მთავარი საგარეო პოლიტიკა ჯოზეფ ბაიდენი: ქორი თუ მტრედი?

ჯოზეფ ბაიდენი: ქორი თუ მტრედი?

ტრადიციულად ამერიკელ პოლიტიკოსებს, საგარეო პოლიტიკური ხედვების მიხედვით, მიეწერებათ ან ქორობა ან მტრედობა.
15.06.2020
ნახვა 1483

ფოტო: 1tv.ge

 

ტრადიციულად ამერიკელ პოლიტიკოსებს, საგარეო პოლიტიკური ხედვების მიხედვით, მიეწერებათ ან ქორობა ან მტრედობა. ქორები გამოირჩევიან მილიტარიზმით და აშშ-ს ფარგლებს გარეთ სამხედრო ძალის გამოყენების მხარდაჭერით, მაშინ როდესაც მტრედები დიპლომატიას ანიჭებენ უპირატესობას. რესპუბლიკელები, რომლებიც თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას ემხრობიან, უფრო ქორებთან ასოცირდებიან, ხოლო დემოკრატებს მტრედის იმიჯი აქვთ. ამ სტატიაში მე შევეცდები განვიხილო თუ რა პოზიციები ეკავა ჯო ბაიდენს მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური კარიერის ორ მთავარ პერიოდში: სენატორობისას და ვიცე-პრეზიდენტად ყოფნის დროს.

ბაიდენი სენატში

1973-დან 2009 წლმადე, 36 წლის განმავლობაში, ჯო ბაიდენი დელავერის შტატს წარმოადგენდა ამერიკის სენატში. საგარეო პოლიტიკა მისთვის უცხო სფერო არასდროს ყოფილა. სენატორის კარიერის მიწურულს, 2001-03 და 2007-09 წლებში ბაიდენი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარეობდა (2003-07 წლებში ეს თანამდებობა, ქართველებისთვის ასევე კარგად ნაცნობ სენატორ რიჩარდ ლუგრას ეკავა).

ახალგაზრდა სენატორმა კარიერა ვიეტნამის ომის კრიტიკით დაიწყო. 1975 წლის აპრილში პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა ალმოდებული სამხრეთ ვიეტნამისთვის ერთ მილიარდიანი დახმარების გამოყოფა ითხოვა კონგრესისგან. 25 აპრილს სენატმა სამხრეთ ვიეტნამის დახმარების პაკეტი მიიღო. ბაიდენმა წინააღდეგ მისცა ხმა. ხუთი დღის შემდეგ, 30 აპრილს ვიეტნამის რესპუბლიკის დედაქალაქი საიგონი დაეცა. 1982 წელს, ფოკლენდის ომის დროს, ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს გვერდით დადგა და განაცხადა რომ „არგენტინა ცდება. დიდი ბრიტანეთი მართალია“.

1991 წელს ბაიდენი იმ 45 დემოკრატ სენატორს შორის იყო, ვინც ერაყის პირველ ომს მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალის“ შედეგად, ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამხედრო კოალიციამ, განდევნა სადამ ჰუსეინი ქუვეითიდან. ამის საპირისპიროდ, უკვე 2002 წელს ბაიდენი მიემხრო ერაყის წინააღდეგ ძალის გამოყენებას, თუმცა შემდგომში ინანა ეს ნაბიჯი.

ჯორჯ ბუშ უფროსისა და ბილ კლინტონის ადმინისტრაციების პოზციის საპირისპიროდ, ჯოზეფ ბაიდენი გახლდათ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი ვინც ადრეულ 90-იანებში ბოსნიელი მუსლიმებისთვის შეარაღებაზე ემბარგოს მოხსნას და ნატოს მიერ მათ საჰაერო მხარდაჭერას ითხოვდა. აგრეთვე, 1999 წელს ბაიდენი ემხრობოდა ნატოს საჰაერო დარტყმებს სერბეთის წინააღმდეგ. 2007 წელს ბაიდენმა განაცხადა, რომ ის დარფურში გენოციდის შესაჩერებლად ამერიკულ ჯარს გააგზავნიდა და არასფრენ ზონას შექმნიდა.

სენატორობისას, ბაიდენი გამოირჩეოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების აქტიური მხარდაჭერით. ხოლო 2008 წლის თებერვალში ის იყო თანაავტორი სენატის რეზოლუციისა, რომელიც მოუწოდებდა საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებას.

