მთავარი პოლიტიკა გენდერული კვოტირება - დარღვეული თანასწორობის პრინციპი

გენდერული კვოტირება - დარღვეული თანასწორობის პრინციპი

ადამიანის წინსვლის საწინდარი არა მისი ჯგუფური მიკუთვნებულობა, არამედ მისი პიროვნული ღირსებები უნდა იყოს.
03.07.2020
ნახვა 1496

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უფრო მეტი ქალია ჩართული საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების პროცესში, შედეგები მაინც არასახარბიელოა. შესაბამისად, პროცესის აჩქარების მიზნით, უფროდაუფრო მეტი ქვეყანა ირჩევს დროებითი, მაგრამ სავალდებულო გენდერული კვოტების დაწესების პრაქტიკას. იმის გამო, რომ გენდერული კვოტირება ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და მერიტოკრატიას, მე ვერ ვუერთდები გენდერული კვოტირების იდეით საყოველთაო აღტაცებას და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ინიციატივის საბოლოო მიზანი ინსტიტუტის გაძლიერება არა რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლობის ხელოვნურად, რაოდენობრივი ზრდა უნდა იყოს.

გენდერული კვოტირება და საქართველო

2020 წლის 2 ივლისს ივლისს, საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტმა 94 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო ორგანული კანონის პროექტი, რომელიც გულისხმობს სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესებას პოლიტიკური პარტიებისთვის მომავალი ოთხი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. რაც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობების დონე, პროპორციულ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. მოთხოვნების ვერ შესრულების შემთხვევაში, პარტია არ დარეგისტრირდება, შესაბამისად, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლოების მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც პარტიებსა და ბლოკებს ავალდებულებდა პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარდგნა მას შემდეგ ჩავარდა, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ინიციატივას. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ, მმართველ პარტიას დასჭირდა პარტნიორებისათვის დაემტკიცებინა საკუთარი ძალის პროდასავლურობა და პროგრესულობა და სწორედ ამიტომ წარადგინა დღეს მსგავსი კანონპროექტი. ოცნების დეპუტატებისგან განსხვავებით, საკუთარ პოზიციაზე მყარად დგას პატრიოტთა ალიანსი, რომლის წევრები 2018 წლის მსგავსად, არც დღეს უჭერენ მხარს გენდერული კვოტირების იდეას. ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ემხრობიან ინიციატივას, თუმცა მესამე მოსმენას არც ისინი და არც ევროპული საქართველოს დეპუტატები არ დასწრებიან.

 ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც, ქართულ ოცნებამ შეძლო საკმარისი ხმების მოგროვება ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად. შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პროპორციული წესით არჩეული მინიმუმ 30 ქალი პარლამენტარი ეყოლება.

რა არის გენდერული კვოტირება?

გენდერული კვოტირების მიზანი პოლიტიკურ ინსტიტუციებში, საკანონმდებლოსა თუ აღმასრულებელში, ქალთა მონაწილეობის გაზრდაა. დღეს, მსოფლიოში გენდერული კვოტირების სხვადასხვა ფორმები არსებობს, თუმცა ძირითადა, იყოფა სავალდებულო და ნებაყოფლობით კვოტებად. ნებაყოფლობითი კვოტირების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიების ნებაზეა დამოკიდებული გაცხადებული ვალდებულებების დაცვა და შემდგომში შესრულება. მსგავსი მიდგომა საკმაოდ პოპულარულია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში. რაც ეხება სავალდებულო კვოტებ, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ კიდევ ორ ჯგუფად იყოფა: საკანონმდებლო კვოტა და რეზერვირებული ადგილების კვოტა.  ორივე ჯგუფი საკმაოდ პოპულარულია განვითარებად და ტრადიციულ საზოგადოებებში, რადგან ორივე მათგანი უზრუნველყოფს პარლამენტში ქალთა გარანტირებულ წარმომადგენლობას. გუშინ, საქართველოც სწორედ სავალდებულო კვოტირების მქონე ქვეყანათა რიცხვს შეუერთდება.

გენდერული კვოტირებაზე დებატები 1990-იანი წლებიდან გააქტიურდა. მხარდამჭერთა აზრით, ქალსა და კაცს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ თანაბარი სასტარტო პირობები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, არამედ, ქალები და კაცები თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების პროცესში. მათი აზრით, გენდერული კვოტირება საშუალებას აძლევს ქალებს, რომ მაღალ დონეზე წარმოაჩინონ არა მხოლოდ ქალთა საკითხები, არამედ ის პრობლემებიც, რომლებსაც კაცები არ აღიქვამენ მნიშვნელოვნად.

