მთავარი პოლიტიკა შეგუებული ოკუპაცია?

შეგუებული ოკუპაცია?

რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას.
03.06.2020
ნახვა 1462

ფოტო: სუს

 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას. რა პასუხი უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს?

განახლებული ბორდერიზაცია

22 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში დაიწყეს ბორდერიზაცია, ხოლო მავთულხლართების, .. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერებისა და .. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლება გააგრძელეს და გააქტიურეს ორივე ოკუპირებული ტერიტორიისაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით. ოფიციალური უწყების განცხადებით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების მიტაცება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც კი არ შეწყვეტილა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქარელის, გორის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, სულ 12 სოფელში.

ჯერ კიდევ აპრილში, საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები და განაცხადა, რომროცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს“. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა ამერიკის საელჩომ საქართველოში და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმაც კარლ ჰარცელმა. 28 მაისს, ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა ეუთო- მუდმივი საბჭოს სხდომა, რომელზეც,  საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გადასცა დეტალური ინფორმაცია  ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განახლებული ბორდერიზაციას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსიც, რომელმაც უარყოფითად შეაფასა რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.

რუსული აგრესიის დაგმობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საჭიროა, თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ განცხადებებით შემოფარგვლა დიდი ვერაფერი ბერკეტია რუსული მხარისთვის. ოფიციალური მოსკოვი აგრძელებს ოკუპაციას და რუსეთში, შიდა სამედიცინო, სოციალური თუ ეკონომიკური კრიზისების ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავა კორონავირუსის პანდემიამ, ქვეყნის გარეთ, მეზობლებზე აგრესიის რისკი კიდევ უზრო იზრდება.

განტევების ვაცი

როდესაც საქმე შიდა პოლიტიკას ეხება, ვლადიმერ პუტინი საკმაოდ ცუდი კრიზის მენეჯერია. ცნობილი ფაქტია, რომ როგორც კი პუტინის რეიტინგი მცირდება და რეჟიმის მიმართ პროტესტი ღვივდება, რუსეთი ქმნის მტრის ხატს საქართველოს, უკრიანის თუ ამერიკის სახით, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და შიდა პროტესტის განუსაზღვრელი ვადით გადადების მიზნით.

პუტინმა შექმნა ძლიერი კაცის იმიჯი, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ, საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. პუტინი მართავს ვერტმფრენს, ჯირითობს ცხენზე, თამაშობს დათვის ბელებთან და საკუთარი სიმამაცით და გამბედაობით, ერთგვარ მაგალითს ქმნის სხვებისთვის. თუმცა, უხილავ მტერთან საბრძოლველად, როგორიც კორონავირუსია, პუტინის მიერ შექმნილი იმიჯი ვერ მუშაობს. მსგავსი კრიზისის მართვას სჭირდება უნარები და რესურსები, რომელიც დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია. რუსეთის ეკონომიკას, რომელიც მსოფლიოში მე-11 ადგილზეა და იტალიასაც კი ჩამორჩება, კიდევ უფრო მწვავედ დაარტყამს ნავთობის ფასების შემცირება მსოფლიო ბაზარზე. კორუფცია ჯანდაცვის სისტემაში და შესაბამისი აღჭურვილობის არ ქონა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებისთვის არის რეალობა, რომელსაც მძლავრი პროპაგანდის მიუხედავად, ვეღარ დამალავს მმართველი ელიტა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსეთი ემზადება საკონსტიტუციო ცვლილებებისთის, რაც საშუალებას მისცემს პუტინს დარჩეს ძალაუფლების ვექტორად 2036 წლამდე. იმის ფონზე, რომ შიდა დონეზე პროტესტი და იმედგაცრუება იმატებს, ჩნდება რისკი, რომ რუსეთი მოძნებნის განტევების ვაცს ქვეყნის გარეთ და პუტინი ამ გზით შეეცდება მასების ყურადღების გადატანას შიდა პრობლემებიდან.

შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ რუსეთის ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო გააქტიურა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთმა გაავრცელა კომენტარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიისრიჩარდ ლუგარის ცენტრის მისამართით, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ცენტრი ვერ აკმაყოფილებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შესახებ კონვენციის სტანდარტებს. რუსულმა მხარემ მოითხოვა ცენტრის ტერიტორიაზე დაშვება და არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. მსგავსი განცხადებები, რუსეთის მხრიდან მინიმუმ ცინიკურია, რადგან ლუგარის ცენტრის მუშაობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებიდან.

