მთავარი უსაფრთხოება რა ცვლილებები შეაქვს პუტინს კონსტიტუციაში?

რა ცვლილებები შეაქვს პუტინს კონსტიტუციაში?

2020 წლის პირველ ივლისს, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი გაიმართება.
11.06.2020
ნახვა 1274

2020 წლის პირველ ივლისს, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი გაიმართება და მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, პუტინის მმართველობა კიდევ ერთი დეკადით გაგრძელება.

უგვირგვინო ცარი

მას შემდეგ რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, ღიად დაიწყო საუბარი იმაზე თუ როგორი იქნება პოსტ-კორონავირუსული სამყარო. სოციალური მეცნიერებების ექსპერტები ერთი მეორეს მიყოლებით აქვეყნებენ ბლოგებსა და სტატიებს იმაზე, რომ მსოფლიო წესრიგი შეიცვლება და, რომ სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი როგორიც ადრე. მართლაც, ცვლილებების ტალღა გარდაუვალია დასავლურ საზოგადოებებში, სადაც შეცდომებზე სწავლა დამკვირდებული პრაქტიკაა და როგორც პანდემიის სამმა თვემ აჩვენა, გადასაფასებელი და გამოსასწორებელი, უდაოდ, ბევრია. სადაც არაფერი, უფროსწორად, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, რუსეთია. პუტინი არა თუ დარჩება ყველაზე გავლენიან ფიგურად, არამედ, პირველ ივლისს, საბოლოოდ, გამოვემშვიდობებით ცარი ვლადიმერის ხანის 2024-ში დასრულების ოცნებას. ცალსახაა, რომ პუტინი არსად წასვლას არ აპირებს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე 4 წლით ადრე გადაწყვიტა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. როგორც ჩანს, მისი შემცვლელის პოზიცია კვლავ ვაკანტურია და აქამდე ვერ მოხერხდა ისეთი კანდიდატის პოვნა, რომელიც იგივე გარანტიებს მისცემდა პუტინსა და მის გარემოცვას, როგორიც თავის დროზე ბორის ელცინმა და ე.წ. „ოჯახმა“ მიიღო პუტინისგან. ანდა სწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ პუტინს ძალაუფლების დათმობა არ სურს, რადგან ჰგონია, რომ უალტერნატივოა და მის გარეშე, ქვეყანა, უბრალოდ, დაიშლება. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ყველა ინსტანცია გავლილია, დარჩენილია მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის გამოცხადებაღა, რის შემდეგაც, უგვირგვინო ცარს კიდევ 12 წლით შეეძლება პირველი პირის პოსტის შენარჩუნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

საყოველთაო კენჭისყრა, თავდაპირველად, 22 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესები გადაიდო. ოფიციალური კრემლის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, კენჭისყრის ახალ თარიღად 2020 წლის პირველი ივლისი ჩაინიშნა. რეფერენდუმზე, მოსახლეობას მოუწევს გადაწყვიტოს დაუჭერს თუ არა მხარს ცვლილებათა შემდეგ ერთობლიობას, კერძოდ: რუსეთის კონსტიტუციისთვის საერთაშორისო სამართალზე უპირატესობის მინიჭებას, რუსული ენისთვის განსაკუთრებული სტატუსის მიცემას, ქორწინების განსაზღვრას როგორც მამაკაცსა და ქალს შორის კავშირად, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის რუსეთის ტერიტორიაზე 25 წლის განმავლობაში ცხოვრების ვალდებულებას და პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილის სახელმწიფო დუმასთვის გადაცემას. რაც მთავარია, ცვლილება გულისხმობს კონსტიტუციის დებულებიდან სიტყვის ზედიზედ ამოღებას, რის გამოც, ერთსადაიმავე პირს ეკრძალება პრეზიდენტად არჩევა ორზე მეტი ვადით, ე.ი. ვლადიმერ პუტინს, არსებული წესით, 2024 წელს საკუთარი თავის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენების კანონიერი უფლება აღარ ექნებოდა. ახალი ცვლილებით კი, გზა ხსნილი აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებულია ცვლილებათა ნაკრები, ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაციისას, მთელი ყურადღება ისეთ სენსიტიურ საკითხებზეა გადატანილი, როგორებიცაა საპენსიო რეფორმა, ერთსქესიანთა ქორწინება და მათი მხრიდან შვილის აყვანა. სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, რომლის მიზანიცაა მოსახლეობისთვის მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება, რატომღაც არაფერი იყო ნახსენები ცვლილების უმთავრეს ნაწილზე, კერძოდ, პუტინისთვის ძალაუფლების კიდევ 12 წლით გახანგრძლივების პერსპექტივებზე. ინფორმაცია ვებ-გვერდზე მხოლოდ მოგვიანებით დაემატა და ასეთი მასშტაბურ დარღვევას, კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, უბრალოდ, ტექნიკური ხარვეზი უწოდა.

ლგბტ+ თემში, დიდი აღშფოთება გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მიძღვნილმა პირველმა სარეკლამო რგოლმაც. ვიდეოში ჩანს პატარა ბიჭი ბავშვთა სახლიდან, რომელიც იმედგაცრუებულია იმ ინფორმაციით, რომ მისი მომავალი მშობლები გეი წყვილია. ვიდეოს ბოლოს კი ისმის კითხვა: ასეთი რუსეთი გინდათ? წადით რეფერენდუმზე, გადაწყვიტეთ ქვეყნის მომავალი, დაუჭირეთ მხარი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს.

მსგავსი ნარატივითა და ამომრჩევლებზე მანიპულირებით, რაც წარმატებული პრაქტიკაა კრემლისთვის, პუტინი აუცილებლად შეძლებს სასურველი შედეგის მიღწევას. გასათვალსიწინებელია ის ფაქტიც, რომ აქტივობის ზღვარი დადგენილი არ არისკენჭისყრა კანონიერად ჩაითვლება მონაწილეთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაშიშესაბამისად, დღეს, უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ პირველი ივლისის შემდგომი რუსეთი იქნება უფრო დისკრიმინაციული, ავტორიტარული და საშიში, როგორც საქართველოსთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის.

In Omnia Paratus – იყავი მზად ყველაფრისთვის

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელწმიფოში განუსაზღვრელი ვადით ვლადიმერ პუტინის გამეფება მინიმუმ შეგვანარჩუნებინებს ჩვენთვის არასასურველ გეოპოლიტიკურ სტატუს-კვოს. ისეთ საზოგადოებებში, როგორიც რუსეთია, სისტემა დგას ინდივიდებზე, მათ უახლოეს გარემოცვაზე და არა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. შესაბამისად, პუტინის ფაქტორი, მისი პიროვნული ამბიციები და პირადი პრიორიტეტები, გადამწყვეტია თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას. ფაქტია, რომ სწორად მისი მმართველობის დროს გაცდა რუსეთი მის უახლოეს სამეზობლოს (საქართველოსა და უკრაინას) და რეგიონალური ძალიდან, კვლავ იქცა გლობალურ აქტორად. საერთაშორისო პოლიტიკაში რელევანტურობის შენარჩუნების მიზნით კი, პუტინი კვლავაც გადალახავს წითელ ხაზებს, დაარღვევს საერთაშორისო სამართალის ნორმებს და შელახავს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჟანა სირბილაძე

11.06.2020
ნახვა 1274

კომენტარები