მთავარი პოლიტიკა რატომ არ იწყება საჰაერო მიმოსვლა საქართველოში?

რატომ არ იწყება საჰაერო მიმოსვლა საქართველოში?

მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუ მთავრობის გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკა?
26.06.2020
ნახვა 3891

ჩაკეტილი საჰაერო სივრცის გახსნისა და ფრენების აღდგენის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო საქართველოში. თავდაპირველად საუბარი იყო ფრენების შესაძლო აღდგენაზე ივნის თვეში, თუმცა, საბოლოოდ მთავრობამ განაცხადა რომ ფრენების აღდგენა 2020 წლის 1 ივლისიდან მოხდებდა.

ამას წინ უძღოდა მწყობრი საინფორმაციო კამპანია ეკნომიკის სამინისტროს მხრიდან, რომელიც პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებთან უსაფრთხო საჰაერო დერეფნის შექმნისა და ტურიზმის განახლებასთან დაკავშირებით წარმატებით მიმდინარე სხვადასხვა მლაპარაკებების თაობაზე. ეს კომუნიკაცია განსაკუთრებით გამძაფრთდა ივნისის თვეში. თვალსაჩინოებისთვის, მოვყვეთ ქრონოლოგიურად ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

5 ივნისი„ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაახლოებით საქართველოსთან თანაბარი იქნება, შევძლებთ, სავალდებულო კარანტინის გარეშე ვიურთიერთოთ“

11 ივნისი„საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა“

12 ივნისი„პრიორიტეტულია, სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ფრენები“

14 ივნისი„საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა“

14 ივნისი„უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან“

15 ივნისი„საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის საჭირო მოთხოვნები განვიხილეთ“

და ბოლოს 25 ივნისის განცხადება - „ტურიზმის ამუშავებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ველოდებით და სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვაკვირდებით“

ეს განცხადებები რამდენიმე კუთხით არის მნიშნელოვანი და საინტერეს. პირველ რიგში, ეკონომიკის მინისტრს უნდა ახსოვდეს, რომ, მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს ის არა მხოლოდ მოსახლეობას და პოტენციურ ტურისტებს ესაუბრება, არამედ ბიზნეს სექტორს და ტურიზმში ჩართულ კომპანიებს. მაშინ როდესაც, კომპანიები ისმენენ სისტემატურ განცხადებებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელისგან, რომელიც ერთი შეხედვით თანმიმდევრული პოლიტიკის განცდას ტოვებს, მათ უჩნდებთ გარკვეული ნდობა პროცესის მიმართ. შესაბამისად, ბევრმა ბიზნესმა გააკეთა გათვლები მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და თავისი გეგმები და ბიზნეს მოდელი სწორედ ამ გათვლების მიხედვით ააწყო. მაგალითისთვის თუ კი ნებისმიერ სასტუმროების დაჯავშნის ქართულ ან უცხოურ საიტს ეწვევით, მარტივად აღმოაჩენთ რომ საქართველოში სასტუმროების ფასები დაგეგმილია სწორედ ამ მოდელის მიხედვით. 31 ივნისამდე, საქართველოში თითქმის ყველა სასტუმროზე 35-50 პროცენტითაა შემცირებული სტანდარტული სეზონური ფასები. 1 ივლისიდან ფასები იზრდება 25-30%-ით, ხოლო ივლისის ბოლოსკენ, სტანდარტულ სეზონურ ფასებს უბრუნდება. ამის მიზეზი სწორედ მთავრობის მიერ წარმოებული კამპანიაა, რომ ისინი წარმატებით ახორციელებდნენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებსა და კმპანიებთან და რომ ფრენების აღდგენა და ტურისტების მიღება 1 ივლისიდან განახლდებოდა.

ბიზნესში ერთ-ერთი გადამწყვეტ როლს თამაშობს მოლოდინები და შესაბამისად მთავრობის მხრიდან მცდარი მოლოდინების შექმნამ შესაძლოა მნიშნელოოვანი ზიანი მიაყენოს ნებისმიერ სექტორს და მასში დასაქმებულ კომპანიებსა და ადამიანებს.

ასევე გაუგებარია მთავრობის 25 ივნისს გაჟღერებული განცხადების დრო და ლოგიკა. 25 ივნისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფრენები არა 1 ივლისს, არამედ, სავარაუდოდ ივლისის ბოლოს განახლდება და ეს მაშინ, როდესაც სწორედ 25 ივნისს ევროკავშირში მსჯელობდნენ არაწევრ სახელმწიფოებთან ფრენების აღდგენის საკთხზე. წინასწარი ცნობით, დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონთვალში მოხვდებოდა (რაც ასეც მოხდა) და შესაბამისად მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დრო და ფორმა სცდება ადეკვატურობის ფარგლებს. ტექსტის დასაწყისში, შეგიძლიათ იხილოთ მინსტრის განცხადება, რომ საქართველო ელოდებოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში, ისე რომ არ დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების შედეგებს, დააანონსეს რომ ფრენები ივლისის ბლომდე არ განახლდება.