არც ისაა შემთხვევითი, რომ რუსეთმა ისარგებლა მსოფლიოში არსებული კრიზისით, იმით, რომ საზოგადოების ყურადღება კორონავირუსის პანდემიისკენაა მიმართული და გააგრძელა საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ყველაფრის მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის ალტერნატიული რეალობის შექმნა და მათი ყურადღების გადატანაა. ამის ფონზე, კვლავ აქტუალურია კითხვა თუ რა უნდა ქნას საქართველომ, კერძოდ, რა მექანიზმები უნდა გამოიყენოს რუსული, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად?

საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლობები

საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის შემთხვევაში ნებისმიერი სახის სამხედრო ჩარევა რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად, წამგებიანია. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების და საკუთარი მოქალაქეების მშვიდობიანი მიზნებისთვის მობილიზება, უალტერნატივოა. საქართველომ მუდმივად, უფრო აქტიურად უნდა შეახსენოს თავი საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით დღეს, როდესაც აშშ და ევროკავშირი სხვა, უფრო გადაუდებელი, საშინაო თუ საგარეო კრიზისებით არიან დაკავებული. საქართველომ უფრო ახლოს უნდა იმუშაოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან, რათა, რუსეთის, როგორც აგრესორის აღქმა დასავლურ საზოგადოებებში არ იქნას მივიწყებული და გადაფასებული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობა და კონფლიქტის ზონაში აქტივისტებისა და მედია-წარმომადგენლების დაშვება. სოციალურ მედიაში, სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვხდება ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდიბარე სოფლებზე და იქ შექმნილ მდგომარეობაზე. ინფორმაციის წყარო, იქ დარჩენილი მოსახლეობა და მათთან დაახლოებული რამდენიმე ქართველი ჟურნალისტია. ამის შედეგია, რომ ყოველი მიტაცებული სოფელი და ახალი დადგმული ბანერი, სულ უფროდაუფრო ნაკლებ ყურადღებას იქცევს ქართულ საზოაგდოებაში და რჩება შთაბეჭდიელება, რომ თითქოს და მივეჩვიეთ, უფრო მეტად კი შევეგუეთ რეალობას. ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა, რომ ბორდერიზაციის თემა დარჩეს აქტუალური და ამ თემებზე ინფორმაციას არა სადამკვირვებლო მისიებისგან, არამედ მმართველი ძალისგან და ქართველი ჟურნალისტებისგან ვიგებდეთ.

გარდა ამისა, ჩორჩანას ინციდენტი ადასტურებს, რომ ბრძოლის მშვიდობიანი ფორმები, როგორებიცაა საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმა და ადგილზე ჟურნალისტების მიყვანა და საერთაშორისო თანამეგობობის მობილიზება, ეფექტურია. სწორედ ამ მეთოდებით, რუსული ულტიმატუმის მიუხედავად ქართულმა მხარემ შეძლო ჩორჩანას ტყის შენარჩუნება, გარკვეული პერიოდით მაინც. ასევე აუცილებელია შეიქმნას ნაკლებად პოლიტიკურად ანგაჟირებული, ანტიოკუპაციური მოძრაოებები, რომლებიც მუდმივად დააკვირდებიან გამყოფ ხაზზე მიმდინარე მოვლენებს და ქართულ და საერთაშორისო საზოაგდოებას პირდაპირ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ რუსეთს არ სჭირდება კონკრეტული მიზეზები მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გასათელად. შესაბამისად, ნებისმიერი არგუმენტი, რომ საქართველოს აქტიურობას, თუნდაც მშვიდობიანი მარშების ჩატარებას ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარე, შესაძლოა, მოჰყვეს რუსეთის აგრესია, მცდარია. ვფიქრობ, დღევანდელი სტრატეგიით, რომელიც უმოქმედობას და სიჩუმეს ეფუძვნება, ვაგებთ უფრო მნიშვნელოვანს, მენტალურ ომს, ვეჩვევით და ვიღებთ ოკუპაციას...

ჟანა სირბილაძე

03.06.2020
ნახვა 1462

კომენტარები