მთავარი პოლიტიკა არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში

არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში

უნდა გადაიდოს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები?
24.06.2020
ნახვა 1003

ფოტო: tabula.ge

 

2020 წელს 70 ქვეყნაში არჩევნები ხოლო 7 ქვეყანაში რეფერნდუმი იყო დაგეგმილი, რომელთა ნაწილი დაუდგენელი ვადით გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო. კორონავირუსის პერიოდში, ეპიდემიოლოგების უმთავრესი რეკომენდაცია სოციალური დისტანცია და ხალხმრავალი ადგილებისგან თავი არიდებაა. შესაბამისად, ლოგიკურად გაჩნდა სკეპტიციზმი არსებული, ტრადიციული საარჩევნო მოდელის მიმართ და უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი ალტერნატიული მოდელების შექმნის საჭიროებაზე. თუმცა, სამხრეთ კორეის მაგალითი ცხადყოფს, რომ წინასწარ დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება ტრადიციულ ფორმატში და პანდემიის პერიოდში სრულიად შესაძლებელია. გარდა ამისა, კონსოლიდირებულ დემოკრატიებში, ხმის ფოსტის საშუალებით ან ონლაინ მიცემა, ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა გარდამავლ დემოკრატიებში, სადაც დიდია მმართველი რეჟიმების მხრიდან არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, ზემოთხსენებული მოდელები დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის პრაქტიკა 

2020 წლის 3 ნოემბერს ამერიკის მოსახლეობა ქვეყნის  59-ე პრეზიდენტს აირჩევს. არც ერთი მსოფლიო ომის ან კრიზისის დროს ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნები არ გადადებულა და მსგავსი პრეცედენტის დაშვება არც დღეს დგას დღის წესრიგში. იმის გამო, რომ საარჩევნო სისტემა მკვეთრად დეცენტრალიზებულია აშშ-ში, ადგილობრივი მთავრობები აქტიურად მუშაობენ ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდების მასობრივად დანერგვაზე, რათა მოსახლეობას არ შეეზღუდოს კონსტუტუციით გათვალისწინებული უფლება. ამომრჩეველს ექნება არჩევანი ან ფოსტით გააგზავნოს საკუთარი ბიულეტენი ან გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე და ასე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მსგავს სისტემაში, უმნიშნელოვანესია ნდობის საკითხი, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის მიერ გაგზავნილი ხმა მივა  ადგილობრივ საარჩევნო ორგანომდე და აისახება საბოლოო შედეგზე. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა ამ ეტაპზე ვერ იმუშავებს, რადგან გარდა იმისა, რომ საფოსტო სერვისით სარგებლობა რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მესამე პირებს ერთმნიშნელოვნად გაუმარტივდებათ სხვა ადამიანების არჩევანზე და შემდგომში, არჩევნების საერთო შედეგზე გავლენის მოხდენა.

ესტონური მოდელი - ონლაინ ხმის მიცემა

2007 წელს, ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ონლიან ხმის მიცემის სისტემა დანერგა. დღეს, მოსახლეობას, აქვს საშუალება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ამისთვის საჭიროა კომპიუტერი, პირადობის მოწმობა და, რა თქმა უნდა, ინტერნეტი. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტით ხმის მიცემა სავალდებულო არ არის, ესტონეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, მოსახლეობის 45%-მა სწორედ ამ გზით დააფიქსირა არჩევანი. გარეშე პირების ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის რისკების დაწევის მიზნით, მოსახლეობას 7-ჯერ შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა საბოლოო პოზიციის დაფიქსირებამდე.

დღეს, კიბერ-შეტევების ხანაში, ესტონურ მოდელთან მთავარი საფრთხე მისი მოწყვლადობაა როგორც შიდა ასევე საგარეო აქტორების მიმართ. მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ალექს ჰალდერმანმა, რომელიც დამკვირვებლად მუშაობდა ესტონეთში 2013 წელს, აღმოაჩინა, რომ ესტონური მოდელი შეიცავს უსაფრთხოების დამატებით მექანიზმებს, თუმცა ზემოაღნიშნული, საკმარისი არ აღმოჩნდა იმ კიბერ-თავდასხმების შესაკავებლად, რომლებიც სფეროს ექსპერტებმა სატესტოდ განახორციელეს.

ეროვნული ასამბლეის არჩევნები სამხრეთ კორეაში

საინტერესო იყო სამხრეთ კორეის შემთხვევა, სადაც  პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის 15 აპრილს, ეროვნული ასამბლეის არჩევნები მაინც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ  საკმაოდ მაღალი აქტივობის ფონზე (66.2%), დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძობლად არ მომატებულა, ამის მიზეზი კი ის ზომებია, რაც პრეზიდენტ მუნ ჯე ინის მთავრობამ მიიღო. საარჩევნო უბანზე მისულ მოსახლეობას უზოავდნენ ტემპერატურას და უტარებდნენ ხელების დეზინფექციას. სავალდებული იყო ერთმეტრიან დისტანცი დაცვა, ნიღბისა და ერთჯერადი ხელთათმანის ტარება.   სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, ხმის მისაცემად მოქალაქე გადაჰყავდათ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სხვა ადამიანებისგან მოშორებით. რაც ეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, მათ შეეძლოთ ხმის მიცემა ან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე ან ბიულეტინისა ფოსტის საშუალებით გაგზავნა.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

რამდენიმე დღის წინ, იმედის ეთერში, უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყება შემოდგომაზე და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, არჩევნების პირველი თუ არა, მეორე ტური მაინც გადავადდება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდების დანერგვას არა, მაგრამ არჩევნების გადავადებას კი ნამდვილად განიხილავს. სამხრეთ კორეის მაგალითი ადასტურებს, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, პანდემიის პირობებშიც სრულიად შესაძლებელია არსებული მოდელით არჩევნების ჩატარება. იმედია, მმართველი ძალა უსაფრთხოების არგუმენტით არ დააბრკოლებს პროცესებს, რომლებიც ქართული დემოკრატიის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჟანა სირბილაძე

24.06.2020
ნახვა 1003

კომენტარები