მთავარი პოლიტიკა ოპოზიციური ერთობა - იძულებითი ნაბიჯი გადარჩენისთვის თუ გზა გამარჯვებისკენ

ოპოზიციური ერთობა - იძულებითი ნაბიჯი გადარჩენისთვის თუ გზა გამარჯვებისკენ

გავრცელებული ცნობების მიხედვით ოპოზიციურ გაერთიანებაში ორი ძირითადი დაპირისპირების მიზეზი არსებობს.
04.06.2020
ნახვა 832

ფოტო: primetime.ge

 

20 ივნისის მვლენების და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული დაპირების ჩაგდების შემდეგ (ე.წ აჯანყებული დეპუტატების მეშვეობით) ოპოზიცია იძულებული გახდა გაერთიანებუილიყო მმართველი ძალის წინააღმდეგ. 2019 წლის ნოემბერში „დაიწყო კამპანია ყველა ერთის წინააღმდეგ“, რაც სწორი და გამართლებული ქმედება იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

დაპირსპირების ზრდისა და პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით და ფასილიტაციით დაიწყო მოლაპარაკების პროცესი პოლიტიკურ ძალებს შორის, შექმნილი კრიზისის განსამუხტად და ახალ საარჩევნო მოდელზე შესათანხმებლად. ოპოზიციამ აქაც უპრეცედენტო ერთიანობა გამოავლინა და საერთო პოზიციების შეჯერებითა და დაცვით წარმართა მოლაპარაკებები ბოლო ფაზამდე (ირმა ინაშვილის და პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით). შედეგად, მივიღეთ საერთო პოლიტიკური შეთანხმება ახალ საარჩევნო სისტემაზე (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი), რაც მართალია სცდება თავდპირველი დაპირებას, თუმცა საბოლოოდ ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები მოდელი აღმოჩნდა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას პრინციპულ საკითხებზე, რაც მთლიანობაში პოზიტიურ იმიჯს უქმნიდა მათ საზოგადოების თვალში. ისეთი პოლიტიკური პარტიებისა და პიროვნებების გაერთიანება, რომელთაც ბოლო წლების და შეიძლება ითქვას რომ ათწლეულების განმავლბაში, არაკონსტრუქციული და ხშირად მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, ამომრჩევლის თვალში ამყარებდა რწმენას რომ ქართული ოცნება მიუღებელი გახდა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის.

კორონა ვირუსის გავრცელებამდე საქართველოში, ხელისუფლების რეიტინგი განუხრელად კლებადი იყო და ეს კარგად იგრძნობდა თავად ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციებსა და აქცენტებში. ამას ადასტურებდა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და თავად პარტიების მიერ ჩატარებული კვლევებიც. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში თითქმის ყველა თანხმდებოდა იმაზე რომ ქართული ოცნება ვერ მოახერხებდა უმრავლესობის მიღებას 2020 წლის არჩევნებში, რაც ფაქტობრვად დამარცხების ტოლფასი იყო ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში.

შესაბამისად, ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო და რჩება ამ ოპოზიციური ერთობის დაშლა და მორღვევა ნებისმიერ ფასად.

კორონა ვირუსი და შეცვლილი რეალობა

კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ, ხეისუფლებამ პრემიერ-მინისტრ გახარიას ხელმძღვანელობით (რა თქმა უნდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დახმარებით) საკმაოდ ეფექტიანად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება და ეპიდ-სიტუაციის კონტროლი. პანდემია კარგი საშუალება აღმოჩნდა ხელისუფებისთვის შელახული იმიჯის აღსადგენად, განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ოპოზიციას ობიექტური გარემოებების გამო შეეზღუდა სამოქმედო არეალი და პრაქტიკულად შეჩერდა ის წარმატებული კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაცია მთლიანად გადაერთო პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და მმართველი ძალის პიარზე და ქართული ოცნება იმდენად „გაერთო“ ამ პროცესით, რომ შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ქვეყნის ეკონომიკა თითქმის კოლაფსამდე მიიყვანაა (16%-იანი მშპ-ს კლება აპრილში). ცნობისთის, საქართველოს და კორონა ვირუსით ისე მკვეთრად დაზიანებული ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია და აშშ, საპროგნოზო ეკნომიკური კლების მაჩვენებლები დაახლოებთ მსგავსია, იმის მიუხედავად რომ ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ მძვინვარებს კორონა ვირუსი და გავრცელების მასშტაბებიც გაცილებით აღემატება საქართველოს მონაცემებს. თუმცა, ეს სხვა განხილვის საგანია და რიგითი ამომრჩევლის თვალში სულაც არ აკნინებს ხელისუფლების პანდემიის საწინააღმდეგო პოლიტიკას - კარს მომდგარი სიცოხლისთვის საშიში ვირუსი უფრო რეალური საფრთხეა მოქალაქეებისთის, ვიდრე ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკის გრძელვადიანი შედეგები, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა არანაკლებ საზიანო და სახიფათოც იყოს.

