მთავარი პოლიტიკა სააკაშვილის შეთავაზება ოპოზიციას

სააკაშვილის შეთავაზება ოპოზიციას

უკრაინაში თანამდებობის დაკავების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი კვლავ განაგრძობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას.
13.06.2020
ნახვა 1121

ფოტო: kvirispalitra.ge

 

უკრაინაში თანამდებობის დაკავების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი კვლავ განაგრძობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას და ცდილობს გავლენა იქონიოს ოპოზიციის საარჩევნო დღის წესრიგზე.

თავის ბოლო მიმართვაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაავრცელა მის პირად ფეისბუქის ანგარიშზე, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასა და ოპოზიციურ ჯგუფებს მეტი ერთიანობისკენ მოუწოდა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად: მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას, ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება.

სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელი იქნება არა მარტო საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, არამედ საერთო პროპორციული სიის გაკეთება ერთიანი ოპოზიციის ქოლგის ქვეშ: ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა!“. ამ საერთო სიაში, თუკი იგი შეიქმნება, სააკაშვილის აზრით ადგილები პარტიული რეიტინგების მიხედვით უნდა გადანაწილდეს - ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს!

სააკაშვილი მიმართვას შემდეგი ფრაზით ასრულებს მე მზად ვარ განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ“.

გამოხმაურებები სააკაშვილის შემოთავაზებაზე

სააკაშვილის შემოთავაზებას მალევე გამოეხმაურნენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები. სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ევროპულ საქართველოში არ განიხილავენ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას საერთო პროპორციული სიის შესახებ და რომ მსგავსი შემოთავაზებები მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს საერთო პოზიციებს. ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიგი უგულავამ დასძინა, რომ დღევანდელ შემოთავაზებულ მოდელში (120/30), ერთიანი ოპოზიციური სია არარეალიზებადია, თუმცა არ გამორიცხა მსგავსი მოდელის ეფექტიანობა, იმ შემთხევაში თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება და ისევ ძველი მოდელით (77/73) ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

სააკაშვილის შემოთავაზებაზე, ასევე კომენტარი გააკეთეს ექსპერტული წრის წარმომადგენლებმა. თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს „წაუგებელი თამაშია“, რადგან სააკაშვილი ერთიანობისკენ მოუწოდებს ოპოზიციას, ხოლო თუ ეს არ გამოვა, სააკაშვილი განაცხადებს, რომ მან სცადა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ დასთანხმდა. ამგვარად, ის ყველა შემთხვევაში მომგებიან პოზიციაში იქნება.

სააკაშვილის განცხადების ანალიზი

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული ვიდეომიმართვა რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო. პირველ რიგში, თავად განცხადების შინაარსობრივი ნაწილია საინტერესო. მიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი „რეჟიმების“ (იგულისხმება ივანიშვილის რეჟიმი) დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი და რომ ამის ბევრი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, და იქვე დასძენს, რომ ამის გამოცდილება აქვს საქართველოსაც. განცხადების ამ ნაწილში, სულ მცირე უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, რომ თავად სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებაც გაერთიანებული ოპოზიციის საშუალებით მოხერხდა და შესაბამისად მსგავსი ფორმულირება, ერთგვარად, სააკაშვილის ხელისუფლებასაც „რეჟიმად“ წარმოაჩენს.

ასევე, ბევრ კითხვას ბადებს ვიდეოს ბოლოს გამთქმული მოსაზრება, რომ სააკაშვილი მზად არის განიხილოს ნებისმიერი შემოთავაზება ოპოზიციის მხრიდან. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ სააკაშვილი თავს ისევ მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ლიდერად განიხილავს და ფიქრობს, რომ საერთო გადაწყვეტილებებზე საბოლოო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის. ეს შესაძლოა ასეც არის, ან არ არის, აქ მნიშნელოვანი სულ სხვა კომპონენტია. ოპოზიცია ბოლო თვეების მანძილზე ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს პოლიტიკური დღისწესრიგი, სადაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება ივანიშვილის ხელისუფლების წინააღდმეგ. ამ მოდელში, მთავარია ოპოზიციური ერთიანობის, როგორც განსხვავებულთა ერთობის იდეა, სადაც შეუთავსებლობებსა და დაპირისპირებებზე მაღლა დგას უფრო დიდ და მიუღებელ ბოროტებასთან (ივანიშვილთან) ბრძოლა. სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები (ასევე იხილეთ მისი 11 ივნისის განცხადება, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ საარჩევნოდ ის იქნება ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე) და პოზიციები კი ისევ იმ კლასიკურ დისკურს აბრუნებს, როდესაც ამომრჩევლის წინაშე ორპოლუსიანი პოლიტიკური რეალობა დგება და არჩევანის გაკეთება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის გვიწევს.

სააკაშვილი შესაძლოა მართლაც არის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური ფიგურა ელექტორალური თვალსაზრისით, თუმცა, ფაქტია რომ ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის ხარჯზე გამარჯვების რეალური შანსი არ აქვს და სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე ივანიშვილის დამარცხება ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშიც არ უნდა შედიოდეს სიტუაციის იმგვარი განვითრება, როდესაც სუსტდება ოპოზიციური ერთობა და იზრდება განხეთქილება პარტიებს შორის, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების ფონზე.

მაგრამ, ასევე ფაქტია, რომ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი ამბიციები და პოლიტიკური ალღო და მაშინ, როდესაც არსებობს ხელისუფლების შეცვლის რეალური შესძლებლობა საქართველოში, ის არ დაუშვებს პროცესების მიღმა დარჩენას და ყველანაირად შეეცდება ამ პროცესების სათავეში მოქცევას. თუმცა, თუ სააკაშვილი არ დაიცავს გარკვეულ ბალანსს და დისტანციას ამ პროცესებში, შესაძლოა მან ხელი შეუშალოს მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის და შესაბამისად მისი პარტიის წარმატებასაც.

დავით ნაროუშვილი

13.06.2020
ნახვა 1121

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ქართულ რადიკალურ ძალებს პარლამენტში შესვლა სურთ

„ქართული მარში“ პარტიად ყალიბდება და არჩევნებისთვის ემზადება
10 თვე

ოპოზიციური ერთობა - იძულებითი ნაბიჯი გადარჩენისთვის თუ გზა გამარჯვებისკენ

გავრცელებული ცნობების მიხედვით ოპოზიციურ გაერთიანებაში ორი...
10 თვე