მთავარი უსაფრთხოება სულელი მეფე და ჭკვიანი ვეზირი თუ პირიქით?

სულელი მეფე და ჭკვიანი ვეზირი თუ პირიქით?

22.06.2020
ნახვა 1713

პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონის ახალი მემუარებიდან ირკვევა, რომ ამერიკის პრეზიდენტს ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო კონტექსტის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია. მაგალითისთვის, მან არ იცოდა რომ ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფოა, ხოლო ფინეთი რუსეთის ნაწილი ანდა მისი სატელიტი ქვეყანა ეგონა. ვენესუელაზე მსჯელობისას ტრამპმა განაცხადა რომ ეს ქვეყანა „სინამდვილეში შეერთებული შტატების ნაწილია“ და არ გამორიცხა სამხედრო ინტერვენცია.

ბოლტონის წიგნში გაჟღერებული ინფორმაცია რამდენადაც შოკისმომგვრელია, იმდენადვე არახალია. ჯერ კიდევ 2015 წელს, პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს ერთმანეთში აეირია ქურთები [Kurds] და ყუდსის ბრიგდები [Quds]. იმავე რადიოინტერვიუში ტრამპმა თქვა რომ ჰეზბოლასა და ჰამასს შორის განსხვავებას ისწავლიდა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგებოდა.

ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი ისე გახდა ამერიკის პრეზიდენტი, რომ მას საგარეო ვითარებაზე მხოლოდ ლიმიტირებული წარმოდგენა ჰქონდა. ბოლტონის წიგნი კი ადასტურებს, რომ მისი ცოდნა არც თეთრ სახლში ყოფნისას გამდიდრებულა.

კარგი გუნდი და ცუდი მწვრთნელი

ხშირად დაისმის კითხვა უნდა გააჩნდეს თუ არა სახელმწიფოს მეთაურს დეტალური ცოდნა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, თუ საკმარისია რომ სწორად შერჩეული გუნდი და ჭკვიანი მრჩეველები შემოიკრიბოს გარშემო. ახალი კვლევები საერთაშორისო ურთიერთობებში ცხადჰყოფს, რომ გამოცდილი მრჩევლები ვერ ჩაანაცვლებენ გამოუცდელ ლიდერს. საფეხბურთო ანალოგიით რომ ვიმსჯელოთ, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვერ იქნება ცუდი მწვრთნელის საპირწონე.

სათავეში მყოფ პიროვნებას არამარტო რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება აკისრია, არამედ მან ზედამხედველობა უნდა გაუწიოს მის დაქვემდებარებაში მყოფებს და მათი საქმიანობა შეაფასოს. იმის მაგივრად რომ გადაამოწმოს და დააბალანსოს მრჩევლები, შესაბამისი ცოდნისა და უნარების არ ქონის გამო, გამოუცდელი და არაკომპეტენტური ლიდერი პირიქით შეიძლება მრჩევლების არაჯანსაღი გავლენის ქვეშ მოექცეს, რასაც სახელისუფლებო ვერტიკალის ეროზიისკენ მივყავართ. ასეთ ვითარებაში, გადაწყვეტილებას რეალურად ის პირები იღებენ, რომლეთაც ეს მოვალეობა არ აკისრიათ. მრჩევლები ამის უფლებას თავს იმიტომ აძელვენ, რადგანაც იციან რო მათი ხელმძღვანელი მაინც ვერ ჩაწვდება საქმეს ძირფესვიანად.

ელემენტარულ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული ცოდნა ეხამრება ლიდერს, მრჩევლებს საფუძვლიანი და ინფორმირებული შეკითხვები დაუსვას, დამოუკიდებლად განსაჯოს და უაპელაციოდ არ მიიღოს მათი თათბირი. მეორეს მხრივ, ხელმძღვანელის სისუსტე მისი მრჩევლების მიერ ისეთი პოლიტიკის გატარებას გულისხმობს, რომელიც მეტ რისკს შეიცავს.

ბუში vs ბუში

ტექსტში უკვე ნახსენები კვლევა, განიხილავს მამა-შვილი ბუშების მმართველობის სტილს ერაყის ორი ომის მაგალითზე. მამა ბუში, პრეზიდენტობამდე 8 წელიწადი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო კიდევ უფრო ადრე ამერიკის წარმოამდგენელი ჩინეთში და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი (CIA) გახლდათ. მისგან განსხვავებით, მის შვილს, გაპრეზიდენტებისას არანაირი წარსული საგარეო პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა. საგარეო საქმეებში ჩახედულობის გასნხვავებულმა დონემ, გავლენა იქონია თუ როგორ მიუდგა მამა-შვილი ერაყის საკითხს.

უმცროსი ბუში ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებდა დეტალებისადმი. ერთხელ მან, თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კონდოლიზა რაისს ჰკითხა, მოჰყვებოდა თუ არა ჰუმანიტარული არმიის შესვლა, ერაყში ამერიკულ ინტერვენციას. ბუშის ინტერტულობამ ხელფეხი გაუხსნა ვიცე-პრეზიდენტ ჩეინის და თავდაცვის მდივანს რამსფელდს რომ თავისი რწმენა-წარმდგენებით ემოქმედათ. ერაყში შეჭრის ოპერაცია დაიგეგმა რამსფელდის ავტორობით, რომელიც ითვალისწინებდა სადამის მცირე ძალებით ჩამოგდებას, ხოლო პოსტ-კონფლიქტურ ერაყზე რამსფელდს ოპტიმისტური გათვლები ჰქონდა.

შვილისგან გასნხვავებით, ერაყის პირველი კრიზისის დროს, მამა ბუში ყველაზე უმნიშვნელო საკითხშიც კი იყო გარკვეული. იგივე დიკი ჩეინი, მამა ბუშის ადმინსიტრაციაში თავდაცვის მდივნის პოსტზე მსახურობდა, და სამხედრო გეგმის ყველა დეტალს პრეზიდენტს უთანხმებდა.

დღესდღეობით ცხადია, რომ მაშინ როდესაც 1991 წლის ერაყის კამპანია წარმატებით დაგვირგივნდა, 2003 წლის ერაყის ომმა ურთულესი შედეგები მოუტანა როგორც საკუთრივ ქვეყანას, ისევე მთელს რეგიონს.

ვის ვირჩევთ მნიშვნელოვანია!

უახლესი კვლევა საერთაშორისო ურთიერთობებში, ისევე როგორც ჯონ ბოლტონის წიგნში მოხსენიებული ფაქტები, მიანიშნებს რომ მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება თუ ვის ვირჩევთ. ბრძენი მრჩეველების იმედად ყოფნა ძალიან სათუოა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მთავარ მოქმედ პირს მისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან სწორი დასკვნების გამოტანა არ შეუძლია. შესაბამისად საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებს საგარეო პოლიტიკის ცოდნის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა მოვთხოვოთ.

გიორგი ხატიაშვილი

22.06.2020
ნახვა 1713

კომენტარები