მთავარი საგარეო პოლიტიკა საქართველო პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჭრილში

საქართველო პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჭრილში

უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ეტაპი?
09.06.2020
ნახვა 1474

ფოტო: @ სალომე ზურაბიშვილი

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

ამა წლის მაისში, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაამტკიცა პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. სახელმწიფოს მეთაურის აზრით, ახალი სტრატეგიის მიღება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგანაც წინა, 2014 წელს არჩეული სტრატეგია აღარ პასუხობდა თანამედროვე გამოწვევებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სფეროში შექმნილ ახალ რეალობას. დოკუმენტი ოთხი ძირითადი ასპექტისგან შედგება: სახელმწიფოსა და მისი მოქალაქის უსაფრთხოება, პოლონეთი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში, თვითმყოფადობა და ეროვნული მემკვიდრეობა ასევე საზოგადოებისა და სამეურნეო განვითარება გარემოს დაცვასთან ერთად. საგარეო პოლიტიკის ჭრილში, განსაკუთრებით კი ქართულ - პოლონური ურთიერთობების ფარგლებში, ფრიად მნიშვნელოვანია მეორე ასპექტი ანუ «პოლონეთი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში».

რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე

სტრატეგიის მიხედვით, პოლონეთი უცვლელად უნდა დარჩეს ნატოსა და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირში, რაც მისი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. დოკუმენტში ხაზგასმით გამოკვეთილია რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხე. წინა, 2014 წლის წლის სტრატეგიასთან შედარებით, ახალ სტრატეგიაში შეიმჩნევა გაძლიერებული რიტორიკა მოსკოვის მიმართ, რომელიც ზოგიერთ ნაწილში "დიპლომატიურ პროვოკაციებს" ემსგავსება. დოკუმენტის დასაწყისში ვკითხულობთ: «ყველაზე სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ნეოიმპერიალისტური პოლიტიკა, გამოხატული მათ შორის, მილიტარული ძალის გამოყენებაში. საქართველოს მიმართ გამოხატულმა აგრესიამ, ყირიმის ანექსიამ, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებულმა ქმედებებმა დაარღვიეს ძირითადი საერთაშორისო სამართლის წესები და ეჭქვეშ დააყენეს ევროპული უსაფრთხოების სისტემის ასპექტები». სტრატეგია მიგვანიშნებს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდული ხასიათის აგრესიულ მოქმედებებზე, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კიბერშეტევებზე, რომლებიც მიმართულია ნატოსა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების დესტაბილიზაციისკენ. რუსეთის მიერ განხორციელებული მსგავსი ქმედებები კონფლიქტის გაღვივების დიდ საფრთხეს შეიცავენ. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სტრატეგია პირდაპირ მიგვანიშნებს უახლოეს წლებში რუსეთის ფედერაციის სურვილზე გააგრძელოს ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგის ეჭქვეშ დაყენების პოლიტიკა საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, რათა დაიმკვიდროს ზესახელმწიფოს პოზიცია და გავლენების სფერო ხელში ჩაიგდოს. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არაა, რომ აღმოსავლეთ ქვეყნების მხარდაჭერა, "აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების" და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება დოკუმენტის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ძლიერი, სტაბილური, პროევროპული და პროატლანტიკური აღმოსავლეთ ქვეყნები პოლონეთის უსაფრთხოებასაც უწყობენ ხელს.

აღმოსავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა

რაც შეეხება აღმოსავლეთის ქვეყნებს, სტრატეგიაში ვკითხულობთ: «აუცილებელია განხორციელდეს მოქმედებები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის გასაძლიერებლად. პოლონეთი ასევე მხარს უჭერს ამ ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების რეალიზებას. პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია ჩაერთოს მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში სტაბილიზაციის მიღწევისთვის მიმართულ ქმედებებში». აშკარად ჩანს, რომ მსგავსი მიდგომა დაკავშირებულია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხედვასთან აღმოსავლეთთან მიმართებაში, რომელიც ფიქრობდა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს გარეშე ევროპა ვერ იქნება მშვიდად. ლეხ კაჩინსკისთვის უსაფრთხო საქართველო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ფუნდამენტს წარმოადგენდა. ამჟამინდელი პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა, როგორც ლეხ კაჩინსკისთან ახლოს მდგომი პირი და მისი თანამებრძოლი ხშირად ეხმიანება სმოლენსკში ტრაგიკულად გარდაცვლილი პრეზიდენტის პოლიტიკურ მიდგომებს. შეიძლება ვილაპარაკოთ ხედვისა და სტრატეგიის ერთგვარ გაგრძელებაზე, რომლის ანარეკლიცაა სწორედ ახალი, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია.

რუსეთის რეაქცია

რუსეთის მოხსენიება, როგორც საფრთხის შემცველ ქვეყანად და აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვას თავისთავად მოჰყვებოდა შესაბამისი რეაქცია კრემლის მხრიდან. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ხელმოწერიდან პრაქტიკულად მეორე დღესვე რუსი პოლიტიკოსები პოლონეთს ეკონომიკური რევანშით დაემუქრნენ. მათი გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ პოლონეთის მიერ შემუშავებული სტრატეგია, ეფექტია «სამხედრო-სამეურნეო კომპლექსური ლობინგისა და პოლონეთის სურვილის, დაემსგავსოს მის სპონსორებს აშშ-დან». თუმცა სიმართლე რომ ითქვას, სიტყვიერი შეტევის გარდა ნაკლებად მოსალოდნელია რუსეთისგან რაიმე პირდაპირი ეკონომიკური შეტევის განხორციელება. რუსეთი, წლიდან წლამდე უფრო და უფრო სუსტ ინსტრუმენტებს ფლობს, რომლითაც შეეძლება შეუტიოს და ზიანი მიაყენოს პოლონურ მეურნეობას. ამავდროულად ეჭვგარეშეა, რომ დაძაბულობა პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობებში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეფასება

ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მიუთითებს პოლონეთის მთავრობის, პარტია «კანონი და სამართალის» აღმოსავლეთის პოლიტიკას, როგორც პოლონური დიპლომატიის პრიორიტეტულ მიმართულებას. ვარშავა უკვე მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს, მათ შორის, სხვადასხვა სადამხმარებლო პროექტის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, მსგავსი პროექტების რეალიზაციის დროს პოლიტიკური ასპექტები ხშირად მარგინალიზირებულია. სადამხმარებლო პროექტები მხოლოდ ნაწილობრივ უწყობენ ხელს შიდა სტაბილურობის დამყარებას. უფრო მაღალი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თბილისის ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშესაწყობად, უსაფრთხოების მხარდასაჭერად, რომელზეც სწორედ ზემოთ აღნიშნულ სტრატეგიაშია საუბარი, საჭიროა ორმხრივ ნდობასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული უწყებათაშორისი ურთიერთობების მეტად გაფართოება. სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოა, რომ სწორედ ნდობა წარმოადგენს აქილევსის ქუსლს საქართველო-პოლონეთის და ზოგადად საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში 2012 წელს «ქართული ოცნების» მიერ ქვეყნის მმართველობის ხელში აღების მერე. ბიძინა ივანიშვილის პარტია მოაზრებული იყო როგორც პრორუსული, ანტიდემოკრატიული, შერჩევითი სამართლის მიდგომის მქონე მოქმედი პოლიტიკური სუბიექტი. მსგავსი და ხშირად დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმოდა დასავლეთში სხვადასხვა პარტიული კულუარიდან. არც თუ ისე იშვიათად გვიჩნდება წარმოდგენა, რომ ერთადერთ გონივრულ პოლიტიკურ გამოსავალს, რომლის მიმართაც დასავლეთს ნდობა გააჩანია არის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტურის დროს ფესვებგადგმული პირები და პარტიები: «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა», აგრეთვე «ევროპული საქართველო». ეს არასწორი მიდგომაა. «ქართულ ოცნებას» ირჩევს ქართველი ხალხი. პატივი ვცეთ საზოგადოების დემოკრატიულ სურვილს და ნუ დაველოდებით ცვლილებებსა და სახელმწიფო მმართველობაში «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» დაბრუნებას. დაკარგულ დროს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოყვეს. შესაძლებელია, რომ საქართველოს მთავრობის მუდმივმა კრიტიკამ სრულიად სხვა შედეგი გამოიღოს ვიდრე ეს ჩაფიქრებული იყო. ამა წლის იანვრიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობის მიმართ გაისმა ძალიან ბევრი, ყოველგვარ დამადასტურებელ ფაქტს მოკლებული ბრალდება. საზოგადოების რეაქციაში გამოიკვეთა მთავრობის მიმართ სოლიდარობა, რომელმაც დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლეთის მიერ ზედმეტი ინგერენციის მიმართ. ნაკლებად ვვარაუდობ, რომ უეცრად მოხდება დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეთა შემცირება, მაგრამ ასეთ პირობებში გააქტიურდებიან ულტრამემარჯვენე, ეროვნული მოძრაობები. სწორედ ახლა, პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება სურს «ქართული მარშის» ერთერთ ლიდერს სანდრო ბრეგაძეს, რომელიც ძლიერი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. 1%-იანი საარჩევნო ბარიერის ფარგლებში, დასავლეთის ზედმეტად აპოდიქტური, დიდაქტიკური და მორალისტური ტონის ფონზე ზემოთ ხსენებული პარტიის პოზიცია გაიზრდება და სიგნალები ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ 2020 წლის შემოდგომიდან არა ქუჩიდან არამედ საქართველოს პარლამენტიდან გახმოვანდება. ამის მოლოდინი აქვს დასავლეთს? არა, პირიქით. დასავლეთს და განსაკუთრებით პოლონეთს სურს, არათუ შეასუსტოს, არამედ გაძლიერებულად მხარი დაუჭიროს თბილისის ინტეგრაციას დასავლეთთან. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეთ გაფართოებულ ორმხრივ დიალოგზე საქართველოს მთავრობასთან, მიუხედავად იმისა, მის სათავეში იქნება «ქართული ოცნება» თუ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა». საქართველო უნდა აღვიქვათ როგორც სახელმწიფო და არა როგორც პოლიტიკური პარტია. დიდად სავარაუდოა, რომ «ქართული ოცნება» კიდევ 4 წელიწადი დარჩება ქვეყნის სათავეში და იქნება ეს თავისუფალი, გაცნობიერებული და დემოკრატიული ქართული საზოგადოების არჩევანი. პატივი უნდა ვცეთ და მოვახდინოთ აწ უკვე არჩეული სტრატეგიის რეალიზება სანამ ჯერ კიდევ არსებობს ამისთვის შესაბამისი კონიუქტურა. დაე ახალი დოკუმენტი იყოს დასაწყისი ორმხრივი, ბევრად უფრო ფართო და ეფექტური დიალოგისა.

ქშიშტოფ ლუკიანოოვიჩი

09.06.2020
ნახვა 1474

კომენტარები