ბაინდენი ვიცე-პრეზიდენტობისას

2011 წლის მაისში, თეთრი სახლში განიხილებოდა პაკისტანში, ოსამა ბინ ლადენზე, სპეცოპერაციის ჩატარების საკითხი. სადაზვერვო მონაცემები მიუთითებდნენ, რომ მაღალი ალბათობით მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი სწორედ აბოტაბადში ერთ-ერთ სახლში იმალებოდა, თუმცა არსებობდა სამხედრო ოპერაციის ჩავარდნის მაღალი რისკი. თითქმის ყველამ აშშ-ს პრეზიდენტს ურჩია ოპერაციისთვის მწვანე შუქი მიეცა, მაგრამ როდესაც ჯერი ბაიდენზე მიდგა ის პაკისტანში საზღვაო ქვეითების გაგზავნისგან თავის შეკავებას მიემხრო. მაშინდელი სახელმწიფო მიდვანი ჰილარი კლინტონი რომელიც ოპერაციას მხარს უჭერდა, თავის მემუარებში იხსენებდა:

მე მესომოდა [ბაიდენის] წუხილი ოპერაციის რისკებთან დაკავშირებით, თუმცა მიმაჩნდა, რომ სადაზვერვო ინფორმაცია დამაჯერებელი იყო და სარგებელი ოპერაციის წარმატებით დასრულებისგან აღემატებოდა რისკებს.

ბინ ლადენის ლიკვიდცაია არაა ერთადერთი საკითხი სადაც ჰილარი და ჯო, ობამას პრეზიდენტობისას, ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციებზე იდგნენ. ბაიდენისგან განსხვავებით, ჰილარი კლინტონი ეწინააღდეგებოდა ერაყიდან საჯარისო შენაერთების მთლიან გამოყვანას და მოითხოვდა მცირე ძალების ქვეყანაში დატოვებას. 2009 წელს ბაიდენი არ ემხრობოდა ავღანეთში სამხედროების რაოდენობის გაზრდას, მაშინ როდესაც ჰილარი კლინტონმა 30 000 ჯარისკაცის გაზავნას დაუჭირა მხარი. 2016 წელს ბაიდენმა განაცხადა რომ მას ლიბიაში ჩარევა სარისკოდ მიაჩნდა, რადგან მუამარ კადაფის ჩამოგდება მხოლოდ ქვეყნის დეზინტეგრაციას და რადიკალური ექსტრემისტული მიმდინარეობების გაძლიერებას გამოიწვევდა. ამის საპირისპიროდ ჰილარი კლინტონი ლიბიაში ინტერვენციის ერთერთი მთავარი ქომაგი გახლდათ. აგრეთვე, ბაიდენი სკეპტიკურად უყურებდა სირიელი მეამბოხეების შეაირაღებას, ხოლო ჰილარი კლინტონი არათუ მებრძოლთა აღჭურვას, არამედ სირიაში არასაფრენი ზონის შექმნასაც ემხორობოდა. როგორც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ბუშისა და ობამას ადმინსიტრაციის პერიოდში (2006-2011), რობერტ გეითსმა აღნიშნა:

[ბაიდენი] უკანასკნელი ორმოცი წლის მანძილზე ყველა ძირითად საგარეო პოლიტიკურ თუ ეროვნულ უსაფართოხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე ცდებოდა.

ქორი თუ მტრედი?

ზემოთ მოყვანილი მცირე ისტორიული ფაქტები ცხადყოფს რომ ჯოზეფ ბაიდენი არც ქორისა და არც მტრედის ვიწრო დეფინიციაში არ ჯდება. ჩემი აზრით, ის უფრო აგრესიული მტრედია. როგორც ლიბერალ ინტერნაციონალისტს, მას კარგად ესმის რომ ხანდახან სამხედრო ინტერვენცია გარდაუვალია, განსაკუთრებით როდესაც ეს ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება. თუმცა ზოგჯერ მხოლოდ კუნთებით თამაშმა თუ მას არ მოსდევს გააზრებული დიპლომატიური გეგმა, შეიძლება უარესი შედეგი მოიტანოს. ამიტომაცაა, რომ ობამას ადმინისტრაციაში, სხვა ლიბერალ ქორებთან შედარებით ის უფრო მოზომილ პოზიციებს იკავებდა. ერთი რამე კი ცალსახაა, ტრამპისგან განსხვავებით, ჯოზეფ ბაიდენი თავის საგრეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ფაქტების საფუძვლიან ანალიზზე დაყრდნობით და არა იმპულსების ზეგავლენით.

გიორგი ხატიაშვილი

15.06.2020
ნახვა 1483

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს

ეს გადაწყვეტილება ისტორიულ მინიმუმამდე (25 000), დაიყვანს გერმანიაში...
10 თვე