ბოლო მოვლნები

ბოლო დღეების განმავლობაში, სატელევიზიო სივრცე მოიცვა ინფორმაციამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული პრობლემების და შესაძლო განხეთქილების შესახებ. გავრცელებული ცნობების მიხედვით ოპოზიციურ გაერთიანებაში ორი ძირითადი დაპირისპირების მიზეზი არსებობს. ეს არის, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში და პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი.

პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება შესაძლოა მნიშვნელოვანი საკითხი იყოს სამომავლოდ, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა ხელოვნურად შემოვიდა საინფორმაციო სივრცეში გარკვეული აქტორების გაცნობიერებული თუ გაუცნობირებელი ქმედებების გამო.

რაც შეეხება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებს, საარჩევნო კამპანიის წარმართვისა და თავად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის თვალსაზრისით, ეს საკითხი გაცილებით მნიშელოვანი და შეიძლება ითქვას რომ გადამწყვეტიც იქნება. მოახერხეს თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას და რომელი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგნლები იქნებიან ამა თუ იმ ოლქში, დიდწილად განსაზღვრავს ოპოზიციის შანსებს, მოახერხონ მაჟორიტარული ოლქების მოგება.

პოლიტიკა მათემატიკის წინააღმდეგ

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება მოსაზრებები ოპოზიციური გაერთიანების წამყვანი პოლიტიკური სუბიექტებისა და ლიდერების მხრიდან, რომ შესაძლოა გარკვეულ ოლქებში ოპოზიციას ყავდეს რამდენიმე კანდიდატი, ხოლო დიდ ურბანულ ოლქებში (განსაკუთრებით თბილისში და დიდ ქალაქებში) სასურველი იქნება საერთო კანდიდატებზე შეთანხმება. რიგითი ამომრჩევლისთის შესაძლოა გაუგებარი იყოს ამ მოსაზრებების უკან მდგარი გათვლები, ამიტომ შევეცდებით რამდენმე მნიშვნელოვანი არგუმენტი გაგაცნოთ მაჟორიტარული არჩევნებთან დაკავშირებით.