ამ საკთხთან დაკავშირებით კომენტარი ფინანსთა მინისტრმა - ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მაჭავარიანის განმარტებით, ამ ეტაპზე, ფრენების გახსნის შედეგად მიღებული პოტენციური ეკონომიკური სარგებელი ბევრად ჩამოუვარდება წარმოქმნილ საფრთხეებს. მისი თქმით, თუკი ჩვენ გავაკეთებთ მოდელირებას, დავინახავთ, რომ ვიზიტორთა ის რაოდენობა, რაც შეიძლება ჩამოვიდეს უახლოეს ხანებში, „ზღვაში წვეთია“ და ეს რეალურად ვერ დაეხმარება ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს. დავუშვათ, რომ ეს ნამდვილად ასეა და მართლაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ვერანაირ ხელშესახებ ეფექტს ვერ მოიტანს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაშინ ლოგიკურად ისმის კითხვა, თუ რატომ ეწეოდა მთელი სახელმწიფო აპარატი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და საზღვრების გახსნის პროპაგანდირებას მთელი ივნისის თვის განმავლობაში და რატომ ქმნიდა ცრუ მოლოდინებს? რისთვის აწარმოებდა ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს უსაფრთხო დერეფნის შექმნის შესახებ? რატომ მივილტვოდით ასე ძალიან ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოსახვედრად და სიაში მოხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე რატომ ვთქვით უარი ამ შესაძლებლობის გამყენებაზე?

ამას გარდა, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული გაცხადება ფოკუსირებულია მხოლოდ ტურისტების და ვიზიტორების შემოსვლაზე და მის ეკონომიკურ გავლენაზე, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნების საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საქართველოში დაბრუნდა 11 ათასი მოქალაქე, 20 ათასს კი ადგილზე გაეწია დახმარება. ფაქტია, რომ 11 თასი არც ისე დიდი რიცხვია და დღემდე მსოფლიოს ირგვლივ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე რჩება, რომელსაც სურს საქართველოში დაბრუნება. მათგან ბევრმა დაკარგა სამსახური, დარჩა შემოსავლების და სტაბილური საცხოვრებლის გარეშე, ბევრს უბრალოდ სურს დაბრუნება და საკუთარ ახლობლებთან და ნათესავებთან დროის გატარება. შესაბამისად ფრენების აღდგენის მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განხილვა არასწორია.

სიტუაცია ევროკავშირში

საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ამაყობს იმით რომ საქართველო კორონა ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში და ამ პათოსს ჩვენც ვიზიარებთ. თუმცა აუციებელია ამ მიღწევის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელში (არ იგულისხმება პარტიული სარგებლის მიღება მმართველი ხელისუფლების მხრიდან) გადათარგმნა.

მაგალითისთვის იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჰქონდათ, უკვე დაიწყეს საზღვრების ეტაპობრივად გახსნა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შიდა საზღვების დიდი ნაწილი გახსნეს ივნისის თვეში. მათ შორის ერთ-ერთი პიონერი იყო ჩეხეთი, რომელმაც მეზობელ ქვეყნებთან მიმოსვლა 27 მაისს განაახლა. 31 მაისს გაიხსნა საბერძნეთიც უცხოელი ვიზიტორების ნაწილისთვის. საზღვრები 1 ივნისს გახსნეს ბულგარეთმა და ესტონეთმა. ავსტრიამ 4 ივნისს აღადგინა ფრენები რამდენიმე მიმართულებით. თურქეთმა, რომელსაც საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია ქონდა მარტის თვეში, 13 ივნისიდან აღადგინა ფრენები სხვადასხვა მიმართულებით. 15 ივნისს გახსნეს საზღვები გერმანიამ, საფრანგეთმა და ისლანდიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარკვეული ნაწილისთვის. პოლონეთმა 16 ივნისს განაახლა ფრენების ევროკავშირის მიმართულებით.

შესაბამისად, უკვე არსებობს კონკრეტული პროცედურებისა და უსაფრთხოების ნორმების დანერგვის გამოცდილება ევროპულ სახელმწიფოებში, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს ეტაპობრივად აღადგინონ მიმოსვლა ისე რომ არ მოხდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება.

დასკვნის სახით...

გაუგებრად რჩება საქართველოს მთავრობამ რისთვის აწარმოა ესეთი მწყობრი და სისტემატიური საინფორმაციო კაპანია საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და საზღვრების გახსნის შესახებ მთელი ივნისის თვის განმავლობაში და შემდგომ, მაშინ როცა თითქოს ყველაფერი წარმატებით უნდა დასრულებულიყო, რატომ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მათ მიერ მიღებული ბევრი სხვა, არ არის საბოლოო და მთავრობა გადახედავს საკუთარ პოზიციებს. რა თქმა უნდა მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტი, თუმცა, მაშინ როდესაც არსებობს სხვა სახელმწიფოების გამოცდილება თუ როგორ შეიძლება უსაფრთხოების ნორმების დაცვით ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა, ხელისუფლების მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებს და არა მხოლოდ, შესთავაზოს ეს შესაძლებლობა.

დავით ნაროუშვილი

26.06.2020
ნახვა 3891

კომენტარები