მთავარი პოლიტიკა რატომ და ვის კლავს რუსეთი?

რატომ და ვის კლავს რუსეთი?

შეკვეთილი მკვლელობა, როგორც იარაღი ოპონენტების გასანეიტრალებლად
17.06.2020
ნახვა 1266

ფოტო: netgazeti.ge

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და ოპონენტების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ქონა არასდროს ყოფილა რუსული პოლიტიკის ძლიერი მხარე. ოპონენტებთან გამკლავების კრიმინალური მეთოდები, მათი ცემა, მკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა, ბოლშევიკების მიერ დანერგილი პრაქტიკაა, რომელმაც ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში სულ სხვა მასშტაბები შეიძინა. 21-ე საუკუნეში, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ყოფილი აგენტების, ჟურნალისტების, ბლოგერების, ბიზნესმენების თუ პოლიტიკოსების მკვლელობა არა მხოლოდ, რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ დღისით, მზისით ამერიკისა და ევროპის დედაქალაქებში. ასე ხდება, როდესაც დაუსჯელობის სინდრომს თან ერთვის ირაციონალური თავზეხელაღებულობა. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის მიერ მოკლული ადამიანების სია, ყოველწლიურად იზრდება. ამჯერად, პუტინის თუ, ოფიციალური წყაროების მიხედვით, მისი ლაქია, ჩეჩნეთის მმართველის რამზან კადიროვის მთავარი სამიზნე ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გახდა.

რატომ გიორგი გაბუნია?

რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ 12 ივნისს, ქავთარაძის ქუჩაზე, დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც მოგვიანებით „მთავარი“ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გიორგი გაბუნიას მხრიდან ვლადიმერ პუტინის, პირდაპირ ეთერში, უშვერი სიტყვებით მოხსენიება იყო. ჟურნალისტის მონოლოგს რომელიც ეთერში 2019 წლის ივლისში გავიდა, დიდი გამოუხმარება მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გაბუნიას, მაშინვე დაემუქრა რამზან კადიროვი, რომელმაც ქართველ ჟურნალისტს დამალვა ურჩია, რადგან მისი თქმით, დედამიწაზე მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ღირსებას დაიცავს. ერთი შეხევდით, რიგითი ჩინოვნიკის მსგავსი ირიბი მუქარა ბევრს შეიძლება არ ნიშნავდეს, მაგრამ კადიროვი, მისი წარსული, კავშირები და, ზოგადად, მსოფლმხედველობა უკვე საკმარისი უნდა ყოფილიყო მისი მუქარის სერიოზულად აღსაქმელად.

ბოკოვის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა ვასამბეკ ბოკოვი, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი. მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, საზოგადოების ნაწილს მაინც არ სჯერა ინფორმაციის სანდოობის და დღემდე სერიოზულად კითხულობს თუ რატომ უნდა დაეხარჯა რამზან კადიროვს და მითუმეტეს რუსულ სპეცსამსახურებს ენერგია ქართველ ჟურნალისტზე, რომელმაც, უბრალოდ, აგინა პუტინს. მჯერა, ამ ადამიანთა ნაწილი საკუთარი გულუბრყვილობის მსხვერპლია, უფრო დიდი ნაწილი კი ქოცურ-ნაცური დიქოტომიის, რომელთაც, უბრალოდ, დაკარგეს უფრო დიდის აღქმის უნარი. რეალობა კი ისაა, რომ ცარიც და მისი ლაქციაც, ასრულებენ პირობას და, როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითები აჩვენებს, გაბუნიასნაირ „დამნაშავეებს“, საკადრისად სჯიან.

შეკვეთილი მკვლელობების პრაქტიკა

ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა, ყველაზე ძლიერად თავისუფალ მედიას დაარტყა. მისი მმართველობის პერიოდში, მინიმუმ 21 ჟურნალისტი მოკლეს ან გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და უმრავლეს შემთვევაში, არც მკვლელობის შემსრულებელი და არც მისი შემკვეთი არ დასჯილა. თუმცა, არსებული მმართველი რეჟიმის ოპონენტთა განეიტრალების ოპერაცია არ შემოიფარგლებობა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიით. ბოლო 14 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, უკრაინაში, საბერძნეთში, ინდოეთსა და ყაზახეთში, პუტინის თუ მისი უახლოესი გარემოცვის შეკვეთით მინიმუმ 33 ადამიანი მოკლეს.