საერთაშორისო გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი ქალია, დღეს, მსოფლიო მასშტაბით, ქალები ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში ადგილების მხოლოდ 24% იკავებენ. საქართველოში ამომრჩეველთა 53% ქალია, თუმცა, ქალთა პოლოტიკური მონაწილეობის ინდიკატორით, კერძოდ კი, ქალთა რაოდენობით პარლამენტში, დღეს საქართველო მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის 138- ადგილს იკავებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში 21 ქალია, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 14.0%-ია. გენდერული დისბალანსია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

რუანდა გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც საკანონმდებლო დონეზე, ქალი პარლამენტარები უმრავლესობაში არიან. იგივე ტენდენციაა ბოლივიაში, კუბაზე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. აღსანიშნავია, რომ კუბამ მსგავს შედეგს ნებაყოფლობითი და სავალდებულო კვოტირების სისტემების გარეშე მიაღწია. რაც ეხება ევროპულ სახლემწიფოებს, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ წამყვან პოზიციებს, რა თქმა უნდა, სკანდინავიის ქვეყნები ინაწილებენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, სავალდებულო კვოტირების პრაქტიკას ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში არ ვხვდებით. როგორც ვხედავთ, სავალდებულო კვოტირების და, ზოგადად, კვოტირების გარეშეც მიღწევადია ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რიცხობრივი თანასწორობის მიღწევით, რიგითი ქალების ყოფითი ცხოვრება არ უმჯობესდება. დღეს, რუანდაში, ქალები კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას და ჩაგვრას საზოგადოების ყველა დონეზე. არც ის აზრია მოკლებული რაციონს, რომ რუანდაში ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდამ, დემოკრატიული და პროგრესული რეჟიმის ალიბი შეუქმნა მმართველ ძალას,სინამდვილეში კი სისტემა ისევ ისეთი მჩაგვრელი და დისკრიმიანციული დარჩა, როგორიც მანამდე იყო.

როდესაც სისტემა სამართლიანია და ყევლას აქვს კარიერული წინსვლისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, კვოტების გარეშეც, სურვილისა და შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების არსებობის შემთხვევებში, ქალები ბუნებრივად იკავებენ ისეთ თანამდებობესბს და იმ სფეროებში, რაც თუნდაც ორი ათწლეულის წინ კაცების მიერ იყო დომინირებული. ტაილანდში, კომპანიების 30%-ზე მეტის დირექტორი დღეს ქალია. იგივე ტენდენციაა ამერიკაშიც, სადაც, ყოველწლიურად, ყოველგვარი კვოტის გარეშე უფროდაუფრო მეტი ქალი იკავებს წამყვან თანამდებობას. ამის საპირისპიროდ, ნორვეგიაში, სადაც 14 წელია არსებობს 40%-იანი კვოტა დირექტორთა საბჭოებში ქალების ბიზნესში ჩართულობის წახალისების მიზნით, ამ დრომდე, ქალი დირექტორების რაოდენობა, ფაქტობრივად, არ გაზრდილა.

რატომ არის გენდერული კვოტირება არაეფექტური?

თუ კი ქალების ჩაგვრის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში არსებული მსოფლხედველობა და მენტალიტეტია, კვოტირება ვერანაირად ვერ შეცვლის მოცემულობას. პირიქით, საქართველოს შემთხვევაში კიდევ უფრო გამყარდება სტერეოტიპები, რომ ქალი ღიად ვერ უწევს კონკურენციას კაცს და, რომ კვოტების გარეშე საკუთარი უნარ-ჩვევების ხარჯზე ვერ დაიკავებდა იმ პოზიციებს, რაც კვოტების დახმარებით მიიღო. რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს ქალი, მუდმივად იქნება კომენტარები, რომ ქალმა პოზიცია არა დამსახურებულად, არამედ საკუთარი სქესის გამო მიიღო.

საშიშია ჯგუფური მიკუთვნებულობის ფენომენიც, რადაგნ გარდა იმისა, რომ ამოუწურავია, კიდევ უფრო ხლეჩს და აშორებს საზოგადოებას ერთმანეთისგან. არასწორია პოზიცია, რომ ქალების საკითხს ქალზე უკეთ ვერავინ წამოწევს, ამ ლოგიკით, კვოტირება გვჭირდება ლგბტ თემის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებისთვისაც, რადგან მათზე უკეთ საკუთარ პრობლემებს ვერავინ წარმოაჩენს. სინამდვილეში, ამის საჭიროება დემოკრატიულ სახელმწიფოში სულაც არ დგას, რადგან ნებისმიერი ადამიანი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის გარანტი კონსტიტუციაა.

ჩვენი მიზანი არა რაოდენობრივი თანასწორობა, არამედ, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერება იყოს. ადამიანის წინსვლის საწინდარი არა მისი ჯგუფური მიკუთვნებულობა, ქალობა, კაცობა, გეობა, მუსლიმობა და .. არამედ მისი პიროვნული ღირსებები უნდა იყოს.

ჟანა სირბილაძე

03.07.2020
ნახვა 1496

კომენტარები