მთავარი პოლიტიკა ქართულ რადიკალურ ძალებს პარლამენტში შესვლა სურთ

ქართულ რადიკალურ ძალებს პარლამენტში შესვლა სურთ

„ქართული მარში“ პარტიად ყალიბდება და არჩევნებისთვის ემზადება
05.06.2020
ნახვა 1792

ულტრამემარჯვენე პარტია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ახალი პარტია შეემატება. საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული მოძრაობა „ქართული მარში“, სანდრო ბრეგაძის ხელმძღვანელობით, რამდენიმე სხვა თანამოაზრე პოლიტიკურ ძალასთან ერთად, პარტიად რეგისტრირებას ივნისში გეგმავს. ბრეგაძე აცხადებს, რომ ახალი პარტია, როგორც ეროვნულ-კონსერვატორული ძალა, საქართველოს პარლამენტში ტრადიციულ ღირებულებებს დაიცავს. ბრეგაძე იმედოვნებს, რომ პარტია დამფუძნებელ ყრილობას ივნისის შუა რიცხვებამდე გამართავს და ახალ სახეებსაც წარადგენს, მხარდამჭერები კი, პროდასავლურ პარტიებზე მეტი ეყოლება. ოქტომბრის არჩევნებამდე, ბრეგაძე მასშტაბური „მარშის“ გამართვასაც აანონსებს.

მომავალი პარტიის ლიდერი ჯერ-ჯერობით არ ასახელებს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ვისთანაც პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა. მან უარყო ლევან ვასაძის ჩართვა პოლიტიკურ მოძრაობაში, ასევე არ დაადასტურა კონსულტაციები „პატრიოტთა ალიანსთან“, მიუხედავად მჭიდრო „მეგობრული ურთიერთობებისა“, თუმცა სამომავლოდ, მათთან კომუნიკაცია არ გამორიცხა.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ბრეგაძე კატეგორიულად გაემიჯნა „რუსულ წყაროებს“ და განაცხადა, რომ იგი თავად დააფინანსებს პარტიას, მეგობრებთან ერთად. საინტერესოა, რომ მის მეგობრებსა და „ქართული მარშის“ წამყვან სახეებს შორის არის დიმიტრი ლორთქიფანიძეც („პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი), რომლის კავშირები კრემლის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან ღიაა და საიდუმლოს არ წარმოადგენს.

ქართული მარშის“ აქტივობა

მოძრაობა „ქართული მარში“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. გაერთიანებაში შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოწოდებებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში. „ქართული მარშის“ მხარდამჭერები ძირითადად, „ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე“ აკეთებენ აქცენტს და ლგბტქ თემის წარმომადგენლების განსაკუთრებული მიუღებლობით გამოირჩევიან. მათ სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი დემონსტრაცია: „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია, ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მცდელობა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვან გიორგი გაბუნიაზე მიტანილი იერიში „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის“, ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ გამართული აქცია, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს, ხელზე ლგბტქ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა და ა.შ.

სანდრო ბრეგაძისთვის ეს ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2018 წელს მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა. ბრეგაძე 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, საარჩევნო ბლოკსაქართველოს აღორძინებიდან“. 2014-2016 წლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლიდან სანდრო ბრეგაძექართული მარშისერთ-ერთი ლიდერია. საინტერესოა, რომ ბრეგაძეს 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა.

ქართული მარშის“ პერსპექტივები

ოპოზიციურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ „ქართულ მარშს“, ხელისუფლება წარსულში საკუთარი მიზნების შესაბამისად იყენებდა ხოლმე, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ მომავალში, ახლად შექმნილი პარტია მმართველი გუნდისპროექტად“ იქცეს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაიაქართულ მარშსხელისუფლებისმაშველ რგოლსაც“ უწოდებს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემის შესახებ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება რეალიზდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 პროპორციული გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1% იქნება. შესაბამისად, მხარდამჭერთა სათანადოდ მობილიზების შემთხვევაში, „ქართულ მარშს“ ბარიერის გადალახვის გარკვეული შანსი ექნება.

ამასთან, თუ გავითვალისწინებით, რომ „ქართული მარში“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ცალკეულ შემთხვევაში, ერთნაირ შეხედულებებს იზიარებენ და მათ შორის დიდი ხნის „მეგობრობაა“, მოსალოდნელია, რომ ახალმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა ხმები გაინაწილოს.

რამდენადაც საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკა მკვეთრად ანტიდასავლურია, ისინი საქართველოში რუსეთის დასაყდენადაც შეიძლება მოვიაზროთ. ზოგად კონტექსტში კი, მსგავსი რადიკალური შეხედულებების პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მრავალი თვალსაზრისით, საფრთხედაც შეიძლება მივიჩნიოთ.

ანა ჯაფარიძე

05.06.2020
ნახვა 1792

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ოპოზიციური ერთობა - იძულებითი ნაბიჯი გადარჩენისთვის თუ გზა გამარჯვებისკენ

გავრცელებული ცნობების მიხედვით ოპოზიციურ გაერთიანებაში ორი...
1 წელი