როგორც წესი, ამ ადამიანების განეიტრალებაზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოები სამსახური (FSB), კონკრეტულად „ვიმპელი“ ან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) განყოფილება 29155 მუშაობს. ცნობილია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი „ვიმპელი“, უფრო ხშირად, ყოფილი მებრძოლების, მათ შორის ეთნიკურად ჩეჩნების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი ხოლო განყოფილება 29155 კი პოლიტიკური და იდეოლოგიური ოპონენტებს. სავარაუდოდ, „ვიმპელის“ შესრულებულია ეთნიკურად ჩეჩენის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც. ხანგოშვილი, რომელიც ჯერ ჩეჩნეთის, შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში იბრძოდა საქართველოს სასარგებლოდ, დღისით, მზისით, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის პარკში მოკლეს. გერმანელმა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მკვლელის კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან. რუსული კვალზე საუბრობდა GRU-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამლის შემდეგ ბრიტანული მხარეც. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, ოფიციალურად დაადანაშაულა კრემლი სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში. თუმცა, როგორც ვხედავთ, მხოლოდ განცხადებების გაკეთება არ არის საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად.კრემლისმსხვერპლთასია, ყოველწლიურადიზრდება.

არის თუ არა ვასამბეგ ბოკოვი რუსული სპეცსამსახურების წევრი, თუ იგი უბრალოდ რამზან კადიროვის დაქირავებული მკვლელია, გამოძიება დაადგენს. ფაქტია, კრემლსაც და კადიროვისნაირ ოდიოზურ პიროვნებებს მარტივად შეუძლიათ წითელი ხაზების გადაკვეთა, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ქილერის გაგზავნა და იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მკვლელობების დაგეგმვა-განხორციელება. კადიროვის სახელს უკავშირდება 2009 წელს, ვენაში, მისი ყოფილი მცველის უმარ ისრაილოვის და ამავე წელს, დუბაიში მისი პოლიტიკური ოპონენტის სულიმ იამადაევის შეკვეთილი მკვლელობებიც. თებერვალში, ცნობილი ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობაც სწორად კადიროვს ბრალდება. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა კადიროვი საკუთარი მოქალაქეების მიმართაც. ჩეჩნეთში, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ადგილობრივების გატაცებების, გაუპატიურებისა და მკვლელობების ფაქტები. კადიროვია საჯარო „ბოდიში მოხდების“ სერიის ავტორიც. იგი, მის კრიტიკოსებს, მუქარითა თუ ძალადობით თავისი სიტყვების უკან წაღებასა და მისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებს, რომელთა ამსახველ კადრებსაც, შემდეგ, ვირტუალურ სივრცეში ტვირთავს. ვინც ბოდიშს არ იხდის, ან ქრება ან/და კვდება. სწორად საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა გუშინ რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიასგან. განცხადებაში, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ მას არ შეუკვეთავს გაბუნიას მკვლელობა, რადგან „თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს  ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს“. ამის შემდეგ, რატომ უნდა უკვირდეს ვინმეს რომ კადიროვი ან/და რუსეთის სპეცსამსახურები აუცილებლად დახარჯავენ რესურსს გაბუნიასნაირ ფიგურებზე, გაუგებარია. პირიქით, საფრთხე ახლა კიდევ უფრო რეალურია და საქართველოს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის, გიორგი გაბუნიას სიცოცხლის დაცვა.

რა უნდა ქნას ქართულმა მხარემ?

გასულ წელს, მაშინ როდესაც გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაგმო გაბუნიას მონოლოგი და ეს ყველაფერი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად შეაფასა. უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რომ სათანადო შეფასება მიეცა კონკრეტული, კერძო ტელევიზიის კონკრეტული თანამშრომლის საქმიანობისთვის. გაბუნიას ქცევა, რამდენიმე საათში დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებმა.

დღეს, რატომღაც, მსგავსი სისწრაფით და ენთუზიაზმით არ შეფასებულა რუსეთის ქმედება და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს მოუთხოვია დასავლური მხარისგან მყისიერი შეფასებების გაკეთება. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იქნას გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალედ უნდა წარიმართოს. რაც ეხება ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილს, საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადებები რამზან კადიროვის მიმასამრთით, რომელიც ასე უტიფრად ემუქრება საქართველოს და მის მოსახლეობას. ბოლოს, ამ ოპერაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რა მნიშვნელოვანია მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად უკრაინულ და სხვა, ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილი, ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.

ჟანა სირბილაძე

17.06.2020
ნახვა 1266

კომენტარები