მხოლოდ 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდგომ, აშშ-ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 38 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თანხის უდიდესი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამთავრობო სექტორში ინოვაციური პროექტების დანერგვას, მშვიდობის დაცვასა და ქვეყნის ენერგოსაფრთხოების განვითარებას ემსახურება. პრაქტიკულად, პროექტების უმრავლესობა, რაც დღეს ქვეყანაში ხორციელდება, ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მსგავს დახმარებას და მხარდაჭერას თან სდევს რიგი წინაპირობები, პირველ რიგში კი დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულება. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის კონგრესში უკვე რამდენჯერმე დაისვა მწვავე კითხვები. კიდევ 2020 წლის იანვარში,

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის ჯიმ რიშისა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერის, სენატორი ჯინ შაჰინის საქართველოს მთავრობისადმი გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში დაწყებულია დაღმასვლა და რომ აშშ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, თუ ამერიკულ მხარეს შეეძლება საქართველოს დაეყრდნოს როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს ამ საქმეში.  

ხელისუფლების პოზიცია

ისევე როგორც იანვრის წერილზე, დღესაც, ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ ზედაპირული და შესაშურად ნაივურია. ქართული ოცნების დეპუტატის, პარლამენტის ვიცესპიკერის, კახა კუჭავას თქმით, აშშ, რეალურად, საქართველოსთვის დახმარების შემცირებას არ გეგმავს და რომ, შესაშფოთებელი არაფერია, რადგან „კანონპროექტი დაინიცირდა ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში“. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს უმნიშვნელოდ აღიქვამს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკიც. მისი თქმით, იგრძობა ქართული ოპოზიციისა და „ფრონტერას“ ხელწერა, თუმცა კანონპროექტის კონგრესის მიერ მოწონების პერსპექტივა პრაქტიკულად არ აქვს, შესაბამისად, სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება. 

როგორც ჩანს, ისევე როგორც იანვარში და შემდგომ, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ყურადსაღები არ არის არც რიგი კონგრესმენების და არც რიგი კომიტეტების გადაწყვეტილება და პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. საინტერესოა თუ რა წარმოდგენა აქვს საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის პოლიტიკურ მოწყობასა და ინსტიტუტებზე. ვინ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მნიშვნელოვნად აღიქვან ის შემაშფოთებელი პოზიცია, რაც დღეს აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაშია დამკვიდრებული ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით?

მიიღებს თუ არა საქართველო 132 025 000 ამერიკული დოლარს სრულად, დრო აჩვენებს. ფაქტი ერთია, რომ თანხის რაოდენობაზე უფრო მნიშნელოვანი საქართველოსთვის საკმაოდ კრიტიკულ დროს გაკეთებული პოლიტიკური მესიჯია. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერირებისა და დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო კანონპროექტი არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რომ ნებისმიერი გადახვევა დემოკრატიის ვექტორიდან აუცილებლად აისახება კონკრეტულ ქმედებებში, რაც, სამწუხაროდ, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს დააზარალებს.
Uncle Sam is watching you, Georgia...

Zhanna Sirbiladze

08.07.2020
ნახვა 572

კომენტარები