მთავარი პოლიტიკა ბერნი, მამუკა, გირჩი

ბერნი, მამუკა, გირჩი

აბსტრაჰირება როგორც პოლიტიკური ხერხი
10.06.2020
ნახვა 1094

ბერნი

აბსტრაჰირება ცნობილი პოლიტიკური ხერხია. პოლიტიკოსები მას იყენებენ, როდესაც კონკრეტული პრობლემის საზოგადოების წინაშე წარმოჩენა, არახელსაყრელია, თუმცა, მისი სრულად უარყოფაც არ გამოდის. მაგალითად, როდესაც აშშ-ში გარკვეული ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ „ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (all lives matter), რასაკვირველია მათ შინაარსობრივად ვერავინ შეედავებოდა, თუმცა, როდესაც სენატორმა ბერნი სანდერსმა ეს ფორმულირება იხმარა, მძიმე კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა. საზოგადოებამ ჩაითვალა, რომ მან ამ ფორმით, მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (black lives matter) აბსტრაჰირება მოახდინა და ამით, რასობრივი პრობლემის „მიჩქმალვას“ შეეცადა. სანდერსის პოლიტიკური მიზანი, კამპანიის კლასობრივი ბრძოლის ირგვლივ აწყობა და აფრო-ამერიკელთა საკითხების ამ კონტექსტში მოქცევა გახლდათ, თუმცა არ გამოუვიდა. საზოგადოების ზეწოლით მალევე მოიხადა ბოდიში და აღიარა, რომ შავკანიანთა პრობლემა ცალკე ყურადღებას იმსახურებს.

მამუკა

 საქართველოში LGBT-თემის პრობლემები მაღალი პოლიტიკური სენსიტიურობის მქონე თემებში შედის. შესაბამისად, პოლიტიკოსები, როგორც წესი, ამ საკითხზე საუბრისას აბსტრაჰირების გზას ხშირად ირჩევენ. ბოლო დროს, ამ მხრივ ყველაზე დიდი ვნებათაღელვა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია. თავად ბანკირის პოზიციაში გაუგებარი არაფერი ყოფილა. ამ ქვეყანაში ადამიანს აქვს უფლება იყოს კონსერვატორი და მათ შორის LGBT საკითხებთან დაკავშირებით, პროგრესული ლიბერალების იდეებს არ იზიარებდეს. თუმცა, პრობლემა უკვე შემდგომში გამოიკვეთა, როდესაც პარტია ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, ლაშა ბაქრაძემ დატოვა, ხოლო სხვა წევრებმა, მიყოლებით ლიდერის პოზიციის გამართლება დაიწყეს: „ეს კი არ იგულისხმა, ის იგულისხმაო.“ ხაზარაძე მრევლს უგორებს კოჭს, დანარჩენები დასავლეთს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის შემადგენლობაში არის ხალხი, რომელთაც წლების განმავლობაში ადამიანთა უფლებების, ანდა მემარცხენე პროგრესული იდეების დამცველებად ვიცნობდით. რთულად წარმოსადგენია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ხაზარაძის მოსაზრებას ეთანხმებიან.

გირჩი

 „ლელოს“ მსგავს ხაზს იცავს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდს პროგრესულ ლიბერალიზმზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. პარტიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ, სალომე სამადაშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საკითხი LGBT - თემის პრობლემატიკის პოლიტიზება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც საზოგადოება ამისთვის მზად იქნება. მსგავსი, თუმცა ოდნავ უფრო გამოკვეთილი LGBT-მხარდამჭერი პოზიცია აქვს „ევროპულ საქართველოს.“

პოლიტიკოსის პასიურობის იდეას არ იზიარებენ „გირჩი“ და „რესპუბლიკელები“, ანუ ის პარტიები, რომლებსაც საარჩევნოდ დასაკარგი არაფერი აქვთ. ზურაბ ჯაფარიძემ, სწორად შენიშნა, რომ პოლიტიკოსის ფუნქცია, არა მხოლოდ საზოგადოების მოსმენა, არამედ საზოგადოებაში ცვლილებების წახალისებაც არის. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, შესაძლებელია თამამად აღვნიშნოთ, რომ პარტია LGBT - უფლებების მთავარი დამცველია. საინტერესოა, იგივე პოზიციებზე იქნებოდნენ ეს პარტიები არჩევნებში კარგი შედეგის რეალური შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ? რესპუბლიკელებიდან წასული უსუფაშვილი ხომ გახდა „პატარა ხაზარაძე“?

ლაშა მაჭარაშვილი

10.06.2020
ნახვა 1094

კომენტარები