  • პირველი - შეზღუდული რესურსები. საარჩევნო კამპანიას ქვეყნის მასშტაბით წარმართავს პარტია, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებში ცალკე კამპანიას წარმართავენ თავად მაჟორიტარობის კანდიდატები. ამით პარტიები (გასნაკუთრებით სახელისუფლებო პარტიები) ხშირად ახდენენ დამატებითი რესურსების მობილიზაციას. დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ პარტიები ცდილობენ ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევას რომლებსაც საკუთარი რესურსებით შეუძლიათ ადგილზე საარჩევნო კამპანიის წარმართვა (ამის შედეგია 40-მდე მილიონერი პარლამენტში). თუ ოპოზიციური პარტიები დააყენებენ ცალ-ცალკე კანდიდატებს, მათ მოუწევთ საკუთარი შეზღუდული რესურსების გადანაწილება რამდენიმე კანდიდატზე. ერთი კანდიდატის დაყენებით კი, შესაძლოა რესურსების ამ კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ერთი კანდიდატის დაყენებით გაერთიანებულ ოპოზიციას ურო იაფი უჯდება მაჟორიტარული არჩევნები და უმარტივდება ისედაც შეზღუდული რესურსების მობილიზაცია, და ეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი იარაღი არჩევნებში სწორედ ფინასური რესურსებია.
  • მეორე - პირველი ტურის ეფექტი. თუკი ოპოზიცია დააყენებს რამოდენიმე კანდიდატს ერთ ოლქში, ამან შესაძლოა გაზარდოს მათ მიერ აღებული ჯამური ხმები და შესაბამისად იმის ალბათბა, რომ გაიმართოს მეორე ტური. თუმცა, აქ უკვე გადამწყვეტი ხდება პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების ოდენობა. თუ ოცნება პროპორციულ ნაწილში მიიღებს 35-40 პროცენტს (რაც საკმაოდ რეალისტურია), ან მეტს, მათ გაუადვილდებათ მეორე ტურში ერთ კანდიდატთან ბრძოლა, რადგან შექმნიან გამარჯვებულის იმიჯს რაც ყოველთვის მოქმედებს ამომრჩევლის განწყობაზე. ამას გარდა, ოპოზიციის მხრიდან ბევრი კანდიდატის დაყენების შემთხვევაში, დიდი იქნება ალბათობა იმისა, რომ არჩევნების პროპორციულ ნაწილში მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები მოახერხებენ მეორე ტურში გადასვლას მაჟორიტარულ ოლქებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლქების დიდ ნაწილში მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, რაც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დიდ უპირატესობას აძლევს ოცნებას. (ამის კარგი მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ოცნებამ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის წინააღმდეგ მოახერხა ამორჩევლის დიდი რაოდენობის მობილიზაცია).
  • მესამე - პროპორციულ არჩევნებზე ზეგავლენა. ის თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი დადგება მაჟორიტარობის კანდიდატად გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ოლქში, გარკვეულწილად განსაზღვრავს ამ ოლქში პროპორციული არჩევნების შედეგებსაც. ანუ, მაგალითად თუ თელავში ევროპული საქართველოს წევრი იქნება მაჟორიტაროის კანდიდატი და მას მხარს დაუჭერს გაერთიანებული ოპოზიცია, ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ევროპულმა საქართველომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენოს თელავში. შესაბამისად, ის, თუ რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რამდენი მაჟორიტარობს კანდიდატი ეყოლება, ზეგავლენას მოახდენს არჩევნების მთლიან შედეგებზე. ამიტომაც მიდის ბოლო დღეებში საუბარი, რომ მსხვილმა პარტიებმა (ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო) უფრო მეტი უდა დათმონ ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად.
  • მეოთხე - პირველ ტურში გამარჯვების შანსი. თუკი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქართული ოცნება მიიღებს ხმების 35-40 პროცენტს, მაშინ საერთო კანდიდატის დაყენებით მაჟორიტარულ ოლქებში, ოპოზიცია ინარჩუნებს შანს, რომ პირველივე ტურში დაამარცხოს ოცნების კანდიდატები. თუკი ოპოზიციის ჯამური რეიტინგი 50%-ზე მეტი ინება, მაშინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ექნება რეალური შანსი დაამარცხოს სახელისუფლებო კანდიდატი. თუმცა, ეს ზრდის ასევე პირველ ტურში დამარცხების ალბათობასაც. გარკვეულწილად ოპოზიცია, აკეთებს All-in-ს, სადაც იზრდება წარმატების შემთხვევაში მიღებული სარგებელი, თუმცა ასევე იზრდება დამარცხების შემთხვევაში დანაკარგის ოდენობაც.

მთლიანობაში, ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს, განსაკუთრებით კი მსხვილი კალიბრის სუბიექტებს, აქვთ რეალური საფუძვლები, როგორც ერთი, ისე რამდენიმე კანდიდატის დაყენებისთვის. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება პარტიების პირად ინტერესებსა და ოზიციაზე. შედეგის დადება ორივე შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუკი ამას პარტიული პრიზმიდან შევხედავთ.

თუმცა, ხანდახან პოლიტიკა უფრო ზუსტი მეცნიერებაა ვიდრე მათემატიკა. შანსებისა და რიცხვების გათვლა და დათვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს პროცესების პოლიტიკური ასპექტი. ოპოზიციური გაერთიანება არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი პოლიტიკური ძალების ხელში, ეს არის ერთგვარი კამპანია, პროპაგანდა, საარჩევნო პროცესში ამომრჩევლების მობილიზაციისთვის და შესაბამისად ამ ერთობის შეარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვა უკეთესი შედეგების მისაღებად და შედეგად საერთო საქმის დაზიანება.

ქართული ოცნება ყველანაირად შეეცდება ამ ერთობის დაშლას და ის, თუ რამდენად მოახერხებს ოპოზიცია ამ ერთიანობის შენარჩუნებას და განმტკიცებას, გადამწყვეტი იქნება მოახლოებული საპარლამენტო არჩვენების შედეგების განსაზღვრისთვის.

დავით ნაროუშვილი

04.06.2020
ნახვა 832

კომენტარები